მთავრობა ლარის გამყარებას ვარაუდობს, ეროვნული ბანკი სიტყვითაც კი სანუგეშოს არაფერს ამბობს. ხალხს აღარც ერთი სჯერა და აღარც მეორისა. ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მერამდენედ ხდება, რომ ყველანაირი პროგნოზი ლარის სტაბილურობის თაობაზე, ძალიან მალე ცამტვერდება. საინტერესოა ამჯერად რამდენ ხანს გაძლებს მორიგი იმედის მომცემი პირობა?
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება. პრაქტიკულად ყოველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მისი უწყება არის ჩართული და აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას.
"მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში. კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. ეს არის რეალური ციფრები. ყველა ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ვალუტაზე, წინა წელთან შედარებით, ზეწოლა შემცირებულია 100-180 მილიონი დოლარით, შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება.
თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას, რომ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება, ჩვენ ამის განხილვასაც დავიწყებთ. დღეს არსებული პარამეტრებით, ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მას მხარს უბამს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ გაგუა, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ არ იქნა დამატებითი შოკი, ლარის კურსის გამყარებასაც უნდა ველოდოთ.
"წელს ბიუჯეტის ხარჯვა არის აბსოლუტურად თანაბარი, განსხვავებით 2013 წლისგან, სადაც შეიძლება კურსის გაუფასურებაში ბიუჯეტის ჭარბი ხარჯი დავადანაშაულოთ. წელს აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვაქვს იმ თვალსაზრისით. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ არ იქნა დამატებითი შოკები ლარის მიმართ, ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს და გამყარებასაც უნდა ველოდოთ", - აღნიშნა გაგუამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი კი ახალ-ახალი მიზეზების ძიებიაშია. რამდენადაც ყველა ეკონომიკური პარამენტრი გაუმჯობესებულია და ამას სებ-შიც აღიარებენ, ახლა ეროვნულ ბანკში ყველაფერს ცუდ მოლოდინს და მოსახლეობის წინათგრძნობას აბრალებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, ახლა პრობლემაა სწორედ უარყოფითი მოლოდინი და ზოგიერთი ვაი-ექსპერტების გამოსვლები, რომ კურსი გაუფასურდება. ეროვნული ბანკის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ლარზე ძალიან მოქმედებს.
"ვთვლით, რომ საგარეო შოკი კურსზე იყო და არის ასახული, ახლა პრობლემაა მოლოდინები და გარკვეულწილად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები, რომ აი, გაუფასურდება და ა.შ. დღეს კურსის დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენს მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინი და პირველ რიგში, საჭიროა, მისი შერბილება. ისევ და ისევ ნაკლებად უნდა დაუჯერონ ზოგიერთ ექსპერტს", - განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, მალე გაიმართება მონეტარული პოლიტიკის სხდომა და მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
«თუ უარყოფითი მოლოდინი ჩაცხრა, ხალხი დაინახავს და დარწმუნდება, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის. მგონია, სიტუაცია კურსთან დაკავშირებით უნდა დაწყნარდეს», - განაცხადა ბაქრაძემ და იქვე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხი ფულის მასაზე გავლენას არ ახდენს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძმაც თითქმის გაიზიარა სებ-ის პოზიცია. მისი აზრით, რაც ხდება ლართან დაკავშირებით, მხოლოდ ხელისუფლების და ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია.
"ლარის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩემს მოსაზრებას გეტყვით, მიმაჩნია, რომ დღევანდელი კურსი საკმაოდ მაღალია და მე პირადად არ ველოდები ამ კურსის კიდევ უფრო მაღლა წასვლას", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში მთავრობის ერთობლივ მუშაობას, იმისათვის, რომ საზოგადოება და ბიზნესი დააწყნარონ.
მთავრობა და სებ-ი კარგა ხანია ერთად ვერ ძოვენ, მათი ცალკეული ნაბიჯები კი საქმეს ვერ შველის. მით უფრო, რომ ეროვნული ბანკს ბოლო დროს რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია და რაც სამომავლოდ აპირებს. როგორც სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბარბაქაძე მიიჩნევს, სავალუტო რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს, რადგან იგი დაიხარჯება, მოხდება გადავადება და გაუფასურება მაინც გაგრძელდება.
"თუკი კურსი გაუფასურებულია, ვხედავთ, რომ სავალუტო შოკია, შემოდინებები არ არის და გადინება დიდია და ამ დროს ვიღაცა ამას ხელოვნურად აჩერებს, იქნება მოლოდინი იმისა, რომ დღეს თუ ხვალ კურსი აუცილებლად გაუფასურდება. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში უმეტესობა, ვისაც ლარში აქვს ნაღდი ფული ან დეპოზიტი, მას დოლარში გადაახურდავებს", - განაცხადა ბარბაქაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ეს პროცესი გავლილი აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის, ევროპის ქვეყნებს 90-იანი წლების დასაწყისში. "სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა ეს გამოცდილება 1998 წელშიც და 2008 წელშიც და ჩვენც ვისწავლეთ. რეზერვების შემცირებას აზრი არ აქვს. იგი იყიდება, კურსი მაინც უფასურდება, თანაც უფრო მეტად, ვიდრე შეიძლებოდა გაუფასურებულიყო მარტო საგარეო შოკების დროს", - განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ.