,,ჯეოსელის'' 100%-იანი წილის მფლობელი, შვედური კომპანია ,,თელიასონერა'' საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ბაზრებს ტოვებს და აქცენტს მხოლოდ ევროპასა და შვედეთზე აკეთებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. კერძოდ, შეხვედრა გაიმართა ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტ, ერიკ ჰალბერგსა და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ, ემილ ნილსონთან. შეხვედრას დაესწრნენ „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე. „თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში რჩება და მეტიც, საქმიანობის გაფართოებას აპირებს.
,,თელიასონერას'' შესახებ
,,ორწლიანი მძიმე მუშაობის შემდეგ, ევრაზიის ბაზარზე კარგად გამართული მენეჯმენტის კომპანიები გვაქვს. გვჯერა, მათ სხვები წარმატებით განავითარებენ“, - განაცხადა ,,თელიასონერას'' პრეზიდენტმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, იოჰან დენილინდმა. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომუნიკაციების ბაზარზე სწრაფი ცვლილებების ფონზე, ,,თელიასონერას'' მენეჯმენტმა გადაწყვიტა, დროისა და რესურსების ფოკუსირება ევროპისა და შევედეთის ბაზრებზე მოახდინოს. შედეგად, ,,ჯეოსელის'' ოპერირებაში ცვლილებები არ იგეგმება. კომპანიის საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ,,ჯეოსელის'' პოტენციური მყიდველის ვინაობა ჯერ არ სახელდება, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში პიონერი, შვედური კომპანია ,,თელიასონერა'', 1850 წელს დაარსდა. ის მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი გამომგონებელი და GSM სისტემის დამფუძნებელია. 2011 წლის მაისში, ,,თელიასონერას'' შემადგენლობაში შემავალი ყველა ბრენდი ერთი ნიშნის ქვეშ გაერთიანდა. კომპანიებში, მსოფლიოს მასშტაბით, 28 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, კომპანიის აქციები კი სტოკჰოლმისა და ჰელსინკის NASDAQ OMX ბირჟებზე კვოტირებს. ,,თელიასონერა'' სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში, დასავლეთ ევროპასა და ევრაზიის ქვეყნებში, შორეულ ნეპალამდე ოპერირებს.
ბაზრის ლიდერები - ,,ჯეოსელი'', ,,მაგთი'' და ,,ბილაინი''
მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარება საქართველოში 19 წლის წინ დაიწყო. პირველი მობილური ოპერატორი ,,მეგაკომი'', 1996 წელს გამოჩნდა, ნამდვილი ,,ფიჭური ბუმი'' კი 1997 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანაში პირველი GSM-ოპერატორი ,,ჯეოსელი'' გაჩნდა. ეს კომპანია თურქულმა ,,თურქსელმა'' დააფუძნა საქართველოში. ,,ჯეოსელს'' ფეხდაფეხ ,,მაგთი'' მიჰყვა და 10 წლის განმავლობაში, ორივე კომპანია ბაზარს მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოფდა. იმ პერიოდში, „ჯეოსელის'' მფარველად კავშირგაბმულობის ყოფილ მინისტრს, ფრიდონ ინჯიას მოიაზრებდნენ, რომელმაც თურქული კომპანია „თურქსელი“ საქართველოში შემოიყვანა. „მაგთი“ კი, მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძემ, გია ჯოხთაბერიძემ დააფუძნა. ამერიკული კომპანია „მეტრომედიას“ კაპიტალითა და შევარდნაძის გავლენით, ჯოხთაბერიძემ „მაგთი“ თითქმის უკონკურენტო ოპერატორად ჩამოაყალიბა, შევარდნაძის ხელისუფლების შესუსტების შემდეგ კი, „ჯეოსელი“ მომძლავრდა.
თავდაპირველად, კომპანიები ბაზარზე საკმაოდ მაღალი ტარიფებით მუშაობდნენ, ,,ჯეოსელი'' – 28.8, ,,მაგთი'' – 32 თეთრით. მაღალი ტარიფების გამო ეს კომპანიები არ დაჯარიმებულან, რადგან იმ პერიოდში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის მიერ დადგენილი ზღვრული ფასები არ არსებობდა. 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამ ბაზარზე რუსული ,,მობიტელი'' (,,ბილაინის'' დამფუძნებელი) დაბალი ტარიფებით შემოვიდა, ,,მაგთიმ'' და ,,ჯეოსელმა'' სატარიფო პოლიტიკას გადახედეს. 2011 წლიდან, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ზედა ზღვრული ტარიფი 24 თეთრით განსაზღვრა. კომისია ორ წელიწადში ერთხელ, სატარიფო პოლიტიკას ცვლის. შესაბამისად, ეს ტარიფი ჯერ 18.8 თეთრამდე შეამცირა, შემდეგ 14.8 ,11, 8 და ბოლოს 5 თეთრამდეც კი. 2014 წლის ოქტომბერში კი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 იანვარს შევიდა, მობილური საბითუმო ბაზრის ტარიფი 3.5 თეთრით განისაზღვრა.
