ყურძნის ფასს გლეხები წინასწარ აპროტესტებენ

ყურძნის ფასს გლეხები წინასწარ აპროტესტებენ

სიღნაღის რაიონის ხუთი სოფლის მევენახეებმა ყურძენზე დაწესებული ფასი გააპროტესტეს. მათი აზრით, წელს ფასი მიზერულია და არ გამორიცხავენ, რომ ჩაბარებაზე უარი განაცხადონ. მევენეხეები ადგილზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფასის დარეგულირებასა და ღვინის ქარხნების დროულ გახსნაში ჩართვას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეების განცხადებით, მოსავალი შესაძლოა, ვაზზე დაუკრეფავად გაფუჭდეს.

აქციის მონაწილეებს `ქართული ოცნებიდან~ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი, სიღნაღის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი შეხვდნენ. გელა გელაშვილის განცხადებით, ისინი კერძო კომპანიების მუშაობაში ვერ ჩაერევიან.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, გლეხებმა საპროტესტო აქციით წინასწარ გამოხატეს ეს უკმაყოფილება დაბალი ფასის გამო.

`მე პირადად შევხვდი ამ გლეხებს. რთველი ჯერ არ დაწყებულა და მათი პროტესტი უფრო იმით იყო განპირობებული რომ აინტერესებთ მოახერხებენ თუ არა ჩაბარებას და სად ჩააბარებენ. შესაძლო დაბალ ფასს აპროტესტებენ, რასაც თვითონ გრძნობენ, თორემ ჯერ არავინ ჩასულა და დაბალი ფასი შეუთავაზებია. ისინი გრძნობენ, რომ ფასი ისეთი მაღალი არ იქნება როგორც შარშან და წინასწარ გამოხატეს ეს უკმაყოფილება.

ჩვენ შევხვდით და დავპირდით, რომ ჩაუბარებელი არ დარჩებათ და რაც დაუჯდათ, იმ თანხას ყველა შემთხვევაში აიღებენ; თუმცა თვითონ, ალბათ, უფრო მაღალი ფასი უნდათ. ჩვენ ფასს ვერ ვეუბნებით, უბრალოდ, სახელმწიფო იღებს თავის თავზე, რომ თვითღირებულება მაინც აუცილებლად მიიღონ. გლეხები კი ითხოვენ, როგორც შარშან, 1 ლარს. ზოგადად გამოხატავენ უკმაყოფილებას და პრეტენზიებს, რატომ არ გვიხდიან 1 ლარსო. 

ყველანი საქმის კურსში ჩავაყენეთ თუ როგორია რეალური სურათი. შეთანხმებას ჩვენ ვერ მოვახდენთ იმიტომ, რომ არ ვართ რომელიმე მხარე. 10 სექტემბერს კიდევ ჩავალთ და ვინ რა ფასს შესთავაზებს და რა მოთხოვნა იქნება, კიდევ ერთხელ გავეცნობით. 

ყურძენი იწყებს დამწიფებას, 10 რიცხვიდან უკვე შემოვა. სიღნაღში უკვე იწყებს შემოსვლას, ასე რომ, ამ დღეებში მყიდველი, ალბათ, უკვე გამოჩნდება~, - განუცხადა სამანიშვილმა `კომერსანტს~.

მისი ინფორმაციით, შტაბში 50-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და ელოდებიან, რომ ამ კვირაში მათი რიცხვი 70-მდე გაიზრდება. `ფასზე თავად უნდა მოილაპარაკონ. თუ ვერ შედგა მოლაპარაკება, მაშინ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს, მაგრამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე კერძო კომპანია~, - განაცხადა რთველის შტაბის ხელმძღვანელმა.

გლეხები იმასაც ამბობენ, რომ თუ 1 კგ ყურძენში 1 ლარი არ მიიღეს, ზარალზე წავლენ. მათ ვენახის მოვლა-პატრონობა ძალიან ძვირი უჯდებათ და ამიტომაც ეს ფასი აუცილებელია. სპეციალისტებს კი განსხვავებული ხარჯთაღრიცხვა აქვთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზვიად ბობოქაშვილი ამბობს, რომ 1 კგ ყურძნის მოყვანა მაქსიმუმ 40 თეთრი შეიძლება დაჯდეს.

`ჩვენთან წამყვანი ყურძენი არის რქაწითელი და საფერავი, ამის მიხედვით ხდება დიფერენციაცია. თუკი 1 ჰა-ზე დაახლოებით 10 ტონა მოსავალს მიიღებენ, რქაწითელის შემთხვევაში, 1 კგ-ს თვითღირებულება გამოდის 28-დან 32 თეთრამდე. თუ ეს არის საფერავი, სადაც მოსავალი არის 6-7 ტონა, დანახარჯები შედარებით მეტი იქნება, ამიტომ, თვითღირებულება, შესაძლოა, მეტი იყოს -  40 თეთრი. 

ჩვენ ძალიან კარგი მევენახეები გვყავს, რომლებიც საკმაოდ კარგად ასრულებენ საჭირო ღონისძიებებს: წამლობას, მწვანე ოპერაციებს, გასხვლით ღონისძიებებს, წვერის გადაჭრას და იღებენ საკმაოდ კარგ შედეგს. არიან ფერმერები, რომლებიც 12-15 ტონას კრეფენ ჰექტარზე.

შეიძლება, ერთი ჰექტრიდან, გამართული აგრონომიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 10 ტონა ყურძენი მიიღოს გლეხმა, მაგრამ ერთი ოპერაციაც რომ ჩავარდეს, იმავე ერთმა ჰექტარმა ვენახმა შეიძლება 3 ტონა ყურძენი მოგვცეს. თუ მაღალი არ არის, თვითღირებულების გამოთვლა ასეთ შემთხვევაში რთულია~, - აცხადებს ზვიად ბობოქაშვილი.