ინტერვიუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან
– რა მდგომარეობა დაგხვდათ სამინისტროში?
– ასე დავიწყოთ, რა მდგომარეობა დახვდათ ჩემ წინამორბედებს. მე რომ მკითხოთ, ჯერ ხათუნა გოგალაძეს და შემდეგ ელგუჯა ხოკრიშვილს ეს სამინისტრო არ დახვდათ. მათ დახვდათ თავისი რეალური შინაარსიდან გამოშიგნული უწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ჰქონდა რაღაც ფუნქციები გადაცემული. პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი იყო. ჩემ წინამორბედებს მოუწიათ ამ ფუნქციების დაბრუნება, სამართლებრივი ბაზის ხელახლა შექმნა. ეტაპობრივად მათ დაიწყეს ის, რის გაგრძელებასაც მე ვგეგმავ. მადლობას ვუხდი, რომ მძიმე, შავი სამუშაო მათ უკვე შეასრულეს. მომცეს კარგი სასტარტო პირობები. ჩემთან შედარებით ხათუნასაც და გუჯასაც ცუდი სასტარტო პირობები ჰქონდათ.
– თქვენი წინამორბედები ძალიან მოკლე პერიოდში წავიდნენ თანამდებობიდან. თქვენი აზრით, რატომ მოუწია გარემოს დაცვის სამინისტროს ასე სწრაფად ხელმძღვანელების გამოცვლა?
– ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. საფიქრალი იმდენია, რომ ამისთვის არ მცალია.
– ოპონენტების მოსაზრება ისიც იყო, რომ თქვენმა წინამორბედებმა ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გარკვეული ფუნქცია შეასრულეს და ამის შემდეგ გაარიდეს სამინისტროს.
– ჩვენს ოპონენტებს ვერ დასწამებ, რომ ფანტაზია აკლიათ. პოლიტიკა გაძლევს მეტი სითამამით ისეთი ვარაუდების გამოთქმის შესაძლებლობასაც კი, რომელიც უსაფუძვლოა. მე მგონი მაინც არ უნდა მისცე ადამიანმა საკუთარ თავს უფლება, ვარაუდი რაღაცას მაინც უნდა ეყრდნობოდეს და აბსოლუტურად ყურით მოთრეული არ უნდა იყოს. ლიცენზიებზე ბრალდებებს კონკრეტიკა სჭირდება. მე ხომ მოვედი და გავერკვიე? გუჯას თურმე თვეების განმავლობაში უკვე მართლა უნდოდა წასვლა. როგორც ჩანს, ეს არავინ დაიჯერა.
ერთ-ერთი მოადგილე, მოვედი თუ არა, მივლინებაში ყოფნიდან დაბრუნდა და წავიდა. ისიც თურმე დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა. ერთ-ერთი სააგენტოს უფროსი, მოვედი თუ არა წავიდა სამსახურიდან. მე არ მითქვამს მათთვის წასულიყვნენ. იცით რაშია საქმე? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წყნარი სამინისტრო ჩანს, თავისი შინაარსით არის ძალიან საპასუხისმგებლო. დაახლოებით თხუთმეტი ძირითადი დარგი გვაქვს. მაგალითად, ბრაკონიერები, ტყე, წიაღი, ნებართვები, ლიცენზიები, ინფორმაცია და განათლება, სატყეო პოლიტიკა, რადიაციული უსაფრთხოება, ნიადაგი, ჰაერი, მეტეოროლოგია, აგერ სტიქია... თითოეული სფერო იმდენად მნიშვნელოვანია, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
ჩვენ გვაქვს ყოველწლიური გამოცემა, მარტო ეს ერთი გამოცემა ნახეთ რა მოცულობის სამუშაოა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ბიულეტენი „საქართველოში 2014 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2015 წლისათვის“. მარტო ეს არის საკმარისი სამუშაო ერთი სამინისტროსთვის. ასე რომ, მძიმე სამუშაოა. ადამიანები, ვინც აქედან წავიდნენ, მათ შორის მინისტრის ერთი მოადგილე, პირდაპირ ამბობდა, რომ შრომის ანაზღაურება არ არის ადეკვატური იმ რისკებთან და იმ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც სახელმწიფო სამსახური სთავაზობს. დღეს სახელმწიფო სამსახური თავისი შინაარსით კონკურენტუნარიან პირობებს ვერ ქმნის. კონკურსის წესით, სამინისტროში ერთი ახალგაზრდა შეარჩიეს იურისტის პოზიციაზე და სტაჟირების საშუალება მისცეს. ვფიქრობდით, რომ სამსახურში ავიყვანდით. ეს ახალგაზრდა წამართვა ერთ-ერთმა კერძო სტრუქტურამ. მეტი ხელფასი და უკეთესი სამუშაო პირობები შესთავაზეს. ჩვენ ვმუშაობთ დილიდან ზოგჯერ მეორე დილამდე, ფართობი ნამდვილად არ გვყოფნის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მხრივაც ეს სამინისტრო ნამდვილად არ არის განებივრებული. ალბათ, მოგვიწევს ამ საკითხზე მთავრობასთან და პარლამენტში მუშაობა. ჩვენი რეინჯერები, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ, ხელფასს 400 ლარს იღებენ.
– როდესაც მაღალი პასუხისმგებლობაა და ხელფასი მცირე, აქ კორუფციის რისკიც იზრდება.
– რისკი მაღალია. შესაბამისად, კარგი კადრების გადინების ალბათობაც მაღალია და ბევრი გვაქვს საფიქრალი. თუმცა, მოვახერხე და ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც სამინისტროში გადმოსვლამდე კერძო სტრუქტურაში 2-ჯერ მეტ ხელფასს იღებდა, დავითანხმე და მუშაობა ჩვენს გუნდში გააგრძელა. ვაფასებ იმ ადამიანების შრომას, ვინც ასეთ მძიმე შრომას უძლებს და მაქსიმალურად ვცდილობ თანამშრომლებმა დაინახონ, რომ მე არ ვარ ზემოდან მაყურებელი უფროსი. ვარ მათი მეგობარი და პარტნიორი, ადამიანი რომელიც მათზე ზრუნავს.
– თქვენ ამბობთ, რომ რეინჯერებს მცირე ხელფასი აქვთ, სამინისტროს მწირი დაფინანსება, შესაბამისად არსებობს რისკები ბრაკონიერებთან ბრძოლაში... ამ ფონზე ხომ არ გიფიქრიათ რომ გააქტიურდეს პრივატიზაცია, იგივე ტყის რესურსით გრძელვადიანი სარგებლობა უფრო აქტიური გახდეს, მაგალითად, მდინარეების სააუზო მართვა განხორციელდეს... არსებობს მოსაზრება, რომ ბუნებრივი რესურსები კერძო ხელში უფრო მეტად იქნება დაცული, მფლობელი თავად გაუფრთხილდება. აღარც 400 ლარიანი ხელფასის მქონე რეინჯერი იქნება ცდუნების ქვეშ. სახელმწიფოც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. სამინისტროს პოლიტიკაში ხომ არ გეგმავთ განსახელმწიფოებრიობას გარკვეულ სეგმენტებზე?
– არ ვფიქრობ, რომ ამ გზით უნდა ვიაროთ. მაგალითად ავიღოთ ტყე და მისი მართვა. პასუხისმგებლობის დიფერენციაცია ქმნის პრობლემას. ანუ, ერთი პასუხისმგებელი არ ჰყავს. არის ბევრი ადამიანი, რომლებსაც აქვთ ვალდებულება. ლიცენზიატი იღებს გარკვეულ ვალდებულებებს და არ ასრულებს. მერე იქ კონტროლია მოდუნებული... შედეგად ვიღებთ, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი აჯარიმებს, მერე ეს ჯარიმები გროვდება. ახლა ახალი სატყეო კოდექსი მუშავდება, რომელიც ახალ რეგულაციებს შემოგვთავაზებს. ვცდილობ, რომ პასუხისმგებლობა იყოს ინდივიდუალიზირებული. მაგალითად, ეროვნული სატყეო სააგენტო არის პასუხისმგებელი ტყეზე...
– ანუ, მაინც სახელმწიფო იყოს დომინანტი პასუხისმგებლობაზე?
