2014 წლის 13 დეკემბერს, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, კომპანია RMG Gold-მა საყდრისიდან, მადნის მოპოვება, რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. სახელმწიფომ ამ კომპანიას ლიცენზია 2021 წლამდე გაუგრძელა და გარემოსთვის საზიანო ქმედებები საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე დღესაც მიმდინარეობს. RMG Gold-ის ქმედებებზე ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა დიდი ხნის წინ განაცხადა: „მიწასთან ასწორებენ, მუშაობენ 24 საათი. არ ჩერდებიან ღამითაც, ილიჩის ნათურების შუქზე მუშაობენ. ასევე, დღე და ღამე მუშაობენ კვირაცხოვლის ქედზე, არჩილ კბილაშვილი კი, ცრუობს, როცა ამბობს, ნარჩენებს ვამუშავებთ და მადნის მოპოვება არ ხდებაო“. ამას პრემიერის განცხადება მოჰყვა: „კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ადგილს. ის, რომ ოქროს საბადო იყო, არ არის დადასტურებული. ინვესტორმა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დაასაქმა 3 ათასი მუშახელი”. ამასობაში გაირკვა, რომ ხსენებულმა კომპანიამ გარემოს საკმაოდ დიდი მასშტაბის ზარალი მიაყენა, რასაც გარემოს დაცვის უწყებაშიც ადასტურებენ - აგულაშვილის უწყებამ პროკურატურაში განაცხადი შეიტანა... „ქართული სიტყვა“ საყდრისის დამცველ ნინო მიქიაშვილს ესაუბრა:
- 31 დეკემბერს, ვიდრე ახალი წელი გათენდებოდა, შევიტყვე კულუარული ინფორმაცია, რომ RMG Gold-მა გარემოს ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. ამიტომ იმავე დღეს განცხადებით გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართე და ზიანის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვე. 20 იანვარს უწყებიდან მიპასუხეს, რომ ზარალის რაოდენობა ბოლომდე დათვლილი არ ჰქონდათ და, შესაბამისად, არაფერი გამიხმაურებია. 22 ივლისს კი, თავიდან მივმართე სამინისტროს, მაინტერესებდა, თუ რა მოცულობის იყო ზიანი. საბოლოოდ, დამიდასტურეს, რომ კომპანია RMG Gold-მა, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, თავისი საქმიანობით, ერთი წლის განმავლობაში, გარემოს 29 მილიონ 153 ათას 880 ლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. საუბარია 2013 წელს, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზე, სადაც აფეთქებული საყდრისიდან ამოღებული მადანი მიაქვთ და ამუშავებენ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს მასალები პროკურატურაში გაგზავნა, თუმცა კომპანიას ლიცენზია მაინც გაუგრძელეს.
- 2014 წლის დეკემბერში, როცა გარემოს დაცვითი უწყება ზიანის დათვლაზე მუშაობდა, ამ ზარალის შესახებ სხვა სამინისტროებმა იცოდნენ?
- ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს. მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს მასალები კი არა, ძალიან ბევრი საჩივარი არსებობს. საყდრისის გარდა, მის ახლოს მდებარე ტერიტორიებიც განადგურებულია: რაღაც წისქვილია, რომელშიც მადანს ფქვავენ, შემდეგ, მანქანებით გამოსატუტ ადგილას მიაქვთ და მასალას ციანიდით ამუშავებენ. სწორედ ამ გამოსატუტი მოედნების მშენებლობისას მიადგა გარემოს ძალიან დიდი ზარალი. RMG Gold-ს საკმაოდ დიდი სალიცენზიო ტერიტორიები აქვს, რომელშიც მოქცეულია სხვადასხვა ისტორიული ძეგლი - ეკლესია, სამარხები და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის ზარალთან გვექნებოდა საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საყდრისის აფეთქების ნებართვა მაინც გაიცა.
2015 წლის პირველ იანვარს, ხსენებულ კომპანიას ლიცენზიის ვადა ეწურებოდა და 2014 წლის დეკემბერში, რა თქმა უნდა, ლიცენზიის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა და არც გარემოს დაცვის სამინისტრომ დააყოვნა. RMG Gol-ს საყდრისი სრულად არ ჰქონდა ათვისებული და ლიცენზიის განახლება ამიტომაც სჭირდებოდა. აი, ამ პერიპეტიების მიუხედავად, პრემიერმა განაცხადა, რომ 3000 კაცს ულუკმაპუროდ ვერ დატოვებდა. ესე იგი, მთავრობამ განადგურებული გარემო უგულებელყო...
- პროკურატურაში შეტანილი მასალების გამოძიება რა ეტაპზეა, ან RMG Gold-ს რა სანქციას დააკისრებენ?
- პროკურატურაში მასალები ბევრმა მხარემ შეიტანა, მაგალითად, მე და მამუკა ნოზაძემ, საია-მ... როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ რა მოხდება, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ალბათ, პროკურატურასაც მივმართავ და ვნახოთ, რას მიპასუხებს. ისიც არ ვიცი, საქმე რა მუხლითაა აღძრული, ან საერთოდ, არის თუ არა... იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა. საყდრისი ყველას სტკივა, თუმცა აჯობებდა, ქუჩაში მეტი ხალხი გამოსულიყო და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაგვედგა.