ანა ბუკია პირველი ქართველია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ინგლისის ყოფილი კოლონიის სახელით დღევანდელი ქორწილის ოფიციალურად მილოცვის პატივი ერგო. ქართველმა გოგონამ პროვინცია ონტარიოს სახელით მისალოცი ელექტრონული ბარათი მინაწერით - good luck, ბრიტანეთის დედოფლის კუთვნილი კანადური სასახლიდან ბუკინგემის სასახლეში გაგზავნა. 6 წლის ანამ sеnd-საც თავადვე დააჭირა. ამის უფლება მას მხოლოდ იმის გამო მიეცა, რომ დედოფლად აირჩიეს.
ორშაბათს, 26 აპრილს ონტარიოში განთავსებულ ბრიტანეთის სამეფო სასახლეში ქორწილთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. ყოფილ კოლონიაში ბრიტანეთის დედოფლის ოფიციალურმა წარმომდგენელმა, ვიცე-გუბერნატორმა დევიდ ონლიმ ადგილობრივი სკოლის ერთ-ერთ პირველკლასელებს საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენელბის თანდასწრებით უმასპინძლა. ტრადიციისამებრ, ამ პატარებიდან შეარჩიეს სიმბოლური პრინცი და პრინცესა, რომელთაც ინგლისში მოსალოცი წერილის გაგზავნის პატივი დასდეს.
სწორედ ამ პირველკლასელთა შორის გამოარჩიეს მდიდრულ თეთრ კაბაში გამოწყობილი, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ანა ბუკია. მისი ოჯახი კანადის პროვინცია ონტარიოში თითქმის წელიწადია ბინადრობს. ანა 5 წლამდე თბილისში იზრდებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ სამეფო ქორწილს იგი ვესტმინსტერის სააბატოში შედგება. პრინცი უილიამი და კეტრინ მიდლტონი ოფიციალურად დღეს შეუღლდებიან. პრინცი მიდლტონს დედოფლის მიერ ნაჩუქარ, უელსური ოქროთი დამზადებულ ბეჭედს მოარგებს. საქორწილო ცერემონიალის ონლაინ რეჟიმში ხილვა ინტერნეტში, ”იუტუბზე” იქნება შესაძლებელი.
P.S. 1981 წელს, როდესაც ბრიტანეთის პრინცი ლედი დაიანაზე ქორწინდებოდა, ონტარიოს სამეფო სასახლეში ისეთივე მიღება გაიმართა, როგორც ახლა და პირველკლასელები მიიწვიეს. სხვათაშორის, ქართველ ანას კლასს ის პედაგოგი ყავს, რომელმაც სასახლეში წლების წინ მიიყვანა მოსწვალეთა ჯგუფი. 20 წლის წინანდელ ცერემონიალზე სიმბოლურ დედოფლად პატარა გოგონა, ჯასტინ გრინლანდ-დაკი აირჩიეს. სწორედ ამის გამო, დღეს უკვე ზრდასრული ჯასტინი დიდ ბრიტანეთში სამეფო ქორწილზე მიიპატიჟეს. ანუ წლების შემდეგ, სამეფო ოჯახის მომავალ ქორწილზე ოფიციალურად მიწვეულთა შორის ქართველი ანა ბუკიაც იქნება.