სოფლების დაცარიელების ტემპი არანორმალურად მაღალია. მთავრობა და საზოგადოებაც საგონებელშია ჩავარდნილი. თუ ეს საკითხი სწრაფად არ გადაიჭრა, სოფლებში დემოგრაფიული თვალსაზრისით სრული კატასტროფა გველის.
საქართველოში სოფლად შობადობის დონე ყოველთვის უფრო მაღალი იყო და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა სწორედ ამის ხარჯზე იზრდებოდა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. უამრავი სოფელი ცარიელდება და ამას ოფიციალური სტატიტიკა ადასტურებს.
„საქსტატის“ 2014 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2 140 126 კაცია, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1 589 509 კაცი. ბოლო წლებში სოფლის მოსახლეობა 23,8%-ით შემცირდა.
ქვეყნის მთელი მოსახლეობის 57,4%-ს ქალაქის მოსახლეობა შეადგენს, რაც წინა აღწერის (2002 წლის) შესაბამის მაჩვენებელზე 5,1%-ით მეტია. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის მატება ძირითადად სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადმოსვლით არის განპირობებული. ამის მიზეზი კი სოფლად არსებული რთული ვითარებაა, როცა მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს და სამსახურის საძებნელად ქალაქში მიდის.
დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, სოფელს, ძირითადად, ახალგაზრდობა ტოვებს, ეს კი სოფელში შობადობის შემცირებას იწვევს.
„ახლა სოფლიდან ბევრი სამუშაოდ პირდაპირ უცხოეთში მიდის. ვისაც ნაცნობი ჰყავს თბილისშიც კი აღარ ჩამოდის და პირადპირ საზღვარგარეთ აქვს გეზი აღებული. სოფელში დაბერებული მოსახლეობა რჩება, ახალგაზრდობა ნაკლებად არის, სწორედ ესაა უბედურება“, - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.
დემოგრაფის თქმით, სოფლად ახალგაზრდობას ხელი უნდა შეეწყოს, დაიწყოს ფერმერული წარმოების განვითარება, სახელმწიფომ შესაბამისი დაფინანსება უნდა დაიწყოს, რომ სოფელი ახალგაზრდების გარეშე არ დარჩეს.
„თბილისელებმა სოფლად მიწები იყიდეს, გააკეთეს სათბურები და ადგილობრივები მონურ მდგომარეობაში ჰყავთ. ეს მიწები ადგილობრივებისთვის უნდა მიეცათ, რომ სოფლის მეურნეობა წესიერად აღორძინებულიყო. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - იტალიას, გერმანიას - იქ ყველას თავისი მეურნეობა აქვს, აქ კი ქალაქიდან სოფელში ჩადის მილიონერი კაცი, არც იცის სოფლის მეურნეობა, აიყვანს ვიღაცას და საქმეს აკეთებინებს. ახლა ასეთი ტენდენციაა“, - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე „ბიპიენთან“ საუბრისას.
ხელისუფლება ასე თუ ისე ცდილობს სოფლად მოსახლეობის დამაგრებას, მაგრამ ამ საქმიდან ბევრი არაფერი გამოდის. ჯერჯერობით აქცენტი მთიან რეგიონებზე კეთდება, სადაც მიგრაციული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. სწორედ ამისთვის შემუშავდა მთის კანონი, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება უნდა შეძლოს.
პირვე რიგში, მთის კანონით გათვალისწინებული ცვლილებით, 2016 წელს მთაში მცხოვრები პენსიონერებისთვის საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხება. ამ სიახლის და სხვა ინიციატივების თაობაზე რამდენიმე კვირის წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთიან რეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულებს პენსია გაეზრდება, ხოლო ბიზნესის წარმოება იქნება თავისუფალი. მთავრობის ამოცანა მთაში ხალხის შენარჩუნებაა.
„მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი დაპირება მთის კანონის მიღება იყო. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათები, მაგალითად, პენსიების მატება მთაში, ასევე მასწავლებლებისთვის შეღავათები. გარდა ამისა, ბიზნესის წარმოება იქნება გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ და დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, კაპიტალი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრიდან პენსიები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს გაეზრდება. საპენსიო ხარჯებისათვის ბიუჯეტს 90 მლნ ლარი ემატება.