რატომ უნდა გადაეცეს გუდაური სამართავად თბილისის მერიას და რაში ითხოვს მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 2,5 მილიონ ლარს, ეს საკრებულოს კომისიის გუშინდელ სხდომაზე ოპოზიციის მთავარი კითხვა იყო, რაზეც, როგორც თავად ამბობენ, უმრავლესობის წევრებისგან პასუხი ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ ვიქტორ დოლიძემ და თინა ხიდაშელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც მათ “რეზონანსს” განუცხადეს, სხდომაზე, სადაც არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გასცეს, მათ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან კოკი იონათამიშვილი კი პროექტ ”გუდაურს” იწონებს და აცხადებს, რომ საკურორტო ზონის განვითარება ყველა გაჭირვებულ მოქალაქეზე დადებითად აისახება. თუმცა, იონათამიშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ და რა მიზნით გადაეცა გუდაური მერიას სამართავად და რაში დახარჯავს მერია 2,5 მილიონ ლარს, რომელსაც ბიუჯეტიდან ითხოვს.
გუშინ ამ თემის განსახილველად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური ინვესტიციების კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს კი ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
“რეზონანსი” ამავე თემის გასარკვევად თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა მერიაში გუშინ ამ თემაზე პასუხის გასაცემად ვერ მოიცალეს. თბილისის მერიას შემდეგი კითხვებით მივმართეთ:რაში უნდა დაიხარჯოს მერიის მხრიდან ბიუჯეტიდან გამოთხოვილი 2,5 მილიონი ლარი და რის საფუძველზე აიღო მერიამ ამ პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე? თუმცა ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
“საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს, წევრებსა და თბილისის მერ გიგი უგულავას მოვუწოდებთ, 2,5 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვას მხარი არ დაუჭირონ და ეს უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღონ. ადრე თუ გვიან, მათ აღნიშნულისთვის პასუხისგება მოუწევთ, რაც იოლი არ იქნება. უმჯობესი იქნებოდა, თბილისის საკრებულოს (ჩემს მიერ ადრე მოთხოვნილი) 1,5 მილიონი ლარი სამედიცინო სფეროს დასაფინანსებლად გამოეყო,” - განუცხადა “რეზონანსს” ვიქტორ დოლიძემ.
ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განმარტებით კი, ”ნებისმიერი თანხა, რომელიც ქვეყანაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებისთვისაა მიმართული, თითოეული ქართველის სოციალურ მდგომარეობაზე რეალურ და პირდაპირ ასახვას ჰპოვებს.”
“ჩემთვის პროექტ “გუდაურისადმი” ოპოზიციონერი კოლეგების ნეგატიური დამოკიდებულება სრულიად გაუგებარია. ის თანხები,რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, წარმატებული სერვისების - დასუფთავების, კეთილმოწყობის და ა. შ. გუდაურში გადატანას მოხმარდება. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სპეციალური ორგანო შეიქმნება, რომელიც ზემოაღნიშნული სამსახურების გუდაურში დანერგვას განახორციელებს, რაც კურორტს დამსვენებლებისთვის ბევრად ეფექტურს გახდის და მთლიანად საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს,” - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდის მიზნით თბილისის მერიამ გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო.
კურორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიის რელიეფის ანალიზი, ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება, საბაგირო სქემის მომზადება და საინჟინრო ინფრასტუქტურის და პროექტება მიმდინარეობს.
“თავიდანვე ვირეშმაკობას ჰქონდა მერიის მხრიდან ადგილი და ამაში არაერთხელ დავწრმუნდი,” - ამბობს ვიქტორ დოლიძე. “ - 1,5 მილიონს ვითხოვდი ჯანდაცვის სისტემისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და იმას არ დაუჭირეს მხარი. ახლა კი გაურკვეველი პროექტისთვის 2,5 მილიონს ითხოვენ. მითუმეტეს კაცმა არ იცის, სად მიდის ეს თანხა და რატომ 2,5 მილიონი და არაუფრო მეტი ან ნაკლები. ამას დოკუმენტურად ვერ ასაბუთებენ და რაღაც ზეპირ სულელურ განცხადებებს იშველიებენ.”
დეპუტატისთვის ასევე გაუგებარია, რა ლოგიკით გადაწყვიტა ქალაქის მერმა გუდაურის მომსახურება და რისთვის ფუნქციონირებს ამ შემთხვევაში ეკონომიკის და რეგიონული განვითარების სამინისტროები. დოლიძის განცხადებით, აუცილებლია, კომპეტენტურ დონეზე მოხდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში და გაგრძელდეს ბრძოლა არჩევნების გზით მის შესაცვლელად.
“როცა ვერ მიხსნიან, რატომ უნდა გადაეცეს გუდაური სამართავდ მერიას და რაში ითხოვენ 2,5 მილიონ ლარს, ავდექი და პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა. თავს აბუჩად ნამდვილად არავის ავაგდებინებ. რაში მაინტერესებს პროექტის ტექნიკური დეტალები მაშინ, როცა არ ვიცი თანხა ვის უნდა გადეცეს და რაში?!”
სხდომა “რესპუბლიკელმა” თინა ხიდაშელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ვერც მან მიიღო შეკითხვებზე პასუხი.
“არაფერი არ წყდება საკრებლოს დონეზე, არავის არ აინტერესებს საკრებულოს ფუნქცია და დამოკიდებულება. ეს არის ფორმალურად ჩატარებული სხდომები - მერია მიცემს დავალებას საკრებულოს და აკეთებენ ყველაფერს, ამტკიცებენ ისე, როგორც მათ უნდათ, რადგან უმრავლესობა აქვთ. აბსოლუტურად არცერთი ქაღალდი არ არის წარმოდგენილი, არანაირი ახსნა-დასაბუთება ან ანგარიში, რაში ითხოვენ ამ ფულს, ან საერთოდ რატომ უნდა გადაეცეს მერიას გუდაური სამართავად. კომიტეტის სხდომები და საკრებულოს სხდომები რჩება მხიარული იმით, როცა რომელიმე უმრავლესობის წევრი გამოვა და გაუგებარ რაღაცეებს მოყვება, ისეთს, საიდანაც აზრს ვერ გამოიტან,” - ამბობს ხიდაშელი “რეზონანსთან” საუბრისას.
დავით საგანელიძე, რომელიც კომისიის სხდომას ბოლომდე დაესწრო, აცხადებს, რომ ვერც მან მიიღო პასუხი, რისთვის უნდა გამოიყოს 2,5 მილიონი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან და რა შუაშია ქალქის მერია გუდაურთან.
“როცა ვეკითხებით რა შუაშია ქალაქის მერია გუდაურთან, ამაზე აქვთ პასუხი, რომ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორაგნოებს შეუძლიათ რეკრეაციული ზონის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, ამ კანონის მიხედვით გამოდის, რომ ხვალ რუსთავის მერიამ შეიძლება მოითხოვოს საირმის კურორტის მართვა-განვითარება და იმასაც უნდა მივცეთ ნება, ან მესტიის კურორტის განვითარება მოითხოვოს ქუთაისის მერიამ, ანი სევ თბილისის მერიამ... ამას სრულ აბსურდამდე მივყავართ.ვერავინ აკონკრეტებს, რატომ უნდა გადაეცეს თბილისის მერიას გუდაურის მართვა. ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ თბილისის მერიას გამოცდილება აქვს ნაგვის გატანის და დასუფთავების, ხოლო სტეფანწმინდის გამგეობას ეს გამოცდილება არ აქვს. თუ არ აქვთ დავერ აკეთებენ, მოხსნან მაშინ იქაური გამგებელი და დანიშნონ ახალი, რომელიც ამას თავს გაართმევს.”