ვინ გაერთიანდება ახალ პარტიაში ყოფილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ
ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის რიგებს კიდევ ერთი დეპუტატი გამოეყო. ახალქალაქის მაჟორიტარი სამველ პეტროსიანი დეპუტატობამდე, 2005-2012 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ნაციონალების თანამოაზრეთა რიგებში 2012 წელზე გაცილებით ადრე ირიცხებოდა. პეტროსიანს მიზეზები თავად არ განუმარტავს, სამაგიეროდ, ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა აგვიხსნა, მაჟორიტარია მაინც და სამოქმედოდ მეტი სივრცე სჭირდებაო. სხვათა შორის, პეტროსიანი უმცირესობაში დარჩა და ,,ოცნებასთან'' არ გადასულა, თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ უფრაქციო დეპუტატები მაინც ,,ოცნებისკენ'' იხრებიან.
ეს პერიოდი ორ საინტერესო განცხადებას დაემთხვა. ერთერთი მათგანი ,,ოცნების'' ერთ-ერთ ლიდერს, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის, რომელიც მოწინავე დეპუტატია პოპულარული განცხადებების რაოდენობით: ,,განაწყენებული ხალხი რადიკალურ ფრთას დაუდგება გვერდზე, ყოფილი ხელისუფლება კი ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებს, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისგან“ ვერ მიიღო. „ქართულ ოცნებას“ ნაციონალების მიმართ უფრო რადიკალური დამოკიდებულება გაუხდება, მაგრამ ჩვენს შიგნით ახალი ძალა ალბათ არ შეიქმნება. გამოჩნდება სულ სხვა ძალა, რომელიც რადიკალური იქნება და ნაციონალებს მწარედ დაარტყამს. შესაძლოა ეს ისეთი მწარე დარტყმა იყოს, რომ მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყონ''. ასე დაემუქრა ერთი, სახელისუფლო პარტიის წევრი მეორე პარტიას მესამე პარტიით. ცოტა ხანში კი ნაციონალებიდან მანამდე წამოსული 4 კაციდან ერთ-ერთი, გოგა ხაჩიძე, პოპულარული განცხადებების კიდევ ერთი ჩემპიონი, გამოვიდა და თქვა, ჩვენი პარტია, ახალი პოლიტიკური ცენტრი, მალე ძალებს მოიკრებსო. ,,ახალი პარტია და მისი ყრილობა ძალიან მალე, დიდი ალბათობით, ოქტომბერში გაიმართება. ახალ ფრაქციას კი მალე იხილავთ, შესაძლოა, ერთ და ორ თვეში არა, მაგრამ უახლოეს პერიოდში. აქტიურად ვგეგმავთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასაც''.
ეს ორი განცხადება და პეტროსიანის წასვლა ისე უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს, ლოგიკური ეჭვი გაგვიჩნდა - პეტროსიანი ,,უფრო მეტი სამოქმედო სივრცის ძიებაში'', შემთხვევით, ,,ახალ პოლიტიკურ ცენტრს'' ხომ არ მიადგა? რატომ არაა შესაძლებელი, ყოფილი ნაციონალი ასევე ყოფილ ნაციონალებთან, პალიკო კუბლაშვილთან, ზურაბ ჯაფარიძესთან, გიორგი მელაძესა და გოგა ხაჩიძესთან მისულიყო? მით უმეტეს, ,,ვერსიასთან'' არაერთ ინტერვიუში ამ ახალი ცენტრის ლიდერ ჯაფარიძესაც და სხვებსაც არაერთხელ აქვთ დადასტურებული, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ,,სამიზნე'' გადასაბირებლად, სწორედ ყოფილი პარტიის დეპუტატებია. მართალია, ექსნაციონალებს, ჯერჯერობით, 6 კაცი არ ჰყავთ, რომ ფრაქცია შექმნან, მაგრამ უპარტიო და უფრაქციო დეპუტატები ,,ოცნების'' მხარესაც ბლომად არიან და ყოფილი ხელისუფლებისაც. შესაბამისად, ვრცელდება ხმები, რომ ისინი მოლაპარაკებებს ყველასთან აწარმოებენ. ის კი არა, ,,ძველი ნაციონალებისგან'' განსხვავებით, ,,ახალი ნაციონალები'' გუნდის მთავარ პრინციპს ღალატობენ და ,,ოცნებასთან'' ერთად სამუშაოდ თბილისშიც დადიან. არათუ დადიან, თავიანთ ინიციატივებსაც განიხილავენ, მსჯელობენ, ხარობენ და შესანიშნავად ურთიერთობენ. ალბათ, კომიტეტების სხდომების თბილისში ჩატარება ახლა აღარ მიაჩნიათ ანტიკონსტიტუციურად. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს - ფაქტია, ეს 4 ლიდერი, ჯაფარიძით სათავეში, ,,ოცნებასთან'' მისასვლელ გზებს იკვალავს, ანდაც ,,ოცნებიდან'' გამოსასვლელ გზებს უკვალავს რომელიმე გადაბირებულს. სხვადასხვა მედიასაშუალებებში ინფორმაცია გავრცელდა, მათ მომავალ ფრაქციაში გასაწევრიანებლად, გიორგი მელაძე ანზორ ბოლქვაძეს ელაპარაკება, მაგრამ ბოლქვაძე მმართველ გუნდს ცოცხალი თავით არ დატოვებს. ამის შესახებ მან სრულიად დამოუკიდებლად განაცხადა და ისიც დასძინა, შემდეგ არჩევნებზე, პოლიტიკიდან საერთოდ მივდივარო. არახალია ინფორმაცია, რომ ჯაფარიძე- კუბლაშვილი დავით ბეჟუაშვილის გადაბირებასაც ცდილობდნენ. თუმცა, დავით ბეჟუაშვილი, ზოგადად, პოლიტკომუნიკაბელური ადამიანის სახელითაა ცნობილი და შეხვედრებზე უარს ჯონდი ბაღათურიასაც არ ეუბნება. სხვაა შედეგი, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს, ,,ვერსიას'' კი ცოტა მეტი ინფორმაცია აქვს: რამდენიმე კვირაა, საპარლამენტო კულუარებში იმაზეც მიდის საუბარი, რომ ნაციონალებს პალიკო კუბლაშვილის ახლო მეგობარი, აკაკი მინაშვილიც ტოვებს. ამის შესახებ არაფერი მსმენიაო, კუბლაშვილმა გამოგვიცხადა, მინაშვილი კი კონტაქტზე არ გამოდის. ისიც გავიგეთ, რომ შესაძლოა, ნაციონალების და არა უმცირესობის რიგები ყოფილმა ძალოვანებმაც დატოვონ, მაგალითად კიდევ ერთმა მაჟორიტარმა ტარიელ ლონდარიძემ. ეს ნაციონალებში მიმდინარე რყევების მოკლე მიმოხილვაა პარლამენტსშიგნით. თუმცა მარტო ნაციონალების გემი ხომ არ იძირება?!
,,ოცნებაშიც'' დიდი ცვლილებებია დაგეგმილი, ხალხი პანიკაშია, რადგან უმეტესობა ,,ლაფატკაზე'' ზისო, ამბობენ ბოროტი ენები. ადვილი გამოსაყოფია გარკვეული ჯგუფი ,,ოცნებიდან'', რომელიც განსაკუთრებით რადიკალურია თავისი ქცევებითა და განცხადებებით და ეკრანებზე მათი გამოჩენა მუდმივად იუმორისტულ სკეტჩს ჰგავს. ასეთების ყოლისგან პარტია დაზღვეული არასდროსაა, მაგრამ ამდენი ,,იუმორისტი'' ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში გახალისების ნაცვლად, უკვე ხალხის აგრესიას იწვევს. როგორც ამბობენ, საპარლამენტო სიები ახლა აქტიურად კომპლექტდება, ,,ოცნების სია 2016'' კი სრულიად გადახალისებული იქნება. მასში ძველ სახეებს მცირე რაოდენობით ვიხილავთ. ,,გაცხრილულთა'' დიდი ნაწილი კი, დიდი ალბათობით, კვლავ მოისურვებს პოლიტიკაში დარჩენას. ჰოდა,
გოგა ხაჩიძისა და თამაზ მეჭიაურის ორ თანადროულ განცხადებას ერთმანეთს თუ მივუმატებთ, ასეთ მოცემულობას მივიღებთ: ახალი ძალა, რომელიც ნაციონალებს დაამარცხებს, ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი'' იქნება და ექსნაციონალებითა და ექსმეოცნებეებით დაკომპლექტდება. რატომ არ ჯდება ლოგიკაში, რომ რაღაც საპარლამენტო ჯგუფი შეიკრას, ,,ოცნების'' სიის გარეთ დარჩენილებისა და ნაციონალებიდან გამოყოფილი დეპუტატების მეშვეობით? რითაა ცუდი ,,გამოყოფილდარჩენილთა'' გაერთიანება, თუკი ისინი 2016 წლის არჩევნებამდე ფრაქციასაც გააკეთებენ, არჩევნებშიც ჩაერთვებიან, კამპანიაში საპარლამენტო ტრიბუნასაც გამოიყენებენ და სხვა ,,დეპუტატურ'' სიკეთეებსაც?
თან, არ მგონია, ამ ,,ახალი ცენტრის'' წევრ ,,პოლიტიკის მამებს'' დაფინანსების წყაროების მოზიდვა გაუჭირდეთ, უკვე მოზიდული თუ არ ჰყავთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თავისუფალი სივრცეა ასათვისებელი, უპარტიო მაჟორიტარების ფრაქცია, გოგი ლიპარტელიანით სათავეში. ამ ფრაქციიდამ ერთი კაცი მაინც რომ შეიმატონ, ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის'' ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ამ ფრაქციის რიგები კი ძირითადად, ბიზნესმენი მაჟორიტარებითაა დაკომპლექტებული. მისი წევრია, მაგალითად, კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული ქსელის ,,პსპ''-ს თანადამფუძნებელი. პარლამენტში გამოგდებული დეპუტატებიც გვყავს, აბუნტებულებიც, მაგალითად, მურმან დუმბაძე და კობა დავითაშვილიც. ერთი სიტყვით, სამოქმედო არეალი დიდია. ჩვენ კი, მსჯელობაში შორს რომ არ წავსულიყავით, თამაზ მეჭიაურს მისი პოპულარული განცხადების დაზუსტება ვთხოვეთ - ვინაა ის ახალი პარტია, რომელიც ნაციონალებს დაამარცხებს? ,,მე ვამბობდი, რომ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც ნაციონალებს დაამარცხებს. როგორ შეიძლება, ეს ძალა ,,ოცნებიდან'' გამოიყოს და რადიკალური გახდეს? სულ სხვა რამ ვთქვი: ის ხალხი, ვინც ჩვენებზეა განაწყენებული, რადგან სოციალური პრობლემები ვერ გადავწყვიტეთ და სამართლიანობის აღდგენა დავაგვიანეთ, ჩვენგან წავა და დაამარცხებს ნაციონალებს. ამომრჩეველზე მქონდა საუბარი, რომელიც ,,ოცნებაზეა'' განაწყენებული და მას ზურგს შეაქცევს, კოჰაბიტაციისა და არაეფექტური ნაბიჯების გამო. ვგულისხმობდი, რომ ხალხი წავა არა ,,ნაცებსა'' და ,,ოცნებასთან'', არამედ უფრო რადიკალურ ძალასთან, რომლის მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება... არ ვიცი, ასეთი ძალა პარლამენტსშიგნითაა თუ სად. მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ - თავს ლიდერად არ მივიჩნევ, ივანიშვილის გუნდის წევრი ვარ და ამ გუნდის პროგრამის ფარგლებში ვიმოქმედებ. რაც შეეხება სიას, ბატონმა ბიძინამ უნდა გადაწყვიტოს, 2016 წელს ვინ იქნება მის გუნდში''. არადა, ამ განცხადების მერე, ,,ოცნებას'' ჩრდილოვან მმართველობაზე სიტყვას რომ გადაუკრავ, აქეთ ეწყინება. კიდევ ერთმა ,,ოცნებიდან'' წამოსულ- გამოგდებულმა დეპუტატმა, მურმან დუბაძემ კი ივარაუდა, რომ ,,ალბათ, ,,ახალმა ცენტრმა'' ჩათვალა, იმ ადამიანებთან შეიძლება მოლაპარაკება, ვინც ,,ოცნების'' უმრავლესობაში აღარ არის. თუმცა მე არც მათ ,,ახალ ცენტრში'' მივდივარ და ჩემსა და მათ შორის ამ თემაზე საუბარი არც ყოფილა. ერთი რამ შემიძლია გადაჭრით ვთქვა- ,,ქართული ოცნება'' არათუ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს მომავალ არჩევნებში, არამედ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებასაც კი ვერ გადაუსწრებს დიდად. თუმცა არ ვიცი, ვინ იქნება ამ გაერთიანებაში''. კიდევ ერთმა დეპუტატმა, მეჭიაურის კოლეგამ და თანაპარტიელმა ომარ ნიშნიანიძემ კი ახალი პარტიის გამოჩენის შესახებ განცხადება თავად განახლებული ,,ოცნების'' გამოჩენას დაუკავშირა: ,,ვფიქრობ, ეს ახალი ძალა შეიძლება იყოს ,,ქართული ოცნების'' სრულიად განახლებული, გადახალისებული შემადგენლობა და პარტია. ძალა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დაამარცხებს, იქნება ,,ქართული ოცნება'', გადახალისებული სიით და მათ დაემატება რამდენიმე გამოკვეთილი არასაპარლამენტო ჯგუფი, რომელიც ოპოზიციაშია და ღირსია, პარლამენტში რაღაც კვოტით იყოს წარმოდგენილი. დამენანება, თუ ,,ქართული ოცნებიდან'' ვინმე ამ წამოსული ნაციონალებისკენ გადაიხრება. ისე, აქამდე ამაზე არ მიფიქრია, ახლა კი შეიძლება დავფიქრდე - ვინც სიაში ვერ შევა, ახალ ცენტრში წასვლას გადაწყვეტს? დავფიქრდები, დავაკვირდები, ვის შეიძლება ასეთი განზრახვა ჰქონდეს''. ალბათ, ასეთი განზრახვების შესახებ სულ ცოტა ხანში გამოჩნდება, რადგან ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის'', ანდაც, დარჩენილ- გამოყოფილების გაერთიანების წარდგენა უახლოეს თვეებში უკვე დაანონსებულია.