როგორ უნდა გაუმკლავდეს ,,რუსულ საფრთხეებს'' საქართველო და რა გაუმხილა ,,ვერსიას'' მამუკა არეშიძემ
კიდევ ერთი 27 სექტემბერი გავიარეთ ისე, მოვლენების კვალიფიციური შეფასება და ახალი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს დაათბობდა, არ მოგვისმენია. ხელისუფლება უსაფრთხოების დოკუმენტსაც კი გულგრილად ეკიდება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერი კვლავ არ მივიდა, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტი წინა წლების ტექსტებიდან გადმოიწერეს, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი, ზოგადად, ლექსიკიდანაა ამოღებული. ამ მდგომარეობის მიზეზებს ალბათ იმ შემთხვევაში მივხვდებით, თუ ერთ კითხვას ვუპასუხებთ - ომი დასრულდა?! ჩვენს ქვეყანასა და ზოგადად, კავკასიაში მიმდინარე პროცესები კავკასიისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა, მამუკა არეშიძემ შეაფასა, რომელთან საუბარიც საქართველოს წინაშე არსებული მთავარი საფრთხეების ანალიზით დავიწყეთ.
- მეჩვენება, რომ უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი ცოტა ზედაპირული იყო და წინა დოკუმენტების გამეორება გახლდათ. მთავარ საფრთხედ ისევ რუსეთია მოაზრებული, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს წინაშე მხოლოდ ეს ერთი საფრთხეა. ,,ტრადიციული საფრთხე'', ცხადია, ჩრდილოეთიდან მოდის, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევითაა გამოწვეული. ოღონდ ეს რუსეთის გეგმა- მაქსიმუმი არ არის. მას დამუშავებული აქვს სხვადასხვა გეგმა, როგორ მოიქცეს საქართველოს ურჩობის შემთხვევაში: აამოქმედოს მინავლებული კერები, მცოცავი ან დროებითი ადმინისტრაციული საზღვრები დაარღვიოს თუ საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორი გაჭრას ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში. კიდევ ერთი მუდმივი საფრთხე საზღვრის უქონლობაა რუსეთთან. საზღვარი დემარკირებული დღემდე არ არის, ადმინისტრაციული საზღვარი კი უამრავგანაა დარღვეული. თუ 1990 წელს 44 გადასასვლელი და უღელტეხილი იყო, რომელიც ჩრდილოეთიდან რუსეთს ეკუთვნოდა, სამხრეთიდან საქართველოს, დღეს აქედან 24-ს, ორივე მხრიდან, რუსეთი აკონტროლებს. მუდმივ მოძრაობაშია ის 80 კმ-იანი საზღვარიც, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს.
- თუმცა არის არგუმენტი, რომ დემარკაცია ნიშნავს აღიარებას და რომ ამით საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს დარჩენილი ტერიტორიის დაკარგვაზე ვაწერთ ხელს, მაგრამ მგონი, არადემარკირებული საზღვრის გამო, ნელ-ნელა უფრო მეტ ტერიტორიას ვკარგავთ...
- ნაწილობრივ, ეს არგუმენტი სწორია, მაგრამ რასაკვირველია, არადემარკირებული საზღვრის გამო უფრო მეტი წავაგეთ, ვიდრე მოვიგეთ. 2010 წელს ორი დიდი ტერიტორია დავკარგეთ: მამისონის უღელტეხილი და 24 კილომეტრი დიკლოსთან; ამავე პერიოდში, დავკარგეთ ტერიტორია ყაზბეგის რაიონში, ბოლო დროს კი, თუშეთში, დაღესტნელი მწყემსების მიერ საზღვრის გადმოლახვის ფაქტი დაფიქსირდა. ისინი ჯერ ცხვარს აძოვებდნენ, მერე დროებითი ნაგებობა ააშენეს, ახლა გასული ზამთარი ამ ნაგებობაში გაატარეს და დღეს ამბობენ, ეს დაღესტნის ტერიტორიააო.