დღეს, ბაზარზე მოქმედ მობილურ კომპანიებს, ჯამში, 4 704 588 აბონენტი ჰყავთ. 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, ,,მაგთის'' - 1 717 516 აბონენტი, ,,ჯეოსელს'' - 1 733 699 აბონენტი, ხოლო ,,ბილაინს'' - 1 224 293 აბონენტი უფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავლებს, იმავე მონაცემებით, მობილური კომპანიების შემოსავლებმა, ჯამში, 36 451 629 ლარი შეადგინა, მათ შორის, ,,მაგთის'' - 15 560 421 ლარი, ,,ჯეოსელის'' – 13 667 027 ლარი, ხოლო ,,ბილაინის'' - 7 067 433 ლარი იყო. ,,ჯეოსელს'' მობილური კომუნიკაციების ბაზრის დაახლოებით, 44%, ,,მაგთის'' - 40%, ხოლო ,,ბილაინს'' - 16% უჭირავს.
ვინ არიან კომპანიების მფლობელები?
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' კვლევის მიხედვით, ყველა მსხვილ ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ფიქტიური კომპანიები ფლობენ, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებულნი. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთულია ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის დადგენა.
,,მაგთის'' მესაკუთრეთა სტრუქტურა საკმაოდ რთული და ბუნდოვანია. კომპანიას დელავერში რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიები ფლობენ. თუმცა ,,მაგთის'' ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ გიორგი ჯოხთაბერიძე კვლავ ამ კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელია, ხოლო აქციების ნაწილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი კომპანიების საკუთრებაშია. ,,ჯეოსელის'' მფლობელი ,,თელიასონერა'' და ,,ბილაინის'' აქციების 51%-იანი წილის მფლობელი რუსული ,,ვიმპელკომი'', მსხვილ ბირჟებზე კვოტირებული კომპანიებია და მათი მფლობელობის სტრუქტურა გარკვეულია.
,,მობიტელს'', რომელიც ქართულ ბაზარზე ,,ბილაინის'' სახელით ოპერირებს, სამი ფიქტიური კომპანია ფლობს, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. 49%-ის მფლობელები კი, რომლებიც DELGADO Resources- ის, ასევე IVESTICO ALLIANCE- ის უკან დგანან და ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები, ჩრდილში რჩებიან. ,,გამჭვირვალობის'' კვლევის თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ ,,ბილაინის'' თანამფლობელის DELGADO Resources- ისა და ,,კავკასუს ონლაინის'' საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანია INTERNATIONAL ONLINE NETWORKS- ის უკან, ერთი და იგივე ადამიანები დგანან, რომლებმაც ნდობით აღჭურვილ წარმომადგენლად ლევან ყარამანიშვილი დანიშნეს. ერთი მხრივ, ყარამანიშვილი უფლებამოსილია, ,,კავკასუსში'' ხელი მოაწეროს, შეადგინოს და დაასრულოს ნებისმიერი დოკუმენტი კომპანიის სახელით, მეორე მხრივ კი ,,მობიტელ- ბილაინში'', ამ კომპანიის ოფიციალური დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ყარამანიშვილი ,,რუსთავი 2''-ის უმსხვილესი აქციონერიც იყო. იგი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული იმ კომპანიის წარმომადგენელიცაა, რომელიც რესტორნების ქსელ GMC ჯგუფის მფლობელია. ამ კომპანიის საკუთრებაშია ,,თბილისი ცენტრალიც'', რომლის დირექტორი ყარამანიშვილია.
