დღეს სასტუმრო „ჰოლიდეინ ინ“-ში სს „ნიკორამ“ „ნუგეშის“ ქსელის საკუთარ მფლობელობაში გადასვლასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. ორივე მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ „ნუგეშის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
სს „ნიკორა“ 1998 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში ის კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის და გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგის მფლობელობაშია „ნიკორა“-ხორცპროდუქტები, „ჩვენი ფერმერი“ - რძის პროდუქტები, „მზარეული“ - ნახევარფაბრიკატები, „მზარეულის საცხობი“ -პურ-ფუნთუშეული, „ოკეანე“ - თევზი და ზღვის პროდუქტები, „პალომა“ - ნაყინი“, „ინტრეიდი“ - ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, „აგია“, - საკალმახე მეურნეობა“, „სალათერია“ - მზა სალათები, „ტევანი“- ღვინის წარმოება, „ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი“.
დღეის მონაცემებით, საწარმოში 3800 ადამიანია დასაქმებული, 2015 წლის მონაცემებით, მატებამ 700 ერთეული შეადგინა. მიმდინარე წელს კი კომპანიამ ბიუჯეტში 25 600 000 ლარზე მეტი შეიტანა. დღეისთვის „ნიკორას“ ქსელში 115 სუპერმარკეტი მოქმედებს, მათ შორის თბილისში - 78, რეგიონებში-35.
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი რედაქტორის დავით ურუშაძის განცხადებით, გაზაფხულზე „ნიკორასა“ და „ნუგეშს“ შორის აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო, რამდენიმე დღის წინ ყველა იურიდიული საკითხი უკვე დასრულდა, მთავარ მიმართულებას კი დაბალი ფასების შენარჩუნება და რეგიონებში სავაჭრო ქსელების გაფართოება წარმოადგენს.
„ეს იყო ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი, ორივე მხარემ შეუძლებელი შეძლო და მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.
„ნუგეშის“ 60 %-იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანი „ნიკორას“ აქციონერი გახდა, დანარჩენი 40%-ი კი „ნიკორამ“ შეიძინა, ჩვენი მთავარი მიზანია ასორტიმენტის განახლება, რათა ის გახდეს მრავალფეროვანი და მოსახლეობისთვის ხელმისწვდომი. „ნიკორა“, „ნუგეში“ და „ლიბრე“ თავის ბრენდებად რჩებიან“, - განაცხადა ურუშაძემ.
როგორც „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი რედაქტორმა დავით ურუშაძემ For.ge-სთან საუბარში განაცხადა , გაერთიანების შემდეგ სამუშაო ადგილების შემცირება არ იგეგემება, ხოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებების მიუხედავად, ჰოლდინგი ფასების გაზრდას ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაზე არ გეგმავს.
„ნუგეშ“-ში დასაქმებული პერსონალი კვლავინდებურად გააგრძელებს მუშობას, ჩვენთან დიდი ნაწილი უკვე გადმოვიდა სამუშაოდ, დანარჩენები სხვა კომპანიებში გადანაწილდა, სამუშაო ადგილების შემცირება ჩვენ არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვცდილობთ ხარისხიანი პროდუქცია გავყიდოთ იაფად, ქსელში უკვე არის ე.წ ტოპ-50 მოთხოვნადი პროდუქცია, ფასები კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ეს შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქციას, როგორიც არის შაქარი, პური, ფქვილი და ა.შ, რაც ყოველდღიურად სჭირდება ადამიანს და ჩვენ ამაზე საუკეთესო ფასები გვაქვს დადგენილი“, - განაცხადა დავით ურუშაძემ და აღნიშნა, რომ როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათი ფასი არ გაიზრდება.
„ფასები გაიზრდება იმ შემთხვვაში, თუ ტოტალური გაძვირება მოხდება, თუმცა მაინც უფრო იაფი ეღირება. ჩვენც იმ ზღვაში ვცურავთ, რაშიც მთელი საქართველო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ლარის დევალვაცია მუდმივი პროცესი არ არის.
ამ ორი კომპანიის გაერთიანება ქართველ მომხამრებელს სთავაზობს მომსახურების კარგ ხარისხს და დაბალ ფასებს ძალიან დიდი ქსელში, იმიტომ, რომ ფასები გაერთიანების შემდეგ „ნიკორაშიც“ შემცირდა. აგრეთვე მომხმარებელს ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ, რაც სიურპრიზად გვინდა შემოვინახოთ. ამ ეტაპზე კი აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გაფართოებას იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად ვართ წარმოდგენილნი“,-აღნიშნა დავით ურუშაძემ.
როგორც „ნიკორა ტრეიდის“ მარკეტინგის დირექტორმა გვანცა ცოგოშვილმა For.ge-ს განუცხადა, „ნიკორა“ „ნუგეში“ და „ლიბრე“ სამივე ოპერირებას განაგრძობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი კი ამ ეტაპზე არაფრის შესყიდვას არ აპირებს.
„სამივე ბრენდი: „ნიკორა“ „ნუგეში“ და „ლიბრე“, რომელიც მომხმარებლისთვის ცნობილია, სამივე ცალ-ცალკე დარჩება ქართულ ბაზარზე და ოპერირებას განაგრძობს. ამ ტაპზე ლოგოს გაერთიანებაც არ იგეგმება. კომპანია არ გეგმავს კიდევ რომელიმე ბრენდის შესყიდვას, ჩვენ ისედაც საკმარისად ვართ წარმოდგენილი, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის“,-განაცხადა გვანცა ცოგოშვილმა.