ბოლო თვეების განმავლობაში ლომბარდებში ხალხი ნივთებს მასობრივად ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ კლიენტურა მოუმრავლდა და წესით, ეს მათ შემოსავალსაც უნდა დასტყობოდა, მოხდა პირიქით და ლომბარდების დიდი ნაწილი დაზარალდა.
რაც დრო გადის მომხმარებლის გადახდისუნარიანობა მცირდება. ლომბარდების მენეჯერთა განცხადებით, კლიენტთა დიდი ნაწილი პროცენტის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ.
„რამდენიმე ათასი ლარის ოქრო და ტექნიკა დაგვიგროვდა. მაგრამ იმის გამო, რომ პროცენტს ვერ იხდიან, იძულებული ვართ, გავყიდოთ. სალომბარდე სესხის აღებისკენ მოსახლეობის უმეტესობას ლარის გაუფასურებამ უბიძგა, რამაც დოლარში აღებული ვალდებულებების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა“, - აცხადებენ ლომბარდების მფლობელები.
შექმნილ პრობლემებზე საუბრობს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო ლომბარდის მენეჯერი. მზია ქართველიშვილის ინფორმაციით, ხალხს უჭირს არა მხოლოდ დაგირავებული ნივთის გამოხსნა, პროცენტის გადახდაც. დღესდღეობით ყველაზე ხშირად მობილურ ტელეფონებს და ოქროს ალომბარდებენ.
„ლარის გაუფასურების პროცესმა, რომელიც წინა წლის ნოემბერ-დეკემბრიდან დაიწყო ჩვენი ბიზნესიც „ჩაითრია“. ხალხს გადახდის საშუალება აღარ აქვს. მომხმარებლების ნახევარზე მეტი ნივთის გატანას ვერ ახერხებს. ზოგიც პირდაპირ გვეუბნება, რომ ვერ ნივთი გავყიდოთ.
ცალკე პრობლემაა ის, რომ ამ ძვირფასეულობას ჩვენ რეალურად ვერ ვასაღებთ. ოქრო მოვაჭრეებს იაფად შეთავაზებულიც აღარ უნდათ. ბირჟაზე ჩაბარება გვიჭირს და სხვაგან გაყიდვა კი წარმოუდგენელია. ოქროს შესაძენად ლომბარდში არავინ მოდის, ფაქტობრივად, ჩარჩენილ ნივთს ვეღარსად ვაბარებთ. რამდენიმე ათასი ლარის გაუყიდავი ოქრო და ტექნიკა დაგვიგროვდა. სანამ კურსი არ დაბალანსდება და ხალხს ფინანსური სახსრები არ გამოუჩნდება, ბიზნესს საქართველოში მუდმივად ექნება პრობლემა. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს საქმიანობას, ყველგან პრობლემაა“, _ ამბობს მზია ქართველიშვილი.
ეკონომისტი მიხეილ დონდუა ამბობს, რომ 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70% ფინანსურ შუამავლობაზე მოდის, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე, რაც ეკონომიკისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდების გააქტიურება აშკარად თვალშისაცემია. მათი საკრედიტო შეთავაზებების ბოლო გააქტიურება სწორედ სამომხმარებლო კრედიტების მიმართულებით არის, რომელიც სავაჭრო ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე ეკონომიკის ზრდაზე. ამ შემთხვევაში საჭიროა სერიოზული მარეგულირებელი პოლიტიკის გატარება. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება, სესხის მიწოდების პოლიტიკას, ლომის წილი - 70% ფინანსურ შუამავლობაზე მოდის. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ეს არის ბანკთაშორისი კრედიტები, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს, პირიქით, ამძაფრებს. თუ კრედიტების საგარეო ნაკადების 70% საბანკო სივრცეს არ ტოვებს, ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ხმარდება არა ეკონომიკის გაძლიერებასა და სექტორების დაფინანსებას, არამედ ბანკთაშორის გაცვლას“, - განუცხადა დონდუამ „ბიპიენს“.
ბოლო ტენდენციებიდან აღსანიშნავია, რომ სალომბარდო ბიზნესი უფრო და უფრო ფართოვდება. მსგავსი დაწესებულებები უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, არადა მომხმარებელი სულ უფრო გადახდისუუნარო ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ამ ბიზნესში კრიზისი გარდაუვალი იქნება.