იუბილარი ლარი - 20 წელი მუდმივ ბრძოლაში!

იუბილარი ლარი - 20 წელი მუდმივ ბრძოლაში!

საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 წლის გახდა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ახალი ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი გამოცხადდა. მიმოქცევაში გავიდა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში 200 ლარის ღირსების ბანკნოტი გაუშვა.

სიტყვა „ლარი“, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად შეირჩა, ძველი ქართული სიტყვაა და ზოგადად განძს, ქონებას ნიშნავს, ხოლო, „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის შემოსაღებად მის ქვემდებარე რეგიონულ სტრუქტურებთან ერთად 1993 წლიდან ემზადებოდა და ამ პროცესში მთელი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები ინტენსიურად იყო ჩართული. საფრანგეთში მოჭრილი ლარის ფულის ნიშნები ფოთის პორტში 1995 წლის 27 აგვისტოს შემოვიდა. გადმოტანა-დაბინავების ოპერაცია დაევალა ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალურ ფილიალს. ოპერაცია ზუსტად გათვლილ დროში ჩატარდა და 28 აგვისტოს ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონულ ფილიალში 75 ტონა ლარის ფულადი მასა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დაბინავდა და მომზადდა მიმოქცევაში გასაშვებად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ მიუხედავად კატაკლიზმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის 2 ათეული წლისა, ლარი მაინც ფეხზე დგას და მყარია. ამიტომ მას აქვს მომავალი.

„საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს შემოღებიდან 20 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, ეს ისტორიული თარიღია. ის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და დღეს, როდესაც ჩვენ ამ ისტორიულ პერიოდს ვიხსენებთ, ბევრს ინტერესი აქვს საკუთარი თავი წინ წამოწიოს და სურს ისტორიის გადაწერა. მიუხედავად კატაკლიზმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისა, ლარი მაინც ფეხზე დგას და მყარია. ამიტომ მას აქვს მომავალი“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ს პროფესორის ელგუჯა მექვაბიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტა ისეთივე ატრიბუტია სახელმწიფოსი, როგორიც დროშა, ჰიმნი, გერბი.

„შესაბამისად, ლარის დაბადება იყო იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ რეალურად მოიპოვა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და დაიწყო დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის აგება. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც ლარს უჭირს. განვლილი 20 წლის ისტორიის გაანალიზება მისი დადებითი შედეგებითა და ხარვეზებით არის იმის საფუძველი, რომ აღარ გავიმეოროთ შეცდომები და ის დადებითი ტენდენციები, კანონზომიერებები, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, განვავითაროთ და ჩამოვაყალიბოთ ჭეშმარიტად ეროვნული, ძლიერი ვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინსვლის და აყვავების საფუძველი გახდება“, ‑ განაცხადა მექვაბიშვილმა.

ეკონომისტის და სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოში ლარის მსყიდველობითი უნარი მისი შემოღებიდან დღემდე (20 წელიწადში) ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, იმავე პროცესს აშშ-ში 41 წელი დასჭირდა. ლარის მიმოქცევაში შემოსვლის პერიოდში რასაც 100 ლარით იყიდიდი, 2015 წლის სექტემბრის ბოლოს იმ პროდუქტისთვის 400 ლარია საჭირო. ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებზეც ადრე მოქმედებდა სუბსიდირების სისტემა და დაბალი ტარიფი იყო შენარჩუნებული.

„20-წლიან პერიოდში, სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა თავისი სიცოცხლისუნარიანობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნებოდა, თუკი პასუხისმგებელი ინსტიტუტები მის მიმართ უფრო მეტ ყურადღებასა და გულისხმიერებას გამოიჩენდნენ“, - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ეროვნული 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 28.28-გრამიანი მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორი მხატვარ-დიზაინერი ბაჩა მალაზონიაა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და რეალიზაციაში ათასხუთასიანი ტირაჟით გავა. მისი სარეალიზაციო ფასი 95 ლარია.