ორკვირიანი საპატიო პაუზის შემდეგ, “ქართული სიტყვა” აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძესთან, რომელიც ამჯერად ყურადღებას საგარეო ფაქტორებზე, კერძოდ, აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი პროდასავლური ბასტიონია, რომლის აღებასაც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რუსეთი აუცილებლად შეეცდება. “ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურ მეკავშირედ გვაღიაროს და რუსეთის მცოცავი ანექსია შეაჩეროს”, - აცხადებს ქართველი სპეცსამსახურელი. ფორჩხიძის თქმითვე, არსებობს ალბათობა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქართულ პოლიტიკაში ახალი პრორუსული კონგლომერატი გამოჩდეს. ყველაფერ ამის პარალელურად, სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დასავლური ორგანიზაციების მიერ არგასაჯაროებულ კვლევებსა და იმ მუქარაზეც საუბრობს, რომელიც ვანო მერაბიშვილმა “მატროსოვიდან” “ნაციონალებს” შეუთვალა... მოკლედ, როგორია პარტიების რეიტინგები, რას მალავს მერაბიშვილი და რატომ ამოდის აზერბაიჯანისთვის მზე ჩრდილოეთიდან? - “ქართული სიტყვა” გთავაზობთ 82-ე ინტერვიუს კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ბატონო კოტე, ორი კვირაა, არ შევხვედრივართ. რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, რა სიახლეებია?
- აბა, რა გითხრათ?! პოლიტიკური პროცესი ისევ მონოტონურად მიდის და, პრაქტიკულად, ჩიხშია.
- რას გულისხმობთ?
- რას და, - ის საარჩევნო ციკლი, რომელმაც 2012 წელს “ოცნება” ხელისუფლებაში მოიყვანა, პრაქტიკულად, იწურება და, პროგრესის ნაცვლად, სრულ სტაგნაციას ვხედავთ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში კი არა, მაგალითად, ეკონომიკაშიც იგრძნობა. სხვათა შორის, სტაგნაცია ოპოზიციასაც ეტყობა - აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექსტები, ანუ მოსახლეობას სიახლეს არავინ სთავაზობს. “ნაცმოძრაობაც” ძველ რელსებზე დგას... მოკლედ, კომპრომატების ომი გრძელდება.
- “ნაცმოძრაობა” ახსენეთ და, ორი დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოზე საუბარს თავი აარიდა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მომეჩვენა, რომ ექსპრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს...
- ამის შესახებ წინა ინტერვიუებში გვილაპარაკია...
- დიახ... სხვათა შორის, სააკაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი მარგველაშვილი ისტორიაში იმის მიხედვით შევა, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეიწყალებს თუ არაო...
- როგორც კულუარებიდან ვიცი, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან “ნაციონალებს” შემოუთვალა, თუ ჩემზე ხმას არ ამოიღებთ, ყველაფერს ვიტყვიო.
- რა ყველაფერსო?
- 9 წლის განმავლობაში, “ნაცმოძრაობა” რა პროცესებში იყო ჩართული და რა კლანები არსებობდა.
- ყველაფერი ეს ისეც ცნობილია...
- ალბათ, არსებობს დეტალები, რომლებიც მერაბიშვილმა იცის...
- გამორიცხავთ, რომ ვანომ “ნაცები” იარაღით ვაჭრობაზე “ჩაუშვას”?
- არა, არ გამოვრიცხავ... მოკლედ, მგონია, რომ მერაბიშვილი “ნაციონალებს” აშანტაჟებს, თუკი ციხეში დამტოვებთ, ბიჭებო, მშვიდად ვერც თქვენ იქნებით და ერთი ადგილი გაანძრიეთო. სააკაშვილის ზემოხსენებული განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ...
- სააკაშვილს, რომელიც ოდესის გუბერნატორობას “ძველი მიშას ახალ სიცოცხლედ” მიიჩნევს, მერაბიშვილის განცხადებები, მაპატიეთ და, არ “კიდია”?
