ყველა თბილისელს ვაუჩერი, ყველა დაზარალებლ მეწარმეს კი - იაფი სესხი

ყველა თბილისელს ვაუჩერი, ყველა დაზარალებლ მეწარმეს კი - იაფი სესხი

ბოლო დღეებში თბილისი მერიაში გახშირებული გადადგომა-გადმოდგომის ფონზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური გადაწყვეტილება მიიღო. გაირკვა, რომ 20-ლარიანი ზამთრის ვაუჩერი ისევ ყველა თბილისელს ერგება, ხოლო სტიქიისგან დაზარალებული მეწარმეები 3%-იან კრედიტებსაც გამოკრავენ ხელს.

მიხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიას გუნდის წევრებს 20-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დიდად არ ეპიტნავებოდათ, მერიამ წელს აგრერიგ დამძიმებული სოციალური ვითარების ფონზე, მისი გაუქმება ვერ გაბედა. ასე რომ, თბილისში ე.წ. კომუნალური ვაუჩერები ამ ზამთარშიც შენარჩუნდება. სუბსიდიის განსაზღვრის წესზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„მერიამ გაითვალისწინა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 70 001–ზე ნაკლები, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა ოქტომბერში დამატებით მიიღებენ ელექტროენერგიის კორექტირებული ტარიფის სხვაობას“, – აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება სხვა აბონენტებს, მერიის ინფორმაციით, მათ სუბსიდია იგივე რაოდენობით დაერიცხებათ, თვეში 20 ლარის ოდენობით. ნოემბრიდან, 5 თვის განმავლობაში. მანამდე კომუნალური ვაუჩერებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ მხოლოდ სოციალურად დაუცველებს შეუნარჩუნებდნენ.

სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას უკვე ოქტომბრიდან განახორციელებს.

„როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს ერთეულს, გარდა იმისა, რომ მათ 2015 წლის იანვრიდან კომუნალური ვაუჩერის ღირებულება გაუორმაგდათ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ ასევე კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას“, - განაცხადა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქურ სხდომაზე ასევე განიხილეს სტიქიით დაზარალებული მეწარმეების საკითხიც. საუბარია არა მხოლოდ 13 ივნისის, არამედ ბოლო პერიოდში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა შესახებ. მერიის ცნობით, ასეთი მეწარმეები მიიღებენ შეღავათიან სესხს 6–ის ნაცვლად 3%–ის განაკვეთით. დანარჩენს კი თავად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„დღეს განვიხილეთ საკითხი, რომელიც შეეხება სტიქიით დაზარალებულ მეწარმეებს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ დედაქალაქში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მეწარმეები, არამედ საკითხი ეხება ზოგადად - ხანძრის, სახლის დაზიანების, სხვადასხვა ფორსმაჟორული ვითარების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დედაქალაქის მერიაში „იაფი სესხის“ აღებასთან დაკავშირებული პროგრამით კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით.

კერძოდ, მათ შეეძლებათ სესხი ნაცვლად 6 პროცენტისა, მიიღონ 3 პროცენტად. სხვა დანარჩენს მათ დედაქალაქის მერია დაუფარავს. სესხის პერიოდი 60-დან 84 თვემდე გაიზრდება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 6-დან 12 თვემდე იქნება გაზრდილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უნდა მიიღოს, ცვლილებების პროექტს კი მერია მას სასწრაფოდ გადაუგზავნის. მოსალოდნელია, რომ საკრებულოც მალევე გამოიტანს დასტურს, რადგან სოცდაუცველების ვაუჩერის საკითხი უკვე ძალაში უნდა შევიდეს, ხოლო დაზარალებული მეწარმეების ფეხზე დაყენებაც საშური საქმეა.