ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა, რის მიზეზადაც სახელდება ის გარემოება, რომ კონტრაქტორი კომპანიები უარს აცხადებენ დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაზე.
არაერთგზის შეჩერებული და გადავადებული პროექტის დასრულება ვერაფრით ხერხდება. აზერბაიჯანულ მედიაშიც კი გაჩნდა ცნობები, რომ თურქეთში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ აღნიშნული პროექტის გაშვება, შესაძლოა, ჩაშალოს. ჯერჯერობით სამი ქვეყნის ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ სარკინიგზო პროექტს მორიგი პრობლემები აქვს.
თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე კომენტარისას აზერბაიჯანის სახელმწიფო რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნადირ ახმამედოვმა განაცხადა, რომ თურქულ მხარეს ბაქო არ გაუფრთხილებია პროექტის საკუთარ მონაკვეთზე პრობლემების არსებობის შესახებ. ანკარამ მიიღო სახელმწიფო ვალდებულება, თურქეთის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაასრულოს.
სააგენტო `ტრენდთან~ საუბრისას თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შეჩერების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
თურქული მედიის ინფორმაციით, დღეისათვის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მშენებლობაში 204 მილიონი მანათია ჩადებული და დაგეგმილი სამუშაოების მხოლოდ 39%-ია შესრულებული. ამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს გათვლებით, თურქეთის მონაკვეთზე სამუშაოების დასასრულებლად კიდევ 200 მილიონი მანათია საჭირო, რაც 600 მილიონ მანათამდე ზრდის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ღირებულებას. ეს კი დაგეგმილ ხარჯებს სამჯერ აღემატება.
`კომენრსანტის~ ინფორმაციით, ამჟამად თურქეთის მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 76 კილომეტრს შეადგენს, მშენებლობა შეჩერებულია.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. რკინიგზის ექსპლოატაციაში შეყვანა 2015 წელს იგეგმება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას შემდეგ, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ასევე შესაძლებელი იქნება დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანა და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა ირანიდან მომავალი არსებული სატრანზიტო გზების ნაცვლად.
სულ რამდენიმე თვის წინ ილჰამ ალეივმა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე ბაქო-ყარსის პროექტს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. `აზერბაიჯანი აშენებს კასპიის უმსხვილეს პორტს, რომელსაც 25 მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია. ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი სარკინიგზო `აბრეშუმის გზა~ გახდება~, - აღნიშნა ალიევმა.
მას კვერი დაუკრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ეკონომიკური განვითარების მაღალ კოეფიციენტს შექმნის.
`ეს არის გეოსტრატეგიული მასშტაბის პროექტი, რომლის საშუალებით აზია და ევროპა უერთდება ერთმანეთს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი დააინტერესებს შუა აზიის ქვეყნებს, ავღანეთს. ვფიქრობ, ამ პროექტმა უნდა მოიტანოს სტაბილურობა და სიმშვიდე~, - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.
პროექტის წარმატებით დასრულებაში ეჭვი არ ეპარებოდა საქართველოს მთავრობასაც. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რკინიგზის სრულფასოვნად ამოქმედებას წლის ბოლოს ელოდა.
`ფაქტობრივად ყველა წინაპირობა არსებობს, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ექსპლოატაციაში შევიდეს. ეს ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, მუშაობა კარგი ტემპით მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ ძალიან წარმატებით იმუშავა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი ვადებში დასრულდება~, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ჩანს, მეზობელი ქვეყნის მინისტრების სურვილი და შემართება პროექტის დასასრულებლად საკმარისი არ არის - დაძაბულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს ახალი პროებლემა შეუქმნა.