,,მაგთისა'' და ,,ჯეოსელის'' 4G დაპირისპირება
ერთ-ერთი ვერსიით, ,,თელიასონერას'' საქართველოს ბაზროდამ წასვლა, მეოთხე თაობის სწრაფ ინტერნეტ- მომსახურებას უკავშირდება. თუ სარეკლამო კლიპებს დავუჯერებთ, 4G ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც ,,მაგთიმ'' დანერგა, მთელი წელი, თითქმის უფასოდ ემსახურება საკუთარ აბონენტებს. ახალი ტექნოლოგიები უნდა დაენერგა ,,ბილაინს'' და ,,ჯეოსელსაც''. ახლა ირკვევა, რომ ,,ჯეოსელმა'' ,,მაგთისთან'' კონკურენციას ვერ გაუძლო და კომპანიის მფლობელმა შვედურმა კომპანიამ საქართველოს ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. რაც შეეხება ზოგადად, ევრაზიის ბაზრიდან გასვლას, ,,თელიასონერას'' ოფიციალური განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სწორედ მეოთხე თაობის ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული სიძვირე გახდა მიზეზი, რის გამოც შვედური კომპანია აქცენტს მხოლოდ ევროპისა და შვედეთის ბაზრებზე აიღებს.
2014 წლის 29 დეკემბერს გამართულ აუქციონზე, „ბილაინმა“ 4G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია, დაახლოებით, 51 მილიონ ლარად შეიძინა. რაც შეეხება „მაგთისა“ და „ჯეოსელს“, მათ მფლობელობაში არსებულ რადიოსიხშირული სპექტრის მოცულობას შესაძლებლობა ჰქონდა, ამ კომპანიებს მეოთხე თაობის სწრაფი ინტერნეტით მომსახურება განეხორციელებინათ. მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით კი, 2015 წლის იანვრიდან, სამივე მობილური ოპერატორი ერთიან სასტარტო პირობებში ჩადგნენ, რომლებსაც თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხმარებლებისთვის მეოთხე თაობის ინტერნეტი შეეთავაზებინათ.
ბაზრის ლიდერი კომპანიების დაპირისპირების ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ ,,ჯეოსელის'' შეძენის სურვილი სწორედ ,,მაგთიმ'' გამოთქვას. მით უმეტეს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ,,მაგთი'' საგრძნობლად გაძლიერდა. ამ ვერსიას ინტერნეტ- პროვაიდერი კომპანიების ბაზარზე შექმნილი ვითარებაც ამყარებს. აგვისტოს დასაწყისში, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ,,სილქნეტმა'' და ,,კავკასუს ონლაინმა'', ორი კომპანიის შერწყმის წინადადებით მიმართა, კომისიამ კი ამ საკითხის განხილვა დაიწყო. ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,კავკასუს ონლაინის'' წილები ,,სილქნეტმა'' და ,,მაგთიმ'' გადაინაწილონ. თუ ეს ვერსია რეალურია, გამოდის, ,,მაგთი'' საგრძნობლად ძლიერდება. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ,,ჯეოსელი'' მისმა ყოფილმა მფლობელმა, თურქულმა კომპანია ,,თურქსელმა'' დაიბრუნოს.
,,ჯეოსელს'' ჩინური ,,ჰუავეი'' იყიდის?!
,,ვერსიის'' ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ,,ჯეოსელი'' ჩინურმა ტრანსნაციონალურმა კომპანია ,,ჰუავეიმ'' იყიდოს, რომელიც 15 წელია, საქართველოს ბაზარზეა. ამ ვერსიას ბოლო დროს, ჩინური კომპანიის გააქტიურება და საქართველოს მთავრობის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტიც ამყარებს. საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ,,ჰუავეის'' უფროსი ვიცე- პრეზიდენტის, ცუ ვენჩუს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური მულტინაციონალური კომპანია ,,ჰუავეი'', საქართველოში ბიზნესის განვითარებით დაინტერესდა. საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ,,ჰუავეი'', ,,უსაფრთხო ქვეყნის'' კონცეფციით დაინტერესდა, რაც საქართველოში, უსაფრთხოების სისტემის მონტაჟსა და ინტერნეტიზაციას გულისხმობს. ,,ჰუავეი'' საქართველოს მთავრობას დაეხმარება და პრემიერის ინიცირებულ, ,,ელექტრონული მთავრობის'' პროექტსაც განახორციელებს.
,,ჰუავეი'' მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ჩინეთში, შენჟენში მდებარეობს. კომპანია ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე - უკაბელო კომუნიკაციებზე. მსოფლიო ბაზარზე 1988 წლიდან მოღვაწეობს. ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გახსნილი და 140 000-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა 46%-იც კვლევებისა და განვითარების კუთხით მუშაობს. მსოფლიოს 50 უდიდესი მობილური ოპერატორებიდან, 45 კომპანია ჩინური გიგანტის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს.
