ბიზნესის სპეკულაციამ გაჭრა - ფქვილის ხარისხის კონტროლი რამდენიმე თვით გადავადდა

ბიზნესის სპეკულაციამ გაჭრა - ფქვილის ხარისხის კონტროლი რამდენიმე თვით გადავადდა

ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ნაცვლად პირველი სექტემბრისა, 2016 წლის პირველი იანვრისთვის ამოქმედდება. რეგლამენტის გადავადების შესახებ უკვე არსებობს მთავრობის №438 დადგენილება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის  №376 დადგენილებაში შევიდა ცვლილება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა იყოს უვნებელი და ადამიანის მოხმარებისათვის დაშვებული. ხორბლის ფქვილს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ მწერებს, არ უნდა იყოს დაბინძურებული (მათ შორის, ცხოველური წარმოშობის მინარევებით, მკვდარი მწერებით), რომელიც, შესაძლოა, რისკს უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილის განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტების შემუშავების მიზანია ქვეყანაში რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა. ეს შეეხება როგორც წარმოებას, ისე გადამუშავებასა და პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.

„ტექნიკურმა რეგლამენტმა დაადგინა ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ერთიანი პრინციპები. ეს ყველაფერი გათვლილია მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის“, - აღნიშნა ქეთევან ლაფერაშვილმა. ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება უშუალოდ ხორბალზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე ან იმ ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის, არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე.

დაფქვის სიმსხოს მიხედვით ხორბლის ფქვილი იყოფა ექსტრა, უმაღლესი ხარისხის, გამტკიცული, პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხის და ცეხვილ ხორბლის ფქვილად. 

რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, რეგლამენტის ამოქმედების გადავადება ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით მოხდა.

„ბოლო პერიოდში საუბარი იყო ფქვილის იმპორტთან დაკავშირებულ გარკვეულ შეფერხებებზე. ჩვენ არ შევქმნით საფუძველს სპეკულაციისთვის. მნიშვნელოვანია ბეზნესსექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარებაც; სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველი იანვრისთვის გადაგვეტანა“, - აღნიშნა დანელიამ.

ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ქართველი მწარმოებლები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამით სახელმწიფო ფქვილის ხარისხს დაიცავს. ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ფქვილის ხარისხზე ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც 2004 წელს საბაჟოზე, სხვა პროდუქტებთან ერთად, ამ პროდუქტის შემოწმებაც გაუქმდა.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი რეგლამენტები მუშავდება. ეს არის მსოფლიოში მიღებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოხდება პროდუქტის ხარისხობრივი შემოწმება“, - ამბობს სილაგავა.