დიდი კომბინაციები „ჯეოსელის“ გარშემო

დიდი კომბინაციები „ჯეოსელის“ გარშემო

„ჯეოსელის“ ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ ცხრება. მისი მფლობელის საქართველოდან წასვლამ უამრავი ვარაუდი წარმოშვა. გარდა ამისა, კომპანია ახლო მომავალში ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს და ეს კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას.

როგორც გაირკვა „ჯეოსელის“ შეძენა თურქული ტელეკომუნიკაციების კომპანია „თურქსელმა“ გამოთქვა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები ინვესტორებთან არ გადადგმულა.

„ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაგვიდგამს რომელიმე ინვესტორთან, არის რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ ადრეული ეტაპია იმისთვის, რომ ვთქვათ როგორ დასრულდება პროცესი. „ტელიასონერას“ სურს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, სწორედ ამიტომაც გამოაცხადა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადის ევრაზიის რეგიონიდან. ამ ეტაპზე პოტენციურად დაინტერესებულმა ინვესტორმა „თურქსელმა“ გამოხატა ამ 4 ქვეყანაში კომპანიების შესწავლის სურვილი შემდგომი შესყიდვის მიზნით. თუმცა პროცესი ღიაა ყველასთვის. მინდა გითხრათ, რომ „ჯეოსელი“ გეგმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას და ორიენტირებულია სტრატეგიულ ზრდაზე“, - განაცხადა პაველ სმალინსკიმ, „ჯეოსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედური კომპანია „ტელიასონერა“ ევრაზიის რეგიონს სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე ტოვებს, თუმცა შვედურ-ფინური კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ცვლილებები აბონენტებს არ შეეხება. როგორც სმალინსკიმ აღნიშნა კომპანიის ქმედებები ევრაზიის რეგიონის დატოვების პროცესში მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

„იმისთვის, რომ ჩვენი ქმედებები იყოს გამჭვირვალე, წინასწარ ვაცხადებთ იმას, რომ კომპანია ევრაზიის რეგიონში ოპერირების შემცირებას, ხოლო დროთა განმავლობაში რეგიონის მთლიანად დატოვებას გეგმავს, თუმცა ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ჩვენი კომპანია სულ 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი. აქედან 3 ქვეყანაში საქმიანობას უშუალოდ „ტელიასონერა“ აკონტროლებს, 4 ქვეყანაში კი, მათ შორის, საქართველოში - კომპანია „ფინტური“.

სწორედ ამ ოთხ ქვეყანაშია პოტენციური ინვესტორის, „თურქსელის“ დაინტერესება. ისინი მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან. „ჯეოსელი“ მიმზიდველია ნებისმიერი ინვესტორისთვის“, - განაცხადა „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება მომსახურებას, „ჯეოსელის“ წარმომადგენლების განცხადებით აბონენტებს ცვლილებები არ შეეხებათ და „ჯეოსელის“ ყველა გეგმა - მაღაზიების ქსელის გაფართოვება, დაფარვის ზონის გაზრდა, მე-4 თაობის ქსელის გაძლიერება - განხორციელდება.

ამასობაში კი „ჯეოსელს“ და ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში მოუწევთ შეხვედრა. გაჭიანურებული ფინანსური შემოწმება კომპანიის დაჯარიმებით დასრულდა. კომპანიამ დაკისრებული 2 744 000 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადაიხადა. გამოძიება კომპანიას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომპანიას ანგარიშზე ზედმეტობა ჰქონდა, შესაბამისად, როგორც კი შედგა აქტი, მაშინვე მთლიანი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართა.

„ჯეოსელში“ აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დავების საბჭოში გასაჩივრდა, თუმცა საბოლოოდ ამ თანხას ბიუჯეტიდან დაუბრუნებენ თუ არა კომპანიას ჯერ უცნობია.

„არ გადაგვიხდია, იყო დარიცხვა, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, სადაც ნულთან დავიდა, უმნიშვნელო ციფრი დარჩა, 200 ათას ლარზე ნაკლები. ეს სამი წლის შემოწმებაა, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი ბრუნვაა, ამიტომ 200 ათასი პრაქტიკულად ნულთან თანაბრდება. იმასაც კი არ დავეთანხმეთ და მგონი, სასამართლოში დავა იქნება“, - განაცხადა კომპანია „ჯეოსელის“ კომერციულმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა.

საგამოძიებო სამსახური „ჯეოსელს“ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა. ფინანსურის შემოწმება 2014 წლის თებერვალში დაიწყო.