ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, მოქალაქეები გასაქირავებელ ბინებზე გადასახადის მომატებას უჩივიან, ბინების მფლობელები კი კლიენტების ნაკლებობას. ზოგადად, ლარის გაუფასურებამ უძრავი ქონების ამ სეგმენტში დიდი არეულობა გამოიწვია. დამქირავებელ-გამქირავებელს შორის ხშირია პირობების დარღვევა და კონფლიქტი.
აქამდე გარეუბნებში შედარებით დაბალი ფასები იყო და რაიონებიდან ჩამოსული ხალხი სწორედ თბილისის პერიფერიებისაკენ მიეშურებოდა, მაგრამ რამდენადაც გარეუბნებში მოთხოვნა გაიზარდა, ფასიც მაღლა წავიდა. თანაც, მესაკუთრეები, ძირითადად, დოლარში აქირავებენ ბინებს, შესაბამისად, ლარის დევალვაციის გამო, ყოველთვიური ქირა ქალაქის ნებისმიერ ადგილას გაზრდილია.
ვებ-გვერდ „საქმე.ჯი“-ს რედაქტორის, ლელა არაბულის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყება და ბინებზე მოთხოვნის ზრდა ყოველთვის იწვევს ხოლმე ფასის მატებას და ამაში ახალი არაფერია, მაგრამ წელს საყურადღებოა ბოლო პერიოდის ტენდენცია - ლარში ფართის დაქირავება თითქმის შეუძლებელი გახდა.
„მესაკუთრეები ცდილობენ ნაკლები დანაკარგი მიიღონ და ბინა დოლარში გააქირავონ. ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს. საიტზე იშვიათად თუ გადააწყდები ბინას, რომელსაც მფლობელი ლარში აქირავებს. ვფიქრობ, ხალხი ეიფორიაშია. ლარის კურსის ასეთი ხშირი ცვლილება არაპროგნოზირებადს ხდის მათ გეგმებს. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულად აზარალებს ადამიანს, რომელსაც ბინის ქირის გადახდა ყოველთვიურად უწევს.
ე.წ. პრესტიჟულ უბნებში, მიუხედავად მაღალი ფასებისა, მოთხოვნის ნაკლებობა არასდროს ყოფილა, მაგრამ შეინიშნება მოთხოვნის ზრდის ტენდენცია გარეუბნებში. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ გასულ წელს დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში შეეძლო ადამიანს ეპოვა მცირე ფართის ბინა, წელს ეს შეუძლებელია. ფასის ცვლილება ნაკლებად შეეხო ვაკე-საბურთალოს, რადგანაც ამ უბნებში ბინის ქირა ისედაც ყოველთვის გაცილებით მაღალი იყო“, - ამბობს ლელა არაბული.
უძრავი ქონების სააგენტო „ბერუკას“ დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ ლარის მორიგი გაუფასურების შემთხვევაში ბინის გაქირავება კიდევ უფრო გართულდება, რადგან დამქირავებლებს თვიდან თვემდე დღევანდელი გადასახადის დაფარვაც კი უჭირთ.
„ყველას დაბალფასიანი ბინის დაქარავება უნდა. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იმდენად შემცირდა, რომ 300-400 ლარზე მაღალ ფასში ბინას ვერ ქირაობენ. ამ ფასად კი ფართი მხოლოდ გარეუბნებშია. სტუდენტებისთვის კი ამ თანხის გადახდაც პრობლემაა.
შარშან გაცილებით ძვირად ქირაობდნენ, დაახლოებით 300-350 დოლარის ფარგლებში და გადახდა არ უჭირდათ. დოლარის კურსმა თუ არ დაიწია, ვითარება კიდევ უფრო გართულდება“, - ამბობს ავთანდილ გუგეშაშვილი.
სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას ადასტურებს სააგენტო „კიბის“ დამფუძნებელი ნელი გოგუაძე. მისი თქმით, ცენტრალურ უბნებზე, სადაც ქირის ფასი მაღალია, მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება.
მართალია ივლის-აგვისტოსთან შედარებით, მდგომარეობა ცოტათი გამოცოცხლდა, თუმცა სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია. ზოგადად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და ეს უძრავი ქონების ბაზარსაც დაეტყო.
დილერების ინფორმაციით, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლების გაქირავებაა რთული. ასეთ სახლებს უცხოელები ქირაობდნენ. ახლაც ისინი რჩებიან ძირითად მომხმარებლებად, თუმცა მათი მხრიდანაც კი აქტივობა შენელდა.