- ჩვენ არც უშიშროების სხდომებს ვესწრებით, არც მსგავს საფრთხეებზე ვსაუბრობთ და როგორც სახელმწიფო, საერთოდ სად ვართ ხოლმე ასეთ დროს?
- ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. ჩემი ამოცანა და მოვალეობა განგაშის ზარების შემოკვრაა, მაგრამ სხვა ბერკეტი არ მაქვს და ვერაფერს ვიზამ.
- გასაგებია, არსებობს საფრთხეები, მაგრამ მათთან გამკლავების სახელმწიფო სტრატეგიაც ხომ უნდა არსებობდეს. ვთქვათ, რა სტრატეგია გვაქვს ნომერპირველ მტერთან, რუსეთთან მიმართებაში?
- სტრატეგიას ვერ ვხედავ! სხვათა შორის, არანაკლები საფრთხე თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან მომდინარეობს. განა ჩვენთვის უნდათ ცუდის გაკეთება, უბრალოდ, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვერც ვანეიტრალებთ და ვერც კონტრღონისძიებებს ვუპირისპირებთ. ავიღოთ საერთო საფრთხე, რომელიც ყველა სუბიექტისგან მოდის, მაგალითად, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ხშირად გვესმის, რუსული ან ამერიკული არასამთავრობოები ქვეყანას საფრთხეს უქმნიანო. იმაზე კი არავინ საუბრობს, რომ არანაკლებ აქტიურობენ აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებიც. ჯამში, ორგანიზაციათა 50% კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ანალოგიურად, ყველა მსხვილი მოთამაშე, ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი, ირანი და თურქეთი, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარეა ჩართული ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაშიც.
- ახლახან იყო სოხუმის დაცემის დღის კიდევ ერთი წლისთავი. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რა შეიცვალა, ვინ როგორ გადახედა საკუთარ პოზიციებს კავკასიაში - შეთანხმდა თუ არა ყველა მონაწილე მხარე, რომ ომი დამთავრდა?
- პრინციპში, ომი ზოგისთვის დასრულდა. ზოგისთვის მუდმივ რეჟიმში გრძელდება, ზოგისთვის მინავლებულია. მაგალითად, ყარაბაღისთვის ომი ყოველდღიურ ფაზაშია, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი, არცერთი წუთით არ დასრულებულა. მათთვის დაჭერა, შევიწროება და ფსიქოლოგიური ტერორი ყოველდღიური ამბავია. ეს ომის ნაწილია!
- თუკი ნაციონალებისთვის ,,სოხუმი ჩვენი იერუსალიმი'' მაინც იყო, ,,ოცნება'' აფხაზეთ- სამაჩაბლოს სლოგანის დონეზეც აღარ ახსენებს. რატომ?
- სხვათა შორის, ეს ლოზუნგი სიონისტური მოძრაობიდანაა აღებული, თუმცა მათ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა და საუკუნეები დასჭირდათ. მსგავსი იდეალისტური მიდგომით, წლების განმავლობაში მასების აყოლიება შეიძლება, მაგრამ ლოზუნგს შესაბამისი მუშაობაც ხომ უნდა უძღვოდეს წინ? ერთია ლოზუნგი, მეორე - ფინანსური, ადამიანური აქტივი და რაც მთავარია, მუდმივი მზადყოფნა ომისთვის. ჩვენთან კი ეს ყველაფერი ლოზუნგთან კი არ იწყება, სრულდება! ეს სტაფილოს სინდრომია, რომელსაც მუდმივად ვირის წინ კიდებენ.
- თუ ჩვენ ვირის პოზიციაში ვართ, ახლა სტაფილოს არც გვიკიდებენ და აღარც მივყვებით. ამიტომ გეკითხებით, საქართველომ დაასრულა ომი?