– გარკვეული რესურსების მიმართ სახელმწიფომ ყველა შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს მინიმუმ მონიტორის როლი. მაგალითად, წიაღის გამოყენების დროს ეს არის დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესრულებასთან. წიაღის მოპოვების პროცესი შეიძლება გაცილებით მავნე ზეგავლენას ახდენდეს გარემოზე და ეს არ ეთანხმება არც გარემოსდაცვით, არც მდგრადი განვითარების პრინციპებს. ჩვენ ვართ ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი, მაგრამ არა გარემოს ხარჯზე. შესაბამისად, აქ ვერ გავცდებით სახელმწიფოს როლს. თვითრეგულაციით და თვითშეგნებით ასეთი რამ არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება.
– პარლამენტიდან სამინისტროში გადასვლა უფრო თქვენი ინიციატივა იყო თუ პოლიტიკურმა გუნდმა შემოგთავაზათ?
– პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ფრაქციის კომუნიკაცია იყო ჯერ ერთმანეთთან და შემდეგ მე შემომთავაზეს. შეთავაზება როგორც, გითხარით მივიღე. თეორიულად, დღეს რომ პარლამენტში დავბრუნდე, ჩემთვის არც ეს იქნებოდა პრობლემა. არ გავურბივარ სიახლეებს. პარლამენტში მქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ საქმე გამეკეთებინა და შედეგები ყოფილიყო. მინისტრის პოზიციაზე ლოგიკური დრო არის ახალ არჩევნებამდე, როცა მაღალი ალბათობით, მთავრობის ახალი შემადგენლობა იქნება დამტკიცებული. თავისთავად, ეს დამოკიდებულია, ქართველი ხალხი არჩევნებზე რას გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ნდობის მანდატს კიდევ ერთხელ მოიპოვებს. არა იმიტომ, რომ ყველაფერში ძალიან წარმატებულია და ხარვეზი არა აქვს, ჩვენზე უკეთ ვინ მიხედავს იმ პრობლემებს, რომელიც ირგვლივ არსებობს; არამედ იმიტომ, რომ ამ კონკრეტული მომენტისთვის ჩვენ არ გვყავს ისეთი კონკურენტები, რომლებიც მმართველ გუნდს პირველობაში შეეცილებოდა.
– ოპონენტების მიმართ წინა ხელისუფლებასაც მსგავსი პოზიცია ჰქონდა.
– ვიცი, მაგრამ წინამორბედებს და ჩვენ ხელისუფლებას შორის არსებით სხვაობას ვხედავ. ჩვენ არ გვჩვევია შეცდომაში გაჯიუტება. თითქმის 3 წლის მანძილზე არ გავურბივართ შეცდომის აღიარებას და გამოსწორებაც შეგვიძლია. ჩვენი მართვის სტილი უფრო დემოკრატიულია. ჩვენ არ ვიყენებთ ძალოვან რესურსებს. ჩვენ არჩევნების ჩატარების თამასა ავწიეთ გაცილებით მაღალ დონეზე. მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწევთ. არარევოლუციური, მაგრამ ევოლუციური განვითარების გზით.
წარმოვიდგინოთ საქართველო 1990 წლიდან – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დღემდე და დავინახოთ დინამიკა როგორ ვითარდება ქვეყანა. ვისურვებდი უფრო სწრაფი ტემპები ყოფილიყო, თუმცა ისტორიის გადასახედიდან განვითარებისთვის 25 წელიწადი ძალიან მცირე დროა. მთავარია, ტრენდი გამოჩნდეს. ანუ, სწორი გზით მივდივართ თუ არა. მე მგონი 2012 წლიდან ძირითადად ჩვენ სწორი ორიენტირები გვაქვს.
ის, რომ არის ეკონომიკური კრიზისი, ლარის დევალვაციის გამო პრობლემები და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეები, ჩემი აზრით მოითხოვს ჩვენგან მეტ სითამამეს გადაწყვეტილებებში, მეტ სიმტკიცეს პოზიციებში, მეტ გულახდილობას და მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. მე მგონი, ამისთვისაც მზად ვართ და ამასაც მოვახერხებთ.
იგივე ამ სამინისტროში მოსვლის შემდეგ დავინახე, რომ ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს. ადამიანურიც, ფინანსურიც, ეკონომიკის გაძლიერების მხრივაც. სამინისტროს შინაურებში „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახი. შეიძლება ამ მძინარე მზეთუნახავის გაღვიძება და მისი რესურსის გამოყენება.
– მაგალითად, რა რესურსს გულისხმობთ?
– ჯერ მარტო რაც ჩვენ წიაღისეული გვაქვს... რეესტრი გავაკეთე იმ ლიცენზიების, რაც გაცემული გვაქვს 20-30 წლის ვადით და არის გაჩერებული. ვიღაცამ სპეკულაციურად თუ ძალიან იაფად ჩაიგდო ხელში სიმდიდრე და არაფერს აკეთებს. ეს სიმდიდრე ეკონომიკურ აქტივობაში არ არის გამოხატული. არც საზოგადოებას და არც ბიუჯეტს არაფერს აძლევს. ასე არ შეიძლება. მდგრადი განვითარება გულისხმობს, რომ ისე განვავითაროთ ეკონომიკა და ისეთი აქტივობა გვქონდეს, რომ გარემოც არ დავაზიანოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ხელი არ ახლო. მაგალითად, ნორვეგიაში ნავთობთან ისეთი მიდგომაა, რომ აღარ გვინდა მოპოვება, შევუნახოთ მომავალ თაობასო. მაგრამ, ნორვეგიამ ეკონომიკის სხვა დარგებში უკვე იმდენი რეზერვი იპოვა და ისე განავითარა, რომ მას აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენ ეკონომიკის დარგები ჯერ უნდა ავამუშაოთ.
მაგალითისთვის, 2 დღის წინ იყო ჩემი ნაცნობი, რომელიც აპირებს საქართველოში ორგანული სასუქის წარმოებას. ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ყველა ინგრედიენტი, რომლითაც საუკეთესო ორგანული სასუქის შექმნა შეგვიძლია. ჩვენი ნიადაგი, წლების განმავლობაში ან საერთოდ არ ნოყიერდებოდა ან მხოლოდ მხოლოდ იაფი საშუალებებით. მხოლოდ აზოტი არ კმარა: მცენარეს ბალანსი სჭირდება – აზოტიც, ფოსფორიც, კალიუმიც აუცილებელია.
– კონკრეტულად იცით, ვისაც აქვს ლიცენზიები მიღებული და რესურსს არ იყენებს?
– რა თქმა უნდა ვიცი. ჩემი თანამშრომლები უკვე მუშაობენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სადაც გვაქვს, დავიწყოთ პროცესები. ჩვენ არ ვართ იმ მეთოდების მომხრე, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. არასდროს მივცემ ჩემ თავს და ჩემ თანამშრომელს იმის უფლებას, რომ მივიდეს და ვიღაცას თითი დაუქნიოს, ყური აუწიოს, დაემუქროს, წაართვას. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, სამართლებრივი ნორმები და ამ ჩარჩოებში ვიმოქმედებთ. ვისაც შეუძლია და უნარი აქვს, ხელი შევუწყოთ იმუშაოს და ქვეყნის ბიუჯეტმა შემოსავალი მიიღოს. ჩვენი ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი წილი მიდის სოციალურ ხარჯებზე. ეს ჩვენი სოციალური ვალდებულებებია. ბიუჯეტს კიდევ უფრო მეტი რესურსი და რეზერვი სჭირდება უამრავი ამოცანების გადასაწყვეტად.
– კონკრეტულად თუ გაქვთ დათვლილი ამ აღებული და გამოუყენებელი ლიცენზიებით რა მოცულობის თანხის მობილიზებაა შესაძლებელი და რა დროში?
– არა. ჯერ არასრული 2 თვეა რაც აქ ვმუშაობ. შესაბამისად, ჯერ პასუხი არ მაქვს. მითუმეტეს ისეთი პასუხი, რომელსაც საჯაროდ ვიტყოდი. პლუს ამას ერთგვარი ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა სამინისტროში, რომელიც ამ სიმდიდრეს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და არ არის გამოყენებული, მოამზადებს როგორც საინვესტიციო წინადადებებს.
– დაახლოებით რა პერიოდში ვარაუდობთ, რომ ეს უკვე დათვლილი იქნება?
