მუდმივად მზარდი საგარეო ვალი

მუდმივად მზარდი საგარეო ვალი

ლარის დევალვაციამ საგარეო ვალი მკვეთრად გაზარდა და მშპ-ს 40%-ს მიაუხლოვა. საქართველო თანდათან ჩაეფლო მსოფლიო სავალო ჭაობში. თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალს აღარ აიღებს, საგარეო ვალის დაფარვა 2052 წლამდე ვერაფრით მოხერხდება.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 14.1 მლრდ აშშ დოლარი (31.8 მლრდ ლარი) შეადგინა. წელს მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 341.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მლრდ აშშ დოლარი (9.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 233.0 მლნ აშშ დოლარი (524.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 837.7 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი) და 605.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი).

კერძო საგარეო ვალი კი 8.2 მლრდ აშშ დოლარია (18.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 52.8 პროცენტი). აქედან, საბანკო სექტორის საგარეო ვალი 2.8 მლრდ დოლარს (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.9 პროცენტი) უტოლდება, ხოლო კერძო საწარმოების საგარეო ვალი - 2.5 მლრდ დოლარს (5.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.3 პროცენტი). კომპანიათაშორისი ვალი - 2.9 მლრდ აშშ დოლარია (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი).

საგარეო ვალი ძვირადღირებული ფინანსური რესურსია, რაც გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობებისთვის საკმაო ტვირთია. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ხმარდება ეს ძვირადღირებული ფინანსური რესურსი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა 1992-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალის ძირითადი მონაცემები:

1992-2015 წლებში სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით სულ დაახლოებით 6.65 მილიარდი აშშ დოლარი ისესხა. სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს (79 ხელშეკრულება), მაგრამ სახელმწიფოს ჯამურად ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი).

1992-2015 წლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (8.2%) ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის ევრობანკის მიერ 1994 წელს გამოყოფილ 18.1 მლნ. აშშ დოლარის გარანტირებულ სესხს ჰქონდა. საერთოდ კი, სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.9%-ს.

თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალს აღარ აიღებს, საგარეო ვალის დაფარვა 2052 წელს დასრულდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი, ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შიდა ვალთან ერთად, ჯამში სრულ შესაბამისობაშია ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოთხოვნებთან. მიუხედავად ამისა, საგარეო ვალით მიღებული ფული არის ძვირადღირებული ფინანსური რესურსი, რაც ზრდის ქვეყნის გადასახადის გადამხდელების, მათ შორის მომავალი თაობის ფისკალურ ტვირთს.

საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უკავია კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ რესურს. ისინი თანხას, ძირითადად, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხულობენ, რომლებიც საკრედიტო ხაზის გამოყოფამდე ბანკის ფინანსურ მდგომარეობას დეტალურად სწავლობენ. შესაბამისად, თუკი კომერციული ბანკების ვალი სარისკო ნიშნულამდე მივა და მათ მომსახურებას საფრთხე შეექმნება, ასეთ ვითარებაში არც ერთი ორგანიზაცია სესხს არ გამოყოფს.

თოქმაზიშვილი რისკს ვერც მთავრობის ვალის მოცულობაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ხიფათი შეიძლება მაშინ შეექმნას, როდესაც ვალის სიდიდე მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში 60%-იან ზღვარს მიუახლოვდება.

„დღეისათვის საგარეო ვალი არ არის სარისკო. იგი გარკვეული ნორმატივებით მშპ-სთან მიმართებაში 40%-ის ფარგლებშია. შესაბამისად, არ ვართ მისული იმ კრიზისულ მდგომარეობამდე, რომ საგარეო ვალი რისკად გამოვაცხადოთ“, - ამბობს თოქმაზიშვილი.