- ეს სააკაშვილის მეთოდი იყო. იგი პიარს კატეგორიული მეთოდებით აწარმოებდა. ,,ოცნება'' კი ამას უფრო რბილი მეთოდებით ცდილობს, ან საერთოდ არაფერს აკეთებს. თუმცა, ეს ხელისუფლება წინაზე პატიოსანია, სტაფილოს მაინც არ გვიკიდებს ცხვირწინ, მაგრამ სულ გაჩერებაც არ შეიძლება. ვიდრე ერის კონსოლიდაცია არ მოხდება, არავითარი იერუსალიმი არ შედგება. ცვლილებების არ უნდა გეშინოდეს, როცა ხელისუფლება ხარ, დამდგარ ჭაობში ქვაც უნდა ჩააგდო. სააკაშვილი მუდმივად ავანტიურაზე მიდიოდა და ისიც ვნახეთ, ამან რა მოგვიტანა. ამ ხელისუფლებას კი, ხშირ შემთხვევაში, ავანტიურის თავიც არ აქვს. თუმცა, კარგი გაგებით ავანტიურა, ხანდახან შედეგიანია.
- სამაგიეროდ, ხანდახან იმაზე შფოთავენ, რომ აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან, ქვემო ქართლიდან ხალხი სირიაში მიდის. ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ წავიდნენ?
- ახლა ერთ რამეს მოგიყვებით, რაც არც ერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს. გაიხსენეთ 11 აგვისტო, საფეხბურთო მატჩი სევილია- ბარსელონას შორის. გახსოვთ, რამდენი აფხაზი ჩამოვიდა ამ მატჩის სანახავად?
- მახსოვს და მოღალატეებიც ეძახეს აფხაზეთში.
- ახლა მოგიყვებით, როგორ ჩამოვიდნენ ეს აფხაზები და ოსები აქ. ყველამ იცის, ასეთი საქმეები ასე მარტივად არ კეთდება, გვესმის, ერთ დღეს თავს ვერ დაადებდნენ და პირდაპირ ენგურზე ვერ გადმოვიდოდნენ აქ მოსახვედრად. შემიძლია მხოლოდ ფრჩხილები გავხსნა და გითხრათ, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. წარმოიდგინეთ, 5 ახალგაზრდა ბიჭი წავიდა სოჭში, იყიდა ბილეთები, გაფრინდა ერევანში და იქედან ჩამოვიდა თბილისში - მესი ასე როგორ უნდა გიყვარდეს, ამხელა გზა გაიარო ან სად ჰქონდათ ამხელა ფინანსები? ჯერჯერობით, არაა გასამჟღავნებელი, ეს ამბავი სახელმწიფოებრივ დონეზე მოხდა თუ ადამიანურზე, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ მრავალრიცხოვანი ვოიაჟის უკან დიდი სამუშაო და მომზადება იდგა საქართველოს მხრიდან. შეგვიძლია, ეს თბილისში, მავანის ანგარიშზე შევიტანოთ და მადლობა გადავუხადოთ ამ შესანიშნავი მუშაობისთვის. თუმცა ამას ერთჯერადი აქციის ფორმა არ უნდა ჰქონდეს. სოხუმში ვიღაცებმა, სოციალური ქსელების მეშვეობით, ბევრი იჭიჭყინეს და იმ ახალგაზრდებს მოღალატეებიც ეძახეს. თუმცა ერთ-ერთმა ბიჭმა კარგი პასუხი გასცა: ომის მერე დავიბადე, დაქცეული ქვეყნის გარდა არაფერი მინახავს და საქართველო ჩემთვის ,,მოყოლილი მტერიაო''. ტელევიზორში რომ ხედავენ უკეთეს ცხოვრებას, რატომაც არ უნდა ნახონ პირადად, თუკი ეს მათ გვერდით ხდება? ამ კონკრეტულმა ახალგაზრდამ უფროს თაობას უთხრა, თავი გაგვანებეთო. ასე ფიქრობს ყველა, ვისთვისაც საქართველო მოყოლილი მტერია. საერთოდ, 1500-ზე მეტ აფხაზს აქვს თბილისში ნამკურნალები. ბოლობოლო, რუსლან ქიშმარია იწვა 2 თვე ჩვენს კლინიკაში. მეორე საველე მეთაურიც ჩამოვიდა და ჩ ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთო. მეც დავეხმარე ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ვიცი, ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ შვილიშვილი ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩაუვარდა და საწყალ ბავშვს სხეულის 40% დაეწვა. ეს ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში ძლივს გადაარჩინეს. ასეთი რამეების კეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, მერე ეს ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდეს. შეიძლება, ახლა ამას კულუარული მუშაობა დავარქვათ, მაგრამ აუცილებელია თანმიმდევრულობა და მუშაობის გაშლა - ეს მოქმედებები უფრო მასშტაბური უნდა გახდეს!
