ცვლილებები „იმედში“ - პოლიტიკური დავალება თუ არხის პოლიტიკა

ცვლილებები „იმედში“ - პოლიტიკური დავალება თუ არხის პოლიტიკა

ახალ სატელევიზო სეზონზე, ტელეარხ „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღარ გავა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ - ორივე გადაცემა ამ არხზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიჰყავდა. „იმედმა“ ეს ფაქტი გადაცემების ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილებით ახსნა, თუმცა თავად წამყვანი აცხადებს, რომ ის არავის გაუფრთხილებია და მომხდარს პოლიტიკურ დავალებად მიიჩნევს. „იმედის“ გადაწყვეტილება მედიაზე შეტევად შეფასდა ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორშიც. 

მას შემდეგ, რაც შაბათს ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის ორი თოქშოუს შეჩერების შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელა, საზოგადოებას დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ აღარ მიუღია, თუმცა გადაცემების წამყვანი ინგა გრიგოლია, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური საფუძველი აქვს და „იმედმა“ ხელისუფლების დავალება შეასრულა. არხის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით მეტს არაფერს ამბობს, თავად გადაცემა „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ წამყვანი ინგა გრიგოლია კი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი გადაცემების დახურვა, შესაძლოა, ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, პირად გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. ზოგადად თოქშოუების დახურვა რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამაში მას ეჭვი არ ეპარება:

„მე მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი რეაქცია და არ დავიჯერო, რომ ეს იყო მხოლოდ მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან გადაცემას ჰქონდა ძალიან მაღალი რეიტინგი და დიდი სარეკლამო შემოსავალიც. ტელევიზიის კანონია, რომ არც ერთი არხი ასეთ რეიტინგულ გადაცემებს არ ხურავს. ამიტომ მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური დავალება, რომელიც, სამწუხაროდ, „იმედმა“ შეასრულა“.

გავიხსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართველმა მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. პატარკაციშვილის შემდეგ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დაეუფლნენ. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ „იმედი“ კვლავ დაუბრუნდა პატარკაციშვილის ოჯახს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მედიაზე სრული კონტროლის დამყარების სურვილი - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ისე არხის ხელმძღვანელობას გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას:

„ქართული ოცნება“ აღარ მალავს თავის სურვილს სრულად გააკონტროლოს მედია, თუმცა საქართველოს საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ტელეკომპანია „იმედსაც“ მინდა მივმართო, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება“.

არხის ახსნა-განმარტება დამაჯერებელი არ არის არც „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილისათვის. ის აცხადებს, რომ როგორც „რუსთავი 2-ში“, ისე „იმედში“ მიმდინარე პროცესებზე მათმა მფლობელებმა ღიად უნდა ილაპარაკონ. 

31 აგვისტოს ერთობლივი საპროტესტო განცხადება გაავრცელეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა.განცხადებას ხელს აწერს „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი“ შალვა ნათელაშვილიც: „ხელები შორს მედიისგან, თავისუფალი სიტყვისგან, თავისუფალი პრესისგან“, განაცხადა ნათელაშვილმა. 

ხელისუფლებისათვის მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები მიუღებელია. 31 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ შემდეგ ექვს თვეში „იმედში“ გასული გადაცემები იქნება ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც პასუხს გასცემს შეკითხვას, თუ რატომ დაიხურა ინგა გრიგოლიას გადაცემა. 

მედია დღეს უპრეცედენტოდ თავისუფალია, თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოც. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის წინ ორი რეიტინგული გადაცემის დახურვა „უარყოფითად აისახება როგორც მედიის მრავალფეროვნებაზე, ისე პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობაზე ქვეყანაში“.

ქარტიის საბჭოს შეუსაბამოდ მიაჩნია გადაწყვეტილების გასაჯაროებისა და არხის რეიტინგული წამყვანის გათავისუფლების ფორმაც. საბჭოს აზრით, „იმედის“ ოფიციალური განცხადება უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს.

ტელეკომპანია „იმედის“ რამდენიმეწინადადებიანი განცხადება მხოლოდ იმას ამბობს, რომ „საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედი“ დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს“: 

„ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისებრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან“.

რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან და რატომ მიიღო არხის ხელმძღვანელობამ ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეს გადაწყვეტილება, უცნობია. თავად ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მისთვის გადაცემების შეჩერების ან ფორმატის შეცვლის თაობაზე არავის არაფერი უთქვამს. 

მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი ნინო დანელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ „იმედის“ ნაჩქარევი, შეცდომებით სავსე განცხადებაც აძლიერებს ეჭვს, რომ რეიტინგული გადაცემების დახურვა არ ყოფილა მხოლოდ არხის მენეჯმენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება:

„როდესაც მენეჯმენტი თავისთვის არამომგებიან დროს იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და ხურავს ორ რეიტინგულ გადაცემას, მეეჭვება, რომ ეს მხოლოდ ბიზნესის ან გადაცემის ფორმატის საკითხი იყოს - მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტი თავად აცხადებს, რომ მასთან რაიმე ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. ჯანმრთელ ვითარებაში ასეთი რაღაცები, როგორც წესი, წამყვანთან თანხმდება“.

ნინო დანელია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს გააჩუმოს დღეს მის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2“-ც და კრიტიკამ იკლოს ყველა სხვა სივრცეში. „იმედის“ შემთხვევაში, ფიქრობს ნინო დანელია, ეს შესაძლოა იყოს არხის თვითცენზურაც, ოღონდ ხელისუფლების მითითებებით გამოწვეული.მედიის გაჩუმების მცდელობა კი, ნინო დანელიას აზრით, ამ ორი ამბით არ დაწყებულა:

„ვფიქრობ, ეს ამბავი დაიწყო ცოტა უფრო ადრე, როდესაც პრესკონფერენციებზე კუთხეში აყენებდნენ კრიტიკული კითხვის დამსმელ ჟურნალისტებს, როცა „მიჯირყვნით“ ემუქრებოდნენ, როცა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთის შემსრულებლებს ეძახდნენ. ჯერ ასე, სიტყვიერად თრგუნავდნენ ჟურნალისტებს, შემდეგ დაიწყო ასეთი შეფარული მცდელობები ჟურნალისტების და კრიტიკული მედიის გაჩუმების და ახლა კი, როგორც ჩანს, თვითონ მენეჯმენტი აწარმოებს თვითცენზურას, რაც, როგორც წესი, არ ხდება თავისთავად, ასეთ გადაწყვეტილებას აქვს მკაფიო საფუძველი, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც არხმა ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და რა გადაწყვეტილებები მიეღო“.

როგორც ნინო დანელიამ გვითხრა, მიმდინარე კვირაში შეკრებას და მკაფიო განცხადების გაკეთებას გეგმავს მედიაკოალიციაც. 31 აგვისტოს საზოგადოების ერთმა ნაწილმა თოქშოუების დახურვა ტელეკომპანია „იმედის“ შენობის წინ გამართული აქციითაც გააპროტესტა.