მათემატიკა და ფულის უკანონო გადინება

მათემატიკა და ფულის უკანონო გადინება

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოდან ფულის მასის უკანონო გადინებამ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართალია საქართველო ამ სტატისტიკით „მოწინავე ქვეყნების“ მხარდამხარ არ მოიაზრება, მაგრამ 4 მილიარდი დოლარი პატარა ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვანი თანხაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის მათიას ჰუტერის განცხადებით, საქართველოდან გადინებული უკანონო ფულის მოცულობა ამერიკელმა ეკონომისტებმა მათემატიკური ფორმულის მიხედვით დაითვალეს. ორგანიზაცია „გლობალური ფინანსური ერთიანობის“ (GFI) ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოდან გადინებულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ანგარიში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ეს არ არის ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა. გამოქვეყნებული სტატია არის აშშ-ში გაკეთებული დასკვნის მოკლე შინაარსი. რაც შეეხება თანხებს, მოხდა მათი კალკულაცია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან დაკავშირებითაც, რაც ეფუძნება მათემატიკურ მოდელს. 

ამ კვლევაზე იმუშავეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და შეიძლება ითქვას, რომ მათ ამისთვის გამოიყენეს მათემატიკური ფორმულა“, - განაცხადა ჰუტერმა. 

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარი არ არის საბანკო არხებით გაედინა უკანონო ფული საქართველოდან თუ სხვა რაიმე კონტრაბანდული გზებით. ანგარიშის - „განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ“ მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან გასულმა უკანონო ფულის მოცულობამ 4.1-დან 4.3 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შეადგინა. 

GFI-ის მკვლევარებმა, საქართველოდან გადინებული უკანონო ფინანსური რესურსების შესაფასებლად, საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული საფასო ცდომილებების მონაცემები გამოიყენეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2000-08 წლების განმავლობაში საქართველოდან გადინებული უკანონო ფულის რეალური მოცულობა მერყეობდა 4.1 მილიარდ აშშ დოლარსა და 4.3 მილიარდ აშშ დოლარს შორის. საშუალო წლიური მონაცემი კი 456-474 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, რის მიხედვითაც, უკანონო ფულის გადინების თვალსაზრისით ქვეყანათა რეიტინგში საქართველო 74-ესა და 87-ე ადგილებს შორის განთავსდა. 

აღნიშნულ ჩამონათვალში, 2000-08 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, პირველ 5 ადგილს ინაწილებდნენ: ჩინეთი - 2.18 ტრილიონი აშშ დოლარი, რუსეთი - 427 მილიარდი, მექსიკა - 416, საუდის არაბეთი - 302 მილიარდი და მალაიზია - 291 მილიარდი დოლარი.

საქართველოდან გადინებულ უკანონო ფულის მასას ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ქვეყნიდან წასულ ბიზნესმენებს ან მაღალჩინოსნებს უკავშირებს.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ბიზნესმენს ნებაყოფლობით თუ იძულებით მოუხდა ქვეყნის დატოვება. ბუნებრივია, მათ შეძლეს საკუთარი აქტივები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჰქონდათ დაბანდებული, საზღვარგარეთ სხვადასხვა გზით გაეტანათ. გარდა ამისა, ქვეყნიდან ფულის გადინების არალეგალურ მაჩვენებელში შესაძლოა აისახა ქართველი ჩინოსნების მიერ ქვეყნის გარეთ გატანილი თანხები.

რა თქმა უნდა, მათ ხელი მიუწვდებათ ისეთ საშუალებებზე, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, აღრიცხვის გარეშე გაიტანო ქვეყნიდან გარკვეული აქტივები. სავარაუდოდ, ამ აქტივების გარკვეული ნაწილი, ოფშორული კომპანიების გავლით შემდეგ, ისევ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც ქვეყნის გარეთ რჩება“, - აცხადებს „ინტრეპრესნიუსთან“ საუბრისას ლექვინაძე. 

მისივე თქმით, უკანონოდ გადინებული 4 მლრდ აშშ დოლარი საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რადგან 2000-08 წლებში ქვეყანაში მაქსიმუმ 8 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყნიდან ნებისმიერი კაპიტალის გადინება, ლეგალური გზით ხდება თუ უკანონოდ - ეს არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ მოხდეს მეტი ინვესტიციის დაბანდება.