- შემდეგი ეტაპი, ალბათ, უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე დგება. რა შეიძლება იყოს ეს?
- რთული სათქმელია, რა არის შემდეგი ეტაპი. თუმცა მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ, ახალგაზრდა თაობაზე, მეორე მხრივ კი იმ ადამიანებზე უნდა ვიმუშაოთ, ვისთანაც ნათესაური და პროფესიული კავშირები გვაქვს. ასეთი კი, ჯამში, ძალიან ბევრია. ეს გრძელვადიანი, მაგრამ აბსოლუტურად სწორი მეთოდია. აფხაზებს რეალობის შეგრძნება ნამდვილად აქვთ. ერთ-ერთი აფხაზის თქმისა არ იყოს, რუსები გვეფერებიან და გვეხუტებიან, მაგრამ გვეშინია, ამ ჩახუტებით არ დაგვახრჩონო. ამიტომ ისე უნდა ვიმუშაოთ, არც ჩვენი ღირსება დავამციროთ და არც სხვისი ინტერესები დაგვავიწყდეს. ამასწინათ, ერთ-ერთი აფხაზი ისტორიკოსი აფხაზურ პრესაში წერდა, რა მოხდა აფხაზეთში 1880 წელს, როგორ აღმოჩნდა მთელ რუსულ იმპერიაში აფხაზეთი ერთადერთი, ვისაც იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ უუფლებო ერის სტატუსი მიანიჭა. თუმცა არსად იყო ნახსენები, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ამ სტატიის ავტორს კი ახალგაზრდები ედავებოდნენ, რუსეთს რატომ არსად ახსენებ, სიმართლე ბოლომდე უნდა ვიცოდეთო. ძველი თაობა მაინც ამ კლიშეებით აზროვნებს, ახალგაზრდები კი უკეთ ცხოვრებას, თვალსაწიერის გაფართოებას ცდილობენ. აი, მათი ეს თვისება უნდა გამოვიყენოთ. ერთიერთობის ერთ-ერთ საშუალებად სოციალურ ქსელებში მუდმივი დებატებიც მიმაჩნია ქართველებსა და აფხაზებს შორის, ოღონდ კვალიფიციურ დონეზე. საჭიროა, სპეციალისტების ჩართვა ამ დიალოგში, რომლებიც საქართველოს არქივიდან შემონახულ საინტერესო დოკუმენტებს ამოიღებენ. ვთქვათ, რას წერდა 70-იან წლებში გუბერნატორის მოადგილე სვიატოპოლ მირსკი აფხაზებზე, რატომ მიანიჭა რუსეთმა უუფლებო ერის ტიტული აფხაზებს, როგორ გაასახლეს აფხაზები, 1930-იან წლებში, რა მოხდა 1937 წელს აფხაზეთსა და საქართველოში და ა.შ.
- მერე, ორგანიზაციულად, ფუნქციურად, ეს ვინ უნდა აკეთოს, მხოლოდ სამოქალაქო დონეზე ეს საქმე გამოვა?
- პირველ რიგში, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მან უნდა შექმნას ინიციატივათა მთელი პაკეტი, რომელშიც საზოგადოებასაც აქტიური როლი ექნება. ფაქტია, ეს ხელისუფლების საქმეა! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში იყვნენ და არიან ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგი სხვის დაკრულზე ცეკვავს, ზოგმა კი არ იცის, რომ აფხაზეთი მხოლოდ გეოგრაფიულ- პოლიტიკური ერთეული კი არა, ქართული იდეის ნაწილია.