თბილისის გენგეგმა ქალაქს ახალ ზონებად დაყოფს

თბილისის გენგეგმა ქალაქს ახალ ზონებად დაყოფს

დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა რამდენიმე კვირაში დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება. მთავარი, რასაც ახალი პროექტი დაარეგულირებს, ქალაქის ზონებად დაყოფა იქნება. გენგეგმის შემუშავებისთვის ბიუჯეტიდან 2.8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მერიის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უპირატესობა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქს“ მიენიჭა. კონკურსში გამარჯვებულს პროექტისთვის საბოლოო სახის მისაცემად 18 თვე აქვს. გეგმამ ყველა ის პრობლემა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც დღეს დედაქალაქშია - საცობები, რეკრაციული ზონების სიმცირე და ა.შ.

კონკურსში გამარჯვებული, „მომავლის ქალაქის“ პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ კომპანიასა და მერიას შორის ხელშეკრულება 14-15 ოქტომბერს გაფორმდება, რომლის შემდეგაც ჯგუფი საპროექტო სამუშაოებს დაიწყებს.

მისი თქმით, კომპანიასთან თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანია, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებში თბილისში ჩამოვა და თბილისში არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქმშენებლობის ინსტიტუტის შექმნა, რომელიც თბილისის მერიას ქალაქგეგმარების საკითხების დამუშავებაში დაეხმარება.

როგორც გამარჯვებული ჯგუფის წარმომადგენელი კომპანია „სიტი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, თბილისში არსებულმა მიწათსარგებლობის გეგმამ ვერ იმუშავა და ახლის შემუშავება გახდა საჭირო. მთავარი, რასაც ახალი პროექტი დაარეგულირებს, ქალაქის ზონებად დაყოფა იქნება. საუბარია მდგრადი ზონების შექმნაზე, ანუ საცხოვრებელ, რეკრეაციულ და სხვა ზონებზე. შეიძლება შემოვიდეს ახალი ზონები, მაგალითად, მტკვრის ზონა გახდეს რეკრეაციული ზონა და ა.შ.

„კომპაქტურობა, კონტროლირებადი მობილურობა და გარემოს დაცვა - ეს არის ჩვენთვის სამი მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ გეგმაში ქალაქის ურბანული დაგეგმარების და განვითარების ყველა საკითხია მიმოხილული და ყურადღება გამახვილებული. ყველმა ვიცით, ქუჩები, მოედნები რა მდგომარეობაშია, რამდენად არის ის ადამიანებისთვის მისაღები. თუნდაც, მდინარის სანაპიროები, რომლებიც მიუწვდომელია დღეს მოქალაქეებისთვის - მდინარე თავისთვისაა და ჩვენ სწორედ ის გვინდა გავაკეთოთ, რაც ევროპის ქალაქებისთვისაა მიღებული და დანერგილი“, - ამბობს მამუკა სალუქვაძე.

ქალაქმგეგმარებელი ირაკლი მასხარაშვილის შეფასებით, გენერალური გეგმა არ არის პანაცეა, რომელიც ყველა მოსალოდნელ პრობლემას უპასუხებს, მაგრამ ის გვაჩვენებს, რა შეიძლება დარჩეს და რა შეიძლება შეიცვალოს. გარდა ამისა, მისი თქმით, ქალაქის დიდი ნაწილი ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობად არის გამოცხადებული, რასაც გადახედვა სჭირდება.

ურბანისტისა და არქიტექტორის ლადო ვარდოსანიძე გამარჯვებულ პროექტს საკმაოდ კარგ შეფასებას აძლევს:

„იმედი მაქვს, დღეს ქალაქი საიმედო ხელში აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ახალმა გენერალურმა გეგმამ მეტი ქალაქმშენებლობითი დისციპლინა უნდა დაამყაროს ქალაქში, რაც აუცილებელია და გახდეს განსჯის საგანი საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ოპონენტის როლი ვითამაშოთ გამარჯვებული გუნდის მიმართ“, - აცხადებს ვარდოსანიძე.

თბილისის მიწათსარეგებლობის გენერალური გეგმისთვის მერიამ კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა. გეგმის შემუშავებისთვის ბიუჯეტიდან 2.8 მილიონი ლარი დაიხარჯება.