როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს. იგივეს იმეორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. თუმცა უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას ამ დაპირების არ სჯერა. ზუსტად ასეთი განცხადებებით გამოვიდნენ სებ-ისა და მთავრობის წარმომადგენლები 2-3 კვირის წინ, აგვისტოს შუა რიცხვებში და ივლისში. შედეგები მთელი საქართველოსთვის ცნობილია. ლარს ისტორიული ანტირეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მოისმინა პოზიციები როგორც ეროვნული ბანკისგან, ასევე ფინანსთა სამინისტროსგან, რომ ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და ბერკეტს გამოიყენებეენ და სიტუაციას მაქსიმალურად სრულად გააკონტროლებენ.
„ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი არის დღეს უკვე ასე ვთქვათ, პიკში. როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ თემით, მთავარია ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. დანარჩენ პროცესს ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება და დასტაბილურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არიან, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ, თუ საჭირო გახდა მოხდება რეზერვების გამოყენებაც. ასევე, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ბიუჯეტის გადახედვა. პრემიერმა ოპოზიციას, ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორს თხოვნით მიმართა, რომ ეროვნულ ვალუტაზე საუბრისას ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინონ.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც დაადასტურა, რომ გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია.
„საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, მთავრობა შევთანხმდით რომ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა მომავალში ასეთი ტიპის ცვლილება არ დავუშვათ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა და ხაზი გაუსვა იმ ფონს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე და მეზობელ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა არ იყო ხელსაყრელი.
„ექსპორტსა და იმპორტს შორის თანაფარდობა ექსპორტის სასარგებლოდ გაუმჯობესდა. ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მომავალში დოლარის შემოდინება გაგრძელდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საერთაშორისო პროგრამები და მოვიზიდოთ დაფინანსება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ეროვნული ბანკი და მთავრობა ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე რომ თანმხდება, ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც ისაუბრა.
„ვთანხმდებით, რომ კურსი დღეს არის თავის პიკში. სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით. იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენ მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ, მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, რომ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება. მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაში იგულისხმება ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენება. მათ შორის თუ საჭირო გახდა სავალუტო ინტერვენციებიც“, - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფას, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიცია ცნობილია. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი საზრუნავი არის ლარის კურსი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ეროვნულ ბანკს და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკური მრჩეველის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ვალუტის კურსთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო. ვინაიდან აღნიშნული მცდარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საჭიროა, საქართველოს მთავრობის, ეროვნულ ბანკის და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდეგი დანაკარგები.
ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუტებს კოორდინირებული მუშაობისკენ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
პარლამენტში კი, პირიქით, მიაჩნიათ, რომ სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციაა დამნაშავე იმაში, რომ ზაფხულის შემდეგ ლარმა დამატები დარტყმები მიიღო.
„ლარის ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრალია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა.
მისი თქმით, ვეტო უკვე დაძლეულია, თუმცა საბჭოს შემადგენლობა ახლახან დამტკიცდა. „საბჭო ამ დღეებში შეუდგება მუშაობას. არადა, შეიძლებოდა ეს პროცესი აგვისტოში დაწყებულიყო“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.