ცეზარ ჩოჩელი: „ჭყონიას ჩემი „ძმაბიჭური“ ურთიერთობების გარკვევას ურჩევნია აღრიცხვიანობას მიხედოს“

ცეზარ ჩოჩელი: „ჭყონიას ჩემი „ძმაბიჭური“ ურთიერთობების გარკვევას ურჩევნია აღრიცხვიანობას მიხედოს“

გუშინ, 29 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ ბინზეს-სექტორთან შეხვედრის ფარგლებში გამართა. ფინანსთა მინისტრი ბრენდული ლუდების და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს გაეცნო, ასევე დაათვალიერა საწარმოს კუთვნილი ლაბორატორია. როგორც ცნობილია, არაალკოჰოლური სასმელების მარკირების შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით, მწარმოებლებმა ფინანსთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართეს და პროცესის გადავადება მოითხოვეს. ნოდარ ხადურის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით, მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საწარმო მზადაა მარკირების ელექტრონულ წესზე გადასასვლელად. მთავრობის მთავარ ამოცანას კი აღნიშნულ სფეროში აღრიცხვის მოწესრიგება წარმოადგენს, იმისთვის, რომ ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და პროდუქცია არ გაძვირდეს. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად კი სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც იმას ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები დარჩება იგივე და ეს თანხა არც ქვეყნის ბიუჯეტს დააკლდება.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ ფინანსთა მინისტრის სტუმრობას გამოეხმაურა და პორტალ Commersant.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია „ზედაზენმა“ პრინციპებს უღალატა, შეთანხმებას გადაუხვია და ცდილობს, სახელმწიფოსთან ცალკე ურთიერთობა დაამყაროს. კომპანია „ზედაზენში“ ფინანსთა მინისტრის გუშინდელ სტუმრობას კი „კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა „კომუნისტური შოუ“ უწოდა.

„თუ ამათ უნდათ, რომ სახელმწიფოსთან ახალი ურთიერთობა დაამყარონ და მეგობრები იყვნენ, არ არის პრობლემა. ჩვენ გვინდა სახელმწიფოსთან სწორი ურთიერთობა გვქონდეს და არა ძმაბიჭური. ეს არის მთავარი“, - განაცხადა ჭყონიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი მიდგომების გამო არ ვითარდება არც ბიზნესი და არც ქვეყანა.

„პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო პრინციპულად და ამოჩემებულად უდგება კონკრეტულ თემას და უნდა, რომ ბიზნესს მოუგოს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის სახელი ქართულ მედიაში ხშირად არ ჟღერდება, გარდა მისი ბიზნესთან დაკავშირებით გაკეთებული იშვიათი კომენტარებისა. მედიაში ხშირად საუბრობდნენ იმაზეც, რომ ბიზნესი ჭყონიამ 5 მილიონის სახელმწიფო სესხით წამოიწყო და მერე შევარდნაძესთან „ძმაბიჭური“ურთიერთობის შედეგად „მიეტევა“ , მისმა სახელმა გაიჟღერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის ოფიციალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, როდესაც ჟურნალისტებმა მოლაპარაკების მაგიდაზე ქართულ წარწერიანი „კოკა-კოლა“ დააფიქსირეს. ბიზნესმენმა ეს ფაქტი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუშიც დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველოდან „კოკა-კოლას“ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ყიდულობენ და ის მხოლოდ ქართულ „კოკა-კოლას“ სვამსო.

For.ge ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირდა.

„როგორც ეტყობა ბატონ თემურს კომუნისტური ნოსტალგია მოეძალა. ქუჩური და „ძველბიჭური“ ურთიერთობები, ალბათ, მისი თაობისთვისაა დამახასიათებელი. ამბობს, ეჭვი აქვს, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ვართ გარიგებაში. ასეთი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. რომელ გარიგებაზეა საუბარი, როცა მთელმა საქართველომ იცის ჩემი მდგომარეობა, როცა ყადაღა აქვს დადებული ჩემს საწარმოებს“, - აცხადებს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა აქციზურ მარკირებასთან დაკავშირებული ხარჯის თავის თავზე აღება, მაშინ რატომ უნდა გაუწიოს ბიზნესმა წინააღდეგობა? „კოკა-კოლას“ კი, როგორც ჩანს, აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით გააჩნია პრობლემები და სწორედ ამიტომ არ სურს მარკირების სისტემის დანერგვა.

