ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში „კანონიერი ქურდები“ ჩაერთვნენ?

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში „კანონიერი ქურდები“ ჩაერთვნენ?

რაც უფრო ახლოვდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო იძაბება სიტუაცია და როგორც „ქრონიკას“ ატყობინებენ სხვადასხვა წყაროები, საქმეში უკვე ე.წ. კანონიერი ქურდებიც  კი ჩაერივნენ.

3 ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა, ვის დარჩება ბურთი და მოედანი - არველაძეების კლანს, რომელიც ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის ქებაზეა გადასული, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ლევან კობიაშვილს, რომელიც უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს საფეხბურთო წრეებში, თუ მერაბ ჟორდანიას, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო ათასნაირ მაქინაციაში გარეული? როგორც უკვე გითხარით, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ეს ყველაფერი დაიწყო ლანჩხუთიდან, როცა რეგიონალური ფედერაციის ოფისთან ხმაურიანი გარჩევა მოეწყო - გამგეობის წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ებრალიძემ უკანონოდ, წესების უხეში დარღვევით, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად, ხმის უფლებით გოჩა ტყებუჩავა. თავად კახა ებრალიძე აცხადებს, დებულებაში არსად არ მიწერია, ჩემი გადაწყვეტილება გამგეობის წევრებთან, რომ უნდა შემეთანხმებინაო (მაშინ რა საჭიროა გამგეობა?!).

ეს იყო პირველი სერია, მეორე სერიაში საქმე უკვე კანონიერ ქურდებამდე და შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა: ინკოგნიტო წყაროს თქმით, არსებობს ასეთი ადამიანი - გრიშა თორდია, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. თურმე ბატონ გრიშას შუბლის გახვრეტით დაემუქრა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი, შოთა პატარაია:

„პატარაია გახლავთ „კანონიერი ქურდის“ ამირან ებრალიძის მძახალი და მხარს უჭერს რეზი არველაძეს. პატარაია, ასევე, მეგობრობს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან. კლანური წრე შეკრულია, არველაძე უკვე იბრძვის ბინძური მეთოდებით და ებრალიძის საშუალებით საქმეში ჩარია ქურდები“.

4 სექტემბერს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გურიის სამხარეო, მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო გრიშა თორდიას მიმართ განხორციელებული მუქარა. რა მოხდა კონკრეტულად 3 სექტემბერს? „ქრონიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, ბენო თავბერიძე, ასევე, აღმასკომის წევრები - გრიშა თორდია, ამირან ვანიძე და იური ჩხაიძე, ავტომანქანით ჩოხატაურიდან მიემგზავრებოდნენ ლანჩხუთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ფედერაციის აღმასკომის კრებაში, სადაც უნდა არჩეულიყო დელეგატი, რომელიც მიიღებდა ხმის უფლებას, შემდეგ კი ამ დელეგატს 3 ოქტომბრისთვის გამოგზავნდნენ თბილისში:

„მგზავრობისას გრიშა თორდიას თავის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შოთა პატარაია, რომელიც დაემუქრა სიცოცლხლის მოსპობით, თუკი ლანჩხუთში ჩავიდოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი, პატარაია“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო ცხადაძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 151-ე, ანუ მუქარის მუხლით, რომელიც კოდექსში ასეა ფორმულირებული: „სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, - ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დონეზე გაუჩნდა შიში ბატონ გრიშა თორდიას, მაგრამ თუ დადასტურდა, რომ შოთა პატარაია თავისი მძახლის, „კანონიერი ქურდის“, ამირან ებრალიძის სახელით დაემუქრა და იგივე ებრალიძე საქმეებს არჩევს რევაზ არველაძის სასარგებლოდ, მაშინ ყველანი ქურდული სამყაროს „პადელნიკები“ გამოდიან. ისე, არც არის გასაკვირი, ამას წინებზე ერთგან მოვხვდი, სადაც ერთი ყოფილი მწვრთნელი „გაიჩითა“, დაიწყო და რა დაიწყო,  - მეო, ისეთი მაგარი ვარო, ჩემი გუნდი ამა და ამ წელს საქართველოს ჩემპიონი გავხადე, ღამის 3 საათზე ჩემს კოლეგებს სახლში თავზე ვადგებოდი, ფულს ვაძლევდი, კაი დედმამიშვილები იყვნენ, უარი ეთქვათო. გადავამოწმე, იმ წელს მართლაც მისი გუნდი გახდა ჩემპიონი. ამ თაღლითმა არც იცოდა, ვინ ვიყავი, თორემ ამდენს არ ილაქლაქებდა. მერე  მოჰყვა, ჯერ ძალა კიდევ მაქვს, ახლა მავანს მოვიშორებ, თვითონ ნარკომანია, მაგის სიძე კიდევ „ბარიგაო“. ჰოდა, ამიტომ ვამბობ, ამ სფეროში დიდი სიბინძურეები ტრიალებს. ვნახოთ, ამდენი ბინძური გარიგებისა და მილიონების გაფლანგვა-მითვისების შემდეგ, წესით, ფედერაციის ხელმძღვანელად ნორმალური ადამიანი უნდა მოვიდეს სათავეში, თუ სათავეში ისევ კლანური მმართველობა დარჩა, მაშინ არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.