საქართველოში, კომპანია თანამშრომლობს ,,სილქნეტთან'' და ქართულ მობილურ ოპერატორებთანაც. 2002 წელს, ,,ჰუავეიმ'' „სილქნეტში'' (ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი''), ავტომატური სატელეფონო სადგურები დანერგა, 2007 წელს კი - ახალი თაობის მულტიმედიური ქსელი, NGN ტექნოლოგიის მონაცემთა გადაცემის მინიმალურ სტანდარტზე დაფუძნებული, FTTH ტექნოლოგია. ,,ჰუავეიმ'' „ჯეოსელში'' HSPA მოდემები დანერგა, რომელიც მე-3 თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია, „მაგთისთან'' თანამშრომლობის შედეგია ,,მაგთიფიქსის'' ქსელი - CDMA ტექნოლოგიის მიმართულებით. 2012 წლის ნოემბრიდან, „ჰუავეის“ პროდუქცია საქართველოს საცალო ბაზარზეც შემოვიდა, რომლის ექსკლუზიური პარტნიორი კომპანია „ალტაა''.
ექსპერტის შეფასებით
რამდენად რეალურია, ,,ჯეოსელი'' ,,ჰუავეიმ'', ,,მაგთიმ'' ან თურქულმა ,,თურქსელმა'' შეიძინოს? რას ნიშნავს თურქულ- ამერიკულ- ჩინური ინტერესები საქართველოს ბაზარზე, რომელიც შვედურ- ქართული კომპანიის შეძენაში უნდა გამოიხატოს? დაირღვევა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, თუ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ორი მსხვილი კომპანია - ,,მაგთი'' და ,,ჯეოსელი'' გაერთიანდება? საზოგადოება 20/30-ის ექსპერტმა, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის'' (აფბა) პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ვინაიდან ,,თელიასონერა'' ,,ჯეოსელში'' კუთვნილ აქტივებს ყიდის, ამ ფაქტით ,,ჯეოსელის'' მთავარი კონკურენტი ,,მაგთი'' უნდა დაინტერესდეს, რათა მეტად გაიმყაროს საკუთარი პოზიცია ბაზარზე. შესაბამისად, ნოდარ ჭიჭინაძეს ,,მაგთის'' ამგვარი ინტერესი (თუკი ასეთი იარსებებს) სრულიად რეალურად ესახება.
,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'' საქართველოს კანონის მიხედვით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონოპოლიები - 40%-ითა და 20%-ით განისაზღვრება. მარტივად რომ ავხსნათ, თუ ,,მაგთი'' (ბაზრის 40%) და ,,ჯეოსელი'' (44%) გაერთიანდება, გამოვა, რომ გაერთიანებული კომპანია ამ ბაზრის 84%-ს გააკონტროლებს. ,,ვერსიის'' კითხვაზე, დაირღვევა თუ არა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ნოდარ ჭიჭინაძე პასუხობს: ,,დარღვევაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ ბაზრის დომინანტი, მსხვილი კომპანია ამ მდგომარეობას ბოროტად გამოიყენებს. თუ ეს კომპანია ფორმალურ ბარიერებს დააწესებს და ისეთი საფასო პოლიტიკა ექნება, რომელიც კონკურენციას შეზღუდავს, ეს იქნება დარღვევა. კომპანიის ზომას ბაზარზე კანონი არ ზღუდავს, რადგან შესაძლოა, ბაზრის 100% გეჭიროს, მაგრამ კეთილსინდისიერად ოპერირებდე. რაც შეეხება ჩინურ ,,ჰუავეის'', ბოლო პერიოდში, ეს კომპანია საქართველოს ბაზარზე საკმაოდ გააქტიურდა. რაც მთავარია, ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია მსოფლიო ბაზრის ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების დანერგვაში და კონკურენტებისგან განსხვავებით, შესაძლოა, ,,ჰუავეიმ'' საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვოს. ამ მხრივ, ლოგიკურია, რომ ,,ჯეოსელით'' სწორედ ,,ჰუავეი'' დაინტერესდეს, რადგან კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩინური ტრანსნაციონალური კომპანია გაცილებით იაფად შეძლებს მაღალი ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას''.
ნოდარ ჭიჭინაძემ ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ,,ჯეოსელი'' მობილური კომუნიკაციების ბაზრის ერთ-ერთი, მსხვილი კომპანიაა, რომელსაც უდიდესი სააბონენტო ბაზა და საკმაოდ გამართული ტექნოლოგიური სისტემა აქვს. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ამ კომპანიის დაბრუნება მის ყოფილ მფლობელს, თურქულ ,,თურქსელსაც'' სურდეს, ჩინურ ,,ჰუავეისაც'', ,,მაგთისაც'' და ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ ბაზრის განვითარებითაა დაინტერესებული. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ,,ჯეოსელის'' შეძენით, ნებისმიერი ინვესტორი საკმაოდ პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს.