ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი ხელფასების ზრდას მოითხოვს და ამისათვის საპროტესტო აქციების გასამართავად მზად არის. პირველი ასეთი გამოსვლა უკვე შედგა კიდეც.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სემეკ-ის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართა. აქციას სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ენერგეტიკოსები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
„ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირმა ტარიფის კორექტირებამდე, რამდენჯერმე მიმართა თხოვნით სემეკს, რომ განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას 2015 წელსვე საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის 30%-იანი ზრდა გაეთვალისწინებინა. ეს თხოვნა მოტივირებული იყო ძირითად სამუშაოზე დასაქმებულთა დაბალი ხელფასებით (ხელზე ასაღები 300-დან 500 ლარამდე), ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობით, ლარის ინფლაციით და სხვა, რის გამოც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ კომპანიის რიგითი დასაქმებულები და მათი ოჯახები, სადაც ძირითადად, ოჯახის ერთი წევრია დასაქმებული. დღემდე საკითხი გადაუწყვეტელია“, - აღნიშნავენ ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირში.
გარდა ამისა, დასაქმებულთა მოთხოვნაა სემეკმა გადახედოს ტარიფების განსაზღვრის მეთოდოლოგიას. „ვერ მივიღებთ შესაბამის ეფექტს თუ მარეგულირებელმა არ მოიწვია შესაბამისი კომისია და არ განიხილა საკითხი, რომ ფინანსურ ნაწილში (ანუ ხელფასის გაზრდასთან მიმართებაში) არ გაითვალისწინა ამ ხარჯების ზრდა“, - განაცხადა ამირან ზენაიშვილმა, საქართველოს ენეგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ.
აქციის წევრებმა კონკრეტულად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულებისათვის ხელფასების 30%-ით გაზრდა მოითხოვეს. ამ მოთხოვნას უშუალოდ „ენერგო პრო ჯორჯიადან“ არავინ გამოხმაურებია, სამაგიეროდ, პროფკავშირებს პასუხი შეაგება სემეკმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, რომ დასაქმებულებისათვის ხელფასების გაზრდა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გამოიწვევს.
ხელფასების მომატების საკითხზე სემეკის წარმომადგენლები „ენერგო პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულებს და ასევე პროფკავშირის წევრებს არაერთხელ შეხვდნენ და ამ საკითხზე ისაუბრეს. შონიას თქმით, კომისია ტარიფის საკითხს მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე ადგენს, შესაბამისად, ტარიფში აისახა ის განაკვეთები, რაც კომპანიამ წარმოადგინა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლება გაითვალისწინოს დამატებითი ხარჯები, რადგან ეს აისახება ტარიფზე და გამოიწვევს ტარიფის გაზრდას, რასაც კომისია დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ყველა მომხმარებლისათვის, სადაც ოპერირებს „ენერგო პრო ჯორჯია“, ტარიფი გაიზრდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გოჩა შონიამ.
მისივე თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიას“ მარეგულირებელი კომისიისთვის დასაქმებულთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ მიუმართავს. კომისიამ კომპანიისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 2014 წლის 1-ელ სექტემბერს დაამტკიცა, იმ ფაქტობრივი სახელფასო განაკვეთებით, რაც კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი.