წელს თხილის ფასი კატასტროფულად შემცირდა. შარშან ამ დროს, 1 კგ თხილი 10 ლარი ღირდა, ხოლო ზამთარსა და გაზაფხულზე 12-13 ლარამდეც კი გაძვირდა. წელს კი ფასი 5 ლარს ვერ გასცდა. ზოგდად ამ პერიოდში თხილი ყოველთვის იაფდება და შემდეგ მისი ფასი იზრდება, მაგრამ ამჯერად გაძვირების დიდი მოლოდინი არავის აქვს.
თხილის მწარმოებელი ლია შელიას თქმით, ერთი პერიოდი თხილი 6,50-6,70 ლარი ღირდა, მაგრამ ამ დროს ხალხს მოსავალი არ ჰქონდა აღებული და შესაბამისად, პროდუქტი ცოტა იყო. ამიტომაც ღირდა შედარებით ძვირი.
`წელს ისედაც ცოტა რაოდენობით თხილი მოვიდა, თანაც ძალიან ცუდი ხარისხის და კატასტროფულად დაბალი ფასი აქვს. ჩვენც ცუდ დღეში ვართ და გლეხებიც, რომლებმაც ვერც სიმინდის მოსავალი აიღეს. უმძიმეს მდგომარეობაშია, ე.წ. დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობაც, მათ არც თხილი აქვთ და არც სიმინდი. უამრავ ადამიანს, იმის იმედით, რომ თხილის ფასი შედარებით მაღალი იქნებოდა, ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული~, - განაცხადა ლია შელიამ.
მისი ინფორმაციით, შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 7-8 ლარი ღირდა, თურქები შემოდიოდნენ სოფლებში ტრაილერებით და ამ ფასში ყიდულობდნენ, ხარისხის მიუხედავად. `წელს მათ სოფელში შესვლის უფლება არ მისცეს. ის ადამიანი, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება, მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს~, - აღნიშნა შელიამ.
ფერმერი კობა გვალია რამდენიმე წლის განმავლობაში სამ თურქ თხილის მწარმოებელთან ერთად მუშაობდა. თანდათან `ვიღაცების~ ჩარევით თურქმა თხილის მწარმოებლებმა შესყიდვები შეამცირეს, შემდეგ კი, საერთოდ დაიკარგნენ.
`შედეგად, თხილის ფასიც `დაარეგულირეს~ - თხილის წლევანდელი ფასი 5-6 ლარია და სავარაუდოდ, არც მოემატება. სახელმწიფომ რამდენიმე თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა, სადაც ამ ფასში იბარებენ თხილს. ჩვენ ამ ფასშიც ვერ ვრისკავთ, რადგან ფასი ყოველდღე თამაშობს~, - განუცხადა `ბიპიენს~ კობა გვალიამ.
თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ ფასი მუდმივად იცვლება და არ არის გამორიცხული, რომ პროდუქტი მომდევნო დღეებში გაიაფდეს, მერე კი გაძვირდეს.
`შესაძლოა, ფასი 4 ლარამდეც შემცირდეს, თუმცა ხალხისგან ჩაბარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ქარხნებს ყოველდღიურად 30-35 ტონამდე თხილის მიღება უწევთ. ფასის პროგნოზირება ყოველთვის ჭირს, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ერთი კვირის წინათ ხალხს 1 კგ თხილის ჩაბარება 7,50 ლარადაც შეეძლო, მაგრამ ახლა ერთბაშად გაიაფება დაიწყო და თითქმის 3 ლარით დაბლა ჩამოვიდა.
ცოტა არ იყოს ამან ხალხს იმედი ცოტათი გაუცრუა (გაძვირებას ელოდნენ), მაგრამ გაიაფების პროცესი დიდხანს არ გასტანს. თვის ბოლოდან თხილი გაძვირებას დაიწყებს. ვერ გეტყვით რამდენით, მაგრამ შესყიდვა გლეხებისთვის მისაღებ ფასში მოგვიწევს. არ გამოვრიცხავ, ოქტომბერში თხილი 8-9 ლარამდეც გაძვირდეს, ხოლო ფასი პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწევს~, - ამბობს გერგედავა.
წელს პრობლემას თხილის ხარისხიც ქმნის. თითქმის ყველგან უხარისხო თხილი იყიდება. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი სეზონის დასაწყისშივე გააფუჭა.
თხილი უკვე წლებია, რაც უმსხვილესი საექსპორტო ათეულშია. 2014 წლის მდგომარეობით, მთლიან ექსპორტში თხილის წილმა 6.4% შეადგინა. გაზრდილია მისი წარმოებაც. 2013-14 წლებში ქვეყანაში წარმოებულმა პროდუქტის მოცულობამ თითქმის 40 ათასი ტონა შეადგინა მაშინ, როდესაც წინა წლებში თხილის წარმოება, საშუალოდ, 25 ათასი ტონა იყო.