- მიშას მხოლოდ მერაბიშვილი და მისი განცხადებები კი არა, მთელი “ნაცმოძრაობა” “კიდია”. საერთოდ, სააკაშვილი ეიფორიაშია, თუმცა ერთი რამ კარგად იცის.
- ეს “ერთი რამ” რა არის?
- რა და, - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების ერთადერთი გზა სხვა ქვეყნის მოქალაქეობაა.
- ყოფილი პრეზიდენტი ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა...
- დიახ, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს: თუკი მიშას საქართველოს მოქალაქეობას შეუწყვეტს, ამით “ნაცმოძრაობისგან” “ჩახსნის”, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას ვეღარ განახორციელებს. მოკლედ, თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ ყველა დანაშაულებრივ თემას წერტილი დაესმევა.
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, წეღან ე.წ. ფარული გამოკითხვები ახსენეთ...
- დიახ, ამის შესახებ ინფორმაცია კულუარებში ვრცელდება... ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები ამას არ აკეთებდნენ...
- რა “ამას”?
- გამოკითხვის შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ ახმაურებდნენ. ახლა კი, ჩვეულებრივ ზონდირებას ახდენენ - აინტერესებთ, თუ მოსახლეობას, ასევე, პოლიტიკურ სპექტრს როგორი რეაქცია ექნება. მოკლედ, კულუარული ინფორმაციით, ახალ კვლევებში “ქართული ოცნების” რეიტინგი 20-22 პროცენტია, “ნაცმოძრაობის” - 17-18, “თავისუფალი დემოკრატების” - 10, ე.წ. რუსული ორიენტაციის ორი-სამი პარტიის რეიტინგი 5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ამავე არაოფიციალური ინფორმაციით, საარჩევნო ხუთპროცენტიან ზღვარს “ლეიბორისტული პარტიაც” უახლოვდება.
- ანუ, 2016 წელს, “ლეიბორისტებმა” შესაძლოა, საარჩევნო ბარიერი გადალახონ და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ.
- დიახ, გამორიცხული არაა... საინტერესოა, ამ გამოკითხვას “ქართული ოცნება” როგორ აღიქვამს... ისე, ნინო ბურჯანაძე და “პატრიოტთა ალიანსი” “ნაცმოძრაობის” 17-18 პროცენტზე უკვე უნდა ყვიროდნენ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობას” ამდენი ელექტორატი არ ჰყავს.
- შეიძლება, მაგრამ ბატონო კოტე, არ დაგავიწყდეთ, რომ “ნაცმოძრაობას” ერთგული “ფანები” ჰყავს. ამიტომაც, ცალკეული “ოცნებელი” ამ პოლიტიკურ გაერთიანებას სექტას ეძახის...
- არ ვიცი, ვინ რას ეძახის, მაგრამ დიახ, ვადასტურებ, რომ “ნაცმოძრაობამ” თავისი ამომრჩეველი შეინარჩუნა. მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალებს” ფინანსები აქვთ და ელექტორატსაც ამით ინარჩუნებს...
- ესე იგი, ამ მონაცემებით, 2016 წლის პარლამენტი, როგორც იტყვიან, კოალიციური იქნება?
- თუკი კვლევების ოფიციალურ ვერსიაში “ქართული ოცნების” რეიტინგი 25 პროცენტამდე იქნება, მაშინ “ოცნება” დილემის წინაშე დადგება, თუ ვისთან უნდა შექმნას ე.წ. საპარლამენტო კოალიცია, რათა ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტოს. “ნაცმოძრაობას” ვერ “შეეკვრება”. ამიტომ, თანამშრომლობა ან “თავისუფალ დემოკრატებთან” უნდა დაიწყოს, ან “ლეიბორისტებთან”, ნინო ბურჯანაძესა და “პატრიოტთა ალიანსთან”. “ლეიბორისტებთან” “ოცნების” ალიანსი გამორიცხულია. დანარჩენ ორ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა კი, “ოცნებას” პრორუსულ ორიენტაციად ჩაეთვლება. არ მგონია, რომ “ოცნებამ” ეს ნაბიჯი გადადგას. ამიტომ, “ქათული ოცნების” პოლიტიკურმა ბოსებმა არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი იმისთვის უნდა გამოიყენონ, რომ რეიტინგი გაზარდონ და ამომრჩევლის იმ 45 პროცენტის გადმობირება უნდა მოახერხონ, რომელსაც არჩევანი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
- ბატონო კოტე, ვფიქრობ, ისიც საყურადღებოა, რომ მოსახლეობას არჩევნები აღარ აინტერესებს...
- ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ არჩევნები ლეგიტიმური ხელისუფლების მოსაყვანად ერთადერთი რეალური ბერკეტია... ისევ რევოლუცია ხომ არ უნდა მოვახდინოთ?! ხალხში, კი ბატონო, ნიჰილიზმია ჩაბუდებული, მაგრამ თუ ეს ნიჰილიზმი უარეს ნიჰილიზმს მოიტანს, 2016 წელს პრორუსულ ხელისუფლებას მივიღებთ. სხვათა შორის, ამ მიმართებით რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს და ეს კარგად ჩანს...
- რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, რუსეთუმეებმა არცთუ მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს...
- სწორედ ამას ვგულისხმობდი და კრემლი ამ მოძრაობის გაძლიერებას შეეცდება...
- საქართველოში ოკუპაციის კანონი მოქმედებს. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, ამ კანონით, არ უნდა დაისაჯონ?
- ზემოხსენებული და მსგავსი აქციები, დარწმუნებული ვარ, რუსული ფულით ფინანსდება. ამ აქციაზე ჩემთვის კარგად ნაცნობი სახეები გამოჩნდნენ და მიკვირს.
- რა გიკვირთ?
- ეს ადამიანები ადრე რუსების წინააღმდეგ ომობდნენ, ახლა კი, გამოდიან და რუსეთის დასაცავ განცხადებებეს აკეთებენ! არ ვიცი, ოკუპაციის კანონის მიხედვით, მსგავსი განცხადებები დასჯადია თუ არა, მაგრამ ყველაფერი ეს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, ცხადია, მკვეთრად უნდა შეაფასოს!
- რუსეთუმეები დემოკრატიას იშველიებენ, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვსო...
- კი ბატონო, მაგრამ როცა რუსეთის სასარგებლო განცხადებებსა თუ აქციებს ორგანიზებული სახე აქვს, ეს დასაფიქრებელია, რადგან ყველაფერი შეიძლება, უკიდურეს ზღვრამდე მივიდეს - ხალხი შიმშილობის ზღვარზეა, ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა და თუკი ვინმე ფულს მისცემს, ყველას ვერ მოსთხოვ, რომ გმირობა გამოიჩინოს და თავისი მსოფლმხედველობა თუ პრინციპები დაიცვას...
- არსებობს ინფორმაცია, რომ ქართულ მედიასა და არასამთავრობოებში რუსული ფული იდება. ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, რუსული ფული საქართველოში რა გზებით შემოდის?
- კომპანიების მეშვეობით.
- მაგალითად, რომელი კომპანიის?
- ვთქვათ, “ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის”, ან “როსნეფტის” დახმარებით.
- ე.წ. შავი ფული არ შემოდის?
- ესეც “შავი ფულია”. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, “ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია” თავის ე.წ. შემადგენლობას პირდაპირ ფულით დააფინანსებს თუ მობილურ ტელეფონებს დაურიგებს და უფასო ინტერნეტს “მისცემს”? ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობაა, რომელსაც არავინ აკონტროლებს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მოქმედი ყველა რუსული კომპანია არაქართული ინტერესების გამომხატველია!
სხვათა შორის, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რამაც გავლენა მთავრობის, ანუ “ქართული ოცნების” იმიჯზე მოახდინა. ხელისუფლება “როსნეფტსა” და სხვა კომპანიებს, შეიძლება, წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ გარკვეული ეტაპის მერე, ვეღარ გაუწევს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსული კომპანიების წილი ძალიან დიდია და მათ გავლენა მხოლოდ ენერგობაზარზე კი არა, ვალუტის კურსზეც აქვთ...
