1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დათმობის დღე

1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დათმობის დღე

კაცი, რომელმაც საქართველოს საინფორმაციო ომი მოამზადა

27 სექტემბერი სოხუმის დათმობის დღეა. დროებით დათმობის დღე... სამწუხაროდ, დღესაც ბევრს ჰგონია, რომ აფხაზეთის ომი 1992 წელს დაიწყო. ისტორიკოსობა ან პოლიტოლოგობა არაა საჭირო, მიხვდე, რომ ომი რუსეთთან დიდი ხნით ადრე დაიწყო მაშინ, როცა იყო პირველი მცდელობა, აფხაზეთში, ოჯახებში რუსულად ესაუბრათ, სოხუმის ქუჩებში რუსული აბრები გაეკრათ...1992-93 წლების ომი იმ საინფორმაციო ომის გაგრძელება იყო, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში მანამდე წლების განმავლობაში, ეტაპობრივად და მოთმინებით აწარმოებდა. საინფორმაციო ომი, უმეტესად, წყვეტს კონკრეტული ბრძოლის ბედს და ეს მსოფლიოს უახლესმა ისტორიამაც გვაჩვენა. სამწუხაროდ, საქართველო ამგვარ ომში ხშირად რჩებოდა წაგებული... სწორედ ამიტომ, სოხუმის დათმობის დღესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუ პატრიკ უორმთან, ადამიანთან, რომელმაც 2008 წელს საქართველოს საინფორმაციო ომი მოამზადა და რომელსაც რუსები ,,საქართველოს მთავარ ჯარისკაცს'' უწოდებდნენ. ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც ვერსიის #100 (27-28 აგვისტო, 2008 წელი) ნომერში დაიბეჭდა, მცირე შემოკლებით, იმ იმედით ვიმეორებთ, რომ ბევრ რამეს ვისწავლით საინფორმაციო ომის წარმოების შესახებ. ეს კი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც დღემდე ოკუპირებულია და რომლისთვისაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დღემდე ტკივილად რჩება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
ეს არ არის ინტერვიუ, რესპოდენტთან მისვლამდე ბევრი ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ საჭიროა დიალოგი. მეტიც, კამათის აუცილებლობა საუბარმაც გამოაჩინა. პატრიკ უორმი, კომპანია ,,ასპექტ კონსალტინგის'' თანამშრომელია. კომპანია საქართველოს მთავრობამ 2007 წლის დეკემბრიდან დაიქირავა. როგორც ყველა სხვა კონტრაქტორს, იგი საქართველოსაც გარერეპუტაციის მართვასა და პოლიტიკური კომუნიკაციის უზრუნველყოფაში ეხმარება. ანუ პატრიკი არის ადამიანი, რომელმაც მართა და დღესაც მართავს საინფორმაციო ომს - ნამდვილი ომის კიდევ ერთ ფრონტის ხაზს... არცთუ დიდი ხნის წინ, ევროკომისიაში გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობდა, დღეს საქართველოს რეპუტაციის დაცვა უწევს. რუსებს იგი არ მოსწონთ და ,,საქართველოს მთავარ ჯარისკაცს'' უწოდებენ. რამდენიმე საინფორმაციო ბიულეტენში იმასაც ამბობენ ტრადიციული იუმორით, რომ პატრიკის გვარი OM - ინგლისურიდან თარგმანში, ქართულად ჭიაყელას ნიშნავს. რუსული ცინიზმი და შოვინიზმი კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს ძალიან წაადგა. შეიძლება რუსული ტრიბუნიდან ნატყორცნი ფრაზები მტკივნეულია, მაგრამ სასარგებლო. სასარგებლო საქართველოსთვის, რადგან ყოველი ამ ფრაზის იარაღად გამოყენება ძალიან მარტივია და თუ მას მართებულად მოიხმარ, საზოგადოებრივ ცნობიერებას ზუსტად ისე მომართავ, როგორც გსურს. ამ სფეროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელით ვიცნობთ, შემოკლებით პიარი (PR) და მისი გულიდან მოვლენები სხვაგვარად ჩანს. რუსული ოკუპაციის პიარომის ფრონტიდან, მკითხველი ბევრს გაიგებს და ისწავლის.    
- დეკემბერში ჩამოვედი. ზაფხულში მეგობარ გოგონასა და ვაჟთან ერთად, საქართველოს შემოვლას ვაპირებდი. გეგმაში იყო ბორჯომი, თუშეთი, ზღვა და შემოდგომით კახეთი. არ გამოვიდა, თანამგზავრები ბრიუსელში დავაბრუნე, თავად კი ომში ჩავერთე. შესაბამისად, დროებით შეიცვალა ის პიარგეგმაც, რაც საქართველოსთან მიმართებაში იყო ამუშავებული.
- ბუნებრივია, ომის შედეგები, პოლიტიკური და დიპლომატიური საკითხები გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან წარსულში აქტიური გარემოს დამცველი ყოფილხართ, გადამწვარი ბორჯომის ტყეებით დავიწყოთ... 
- 500 ჰა-ს გადაწვა არ გახლავთ შოკისმომგვრელად გამაოგნებელი, ამაზე გაცილებით მეტი იწვის ყოველწლიურად ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და კალიფორნიაში. ახლა რომ ძველ სამსახურში ვიყო, აუცილებლად მეტ ყურადღებას ტყის სხვა საფრთხეზე გავამახვილებდი - ჩეხვა. ტყის ჩეხვა მოკლევადიან გეგმაზე გათვლილი ,,საქმეა'', რაც საფრთხეს უქმნის გრძელვადიან მოგებას - ტურიზმს. ეს პრობლემა ბევრგანაა, მაგრამ საქართველომ განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან ტურიზმი მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ, მისი ბიომრავალფეროვნება ორჯერ აღემატება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისას და სწორედ ესაა მისი უნიკალობა. 
- დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის მთავარ თემას, როგორც ვიცი, პრეზიდენტის პიარზე მუშაობთ. 
- საქართველოს მთავრობაზე... ჩემი უპირველესი მოვალეობაა მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპას დავანახო, რომ საქართველო შესანიშნავი, ლამაზი და მზარდი ევროპული ქვეყანაა. თუ აქ მოხვდები, აუცილებლად გიყვარს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, უნდა იცოდე, რომ საქართველო არსებობს. შარშან საქართველოს 170 000 ტურისტი ეწვია, რაც 7-მილიარდიანი პლანეტის გათვალისწინებით, არაფერია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ ძალიან ცოტამ იცის. მეორე ვალდებულება - ქართველ მეგობრებს გავაგებინო, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველა მიზნის მიღწევა ძალიან ძნელია, რომ ის, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიოსთვის არ არის განსაკუთრებული. ამის გათვალისწინება სამოქმედო გეგმის დასახვისას აუცილებელია. 
- რატომ, ბოლო წლებში საქართველოს ყურადღება არ მოჰკლებია? 
- გეთანხმებით, მაგრამ ეს საინფორმაციო და პოლიტიკური თვალსაზრისით გახლავთ ასე. მოდით, უბრალო ევროპელის დონეზე ვისაუბროთ. ავიღოთ გერმანია - მისი საფიქრალია სამსახური, ხელფასი, ბავშვისთვის სასწავლებლის მოძებნა, ყოველწლიურად დასვენება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა... ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში გაზეთებს არ კითხულობენ, მაგრამ გამოკითხვებით ჩანს, რომ ამ ქვეყნის მხოლოდ 10-15% უყურებს საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის, რატომ გადადგა მუშარაფი და საერთოდ, რომელ ქვეყანაზეა საუბარი. არადა, ბოლო 10 წელია, პალესტინა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია და საინფორმაციოების მუდმივი მთავარი თემა გახლავთ, ხალხს კი მაინც არ აინტერესებს. როგორ ფიქრობთ, საქართველო დააინტერესებს? ჩემი სახლის ეზოში, ბელგიის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც მაქვს აღმართული. თავიდან მეზობლები და გამვლელები მეკითხებოდნენ, ეს რა ეშმაკის დროშაა, ეშმაკს ემსახურები? დღეს კი იქ ყველამ იცის, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშა. ჩემი გეგმაა ამ დინამიკის შეცვლა. თბილისიდან ზუსტად იგივე პანორამა უნდა იშლებოდეს, რაც ნიუ-იორკიდან, ლონდონიდან, პეკინიდან... შეიძლება, ცოტა უხერხული მოსასმენია, მაგრამ ეს ომი ,,ოქროს შესაძლებლობაა'' ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. 
- გასაგებია, რომ საქართველოს ამბებმა გადაფარა ყველაფერი, მაგრამ ცოტა ძვირი ხომ არ დაუჯდა საქართველოს? 
- რას გულისხმობთ? 
- დაღუპულ ადამიანებს, განადგურებულ ინფრასტრუქტურას. 
- მართლაც ასეა, მაგრამ მოდით, მეორე მხრიდან შევხედოთ. ეს იყო ომი, ჩვეულებრივი ომი და მის კვალობაზე დანაკარგი არ არის მაღალი. რამდენადაც ვიცი, ოფიციალური მონაცემებით, 220 ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს კიდეც, ყოველი მათგანის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია, თუმცა გავიმეორებ, ომის კვალობაზე, დანაკარგი ძალიან მცირეა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის აღდგენადია, თანაც მარტივად. 
- არ მინდა კონკრეტულად დავასახელო ნატო- ში გაწევრიანება ან რაიმე სხვა, მაგრამ გესახებათ თუ არა ახლო მომავალში ისეთი მოვლენა, რომელიც ქართველს ათქმევინებს, რომ ეს დანაკარგი ამაო არ ყოფილა, ან იქნებ უკვე მოხდა ასეთი რამ და ჯერ არ ვიცით? 
- ხალხი ამას არასოდეს იტყვის, რადგან დაიღუპა 220 ადამიანი, დაიჭრა 2 000, სახლიდან გამოაძევეს 120 000, აქედან 60 000 შეიძლება დიდხანს ვერ დაუბრუნდეს კერას. ნეგატიური განწყობა ხალხში ძალიან დიდხანს იარსებებს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური და დიპლომატიური სიბრტყე, რომელიც მოვლენებს სხვაგვარად აფასებს.
- მაშინ დავაკონკრეტებ, შეიძლება თუ არა, ევროპულმა ან ამერიკულმა ინტერვენციამ ამ საკითხში, ერთხელ და სამუდამოდ, გადაჭრას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (მე ვიტყოდი სამაჩაბლოს) პრობლემები ქართველთა სასარგებლოდ? 
- შესაძლოა, მაგრამ მეეჭვება და ამის საბაბს ერთი უცნაური ფაქტი მაძლევს. ომამდეც და დღესაც ქართველები კითხულობენ - რატომ არ შეიძლება, აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად ვიცხოვროთ? რატომ ჩაითრია პუტინმა, მედვედევმა და სააკაშვილმა ხალხი ომში? რატომ არ შეიძლება მშვიდობა იყოს და ეს მაშინ, როცა მეორე, სეპარატისტული მხარის ხალხი გამუდმებით გვიკიჟინებენ, რომ ეს შეუძლებელია. 90-იანების დასაწყისში რაც გვიქნეს, მას შემდეგ რა გაგვაერთიანებსო. 
- თუმცა ყველაზე მეტად საინფორმაციო ომის ამ კონკრეტულ ნაწილში ის მაფიქრებდა, რომ არავის გახსენებია რა უქნეს ქართველებს ისევ 1992 წელს? 
- დიახ, ეს არის ომი და ომის დროს ყველაფერი ხდება. მივაქციოთ ყურადღება, რომ ქართველებს აფხაზები და ოსები არ ეზიზღებათ, მათ კი პირიქით. ასე იყო ომამდე და შემდეგაც. რატომ? 
- იმიტომ, რომ არსებობს გარეძალა, ტერიტორიული ინტერესი და მეტი არაფერი... თქვენი აზრით? 
- ამასთან დაკავშირებით ერთი აზრი მაქვს მხოლოდ, საქართველომ აირჩია პოლიტიკური განვითარების გზა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. გზები დაიგო, ადმინისტრაციული ერთეულები ამუშავდა, ინვესტიციებმა დაიწყო შემოდინება, სამუშაო ადგილები გაიზარდა, დენი, გაზი და წყალი არ წყდება, ცხოვრება ნორმალური კალაპოტისკენ მიდის, პოლიცია აღარ არის კორუმპირებული. ანუ, საქართველომ წარმატებას მიაღწია მაშინ, როცა კოკოითსა და ბაღაფშს სხვა სოციუმი ასაზრდოებს. მათ არ ძალუძთ პოლიტიკური მიზნის მიღწევა. მათთვის ჰაერივით აუცილებელია არეული და უკონტროლო სიტუაცია, მხოლოდ ერთი რამით შეუძლიათ შეინარჩუნონ ძალაუფლება - შიშის თესვით. 
- მაგრამ ეს ხომ არ არის მათ მიერ მართული სტრატეგია, მათ გარედან ეხმარებიან... 
- დიახ, მაგრამ დღემდე ორივე რეგიონი საომარი ზონაა, მმართველები არიან კოკოითი და ბაღაფში. ისინი შორს არიან პოლიტიკისგან, მათ აწყობთ ომი და ანარქია. ბოლო ომი იყო მცდელობა, მთელი საქართველო ჩაეთრიათ ამ ორომტრიალში და ქვეყანა საომარ ზონად ექციათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველომ მოიგო და მეტსაც მოიგებს, რადგან ქართველი კვლავ გამოთქვამს თანაცხოვრების, მშვიდობისა და განვითარების სურვილს, სხვები კი არა.
- რატომ გამძაფრდა ბოლო ხანებში მათი აგრესია, ბევრი ამბობს, რომ სოჭისთვის იყო ასე საჭირო? 
- ბოლო პერიოდში საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი მათ აგრესიასა და ზიზღზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა. საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით მეტი ეთნიკური ოსი ცხოვრობს, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მათ კავშირი აქვთ ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ ნათესავებთან, ბუნებრივია, ყველა წარმატება მათთვის ცნობილი იყო, რაც გახლდათ სიგნალი, რომ ,,დროა, სიტუაცია აირიოს''! 
- იმედია, რუსეთსაც გულისხმობთ? 
- ბუნებრივია, მაგრამ ჯერ ისევ უბრალო მცხოვრების დონეზე ვისაუბროთ. დღეს ქართველ ახალგაზრდას აქვს შემდეგი საზრუნავი - განათლება, სამსახური, კარგი მანქანა, ხელფასი, დასვენება, განვითარება და ცივილიზებული მსოფლიოს წევრობა. რა არჩევანი აქვს ოს ახალგაზრდას? მხოლოდ სამი - იყოს კონტრაბანდისტი, შევიდეს მილიციაში და ამ გზით იბანდიტოს, ანდა დეპრესიის ნიადაგზე, გაიქცეს სადმე. მესმის, პოლიტიკური ინტერესი ძლიერი იყო, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ხომ ასეთი ხალხი ცხოვრობს და სწორედ მან უნდა იცხოვროს? ამიხსენით, რატომ უნდა უნდოდეს კორუფციასა და იარაღის ჟღარუნზე მომართულ ახალგაზრდას დემოკრატია ან ცივილიზაცია? სწორედ ეს გახლავთ ომის დაწყების ფუნდამენტური მომენტი. 
- კი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, რუსეთმა დახარჯოს იქ ფული ვითარების შესაცვლელად. მილიარდები დახარჯეს ამ ომზე და ბიზნესი ამხელა ფულს ტყუილად არ გაიღებდა. 
- ნებისმიერი ბიზნესმენი ფულს იმაში ხარჯავს, რასაც ისევ ფული მოაქვს, ამაში ბიზნესის ფული არ არის ჩადებული. 
- ფაქტია, დღეს კრემლი მართავს ყველაზე ფულიან რუსულ ბიზნესს. ფული ბიზნესიდან მოდის. 
- დიახ, კრემლიც მომართულია ბიზნესის მთავარ პრინციპზე, ფულის კეთებაზე, მაგრამ ეს ის კონკრეტული შემთხვევაა, როცა უფრო მეტი მოინდომა - გავლენა. არ დაგვავიწყდეს პუტინის განცხადება ინაუგურაციის შემდეგ, მისი არჩევის შემდეგ შეიცვალა ჰიმნი, სსრკ-ს დაშლა კატასტროფად შეფასდა, ააფეთქეს საცხოვრებელი უბნები საკუთარ მიწაზე, ორჯერ დაიწყეს ომი ჩეჩნეთში და სრულიად გაანადგურეს. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფულის კეთება. ამ კაცმა დაგვანახა, რომ მისთვის მთავარი ძალაუფლებაა და ამისთვის თუნდაც 1 მილიარდის დახარჯვა უღირს, მით უმეტეს, თუ 10 მილიარდი აქვს. 
- ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი დეფოლტთან ახლოსაა და ამ ომმა ეს პროცესი დააჩქარა. 
- რუსეთში, უამრავი ადამიანი ღელავს მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე. ამ ომმა ვითარება უფრო გაამწვავა, მაგრამ ეს პუტინსა და მის გარემოცვას ნაკლებად აღელვებს. მთავარია, ბიზნესს კვლავ ისინი აკონტროლებენ. 
- ანუ მოსალოდნელია, რომ რუსეთი ფულის ნაკადს გაზრდის ოსეთსა და აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური პროექტებისთვის? 
- ამას სულ აკეთებდა და სწორედ რუსულმა ფულმა მოიყვანა ისინი ცოცხლები აქამდე. თუმცა, სხვადასხვა ვითარებაა, ოსეთს უფრო უჭირს, რადგან კონტრაბანდით ცხოვრობდა და ამის საშუალება აღარ აქვს, აფხაზეთში კი გაზაფხულზე სამშენებლო ბუმი დაიწყო. 
- ვფიქრობ, ეს მხოლოდ კამპანიაა, გინახავთ აფხაზეთში აშენებული თუნდაც ერთი ახალი სასტუმრო? 
- სავსეა გაზეთები რეკლამებით. 
- რუსული მარკეტინგისა და პიარის დიდი ხანია აღარ გვჯერა. 
- ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში დასავლელი ჟურნალისტები თავისუფლად გადაადგილდებიან და თავადვე ხედავენ, რომ იქ ბიზნესი არსებობს. 
- ეს რუსი ოლიგარქების ბიზნესია, რომელიც იურიდიულად უკანონობას ეფუძნება. 
- არა, არიან ჩვეულებრივი რუსებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი ვერასოდეს გახდება და იქ ფულს აბანდებენ. რეალურად, ეს მხარე საფრანგეთის ,,ლაჟვარდოვან ნაპირზეც'' უკეთესია და ვინ არ ჩადებს ამაში ფულს? 
- ლუჟკოვს, მაგალითად, .. სტალინის სკვერი აქვს მითვისებული, რაც უკანონობაა და მე ამას ბიზნესად არ ვთვლი. 
- ამ შემთხვევაში, დაგეთანხმებით. 
- გკითხავთ, აქვს თუ არა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების შანსი? 
- უახლოესი 10 წლის განმავლობაში, არა. ხაზს ვუსვამ, ეს ჩემი, სუბიექტური აზრია. თუმცა მაქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ამ მიმართულებით იმუშაოს. საქართველო წინ წაიწევს და გამოკვეთილად მიუახლოვდება ევროსტანდარტებს, რაც აფხაზეთისა და ოსეთისთვის იქნება მიუწვდომელი. სწორედ ამ ვითარებაშია შესაძლებელი საქმის დაძვრა. 
- თუ რუსეთი დააბანდებს თანხებს და დიდ ინტერესებს ჩადებს, მასაც შეუძლია აფხაზეთში ცხოვრების სტანდარტი აწიოს, მაშინ რატომღა იქნება საქართველო მათთვის მიმზიდველი? 
- იქ არიან სეპარატისტები და ფორმირებები, რომელთაც არ სურთ და არ ესმით ასეთი განვითარების. მათი საქმე მხოლოდ იარაღი და ქაოსია, რაც ხალხს თავადვე მიიყვანს დასკვნამდე, რომ განვითარებული და მშვიდი საქართველო უკეთესია. რუსებმა ბევრჯერ დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ მათი სურვილი და განვითარების ეს სწრაფვა გაცილებით დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ეს საქართველოში ხდება. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის მმართველების მსოფლმხედველობა განსხვავებულია. საქართველო გაცილებით უკეთეს გარემოს შექმნის, რაშიც მას დასავლეთიც დაეხმარება, ამიტომაც არის ეს გზა სწორი. 
- ბაქომაც სწორედ ეს გზა აირჩია, საქართველომაც, მაგრამ რომ არ გვაცლიან? თქვენი აზრით, თუ არსებობდა შანსი, საქართველო ამ პროვოკაციას არ წამოგებოდა, რომელიც პერიოდულად, სულ არსებობს? 
- ეს სულ არსებობდა და საქართველო ამ პროვოკაციაზე არ მიდიოდა. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, არავითარი შანსი არ არსებობდა, რადგან ეს პროვოკაცია კი არა, იყო შემოჭრა და ოკუპაცია. ისტორია, თითქოს ომი ერთი ინციდენტის გამო დაიწყო, უკვე დადასტურდა, რომ ტყუილია. ყველაფერი გაცილებით ადრე და მიზანმიმართულად დაიწყო. 
- საქართველოში საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება მხოლოდ ომითაა შესაძლებელი და სხვა გზა არ არსებობს. 
- თუ ასეთი გამოკითხვა არსებობდა და კითხვა ასე იყო დასმული ,,არის თუ არა ომი ერთადერთი შანსი'', ვერც ამ კითხვის ავტორს დავეთანხმები და ვერც მათ, ვინც უარყოფითად უპასუხა. საქართველოს ეს ომი საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ფინანსურადაც გაცილებით დიდ შედეგს მიიღებდა, ეს ფული რომ ეკონომიკის განვითარებაზე წასულიყო, მაგრამ ამას ხელს უშლიან. სხვათა შორის, ომის პირველ დღეებში, საკმაოდ ძლიერად იმუშავა რუსულმა მედიამ და საქართველოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, სიმართლის დასამტკიცებლად. როცა საქართველომ განაცხადა, რომც მესროლო, მე არ ვისვრი, ეს საკმაოდ გაბედული და რთული ნაბიჯი იყო. სწორედ აქ მოიგო და შემობრუნდა ყველაფერი. დიახ, რუსული პროპაგანდის მანქანამ მიზანმიმართულად იმოქმედა. თავიდან შედეგებს მიაღწია, მაგრამ დაარღვია პიარის ოქროს წესი - სიმართლე! საქართველომ ცეცხლზე უარი თქვა, რუსეთმა კი მაინც განაგრძო საოკუპაციო ქმედებები... და მსოფლიომ ნათლად დაინახა, ვის რა უნდოდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. აქედან გახდა აქტუალური ის თემა, რომ მზადება ამ ომისთვის რუსეთმა გასული წლის ზაფხულში დაიწყო ე.წ. სასწავლო- სამხედრო პროგრამებით, სეპარატისტებთან მოლაპარაკებებით... 
- რამ უფრო შეგიწყოთ ხელი შემობრუნებისკენ, თქვენმა ძალისხმევამ საქართველოსა და დასავლეთში თუ რუსეთის შეცდომებმა? საერთოდ, ამ გარდატეხის მომენტში რა ხდებოდა და თქვენ რას აკეთებდით კონკრეტულად? 