„არანაირი ასოციაციის წევრი ჩემი ორგანიზაცია არ ყოფილა არასდროს. საერთო პოზიცია იყო, რომ ის გადასახადი, რაც დაკავშირებულია აქციზურ მარკირებასთან, არ უნდა დაწოლოდა ბიზნესს და ბიზნესის გადასახადი არ უნდა გამხდარიყო მომხმარებლის გადასახადი იმ კუთხით, რომ შემდეგ პროდუქცია გაძვირებულიყო. სახელმწიფო გამოვიდა წინადადებით, რომ თვითონ იხდის ამ გადასახადს და აღარ აწვება არც ბიზნესს და არც მომხმარებელს და ხარჯს თავის თავზე იღებს.

მე ვსვამ კითხვას - თუ სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამ ხარჯს, რა ფორმით უნდა გავუწიო მე წინააღმდეგობა? მე მაშინ მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მარკირება შემოდის ზუსტად იმიტომ, რომ მთავრობა არ გვენდობოდა და როგორც ჩანს, სამართლიანადაც არ გვენდობოდა. მიჩნდება იმის ეჭვიც, რომ ჭყონიას სწორედ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით გააჩნია პრობლემა და ვურჩევ „ძმაკაცური“ ურთიერთობების გარკვევას, ჯობია აღრიცხვიანობას მიხედოს“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია პორტალ Commersant.ge-სთან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სურს ბიზნესს მოუგოს და ეს არის ცუდი გადაწყვეტილება და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო არ ცდილობს არც ბიზნესისთვის რაიმეს მოგებას და არც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადის, რადგან, თუ კომპანია სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს, მაშინ მას არც რაიმეს შიში გააჩნია.

„როდესმე, რაც მოღვაწეობა დაიწყო, თუ ყოფილა ჭყონია ასეთ მდგომარეობაში როგორშიც მე ვარ? თუ როდესმე რომელიმე ხელისუფლებასთან ჰქონია პრობლემა? - არასოდეს. მუდმივად არის გარიგებაში, მუდმივად არის სასათბურე პირობებში და ახლა ისრის გადატანა უნდა სხვაგან“, - აცხადებს ჩოჩელი და აღნიშნავს, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის ქმედება იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ მას მართლაც გააჩნია რაღაც პრობლემა, თორემ, თუ ბიზნესი გამჭვირვალე გაქვს, სახელმწიფო ზედმეტს არაფერს გთხოვს.

„რატომ უნდა წავიდეს ბიზნესი მარკირების წინააღმდეგი, თუ ეს არანაირ დამატებით ხარჯს არ მოითხოვს? ჩვენ ყოველთვიურად ასეულ ათასობით ბოთლ ლუდს ვუშვებთ და ვუკეთებთ მარკირებას და რა გახდა ჩემთვის 50 000 ლიმონათის ბოთლების დამატებითი მარკირება, მით უმეტს მაშინ, როცა დანადგარები ჩემს ქარხანაში უკვე არსებობს და რატომ არ უნდა მოხდეს ლიმონათების და „კოკა-კოლას“ მარკირება?

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ ვმუშობთ სუფთად. თუ სახელმწიფო აქამდე ფიქრობდა, რომ რაღაც არ გვქონდა მწყობრში და დამატებით ამიტომ ითხოვდა დათვლას, ახლა მეც მიჩნდება ეჭვი, რომ მართლაც რაღაც პრობლემები არსებობდა.

სახელმწიფო არ ცდილობს, რომ ბიზნესს მოუგოს და არ არის ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. თუ დამალული გადასახადები გაქვს და წარმოება გამჭვირვალე არ არის, მხოლოდ მაშინ შეიძლება რაღაცის შიში გქონდეს, თორემ დღეს სახელმწიფო ბიზნეს ზედმეტ გადასახადს ნამდვილად არ არიცხავს“, - აღნიშნავს ჩოჩელი.