„სებ-მა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ, რაც ევალებათ - ხალხიც დაიჯერებს რომ ლარი სტაბილური გახდება“

„სებ-მა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ, რაც ევალებათ - ხალხიც დაიჯერებს რომ ლარი სტაბილური გახდება“

მცირედი გამყარების შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კატასტროფულად დაეცა და პანიკაც გამოიწვია. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა, მაგრამ მთავარი მოვლენები ეროვნული ბანკის (სებ) მიერ დადგნილი კურსის შემდეგ განვითარდა. „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სისტემაში საღამოს 5 საათის შემდეგ ლარმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო და სულ რაღაც ერთ საათში 2,46-ს გადასცდა.

მიუხედავად იმისა, რომ სებ-ის ოფიციალური კურსი უკვე დადგენილი იყო, სავალუტო ჯიხურებმა სასწრაფოდ აუწყვეს ფეხი „ბლუმბერგს“ და დღის ბოლოს 1 დოლარის ფასმა 2,50 ლარს მიღწია.  ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარი 2.54 ლარიც კი ღირდა. მაგალითად, „ვითიბი ბანკი“ დოლარს 2.50 ლარად ყიდდა, „საქართველოს ბანკი“ - 2.54 ლარად, „კორ სტანდარტ ბანკი“ - 2.4950 ლარად, „თიბისი ბანკი“ - 2.51 ლარად და ა.შ.

სავალუტო ბაზარზე საგანგაშო მართლაც მდგომარეობაა, მით უფრო, რომ მთავრობაც და ეროვნული ბანკიც აღიარებს, რომ ლარზე მოქმედი ყველა ფუნდამენტური ფაქტორი ამოწურულია და სამომავლოდ კურსის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ.

ეკონომიკა შედარებით გაჯანსაღებულია, ინვესტიციები მზარდია, ტურისტების ნაკადმა საკმაოდ მოიმატა, საბიუჯეტო ზეწოლა გამოირიცხა და  საგადასამხდელო ბალანსიც ასე თუ ისე მოწესრგდა.

ერთადერთი პრობლემა რაც დარჩა, ეს ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებაა, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამან კურსზე აშკარად იმოქმედოს.

საქართველოში 2015 წლის აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, 35.1%-ით შემცირდა. წელს აგვისტოში გზავნილების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4% თორმეტი უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან კეთდება (იტალია, ესპანეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) და 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

ყველაზე მეტად დოლარების და ევროების გადმორიცხვამ საბერძნეთიდან იკლო. ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადიგზავნილები 1,2 მილიონ დოლარამდე შემცირდა (წინა თვესთან შედარებით 3,3 მილიონი დოლარით). ახლა საბერძნეთის წილი საქართველოს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში 1.4 პროცენტია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში კი 13,1 პროცენტი იყო.

საბერძნეთიდან ფულადმა გზავნილებმა კლება ივლისიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანაში კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დაწესდა. ამიტომაც ივლისშივე საქართველოში 8,5 მილიონი ლარით ნაკლები შემოვიდა.

ტრადიციულად საქართველოში საბერძნეთიდან ყოველთვიურად საშუალოდ 13 მილიონი დოლარის ტრანსფერი ხორციელდებოდა.

ამასობაში ლარის გაუფასურებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები, ივლისის მდგომარეობით, 1,735 მლრდ ლარით არის დამძიმებული. „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით, 2014-15წლებში სესხების მოცულობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. ბიზნეს-სექტორზე გაცემული სესხები 30,8%-ით, კერძო პირებზე გაცემული სესხები 30,2%-ით არისგაზრდილი.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევენ, რომ ეკონომიკა პოლარიზებულია, ბიზნესი კი კონცენტრირებულია თბილისში. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ბიზნეს-სექტორის განვითარების შენელება, ეკონომიკისათვის ნაკლები ფულის მიწოდებას გამოიწვევს.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე კი აღნიშნავს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი შეიცვალა, ხოლო ეროვნული ბანკი და მთავრობა ურთიერთგადაბრალების რეჟიმში დარჩა, არსებული ტემპებით ლარის დევალვაცია ისევ გაგრძელდება.

„დევალვაცია ისეთი მასშტაბური აღარ უნდა იყოს, თუ შეგნებულად არ იზრდება ლარის კურსზე ნეგატიური წნეხი. აუცილებელია, ბიზნესის ხელშეწყობა, ექსპორტისა და წარმოების დივერსიფიცირება. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ზომიერი პოლიტიკის გატარება და ფულადი მასის კონტროლი. თუკი სებ-ი ამის საპირისპიროდ იმოქმედებს, ბუნებრივია, კურსის დაჭერას ვერ შევძლებთ. მასშტაბური დევალვაციის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ. მაშინ მოსახლეობას კურსის დასტაბილურებისა და გამყარების იმედიც გაუჩნდება“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბანკო ზედამხედველობის სააგენტო 10 ოქტომბრამდე უნდა შეიქმნას. ლარის კურსის დარეგულირების მიმართულებით ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ ეს სააგენტო ეიმედება.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასა და ახალი სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაშიუნდა განხორციელდეს.  კანონი კი „საკანონმდებლო მაცნეში“ 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.

„კანონი ძალაში უკვე შევიდა. ახლა ჯერი მთავრობაზეა. პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს სააგენტოს საბჭოს წევრობის 5კანდიდატი, რის შემდეგაც მოხდება მათი განხილვა ჯერკომიტეტებში, მერე პლენარულ სხდომაზე. პროცედურის შესაბამისად,უკვე საბჭოს დაკომპლექტების მერე მოხდება სააგენტოს თავმჯდომარის არჩევა“, - განაცხადა კანონის ავტორმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა.

კანონმდებლობით, საბჭო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტოს უმაღლესი ორგანოა, რომელიც 7 წევრისგან შედგება. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო დანარჩენ 5 წევრს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავად საბჭო ირჩევს. რაც შეეხება უშუალოდ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარეს, მას 7 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს.