ექსკლუზიური ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

ნინო გვენეტაძე უგულავას, ჟვანიას, ,,მამულიჩას'' გახმაურებულ საქმეებს, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმებს აფასებს  

ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა. ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლე სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს, რომელთა მსხვერპლი წლების წინ თავადაც გახდა, ზედმიწევნით იცნობდა და მათი აღმოფხვრის გზებზეც ბევრს საუბრობდა. სწორედ ამიტომაა საინტერესო, რა გაკეთდა ამ ნახევარი წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლების დასახვეწად და გასამართად, რა ეტაპზეა დაპირებული რეფორმები და კონკრეტულად რა იცვლება უზენაეს სასამართლოში. ეს ხანგრძლივი პროცესია, მანამდე კი მსოფლიოს ყურადღებას ხშირად ვიპყრობთ, ხან პოლიტმოტივირებული პროცესების, ხანაც დაუხვეწავი საპროცესო სამართლის წყალობით. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ყოფილი მერის, გიგი უგულავას სკანდალური პროცესი იყო, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მთავარ თემად იქცა. მანამდე მთელი ქვეყანა ,,მამულიჩას'' საქმეზე, ცოტა ხნით ადრე კი ზურაბ ჟვანიას გახმაურებულ პროცესებზე საუბრობდა. ფაქტია, სამართლიანობის აღდგენის გზაზე, სასამართლო, სხვა სახელისუფლო შტოებზე მეტად თუ არა, ნაკლებად პოპულარული არ არის. ყველა ამ გახმაურებულ საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების ახლადდანერგილ ინსტიტუტზე საქართველოში, მედიაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა საინტერესო თემებზე ,,ვერსიას'' უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესაუბრება   
- ინტერვიუ გიგი უგულავას გამოშვება- დაჭერით დავიწყოთ. იურისტების აზრი ამ დაძაბული პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად გაყოფილი იყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ პროკურატურა და სასამართლო დარღვევებით მოქმედებდა, წინასწარი პატიმრობის დრო ხელოვნურად გაჭიანურდა და .. საკონსტიტუციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის ერთ-ერთი ნორმაც გააუქმა. როგორ აფასებთ პროცესს? 
- სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალური განაცხადი არ არის. თუკი თითოეული მოსამართლე დამოუკიდებელი იქნება, ასეთად ჩამოყალიბდება მთელი ინსტიტუციაც. რაოდენ რეზონანსული და მგრძნობიარეც უნდა იყოს კონკრეტული საქმე და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდეს, მოსამართლეს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეეძლოს, რათა სამართლიანი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღოს. მოსამართლე ისეთი კანონმდებლობით უნდა აღვჭურვოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულების აღსრულება შეძლოს. ამავდროულად, უნდა ჰქონდეს სრული გარანტია, როგორც საქმის განხილვისას, ისე შემდეგ. 
- რამდენად აკმაყოფილებდა სასამართლოს ქცევა უგულავას საქმეზე მაღალ ეთიკურ სტანდარტებს და რაკი, კონკრეტულად, უგულავას ციხიდან გამოსვლაზე კი არა, მთელი ნორმის გაუქმებაზეა საუბარი, რა ახალ რეალობას ვიღებთ ამით? 
- ამ მხრივ, კომპლექსური საქმიანობა უკვე დაწყებულია. სწორედ ამის შედეგია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული ნორმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანა. საერთო სასამართლოების სისტემა კი ვალდებული იყო, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი კონსტიტუციის სტანდარტი ისედაც ცნობილი იყო, თუმცა აქ საპროცესო კანონმდებლობასა და კონსტიტუციას შორის იყო შეუსაბამობა და ეს ხარვეზი გასწორდა. დღეს სასამართლოს მთავარი საზრუნავია, ყველა იმ ბრალდებულის საქმე, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება, სწრაფად გადაიხედოს და ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. როცა ჩვენი დონორები, უცხოელი პარტნიორები და ექსპერტები ამ რეზონანსულ საქმეებზე გვეკითხებიან, ვამბობ, გარკვეული პრობლემები მრავალი ფაქტორით, მათ შორის, საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა ხარვეზიანობით ან არასწორი სასამართლო პრაქტიკითაა გამოწვეული. ასეთი სამართლებრივი რეალობა პირველად დადგა და ბუნებრივია, საპროცესო და ტექნიკურმა უზრუნველყოფამ გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება ყველაზე ხშირად დროის ფაქტორის გამო სვამდა კითხვას და საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვდა. დიახ, ამან აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია, მაგრამ სასამართლოს მსჯელობის ფუფუნება არ ჰქონდა, გადაწყვეტილება დროზე უნდა მიეღო, რათა ადამიანის უფლებები არ დაეზარალებინა. თანაც, საპროცესო კანონმდებლობის გადასინჯვა, მისი შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციასთან ჩვეულებრივი პროცესია და მუდმივად გრძელდება. რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ჩვენც შევიტანეთ ცვლილება საპროცესო კანონმდებლობაში, აღკვეთის ღონისძიების 2 თვეში ერთხელ გადასინჯვის თაობაზე. მისი მალე ამოქმედებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. 
- როცა სასამართლო რეალური დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს, ყველაზე დიდი რეფორმა ჯერ პროკურატურაში ხომ არაა გასატარებელი, სწორედ აქ ხომ არაა პრობლემების სათავე და კიდევ ერთი - საზოგადოებას იუსტიციის მინისტრის პოზიცია აინტერესებდა, სად იყო ამ დროს თეა წულუკიანი? 
- პროკურატურის, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს რეფორმის საკითხი, ფაქტობრივად, ბოლომდეა მიყვანილი, მას პარლამენტი იხილავს და, ვფიქრობ, მალე კანონის სახესაც მიიღებს. მართალია, მართლმსაჯულების რეფორმა არ იქნება პროკურატურის რეფორმის გარეშე. თავი და თავი მაინც ხარვეზიანი საპროცესო კანონმდებლობაა, რომელსაც პროკურატურა და სასამართლო იყენებს. საპროცესო კოდექსი უნდა გადაისინჯოს! სახელმწიფომ სწორად გათვალა, რომ რეფორმის ხაზი დევნისა და გამოძიების ორგანოში დაიწყო, მაგრამ ხელშესახები შედეგები ჯერ იმიტომ არ გვაქვს, რეფორმა კანონად არ ქცეულა. როგორც ვიცი, სექტემბერი გადამწყვეტი იქნება და პროკურატურაში, საკანონმდებლო რეფორმების ფონზე, რეალური ცვლილებებიც დაიწყება. ეს რეფორმა პროკურატურას გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის პროცესს სწორედ დააგეგმინებს და ვადებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოიხსნება. ბრალდებულის მიმართ სწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა უნდა გატარდეს, განსაკუთრებით, მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ნაწილში. ამ პროცესის სწორად ორგანიზება პროკურატურის ფუნქციაა, რადგან განაჩენის გამოტანამდე უფლება აქვს, ბრალდებაზე უარი თქვას. არსებული საკანონმდებლო ხარვეზები პროკურატურასაც აბრკოლებს. მნიშვნელოვანია დაცვის მხარის კვალიფიციურობა და ისიც, ხედავს თუ არა იგი კანონის ამა თუ იმ ნორმის ხარვეზს. ასეთი კომპლექსური მუშაობა და პარლამენტის თანადგომა იქნება შანსი, სასამართლომ გამართულად იმუშაოს. კონკრეტული საქმეები კი ხარვეზებს გამოავლენს, როგორც ახლა მოხდა: დაცვის მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში საპროცესო კოდექსის იმ ხარვეზიან ნორმაზე მიუთითა, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონს ეწინააღმდეგებოდა. რაც შეეხება ქალბატონ თეა წულუკიანს, იგი ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. 
- შესაძლოა, შესწავლის საგანი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მძიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების შემდეგ, მერაბ ტურავას გარდა, სხვა მოსამართლეები იდევნებიან, სახლთან ხვდებიან, ემუქრებიან, გასაჯაროვდა მოსამართლეთა მისამართები. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ აფასებთ ამ ფაქტს? 
- ძალიან ფრთხილად გიპასუხებთ: ყველა მოსამართლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი, ღირსება და პირადი ინფორმაცია მაღალი საკონსტიტუციო გარანტიებითაა დაცული. თუმცა მოსამართლეც საჯარო მოხელეა და მას ხალხის ინფორმირების ვალდებულება აქვს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი, დაცულნი, მაგრამ საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ, დასვან კითხვები და აკონტროლონ პროცესი. ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, რა გააკეთა სასამართლომ და მიიღოს განმარტებები მარტივ და გასაგებ ენაზე; უფლება აქვს, აკრიტიკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ოღონდ ბარიერების დაცვით, შეურაცხყოფის გარეშე. ვგმობ ყველა რეაქციას, რაც კრიტიკის საზღვრებს სცილდება, მაგრამ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რა გავაკეთეთ, რატომ, რაზე დაყრდნობით და რა მოგვცა კანონის ცვლილებამ. მედიამ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა, როცა საზოგადოებას განუმარტა, რა და როგორ მოხდა და ხალხმა ყველა საკითხზე ნეიტრალური ინფორმაცია მიიღო. ესეც პროცესია და ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა დაიხვეწოს, გამოხატვის ფორმები ჩარჩოებში მოაქციოს, ეთიკის საზღვრებს არ გასცდეს. რაც უნდა არაპოპოულარული გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს! სხვა თემაა, სად დაუშვა შეცდომა პროკურატურამ, სად იყო სასამართლო არაეფექტური, სად ვერ უზრუნველყო საპროცესო გარანტიების დაცვა. ეს უკვე საზოგადოების შეფასების საგანი ვერ გახდება, ვიდრე ამაზე კვალიფიციური შეფასება თავად სასამართლო ხელისუფლების შიგნით არ გაკეთდება. მოსამართლეებს ყოველთვის ვახსენებ, რომ დაცვის მაღალი გარანტიები ჩვენი უპირატესობა არაა, მათ საპირწონედ, ხალხის წინაშე არანაკლებ მაღალი ანგარიშვალდებულება გვაქვს, ავუხსნათ და განვუმარტოთ ჩვენი ნაბიჯები. ამ დაძაბულ პერიოდში საზოგადოებაც ღელავს და ბობოქრობს და მას ყველა კითხვაზე პასუხი სჭირდება. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ვერ მოხდება. 
- ერთ-ერთ ასეთ უპასუხო კითხვად რჩება პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იგივე ,,მამულიჩას'' საქმე, რომელიც ნარკოდანაშაულზე იყო ბრალდებული და დარბაზიდან გაათავისუფლეს მაშინ, როცა იგივე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ციხეში წლებს ატარებენ, საპროცესო შეთანხმების შანსის გარეშე. რატომ, რა მოხდა ამ შემთხვევაში? 
- კონკრეტულ საქმეებს ვერ შევაფასებ, რადგან მოსამართლეებს პირობა გვაქვს დათქმული. თუმცა ამ კითხვაში დასმული პრობლემა ნამდვილად დგას საზოგადოების წინაშე. ჩვენც გვაქვს წერილები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სადაც ნარკოდანაშაულის გამო მსჯავრდებული პატიმრები, რომელთა რიცხვი უდიდესია, გვეკითხებიან - რატომ არ აისახა კონკრეტულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლში ცვლილება ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ?! მსჯავრდებულები განმარტებას ითხოვენ და ეს რეალური პრობლემაა! ამ თემაზე ახლაც გვაქვს მუდმივი კონსულტაციები სხვადასხვა წრეებთან და ვაპირებთ პარლამენტის პროგრესული პოზიციის განხილვას 260-ე მუხლში ამ სანქციების შემსუბუქების შესახებ. სასამართლოს საკასაციო ინსტანციას, სააპელაციოსთან ერთად, ახალი გარემოებების გამო საქმის გადასინჯვა ევალება. აქ საერთო სურათის დანახვაა საჭირო - რა დამოკიდებულება აქვს პროკურატურას, ზოგადად, 260-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებთან მიმართებაში, როცა მისი დაპატიმრების მოთხოვნით მოდის სასამართლოში და როგორია თავად სასამართლოს პრაქტიკა. ძნელია კონკრეტულ საქმეზე საუბარი, როცა დეტალური სპეციფიკა არ იცი, ამიტომ კატეგორიული პოზიცია ვერ მექნება. 
- დამკვირვებლისთვის კი საქმე მარტივადაა - ამ კონკრეტული საქმის ,,სპეციფიკა'' ლელა წურწუმია იყო. 
- ამ კითხვაზე პასუხს ვერც კი გავბედავ, რადგან უფლება არ მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემას მივაგენით - საზოგადოება სრულად ინფორმირებული არ არის და ითხოვს პასუხს გადაწყვეტილებაზე, თუმცა ვიდრე ადამიანს ბრალდებულის სტატუსი აქვს, ხალხს გარკვეული თავშეკავება მართებს, რადგან ბრალდებული უმაღლესი გარანტიით, უდანაშაულობის პრეზუმპციით სარგებლობს. 
- კიდევ ერთი რეზონანსული საქმე ზურაბ ჟვანიას სასამართლო პროცესებია, სადაც კითხვა უკვე მთელი ინსტიტუტის, ნაფიცი მსაჯულების გამო გაჩნდა. შეფასებაც კრიტიკული იყო - ინსტიტუტი არ ამართლებს! 
- ეს ჯერ ძალიან ახალი ინსტიტუტია ჩვენი რეალობისთვის. ალბათ, ჯერ საზოგადოებაც არაა ბოლომდე ინფორმირებული ამ ინსტიტუტის შესახებ. საპროცესო ხარვეზები აქაც უამრავია, ამიტომ, ამ ფონზე, ჩემი ან ვინმეს სწრაფი და კატეგორიული განცხადება არაგონივრულია. დღეს ვერავინ იტყვის, ამართლებს თუ არა ეს ინსტიტუტი. 
- როგორ ფიქრობთ, სად იყო ხარვეზები, რა აჩვენა პრაქტიკამ, რამდენად მზად არიან გამოუცდელი ადამიანები ასეთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობისთვის და რაზე მიუთითებს ორი მსაჯულის გასვლა ამ პროცესიდან? 
- უამრავი ხარვეზი თავად ნაფიც მსაჯულთა შერჩევას უკავშირდება. დავინახეთ დროის გაჭიანურებას, მოქალაქეთა ჩართულობისა და მათი პასუხისმგებლობის ხარისხის, ასევე რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები, დაცულობის ხარისხი, რაც ვერდიქტის დამდგენი მსაჯულების უსაფრთხოებას უკავშირდება. კატეგორიულად მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ამ ინსტიტუტის გასაუმჯობესებლად კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უფლება არ მაქვს, მოქმედ ინსტიტუტზე პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი ვალდებულება მის ეფექტურ ფუნქციონირებაზე ზრუნვაა. ფაქტია, ეს სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კარგი ფორმატია. ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ პირს აკისრია ვალდებულება, სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს. ეს ის ფორმატია, რაც ყველამ ერთად ავირჩიეთ. სხვა საკითხია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურები: ერთ დღეს ყველა მზად უნდა იყოს, რომ სასამართლოს წარმომადგენელი წერილს ჩააბარებს, რათა ნაფიცი მსაჯულობის პროცედურებისთვის მოემზადოს. სახელმწიფოს ვალდებულება კი ისაა, პროცესი მოქალაქეებისთვის კომფორტული გავხადოთ და ეს ადამიანები გარეზემოქმედებისგან დავიცვათ. ამ მხრივ, კანონმდებლობაც დასალაგებელია. ნაფიცი მსაჯულები საზოგადოებრივი აზრისა და მედიაში გამოხატული პოზიციებისგან შორის უნდა იყვნენ, რათა მათზე რამემ გავლენა არ მოახდინოს. ეს ის პროცესია, რომელსაც ზოგ ქვეყანაში საუკუნეები დასჭირდა, ჩვენ კი ყველაფერი ახლა დავიწყეთ. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეზე ორი მსაჯულის გამოკლებას, მათ საქმის აცილებისა და თვითაცილების საპროცესო გარანტია აქვთ. 
- შეიძლება, ამ ინსტიტუციის გაუქმების საჭიროება დადგეს? 
- 2009 წლამდე საპროცესო კანონმდებლობის სხვა მოდელი გვქონდა. 2005 წლის შემდეგ დაიწყო ინკვიზიციური დეტალებით სავსე მოდელის გადასინჯვა, რაც მოსამართლეების როლის გააქტიურებას ისახავდა მიზნად. უკვე 2009 წლის 9 ოქტომბრის კოდექსით, პროცესებზე შეჯიბრებითობის ე.წ. ქართული მოდელი მივიღეთ. ამიტომ ესაა პასუხი თქვენს კითხვაზე - რატომაც არა, შეიძლება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიც გაუქმდეს, ოღონდ ამას კარგი ანალიზი და განსჯა სჭირდება, რადგან მსგავსი ცვლილებები ადამიანებსაც ცვლის და მათ ეპოქალური მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, პოლიტიკაში სისწრაფე გამართლებულია, მაგრამ მართლმსაჯულებაში სისწრაფე მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკანონო გადაწყვეტილებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევას დავუშვებთ! 
- უზენაეს სასამართლოში მიმდინარე ცვლილებებზეც ვისაუბროთ. რა ეტაპზეა დაპირებული რეფორმები, კონკრეტულად რა იცვლება და როგორ პასუხობთ მთავარ გამოწვევას - წლების განმავლობაში, უზენაეს სასამართლოში შესულ თითქმის ყველა საჩივარს ხომ დაუშვებლად სცნობდნენ და არც განიხილავდნენ? 
- რეფორმების დოკუმენტი უკვე საქართველოს პარლამენტშია და ახლა პროცედურების დაწყებას ველით, რათა საკითხი განხილვის რეჟიმში გადავიდეს. 2006 წელს შემოტანილმა ნორმამ, საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების პრაქტიკულმა გამოყენებამ ბევრი კითხვა და უკმაყოფილება გააჩინა. მართლაც, საჩივრების უდიდესი ნაწილი არც განიხილებოდა ისე, რომ სასამართლო მისი დაუშვებლობის მიზეზებსაც არ განმარტავდა. ცვლილებათა პაკეტში აქცენტი სწორედ ამ პრობლემაზე, საკასაციო ინსტანციაში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებზე გაკეთდა. საკასაციოში საჩივრის შეტანის დროს, შემომტანი, ანუ კასატორი ვალდებულია, საჩივარი დაასაბუთოს და თუ საჭიროა, საერთაშორისო პრეცედენტებიც მიუთითოს. ამით ამაღლდა საჩივრის დასაბუთების სტანდარტი. 
- ასე ხომ საჩივრების რაოდენობა, უბრალოდ, შემცირდება, თავად სასამართლო როგორ აგვარებს საჩივრების არგანხილვის პრობლემას? 
- ამ ცვლილებაში თავის არიდების პოზიცია კი არა, მხარის პასუხისმგებლობის ამაღლების სურვილი დევს. მეორე მხრივ, სასამართლოს მოუწევს საჩივრის მიღების შემთხვევაში, იგი მაღალი სტანდარტით განიხილოს, მიუღებლობის შემთხვევაში კი უარის მოტივი განმარტოს და დაასაბუთოს. დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სადაც საჩივრის დაუშვებლობის შემთხვევაში, განმარტებების გაკეთების პრაქტიკა მკვიდრდება. ასე საზოგადოების კრიტიკასაც ავირიდებთ თავიდან, კასატორის პასუხისმგებლობაც გაიზრდება და ეს არ იქნება მხოლოდ ფორმალური გასაჩივრება. ასევე, ყველაზე დიდი გამარჯვებაა არასრულწლოვანთა კოდექსის ამოქმედება, რომლის მიხედვით, საკასაციო ინსტანციას ყველა საქმის განხილვა ევალება, დასაშვებობის კრიტერიუმის გარეშე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ეს არასრულწლოვანთა ინტერესებზე სწორად მორგებული სტანდარტია. გარდა ამისა, ჩვენი მოსამართლეების რაოდენობა 16-დან 28-მდე იზრდება, რაც მოსამართლის ერთი კოლეგიიდან მეორეში გადაყვანის საჭიროებას გააქრობს. 
- ბოლოს, მედიაში განვითარებულ მოვლენებზეც გკითხავთ, რასაც ბევრი ექსპერტი წინასაარჩევნო ზეწოლად აფასებს. რას ფიქრობთ ამ თემაზე და თქვენი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია როგორია ,,რუსთავი 2-სა'' და ,,მაესტროს'' გარშემო არსებულ სამართლებრივ დავაზე? 
- როცა მოვლენებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადმოსახედიდან ვუყურებ, ჩემი მოთხოვნაა, სასამართლო მედიისგან ინფორმირებული იყოს. ჩვენ კრიტიკაც უნდა ვითმინოთ და მედიის მთავარი მიზანიც შესრულდეს - სასამართლო უნდა იყოს ღია და ეჭვების საფუძველს არ ტოვებდეს. გასაგებია, ხშირად გჭირდებათ დეტალური ინფორმაცია და თუ სასამართლოს არ აქვს დრო ან სურვილი ამისთვის, ძალიან ცუდია. რაც შეეხება ამ ორი კონკრეტული ტელევიზიის საკითხს და მათ სასამართლო პროცესებს, ვერ გიპასუხებთ, რადგან ჩემგან რაიმე კონკრეტულის თქმა, შესაძლოა, ამ ორი პროცესის დამაზიანებელი იყოს და მასზე გავლენა იქონიოს.