- ის, რომ მევენახეებისთვის რუსული ბაზარი ჩაკეტილია, ანტირუსულ განწყობას არ ზრდის?
- დიახ, ზრდის, მაგრამ მოდით, ყველაფერი სხვა კონტექსტში განვიხილოთ.
- მაინც, რომელ კონტექსტში?
- ასეთი პროცესები საქართველომდე აზერბაიჯანში დაიწყო.
- რას გულისხმობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ სნგ-ს წევრია, რუსულ ბაზარზე პრობლემები აზერბაიჯანულ პროდუქციასაც შეექმნა. პარალელურად, რუსეთმა დაიწყო პროცესი, რომ აზერბაიჯანულ ეკონომიკაში ფეხი მოეკიდებინა. გარდა ამისა, კრემლმა აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სამხედრო კუთხითაც დაიწყო - საჰაერო თავდაცვის სისტემები, “ს300”-ები მიჰყიდა, ძალიან დიდი თანხა საზღვაო კომპანიებში ჩადო - ბაქოში უზარმაზარი გემთსაშენი აიგო. ამბობენ, რომ ეს აზერბაიჯანული ინვესტიციაა, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი რუსული ფულით გაკეთდა.
- ამას რითი ამტკიცებთ?
- აზერბაიჯანმა, პრაქტიკულად, მესამე თაობის კატარღები შექმნა - თითო კატარღის სიგრძე 62 მეტრია.
- აზერბაიჯანს ულტრათანამედროვე კატარღები ექსპორტისთვის სჭირდება?
- არა, საკუთარი საზღვაო აკვატორიის დასაცავად.
- მერე, ამაში ცუდი რა არის?
- ცუდი არაფერია, უბრალოდ, ქვეყანამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წარმოება დაიწყო, რაც რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, გაუჭირდებოდა.
სხვათა შორის, წინა ინტერვიუებში აღვნიშნეთ, რომ ბაქოში რუსული დიპლომატიური წრეების ვიზიტი გახშირდა.
- მახსოვს, მაშინ თქვით, ბატონო კოტე, რომ ბაქოში შესაძლოა, პუტინიც ჩავიდეს...
- დიახ... აზერბაიჯანში რუსეთის საგარეო საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები უკვე იმყოფებოდნენ. ბაქოში მოსკოვის სეჩინოვის სახელობის უმაღლესი კატეგორიის სამედიცინო სასწავლებლის ფილიალიც გაიხსნა.
- ამით რა დაშავდა?
- არაფერი. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ აზერბაიჯანში რუსული ინვესტიციები მძლავრობს და საუბარი ენერგოსექტორში შესვლაზეცაა - სახელმწიფო “სოკარი”, როგორც კულუარებში ამბობენ, შესაძლოა, მძლავრმა რუსულმა გაზისა და ნავთობის კომპანიებმა შეიძინონ. თუკი ეს მოხდა, მაშინ კრემლი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ და გაზსადენებზე კონტროლს აღადგენს. ისე, რუსულ-იტალიური კონსორციუმი ამ პროექტებში, თუ არ ვცდები, 10 პროცენტს დღესაც ფლობს. ასევეა ირანული და ამერიკული ინტერესებიც. მოკლედ, ყველაფერი რომ დავაჯამოთ, რუსეთი მთელ პაკეტს დაეპატრონება და იმ ნავთობ და გაზსადენებს, რომლითაც ევროპა მარაგდება, მთლიანად რუსეთი გააკონტროლებს. ეს საშიშროება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა იგრძნეს და ამიტომ, აზერბაიჯანს, დაახლოებით, ერთკვირიანი ვიზიტით ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ეწვია. ყველაფერი ეს კი, ევროკავშირის ბოლო რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება. სხვათა შორის, ამ საკითხზე ევროკავშირში მომხსენებელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი მარტინ შულცი გახლდათ, რომელიც თბილისშიც იმყოფებოდა და ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულა. შულცის მოხსენებამ აზერბაიჯანულ და გერმანულ ურთიერთობებზე იმოქმედა. არადა, გერმანია ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აზერბაიჯანთან ინტენსიურად თანამშრომლობს. აზერბაიჯანს ამ რეზოლუციაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა - პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩათვალა. მეტიც, ალიევმა განაცხადა, ევროპამ თავის ისლამოფობიასა და ქსენოფობიას მიხედოს. ჩვენ ნუ გვკარნახობს, როგორ უნდა ვიცხოვროთო.
ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ აზერბაიჯანმა თავისი საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა!
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: არსებობს ხუთი ე.წ. თურქული ქვეყნის თანამშრომლობის ფორმატი. ვიდრე ევროკავშირი ზემოხსენებულ რეზოლუციას მიიღებდა, ასტანაში ამ თურქულენოვანი ქვეყნების შეკრება გაიმართა, რომელმაც რუსეთი ძალიან გააღიზიანა.
- ეს ხუთი ქვეყანა რომელია?
- ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და თურქეთი... ასტანაში, პრაქტიკულად, გადაწყდა, რომ ენერგოდერეფანს თურქმენეთი მიუერთდება, ანუ თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი ევროპას მიეწოდოს.
- ყველაფერ ამასთან საქართველო რა შუაშია?
- შუაში კი არა, თავშია - ჩვენ ამ დერეფნის შემადგენელი ვართ. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ აზერბაიჯანმა ევროპაზე უარი მკვეთრად თქვას.
მოკლედ, აზერბაიჯანი ძალიან რთულ სიტუაციაშია - სხვა თუ არაფერი, თურქეთთან, ადრე თუ გვიან, ურთიერთობა გაუფუჭდება. სწორედ ამიტომაც, თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა...
ისე, ის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, მაინტერესებს, ჩვენმა ხელისუფლებამ იცის თუ არა.
- ყველაფერ ამასთან ჩვენს ხელისუფლებას რა კავშირი აქვს?
- მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: როგორც კი აზერბაიჯანის საკითხი გადაწყდება, ანუ რუსეთი იქაურ ეკონომიკურ ბერკეტებს დაეპატრონება, ჩვენ უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნება - აზერბაიჯანის შეცვლილი საგარეო ვექტორი გავლენას ჩვენს შიდა პოლიტიკაზე მოახდენს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულად ვართ დაკავშირებულნი და ენერგობაზარზე ფასის ნებისმიერი ცვლილება საქართველოში ცხოვრების დონეს გააუარესებს. ხელისუფლებას ვეთანხმები, რომ გარე ფაქტორებს ყველაფერზე სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ ხელისუფლება იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ეს გარე ფაქტორები შეასუსტოს, ან რაღაც-რაღაცებზე გარანტიები მიიღოს. ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, მთავრობის და, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს უპირველესი ამოცანა აზერბაიჯანი უნდა იყოს, რადგან ბაქოს პოლიტიკური ორიენტირის ჩრდილოეთისკენ მიტრიალება იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი რიგიც დადგება და ამას გვერდს ვერ ავუვლით, მით უმეტეს, რომ ამის საფუძვლები საქართველოში უკვე არსებობს.
- ანუ?
- მხედველობაში მაქვს პატარ-პატარა “მეხუთე კოლონები” და ძალოვან უწყებებში რუსული აგენტურის შეღწევა - მათი ნელ-ნელა წამოწევა და ძალოვან სტრუქტურებში დაბრუნება ხდება, ვისზეც სპეცსამსახურები წლები მუშაობდნენ, რომ ჯარის მართვისა თუ სპეცსამსახურებისგან ჩამოეშორებინათ. ყველაფერი ეს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.
- როგორ?
- საქართველოში პრორუსული ფრთის გაძლიერებას შეეცდებან. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი რუსული კონგლომერატი გაჩნდეს.
- სხვათა შორის, თუ არ ვცდები, “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლის შანსი არსებობს...
- როგორც ჩანს, ქალბატონ თინას გარკვეული ინფორმაცია აქვს, მაგრამ განცხადება ერთია, მეორე კი, საინტერესოა, ამ განცხადებების საპირწონედ რა მოქმედებები ხორციელდება. სამწუხაროდ, მოქმედებას ვერ ვხედავ.
- ისე, თქვენს ბოლო ინტერვიუებს, რომლებიც გენშტაბის ხელმძღვანელს ეხებოდა, რეაგირება მოჰყვა?
- ვიმეორებ: გენშტაბს მთლიანად ბეჟუაშვილების კლანი მართავს, თუმცა ბოლო დროს, თანამდებობებზე დანიშვნის საკითხი ხელში მთლიანად თავდაცვის მინისტრმა აიღო, რაც თავისთავად კარგია. მკვეთრი ნაბიჯი კი ის იქნება, რომ გენშტაბის უფროსს თანამდებობა დაატოვებინონ. პირდაპირ ვაცხადებ: ის თემა, რომლის გამოც შესაძლოა, გენშტაბის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, დიდ თემას, ანუ იარაღით ვაჭრობასა და სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება!
- ამას წინათ, ერთ-ერთმა გერმანულმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცა, რომ აშშ გერმანიაში ატომური ბომბების, ასე ვთქვათ, რესტავრაციას აწარმოებს. ამასთან, ცნობილია, რომ სირიაში რუსული სამხედრო ბაზების გამაგრება მიმდინარეობს...
- ჯერ კიდევ 6 თვის წინ ვთქვი, რომ “აი-სი-სი”-სთან დაკავშირებულ პროცესებს თურქეთი ქურთისტანში სათავისოდ გამოიყენებდა. პრაქტიკულად, ასეც მოხდა - სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, რასაც სირიის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. თავის დროზე ისიც ვთქვი, რომ რუსეთი სირიაში თავის ბაზებს გააძლიერებდა. თურქეთი ქურთისტანის საკითხმა ისე ჩაითრია, რომ აზერბაიჯანი ხელიდან გაუშვა.
- მაშასადამე, საქართველო ისევ საერთაშორისო პოლიტიკური თამაშებით იჭყლიტება?
- რა თქმა უნდა, ასეა.
- რა უნდა გავაკეთოთ?
- პატარა ქვეყანა ვართ და რას გავაკეთებთ?!
- ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ პრემიერმა გაერო-ს ტრიბუნიდან რუსეთის წინააღმდეგ სათანადო განცხადებები არ გააკეთა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ გაერო-ს ეს სამიტი გლობალურ დათბობას ეხებოდა...
- მე თუ მკითხავთ, პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. საერთოდ, მკვეთრ განცხადებებს საქმე სჯობია. “ნაცმოძრაობის” მმართველობისას, მკვეთრი განცხადებები კეთდებოდა, რეალობა კი, სხვანაირი იყო და ამ განცხადებებით წყალს ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ. დღევანდელი უმოქმედობაც რუსულ წისქვილზე წყლის დასხმაა და მეტი არაფერი. წეღანაც ვთქვი, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის გარკვევა უნდა იყოს.
- ურთიერთობა გარკვეულია: ორივე ჩვენი მეგობარი ქვეყანაა!
- დიახ, მაგრამ როცა შენი არჩევანი ევროპულია...
- მაპატიეთ და, აზერბაიჯანს ხომ ვერ ვუბრძანებთ, რომ საგარეო ვექტორი არ შეიცვალოს?
- ვერ ვუბრძანებთ, მაგრამ უნდა დავინტერესდეთ, თუკი ოფიციალური ბაქო ჩრდილოეთისკენ გადაიხრება, ვთქვათ, გაზი გაგვიძვირდება თუ არა.
- გაზის გაძვირება ზეწოლა იქნება?
- დიახ... აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი იმპორტიორია...
- ყველაფერ ზემოთქმულის ფონზე, ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს?
- საქართველო რომ გადარჩეს და რუსეთის ნაწილი აღარ გახდეს, აშშ-მ თავის სტრატეგიულ მეკავშირედ ოფიციალურად უნდა გამოგვაცხადოს. მესმის, რომ ამერიკელებისთვის დღეს მთავარი პრობლემა “აი-სი-სი”-ა. სხვათა შორის, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთი თავისი აეროპორტების ერთობლივ გამოყენებაზე დასთანხმდა. აზერბაიჯანმა კი, ის გზა ჩაკეტა, რითიც ავღანეთსა და სხვაგან სამხედრო ტექნიკის გადასროლა ხდებოდა, ანუ აზერბაიჯანმა ნატო-ს თვითმფრინავებს, თუკი მათ სამხედრო ტექნიკა გადააქვთ, აზერბაიჯანული დერეფნით სარგებლობა აუკრძალა. ეს, პრაქტიკულად, ნატო-სთვის საჰაერო საზღვრის ჩაკეტვას ნიშნავს...
მოკლედ, საქართველოს ნეიტრალიტეტი არ გამოადგება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ძლიერი მეკავშირის პოვნაა. ერთადერთი ძლიერი მეკავშირე კი, ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა ამ კუთხით სათანადოდ ვერც წინა ხელისუფლება მუშაობდა და ვერც ახალი მუშაობს. წინა ხელისუფლებამ აშშ-სთან ურთიერთობა 2007 წლის ბუქარესტის სამიტის წინ გაიფუჭა. მაშინ, პრაქტიკულად, მაპი-ს მიღებისა და, საერთოდ, ნატო-სთან დაახლოების კუთხით დიდი შანსი დავკარგეთ.
- მახსოვს, 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის მერე, გაჩნდა ვერსია, რომ ქუჩის გამოსვლები შეგნებულად დაიგეგმა, რამეთუ ბუქარესტის სამიტი ჩვენთვის არასასურველად დამთავრებულიყო...
- მეც მსმენია... ხომ ხედავთ, დღესაც რა სიტუაციაა - თურქეთსა და აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს...
- სომხეთი, ყარაბაღთან დაკავშირებით, აზერბაიჯანს ომით ემუქრება...
- რუსეთი ყარაბაღის ომის განახლებას არ დაუშვებს. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებები რუსეთთან ვაჭრობას ნიშნავს და მეტს არაფერს. მართალია, მძლავრი ოპოზიცია არ ჰყავს, მაგრამ სომხეთის პრეზიდენტს მაინც შიდა პრობლემები აქვს... აზერბაიჯანი რუსეთისკენაა მიტრიალებული და, როგორ გგონიათ, კრემლი ყარაბაღის კონფლიქტს გააცოცხლებს?
- ესე იგი, რეგიონში რუსეთისთვის ერთადერთი პრობლემა ჩვენღა ვართ, არა?
- რა თქმა უნდა - რეგიონში საქართველო ბოლო დასავლური ბასტიონია. ამ მცოცავ აგრესიას წინააღმდეგობა შეიძლება, მხოლოდ აშშ-მ გაუწიოს!
სხვათა შორის, რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდეს, ანუ ეს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის საპირწონე ნაბიჯი და ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია. რუსეთი იმასაც შეეცდება, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაახლოება ჩაშალოს. საერთოდ, ყველაფერი ეს ეკონომიკური ბრძოლა - ჩუბაისის თეორიაა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, როგორც ეკონომიკური იმპერია უნდა აღდგეს. ხომ ხედავთ, რუსეთის ეკონომიკა შერყეულია, მაგრამ იმდენი საშუალება მაინც აქვს რომ სხვა ქვეყნებში ინვესტიციები ჩადოს. მაგალითად, ბოლო წლებში, აზერბაიჯანმა 27 მილიარდის ინვესტიცია მიიღო, საიდანაც ერთი მესამედი რუსული ფულია. ხვდებით, რამხელა კაპიტალზეა ლაპარაკი?!.