მოძრაობის გადასახადი - მერია ხალხის რეაქციას ამოწმებს

მოძრაობის გადასახადი - მერია ხალხის რეაქციას ამოწმებს

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებაზე გადაასახადის შესაძლო დაწესებამ საზოგადოების მკვეთრი გულისწყრომა გამოიწვია. თბილისის მერიამ სასწრაფოდ უარყო ამ გადაწვეტილების სისწორე, მაგრამ როგორც ჩანს, დედაქალაქის ხელმძღვანელობა მსგავსი ტიპის კომბინაციაზე სერიოზულად ფიქრობს და სხვადასხვა გეგმასაც ამუშავებს.

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ რადიოეთერში განაცხადა, საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორისაა, ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.

„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას, დიდხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან  სხვა რომელიმე მეთოდით განტვირთული“, - განაცხადა სუდაძემ.

ამ გამონათქვამს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და თბილისის მერიამ გავრცელებული ინფორმაცია მსწრაფლ უარყო. მათი განცხადებით, გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება სიმართლეს არ შეესაბამება. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში ამტკიცებენ, რომ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს არ უთქვამს, რომ თბილისის ქუჩების ნაწილზე გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

„გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ავთანდილ სუდაძის ფრაზა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მან ისაუბრა, რომ ზოგადად არსებობს ასეთი პრაქტიკა. ავთანდილ სუდაძეს ასეთი საკითხები არც ეხება და თბილისში, არანაირი მსგავსი გადასახადის დაწესება არ იგეგმება“, - აცხადებენ მერიაში.

მიუხედავად ამ განმარტებისა, ოპოზიცია დროს არ კარგავს დედაქალაქის ხელმძღვანელობის გასაკრიტიკებლად. საკრებულოს ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში არაადეკვატურია და ეს ვერ განტვირთავს დედაქალაქში არსებულ საცობებს.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას აზრით კი, მსგავსი ინიციატივა, ანტისოციალურთან ერთად უკანონოცაა.

„გადაადგილებისათვის მოსახლეობა ფულს იხდის და ავსებს ბიუჯეტს, რომელიც უნდა ხმარდებოდეს გზების კეთილმოწყობას, ახალი გზების, ხიდების მშენებლობას, რომელიც განტვირთავს მოძრაობას. ნაცვლად ამისა, ეს თანხები გამოყოფილია პრემიებისათვის, დანამატებისთვის, ახალი ჯიპების შესაძენად და უცხოეთში მივლინებებისთვის და ამიტომაა ასეთი გაუსაძლისი ვითარება ქალაქში.

უნდათ, რომ გადასახადის დაწესებით, მოსახლეობის გაყვლეფის ხარჯზე, დამატებით გაისქელონ ჯიბეები და შეივსონ პირადი ანგარიშები. მალე, ალბათ, ნარმანია დააწესებს ფეხით სიარულით გადასახადს, რომ როგორმე თვითონ კარგად იცხოვრონ“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი გადასახადი მსოფლიოს არაერთ ქალაქში არსებობს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, არსებობს გადასახადის რამდენიმე სახეობა: ერთი - რომელსაც იხდიან გავლილი გზის მიხედვით და მეორე - გარკვეული პერიოდით გზებზე ავტომობილით გადაადგილების უფლების მოსაპოვებლად.

პირველი სახის გადასახადი მოქმედებს რუსეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, საფრანგეთში და მთელ რიგ ქვეყნებში. მეორე სახის - უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვა ქვეყნებში.

იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც გზებით სარგებლობის გადასახადი საერთოდ არ მოქმედებს, საქართველოცაა რეგიონის დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად.

საცობების შესამცირებლად სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მეთოდებსაც მიმართავენ, მათ შორის, ძვირადღირებულ პარკირებას. მაგალითად, სტოკჰოლმში ცენტრში შესვლა 1 ევროს ეკვივალენტი ღირს, ასევე მაღალია პარკირების გადასახადი, რომელიც დამოკიდებულია ადგილსა და დგომის ხანგრძლივობაზე, საშუალოდ, ესაა 1 ევრო 1 საათში.