საკუთარი უფლებების ცოდნა მომხმარებელთა დაცვის მთავარი გარანტია

საკუთარი უფლებების ცოდნა მომხმარებელთა დაცვის მთავარი გარანტია

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს – არის მომხმარებელი, ანუ პირი, რომელიც უკვეთავს, იძენს ან იღებს ნებისმიერი ტიპის პროდუქტს თუ მომსახურებას პირადი მოხმარებისთვის – არასამეწარმეო მიზნისთვის. არავის გაგიჭირდებათ ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა თქვენი, როგორც მომხარებლის უფლება უგულებელყვეს და დაარღვიეს. მნიშვნელოვანი და მომხარებელსა და მომწოდებელს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი კი ასეთ დროს სწორედ თქვენი რეაქციაა.

პარადოქსულია, მაგრამ ჩვენთან მომხარებლის უფლების დარღვევაში მთავარი დამნაშავე თვითონ მომხმარებელია. რამდენჯერ დაგვზარებია, მოგვრიდებია, გადაგვიდია ან ყურადღება არ მიგვიქცევია დარღვევისთვის და არასათანადო მომსახურებისთვის?!

ამის შედეგია ის, რომ იგივე განმეორდება ხვალაც, ზეგაც და მანამ, სანამ თვითონ არ შევცვლით ჩვენსავე სამომხარებლო კულტურას. ხშირ შემთხვევაში, ისიც კი არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა სკანდალის გარეშე, კანონის დაცვით. ამის პრეცენდენტები, თითზე ჩამოსათვლელია და იმდენად გაუხმაურებელია, რომ რაიმე ცვლილებას და ვითარების გაუმჯობესებას ხელს ვერ უწყობს. განვითრებულ ქვეყნებში კი სამომხარებლო კულტურაზე უფრო აქტუალური ცნება სამომხარელო ექსტრემიზმია.

მომხმარებლის მიერ იურიდიული ნორმებით მანიპულირება მწარმოებლისგან ან გამყიდველისგან მოგების მიღების მიზნით. ყველას გექნებათ გაგონილი ცნობილი და „მოარული“ ისტორია ერთ ქალზე, რომელმაც "მაკდონალდს" უჩივლა მდუღარე ყავის და არარსებული მარკირების გამო და დიდი თანხაც "ჩაიჯიბა". შესაძლოა, ვინმეს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ ამ „გაკვეთილით“ ჭკუანასწავლი მწარმოებლები მართლაც საოცარ და ფანტასტიკურ ინსტრუქციებს აყოლებენ ნაწარმს. ასე მაგალითად, სუპერმენის ფორმას აქვს ინსტრუქცია – "არ დაფრინავს". ასევე საინტერესოა მიკროტალღური ღუმელის ინსტრუქცია – `არ გამოიყენება ცოცხალი ცხოველებისთვის". კედლების გასახვრეტი ელექტროხელსაწყოს ინსტრუქცია – "არ გამოიენება კბილების გასაბურღად~, ერთი სიტყვით, უამრავი ასეთი მაგალითის გახსენება შეიძლება. 

სამომხმარებლო ექსტრემიზმს თავი დავანებოთ, აქაურ მწარმოებლებს და მომწოდებლებს შეუძლიათ ამ მხრივ მშვიდად იყვნენ, რადგან კარგა ხანს არ ემუქრებათ ეს საფრთხე.

სამომხმარებლო კულტურა ვახსენე და ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და როგორ მოვიქცეთ, თუკი ჩვენი უფლება დაირღვა.

ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, სამომხმარებლო ბაზარზე ერთმანეთს უპირისპირდება გამყიდველი – პროფესიონალი (გათვლილი სტრატეგია, წინასარშედგენილი ხელშეკრულება, სადაც ყველაზე საგულიხმო ინფორმაცია უწვრილესი შრიფტითაა მოცემული, ფსიქოლოგიური ზეწოლა...) და დილეტანტი მყიდველი (კანონის არცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ, უმეტესწილად ისიც კი არ ვიცით, როგორ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია თუნდაც – ეტიკეტიდან).

ძალათა არათანაბარი გადანაწილებაა, დამეთანხმეთ! ჰოდა, იმისთვის, რომ საჭირო წონით კატეგორიაში მოვხვდეთ, აუცილებელია მეტი ვიცოდეთ საკუთარი უფლებების და მეტიც, მოვალეობების შესახებ.

მომხმარებელთა განათლებაზე ზრუნვა განვითარებულმა მსოფლიომ მეოცე საუკუნის 70–იანი წლებიდან დაიწყო. თითქმის 40 წლიანმა პრაქტიკამ მათთვის პრობლემა სულ სხვა განზომილებაში გადაიტანა. გაერთეთ და აღმოაჩინეთ საკუთარი ქვეყნის ადგილი მომხმარებელთა განათლების ევოლუციური განვითარების ევროკავშირის ქვეყნების მიერ შედგენილ კლასიფიკაციაში:

1960 იანი წლების დასასრული – გულუბრყვილო მომხმარებლის საფეხური: პარადიგმა, - ფულის ფასი. ფოკუსი, - კერძო საოჯახო მეურნეობა.
1970–იანი წლების დასასრული – გათვითცნობიერებული მომხარებლის საფეხური: პარადგიმა, - უფლება და ძალაუფლება მომხმარებელს. ფოკუსი, - ბაზარი და საბაზრო სტრუქტურები.

1980–იანი წლებიდან – სოციალური და „ მწვანე“ მოხმარების საფეხური: პარადიგმა, - ცხოვრების ხარისხი. ფოკუსი, - საზოგადოება და გარემომცველი წრე.

დღესდღეობით კი სამომხმარებლო განათლება იქ უკვე სოციალური ტენდენციაა და პოლიტიკურ და მორალურ განათლებასაც გულისხმობს.

- სად ვართ შერჩენილი ჩვენ ამ გლობალურ კორიანტელში?
- შორეულ სამოციან წლებში.
რადგან ჩვენთან მომხმარებელი, უდავოდ და ერთმნიშვნელოვნად, გულუბრყვილოა. პარადიგმა, - ფულის ფასი, არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, წამყვანი და გადამწყვეტი მაჩვენებელი.
ფოკუსი, - კერძო საოჯახო მეურნეობა კი – რეალობა. (საზოგადოება, გარემომცველი წრე, გარემოსდაცვითი და „ მწვანე“ მიმართულებები „ხელშეუხებელი სიწმინდეებია“)

უკვე ითქვა, რომ მომხმარებლის უფლების უმთავრესი დამცავი თავად მომხმარებელია. კანონის და საკუთარი უფლებების არცოდნა კი მას საშუალებას არ აძლევს აღასრულოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება. ვფიქრობთ, აუცილებელია მეტი აქტიურობა მომხმარებლის განათლების კუთხით და ვიმედოვნებთ, ეს სტატია საკუთარ მოკრძალებულ წვლილს შეიტანს პრომლემის მოგვარებაში.

საქართველომ 1996 წლის 22 აპრილს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, - "ევროკავშირი და საქართველო - შეთანხმება პარტნიორობისა და თანაშრომლობის შესახებ".

ხელშეკრულების 66-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, მომხმარებელთა დაცვის სისტემა მიეახლოვებინა ევროკავშირის სტანდარტებთან. მანამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავდა რვა ძირითადი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება მომხმარებელთა უფლებების დაცვა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში. ეს რვა პრინციპია:

უსაფრთხოება - სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მომხმარებლის, როგორც ყოველდღიურ, ასევე გრძელვადიან ინტერესებზე. დაცული უნდა იყოს მომხმარებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, გარემო პირობები, ქონება.)
ინფორმირებულობა - მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ამომწურავი, სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ. აგრეთვე, იგი უნდა იყოს დაცული არასწორი და პროდუქციასთან არაშესაბამისი ინფორმაციის მიღებისგან.
არჩევანი - არამონოპოლიური ბაზარი, თავისუფალი არჩევანის საშუალება.
მოსმენა - შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან მოუსმინონ მომხმარებლის პრეტენზიებს და მოთხოვნებს და, დასაბუთბის შემთვევაში, რეაგირება მოახდინონ დარღვევაზე.

ანაზღაურება - ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. ხშირად შეგხვედრიათ წარწერა – გაყიდული საქონელს არ ვიბრუნებთ – უხარისხო პროდუქტის შეძენისას, ან არადამაკმაყოფილებელი მომსახურების მიღებისას მომხმარებლის ზარალი უნდა ანაზღაურდეს მწარმოებლისგან ან მიმწოდებლისგან. ანაზღაურება მოიცავს როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ ზარალს)

განათლება - მომხარებელს აქვს უფლება მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, საკუთრი უფლებების შესახებ. რიგ ქვეყნებში ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა, ჯერჯერობით, დანერგილი არ არის.

ჯანსაღი გარემო - ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძირითად საჭიროებათა დაკმაყოფილება - სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტით მომხმარებლის უზრუნველყოფა.

საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დამცავ დებულებებს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კანონები, - `პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“; „ სტანცარტიზაციის შესახებ“; „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“; „თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ“; „რეკლამის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტები. თუმცა, უმთავრესი დოკუმენტი არის 1996 წლის მარტში მიღებული კანონი „მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასთვის (იხ. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ–გვერდი).

უხარისხო პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიმართოს "სურსათის ეროვნულ სააგენტოს", რომელიც ვალდებულია, დაუყონებლივ შეამოწმოს ობიექტი და აღმოფხვრას დარღვევა. 

თუკი მომხმარებლმა ყიდვიდან გარკვეულ ვადაში აღმოაჩინა პროდუქციის უხარისხობა, მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება: „საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს,... მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება", - კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", მუხლი 2.
"მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის ვარგისიანობის დადგენილ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ დამზადებიდან 10 წლის განმავლობაში", კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", მუხლი 10, პუნქტი 2.

შესაბამისად, მაღაზიებსა და დაწესებულებებში გაკრული განცხადება – „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“ უსაფუძვლოა და დასაბუთების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი.

გთვაზობთ იმ არასამთვრობო ორგანიზაციების ჩამოანათვალსაც, ვინც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მოღვაწეობს საქართველოში:
მომხმარებელთა ფედერაცია (ქ.თბილისი მოსაშვილის ქ. N9. mdageorgia-mail@yahoo.com)

სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (თბილისი; დელისის 1 შესახვევი №5ა; ტელ: 399019/8; ელ-ფოსტა: office@csrdg.ge)

კავშირი 21-ე საუკუნე (თბილისი. ახვლედიანის ქ. 17;ტელ./ფაქსი: +99532 931242)

და ბოლოს, გახსოვდეთ: საკუთარი უფლებების დაცვა და არსებული საკანონმდებლო რესურსის გამოყენება პრაქტიკულად არის გარანტია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება მაღლგანვითარებული, თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს შესაბამებული სამომხარებლო ბაზარი.