თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის განხილვას, ჩამოსული იყო დევიდ კრეიმერი - ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უფროსი დირექტორი „მაკკეინის ინსტიტუტში საერთაშორისო ლიდერობისათვის“. ის 2010-2014 წლებში „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტი იყო. კონფერენციის შემდეგ მას ნიკო ნერგაძე ესაუბრა საქართველოს უსაფრთხოების, დასავლური ინტეგრაციისა და რუსეთის საფრთხის შესახებ. თავდაპირველად კი, სთხოვა დევიდ კრეიმერს შეეფასებინა საქართველოში დღეს არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
დევიდ კრეიმერი: საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებობს შეშფოთება, რომელიც არჩევნებამდეც არსებობდა. შეშფოთება მოჰყვა 2007 წლის დარბევას, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობას... მას შემდეგ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ასე რომ, ამ არჩევნებმა პოზიტიური ნიშანი მიიღო, მაგრამ შეშფოთება მოჰყვა მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების დაპატიმრებას და იმ მასშტაბს, რომელიც თან ახლდა ამ გამოძიებას.
საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს დემოკრატიის გზაზე. ყველაზე ცუდი, რაც კი საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ მოახდინოს თავისი პოლიტიკური სისტემის დისფუნქციის დემონსტრირება - შექმნას იმის დამადასტურებელი ვითარება, რომ ოპოზიციის ლიდერებს დევნიან შურისძიების მიზნით და არა სამართლიანობის გამო. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საქართველოსგან იმის ჩვენების აუცილებლობას, რომ ქვეყანა კვლავინდებურად ადგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ამისი შემადგენელი ნაწილია პოლიტიკური რეფორმები, ეკონომიკური რეფორმები და რეფორმები უსაფრთხოების და სამხედრო საქმეში.
რადიო თავისუფლება: და როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, ახერხებს საქართველო ამის ჩვენებას? ადგას საქართველო კვლავინდებურად იმ გზას, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ აირჩია?
დევიდ კრეიმერი: მე ვიტყოდი, რომ, უმთავრესად, კი. არც ერთი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში არ არსებობს წრფივი გზა. არ არსებობს გარანტია, რომ რომელიმე ქვეყანა დარჩება დემოკრატიის გზაზე. ხშირად დგება რეგრესის პერიოდი, როდესაც ქვეყანა არასწორ გეზს იღებს. საქართველოსაც ჰქონია უკეთესი და უარესი პერიოდები. უკვე ვახსენე 2007 წელი, ვითარება, რომელიც საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას შეიქმნა. მაშინ „ფრიდომ ჰაუსმაც“, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და დასავლეთის მთავრობებმაც დარბევა ძალიან კრიტიკულად შეაფასეს. ეს, რაც შეეხება წინა მთავრობას. ახალი მთავრობის პირობებშიც, უკვე ვახსენე, რომ არსებობს შეშფოთება ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებსა და ამ პირების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, შეშფოთება პოლიტიკურ რეფორმებთნ დაკავშირებით, შეშფოთება, რომელიც თან სდევს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას. გარეშე დამკვირვებლისთვის - მაგალითად, ჩემთვის - ისე ჩანს, თითქოს მათ შორის მართლაც არსებობს დაძაბულობა... და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რუსეთის გავლენის საკითხი. ამას, ჩემი აზრით, ყველა შეშფოთებით უნდა დააკვირდეს.
რადიო თავისუფლება: მიგაჩნიათ, რომ ამ კუთხით არსებობს შეშფოთების საფუძველი? რუსეთის როლს რაც შეეხება...
დევიდ კრეიმერი: მე მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის, ვისი ტერიტორიაც რეგულარულადაა ოკუპირებული რუსეთის ძალების მიერ, სადაც დემარკაციის ხაზებს რეგულარულად სწევენ უფრო და უფრო ახლოს, სადაც ყოველდღიურად არსებობს რუსეთს მორიგი აგრესიის საფრთხე, რუსეთი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ნეგატიურ ფაქტორს. რუსეთი მუდმივად ცდილობს აქ თავისი ინფორმაციის გავრცელებას. საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ რუსეთში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში და მე არ მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მომავლის განვითარების ჯანსაღი გზა იყოს. შესაბამისად, საქართველო ნამდვილად უნდა დააკვირდეს იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი.
ამავე დროს, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს დე ფაქტო ვეტოს უფლება საქართველოს სწრაფვაზე ერთ დღეს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. თუ ნატო და ევროკავშირი გააგრძელებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ საქართველოს უნდა შეეძლოს, თუ კრიტერიუმებს შეასრულებს, წევრობის განაცხადი შეიტანოს ამ ორგანიზაციებში.
რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, დღეს მართლაც ასეა? აქვს თუ არა რუსეთს დე ფაქტო ვეტოს უფლება, რამდენიმე წევრი ქვეყნისთვის მაინც? და ჩნდება კითხვა - რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს ნატომ ან ევროკავშირმა - ან, ზოგადად, დასავლეთმა - და რამდენად ერთიანია მათი მიდგომა ამ პრობლემისადმი?
დევიდ კრეიმერი: ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკა და მხარი დაუჭირონ შეერთების ყველა მსურველი ქვეყნის ინტერესებს. ამასვე ვიტყოდი ევროკავშირის თაობაზეც. ღია კარის პოლიტიკა, ცხადია, არ ნიშნავს, რომ საქართველო ხვალ გახდება წევრი ქვეყანა. ამას დრო დასჭირდება. ჩვენ კონფერენციაზე მოვუსმინეთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჰყვებოდა, თუ როგორ განუცხადეს მის ქვეყანას, რომ ის ვერასოდეს გახდებოდა ნატოს წევრი. დღეს კი ლიტვა არა მხოლოდ ნატოს, არამედ ევროკავშირის წევრიცაა. ამას კი თან ახლავს დაცვა გარეშე ფაქტორებისგან, როგორიცაა რუსეთი.
ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ შეკითხვა სწორია. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მართალია, ღიად არ ამბობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს დე ფაქტო ვეტოს უფლება. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ფიქრობს, რომ საქართველოსთან უფრო მჭიდრო მუშაობა, მცდელობა, რომ ის მეტად ჩაერთოს დასავლეთის თანამეგობრობაში, რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს. მე მგონია, რომ ეს სრულიად მცდარი დასკვნაა, მაგრამ ასევე მგონია, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სწორედ ასე ფიქრობს.
რადიო თავისუფლება: რუსეთის პროვოცირებას რაც შეეხება, როდესაც ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ხვალ. როდესაც წაახალისებენ საქართველოს და ეუბნებიან, გახდები ნატოს წევრიო, მაგრამ, ამავე დროს, არ ასახელებენ ვადებს და, შეიძლება არ აწესებენ არაორაზროვან, ცალსახა პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველო გახდება ნატოს წევრი... ხომ არ ზრდის ეს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის, ანუ ხომ არ აძლევს ეს რუსეთს მომზადების საშუალებას იმისათვის, რომ გადადგას, თუნდაც, სამხედრო ნაბიჯები, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა?
დევიდ კრეიმერი: მე ძალიან განსხვავებული ინტერპრეტაცია მაქვს იმისა, თუ რა მოხდა 2008 წელს. ჩემი აზრით, როდესაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა არ მისცეს მაპი საქართველოსა და უკრაინას, ამან მოახდინა რუსეთის პროვოცირება. ჩემი აზრით, რუსეთი იმდენად იყო ფიქსირებული ამ აბრევიატურაზე, მაპზე, რომ აღარ მიაქცია დიდი ყურადღება იმას, თუ რა შესთავაზა რეალურად ნატომ საქართველოს - რაც რაღაც კუთხით უფრო წინაც კი იყო წასული, ვიდრე მაპია. მაგრამ რუსეთს იმდენად ჰქონდა დასახული საქართველოსა და უკრაინისათვის მაპის დაბლოკვა, რომ როდესაც დაინახა, რომ ამ ქვეყნებს მაპი არ მისცეს, გადაწყვიტა საქართველოში თავისი გეგმების განხორციელება დაეწყო.
რადიო თავისუფლება: როგორი უნდა იყოს მოკლევადიანი ამოცანები რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ? რა შეიძლება გააკეთოს ევროპამ, ნატომ დღეს, ამ კვირას, ამ თვეში? მიგაჩნიათ, მაგალითად, რომ სანქციები საკმარისია რუსეთის შესაჩერებლად?
დევიდ კრეიმერი: მე სრულიად მხარს ვუჭერდი უკრაინისათვის ლეტალური იარაღით დახმარების გაწევას, რათა მას შეძლებოდა თავის დაცვა რუსეთის აგრესიისგან. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას მხრიდან საშინელი შეცდომა იყო ამ დახმარებაზე უარის თქმა. თუ გახსოვთ, პრეზიდენტი პოროშენკო ვაშინგტონში იყო ჩასული დაახლოებით ერთი წლის წინ, ის წარდგა კონგრესის ორივე პალატის წინაშე, შეხვდა პრეზიდენტს და ითხოვა მსგავსი სახის დახმარება. პრეზიდენტმა იმავე დღეს უთხრა უარი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, ამერიკას, ვალდებულება გვაქვს აღებული. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელსაც უკრაინამ ხელი მოაწერა და დათანხმდა ატომური არსენალის განადგურებაზე, ჩვენ კი, სანაცვლოდ, განვაცხადეთ, რომ დავიცავდით უკრაინის სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი, რუსეთი, თავს დაესხა უკრაინას. დანარჩენმა ორმა ხელმომწერმა კი - ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა - უარი განაცხადა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება გაეწიათ. ჩემი აზრით, ეს საშინელი შეცდომაა, რომელიც არასწორ სიგნალს გზავნის. ზუსტად ისევე, როგორც საქართველოსთვის მაპის არშეთავაზებამ 2008 წელს გაგზავნა არასწორი სიგნალი.