ელექტროენერგიის გაძვირებამ მეპურეებს ახალი საბაბი გაუჩინა

ელექტროენერგიის გაძვირებამ მეპურეებს ახალი საბაბი გაუჩინა

ელექტროენერგიის გაძვირება ადგილობრივ წარმოებას დიდ პრობლემას შეუქმნის. ტარიფის ზრდა საწარმოო პროცესს გააძვირებს და პროდუქციის ფასს გაზრდის. წინ შემოდგომის თვეები და მთელი ზამთარია, როდესაც ინფლაცია პიკს აღწევს. ამ ფონზე შედარებით იაფ ადგილობრივ ნაწარმზე ფასის მატება მომხმარებელს დიდ პრობლემას შეუქმნის.

გაძვირება, სავარაუდოდ, ყველა სეგმენტს შეეხება, სადაც კი ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია, მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად პურის ფასი აინტერესებს. დენის ტარიფის ზრდის გამოისობით ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ცდილობს, რომ პურპროდუქტებზე ფასი შენარჩუნდეს, თუმცა მწარმოებლებს სხვა მოსაზრება აქვთ.

`ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ელექტროენერგიის ხვედრითი წილი არ არის კრიტიკული. ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც ხელგვეწიფება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაძვირება არ მოხდეს~, - განაცხადა დანელიამ.

მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლება მინიმუმამდე დაიყვანონ. სწორედ ამ მოტივით გადაავადეს ფქვილის რეგლამენტი მომავალი წლის 1 იანვრამდე.

პურპროდუქტების ასოციაციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით აკეთებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ასეთ დამაიმედებელ განცხადებას. გაძვირდება თუ არა პური დენის ტარიფის მატების გამო, ამასთან დაკავშირებით დოლიძეს ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს.

მეპურეები სულ სხვაგვარად უყურებენ სამომავლოდ პროდუქციაზე ფასის შენარჩუნების საკითხს. კომპანია `მარგის~ დირექტორი ნოდარ გურგენიძე აცხადებს, რომ განიხილება პურის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირების საკითხი.

მისი თქმით, სემეკის გუშინდელი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, პურის მწარმოებლებისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. მისი ინფორმაციით, კომპანია `მარგი~ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დააკვირდება პროცესებს და თუ ფქვილის ფასი არ შემცირდა, იძულებული იქნება პური გააძვიროს.

`ვიცით, რომ ეს მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, მტკივნეულია ჩვენთვისაც, თუმცა თუ ფქვილის ფასმა არ შეგვიწყო ხელი, სხვა გამოსავალი არ გვექნება~, - აცახდებს გურგენიძე `კომერსანტთან~ საუბრისას.

კომპანია `იფქლის~ გენერალური დირექტორი შაქრო ბაკურაძისთვის ამ დროისთვის უცნობია გააძვირებს თუ არა პურს.  მისი თქმით, კომპანიას ჯერ ფასის ზრდის გადაწყვეტილება არ მიუღია.

პურპროდუქტების მწარმოებელთა ნაწილი პურის გაძვირებას სექტემბრიდანაც პროგნოზირებდა, რის მიზეზადაც ფქვილზე ფასის ზრდას ასახელებდა.

სექტემბრისთვის მწარმოებლებმა პურის გაძვირების თავიდან აცილება შეძლეს. დენის ტარიფის ზრდის შემდეგ კი მათი ნაწილი ამ საფრთხეზე ისევ ალაპარაკდა.