- ჩემი პრინციპული მიდგომა ქართულ მხარესთან მუშაობისას ეყრდნობოდა მხოლოდ სიმართლეს. რუსული მხარის პიარი კი ტყუილს. შეიძლება დროებით მოატყუო ვიღაც, მაგრამ სიმართლე მაინც გამოჩნდება. ამის ნათელი მაგალითი იყო ბრალდება, თითქოს ქართველებმა ეთნიკური წმენდა განახორციელეს ცხინვალში. არადა, შიგ ცხინვალში ქართველებს არც უსვრიათ - მხოლოდ მის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში. დიახ, პირველ დღეებში, გამუდმებით ისმოდა ბრალდება, ათასობით ოსი ამოწყვიტა ქართულმა არმიამო, მაგრამ იქ შევიდა ,,ჰუმან რაით ვოტჩი'' და საკუთარი თვალით ნახა, რაც ხდებოდა. მათ მოიარეს ყველა სოფელი ცხინვალსა და ჯავას შორის და ნახეს, რომ ყველა ქართული სოფელი მიწასთან არის გასწორებული, ოსური კი არა. რას ნიშნავს ეს? ქართველებმა საკუთარი ხალხი დახოცეს და მტერი დაინდეს? სისულელეა! ესაა არასწორი რუსული პროპაგანდა, ტყუილზე დაფუძნებული. იცით, რა უთხრეს ოსებმა ამ ორგანიზაციას? ,,ქართველი ჯარისკაცები მოვიდნენ, სახლი დაათვალიერეს, იარაღი ხომ არ არისო და გავიდნენ ყველანაირი სროლის, ბომბვისა და ძალის გამოყენების გარეშე'' - ეს მათ ანგარიშშიც წერია. 
- ბოლო რამდენიმე დღეა, რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და მედიასთან უფრო გახსნილი ურთიერთობა დაიწყეს. რა შანსები აქვთ? 
- დიახ, შეცვალეს და მიხვდნენ, რომ მედიასთან თანამშრომლობა აუცილებელია. თუმცა ვერ შეცვალეს მთავარი - ტყუილი და დაუდასტურებელი ინფორმაცია. ლავროვი, ნოგოვიცინი, ივანოვი და სხვები, უკვე აქტიურად ჩანან კამერების წინ, მაგრამ რას ვხედავთ? მხოლოდ ქარიზმას და ლანძღვას, ბრალდებებსა და დაუდასტურებელ ინფორმაციას. ეს ის შემთხვევაა, როცა შეცდომა აღიარეს, მაგრამ უარესი შეცდომით ჩაანაცვლეს. 
- თავიდან დასავლურ პრესაშიც ამბობდნენ, ქართული მხარე ტყუისო. თავად ვნახე, რამდენიმე ექსპერტის ანალიტიკური შეფასება. 
- ასეც იყო. პირველი ორი-სამი დღე, მედია იმასაც წერ და, ომობანა სააკაშვილმა დაიწყოო, მაგრამ გადაამოწმეს, გააანალიზეს, ინფორმაცია მიიღეს და ვითარება შეიცვალა. ასეთი ფრაზები არცერთ გამოცემაში აღარ იბეჭდება. ყველა მიუთითებს, რომ ეს იყო რუსეთში დაგეგმილი პროვოკაცია, ოკუპაცია. მსოფლიო მარტო საქართველო არ გახლავთ, თანაც ცნობიერების დონე ამ ქვეყნის მიმართ ჯერ კიდევ დაბალია. სწორედ ეს გათვალა რუსულმა მანქანამ, თუმცა ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. მაგალითად, კიდევ ერთ, ტაქტიკურ შეცდომაზე მოგახსენებთ - რუსებმა, ,,გასართობად'', კონფლიქტის ზონაში, რუსული ჯარის შემდეგ შეუშვეს ჩეჩნები, ყაბარდოელები, კაზაკები, ისინი ამაზრზენად იქცეოდნენ. რუსებმა კი ვერ გათვალეს, რომ ამ ზონებში დასავლური მედია და არასამთავრობოები შევიდნენ, რომ საკუთარი თვალით უყურებენ, რასაც ეს ,,გნიდები'' სჩადიან. თავად ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ მათი მსხვერპლი, ესეც დიდი, ტაქტიკური შეცდომა იყო. დასავლურმა მედიამ დაინახა, რომ ისინი მართლაც სეპარატისტები არიან და არა მშვიდობის მოყვარული ხალხის ტრიბუნა. 
- საქართველოში ძალიან ნერვიულობენ, როცა ვიღაც აცხადებს, რომ ქართველმა ჯარისკაცმა სისასტიკე ჩაიდინა. თუ ამოწმებთ ყველა ასეთ განცხადებას? 
- ასეთი ინფორმაცია და განცხადება მეც მაღიზიანებს, მაგრამ ყველაფერს სჭირდება დადასტურება, ფაქტი, სამხილი. თქმით შეიძლება ბევრი რამ თქვა. ,,უოლსტრიტ ჯორნალში'' ეწერა ერთ-ერთი ოსის მონათხრობი ქართული სისასტიკის შესახებ, მაგრამ დამადასტურებელი არაფერი ჩანდა. ქართველმა თვითმხილველებმა, ექსპერტებმა კი მედიასა და საერთაშორისო საზოგადოებას ყველაფერი დასტურებით შესთავაზეს - ფოტოებით, ვიდეოკამერებით და ასე შემდეგ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაგიჯერებენ, რომ მართალი ხარ. 
- თქვენც გადმოგწვდნენ. შვედურ გამოცემაში დაიბეჭდა სტატია, სადაც სარკასტულად გახსენებენ და ამბობენ, რომ თქვენი შემწეობით ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. 
- მე ვიცნობ მის რუსულ თარგმანს ,,რასია თუდეიდან'' და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თარგმანში ინტერპრეტაციაა. ბუნებრივია, ომის დღეებში მეც ვიყავი ემოციებში, მაგრამ არცერთი სიტყვა არ გასულა დასტურის გარეშე. მეტიც, კატეგორიულად მოვითხოვე ქართველი მეგობრებისგან იგივე. 
- სხვათა შორის, წარმატებით ,,იმუშავა'' ,,ჭორის მანქანამაც''.
- მართალია და ესეც შეცდომა იყო. ერთი პერიოდი, ჭორი ქმნიდა საინფორმაციო საბაბს, რაც დაუშვებელია. პირდაპირ გეტყვით, ოფიციალური თბილისი პირველი ორი დღე ავრცელებდა პრესრელიზებს, რომ ტანკები არის იქ, აქ, იბომბება ეს და ეს... არადა, ინფორმაციის ნაწილი არასწორი იყო. კატეგორიულად მოვითხოვე ამ სტრატეგიის შეცვლა და მხოლოდ დადასტურებული ინფორმაციის გავრცელება. თუ დადასტურებული არ არის, ესეც უნდა დაწეროთ, რომ ინფორმაცია არის, მაგრამ ჯერ არ დასტურდება. 
- ამბობთ, რომ მართავთ სიტუაციას, არადა, დასავლური მედიის დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ სააკაშვილის სიტყვები ქარიზმატულია და მასში უფრო რიტორიკა შეინიშნება, ვიდრე ინფორმაცია. მეტიც, იგივე ითქვა ბუშსა და სარკოზიზეც, ხოლო პიკი გახლდათ ჰალსტუხის თემა. იყო თუ არა სწორი ეთერში გაშვება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ნერვიულობისგან ჰალსტუხს ღეჭავდა? 
- კარგით, ჰალსტუხის ღეჭვა ზოგადად, არ არის სწორი, მაგრამ ხდება ხოლმე. იმ დღეებში, სააკაშვილს საერთოდ არ ეძინა. ეს იყო სრულიად არანორმალური დღეები მისთვის. ისიც ადამიანია და ასეთ დროს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. 
- კონკრეტულად სააკაშვილზე არ ვამახვილებ ყურადღებას. თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრი მაინტერესებს, ამის ჩვენება სწორი იყო? 
- ეს სააკაშვილს არ გადაუწყვეტია. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ამ მომენტში კამერა ჩართული იყო. არადა, არ უნდა ყოფილიყო. იმ დროს, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს ატარებდა, ხშირად მის ტელეფონზე უსასტიკესი ინფორმაცია მოდიოდა, მან იცოდა, რომ ტანკები თბილისისკენ დაიძრა, რომ მის დაპატიმრებას აპირებდნენ, რომ თბილისში მოსვლა ქვეყნის ოკუპაციას ნიშნავდა, ამის გადატანა იოლი არ არის. ზოგადად, ბრიფინგების შემდეგ, კამერები ითიშება, მაგრამ იმ დროს, ოპერატორმა ეს არ გააკეთა. ასეთებიც ხდება - ომის დროს ყველა დეტალის გაკონტროლება შეუძლებელია. ამის გაშვება ჩვენი გადაწყვეტილება არ იყო. ეს იყო ოპერატორის გადაწყვეტილება. როგორ ფიქრობთ, ,,ბი ბი სი'' ამ კადრს დამალავდა? რა თქმა უნდა არა. უარესებიც ხდება. ხშირად, ძალიან გავლენიანი ადამიანები კარიერას კარგავენ ერთი სულელური წინადადების, ფრაზის, ან ჟესტის გამო, რომელიც შეიძლება შემთხვევით დააფიქსიროს კამერამ. 
- სააკაშვილის იმიჯზე რომ არ ზრუნავდეთ, როგორი წარმოდგენა შეგექმნებოდათ ამ კადრის ნახვის შემდეგ? 
- რა გინდათ, ვთქვა? რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურია და არასდროს ვიტყვი, რომ ჰალსტუხის ღეჭვა კარგია, მაგრამ ადამიანი რობოტი არ არის. ეს იყო ერთადერთი ღამე, რომელიც მე პირადად, ბუნკერში გავატარე. თბილისისკენ ტანკები მოდიოდნენ და ეს ინტერვიუ ზუსტად მაშინ იწერებოდა. მგონი, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ ამ თემას. ვისაუბროთ იმაზე, როგორ ითანამშრომლა პრეზიდენტმა მედიასთან. კარგი იყო, რომ ძალიან ,,გახსნილი'' გახლავთ და ცუდია, რომ ზოგადად, კლინტონივით საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს. 
- თავად რუსული მედიაც აღიარებს, რომ სააკაშვილი უფრო გახსნილია მედიასთან, რომ ქართველები უფრო თანამშრომლობენ. თქვენ არ შეგინიშნავთ რუსი ჟურნალისტების წყრომა ამაზე? 
- ეს ნათელია. გინახავთ მედვედევი პირდაპირ ეთერში? ეს შეცდომაა, საქმე ის არის, რომ სააკაშვილმა გაცილებით უკეთ იცის, რა სჭირდება მედიას. 
- უკაცრავად, დავამატებ, რა შეუძლია მედიას. 
- გეთანხმებით და განვაგრძობ, თუ რა პრობლემები აქვთ დასავლელ ჟურნალისტებს მოსკოვში: რუსები არ იძლევიან მობილური ტელეფონის ნომრებს, რაც ოპერატიულობას სასტიკად აფერხებს, არ იყენებენ ელექტრონულ ფოსტას, რომ შეხვდე რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის უფროსის მოადგილეს, ან რაღაცის თანაშემწეს, უნდა გაგზავნო ფაქსი პრესსამსახურში, რომელსაც უფლება აქვს, სამი თვის შემდეგ გამოეხმაუროს. ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის თბილისი არის სამოთხე, თბილისისთვის კი ძალიან კარგი შანსი, რადგან საქართველო მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცის.
- იცით ალბათ, რომ რუსებსაც ჰყავთ დაქირავებული დასავლური პიარკომპანია ამ საკითხების მართვისთვის, რატომ აქვთ მსგავსი პრობლემები? 
- დაქირავებული ჰყავთ და გაცილებით მეტს უხდიან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსეთის ოფიციოზი მათ ყურს არ უგდებს, რჩევა რჩევად რჩება. ჩემს შემთხვევაში, სამუშაო გაცილებით იოლია, ჩემს რჩევებსაც ითვალისწინებენ, თავადაც მშვენივრად იციან და სანახევროდ ის, რაც მე უნდა დავგეგმო, გაკეთებულიც აქვთ ხოლმე... ინფორმაციას ახლავს ორი რამ: წონა და შინაარსი. წონის თვალსაზრისით, ლავროვის განცხადება ყურადსაღებია, ხოლო შინაარსის თვალსაზრისით, უბრალოდ, აღარავის სჯერა მისი ერთი სიტყვისაც კი. მეტიც, ჟურნალისტები და ანალიტიკოსები მისი სიტყვების ციტირებაზეც კი არ ხარჯავენ დროს. ასეც ხდება, როდესაც ირღვევა პიარის ,,ოქროს წესი'' სიმართლისა და ტყუილის შესახებ. 
- ივანოვმა და ლავროვმა იციან ინგლისური, მაგრამ მაინც რუსულად საუბრობენ მედიასთან, ეს ღვარძლია, თუ სტრატეგია? 
- ამით ხაზგასმა უნდათ, რომ მიშა არ არის ქართველი პრეზიდენტი და რომ საქართველო არ არის საქართველო. რუსული მედია ეწევა პროპაგანდას, რომ მიშა არის ამერიკელი პრეზიდენტი და ამიტომაც საუბრობს გამუდმებით ინგლისურად. რუსებმა კი ამ ე.წ. თეორიის საწინააღმდეგო კამპანია შეიმუშავეს და იმისთვის, რომ ამერიკანიზაცია დააკნინონ, ინგლისურად საუბარზე უარს აცხადებენ. სასაცილოა, არა? 
- სააკაშვილი ქართულისა და ინგლისურის გარდა, ფრანგულად და რუსულადაც კი საუბრობს ხოლმე პრესასთან. თქვენ, როგორც იმიჯმეიკერი, ეთანხმებით ამას? 
- ეს მისი არჩევანია. თუმცა ისეთი შემთხვევების დროს, როგორიც გასულ დღეებში გადავიტანეთ, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ეს ძალიან მომგებიანია და შეგიძლია, შენს სასარგებლოდ მოაბრუნო ბევრი რამ. 
- სტრატეგიაში გათვლილი გაქვთ, რუსეთის ტყუილების ტირაჟირება მოხდეს? 
- ზოგადად, ასეთი სეგმენტი სტრატეგიაში მუდამ არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კრემლი ჩემი პიარგუნდის არაჩვეულებრივი წევრია. ყოველი მათი შეცდომა ჩემი წინგადადგმული ნაბიჯია. შეცდომას შეცდომითვე ცვლიან და ეს ჩემს საქმეს გაცილებით ამარტივებს, ანუ რუსეთი, პიარის თვალსაზრისით, იოლად დასამარცხებელი მეტოქეა.