– არ ვიცი. პროცესი მიდის. იმდენად განსხვავებული პროცესებია, ზუსტი პროგნოზირება არ შეიძლება. ერთი რაც შემიძლია, გითხრათ, მაგალითად, ერთ-ერთი სპეციალისტის აზრით, არალითონებში რამდენიმე ათეული მილიარდის ღირებულების წიაღისეულია საქართველოში. ძირითადად ქვები იგულისხმება. ცალკე თემაა წყლები – მინერალური და მტკნარი; მეტალები, პოლიმეტალები – ესეც ცალკე. ამას ემატება, წყლის რესურსები – ტბები, სადაც შეიძლება მაგალითად, მეთევზეობის განვითარება. შავი ზღვის აკვატორიაში ჩვენ კუთვნილ ტერიტორიაზე ასევე თევზის რეწვა.
– სარეკრეაციო რესურსების უკეთ გამოყენებაც შესაძლებელია...
– ჩვენ ცალკე გვაქვს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელსაც ცალკე უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ტურიზმის განვითარებაში. შეგიძლიათ, ჩახვიდეთ, მაგალითად, დაბა ჩაქვში, სოფელ ჩაქვისთავში – მტირალას ეროვნულ პარკში. ათეული წლების წინ ეს იყო მიტოვებული სოფელი ელექტროენერგიის გარეშე. დღეს ჩაქვისთავი სხვანაირი სოფელია. ეს ყველაფერი გამოიწვია მტირალას ეროვნული პარკის დაარსებამ და განვითარებამ. ადამიანები კი აღარ მიდიან, დაცლილ სოფელში დაბრუნდნენ. განავითარეს ინფრასტრუქტურა. 4 სასტუმრო სახლი, მას შემდეგ, რაც მტირალას ეროვნულმა პარკმა ფუნქციონირება დაიწყო.
მდინარეში კალმახია მომრავლებული. მეთევზეთა კლუბის წევრები შემხვდნენ და მითხრეს, ადამიანებმა დაიწყეს მცირე ინვესტიციების განხორციელება. ბევრი ადამიანი თბილისში იმიტომ ჩამოდის, რომ რეგიონში სამუშაოს ვერ პოულობენ და ფუნქცია არა აქვთ. აბა მიეცი მათ ფუნქცია და შესაძლებლობის განვითარების საშუალება... დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამის შესაძლებლობა აქვს. სადაც დაცული ტერიტორიები გავაკეთეთ, ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება, გესტჰაუსებს აშენებენ, კვების პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა იზრდება და ა.შ.უამრავი ახალი სერვისი იბადება და ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს შესაძლებლობები.
– ივნისში თბილისში მოხდა სტიქია, რამაც ადამიანებიც იმსხვერპლა და დიდი მატერიალური ზარალიც გამოიწვია. თუ იყო ეს რისკები პროგნოზირებული?
– თბილისის ტერიტორიაზე 2002 წლის შემდეგ გეოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა. როგორც სხვა ბევრი ფუნქცია, სამინისტროდან ესეც გატანილი იყო. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ სამინისტროში ეს ფუნქციები დავაბრუნოთ. მათ შორის თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ჩავატაროთ კვლევები და ამ ტიპის დასკვნები გავამდიდროთ თბილისის მონაცემებითაც.
– თქვენი სამინისტროს ინფორმაციით თუ იყო გადაცემული იმ რისკების თაობაზე, რაც სათანადოდ არ შეაფასა და არ დაამუშავა სხვა უწყებებმა მსხვერპლის და ზარალის შესამცირებლად?
– თქვენ რომ ნახოთ 12 ივნისის ან ადრინდელი შეტყობინებები, მსგავს ინფორმაციას ბევრს ნახავთ. შეხედეთ რა წერია: „13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება, მოსალოდნელია ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს“. ეს არის ის, რაც გაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება, ტემპერატურა პლუს 30. ახლა მითხარით, აქედან რა დასკვნა უნდა გაეკეთებინათ? სამწუხაროდ, უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ იძლევა. საქართველოში 26.000 მდინარეა, ამ მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე შეუძლებელს ხდის პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
– რასაც თქვენ ამბობთ, მანდ მეწყერის პროგნოზზე არაფერი წერია.
– საერთოდ, ისეთი ტიპის მეწყერის პროგნოზირება, როგორიც ჩამოწვა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეწყრული უბანი, მაგრამ ეს როდის ჩამოწვება – არავინ იცის.
– თქვენი სამინისტრო თითქმის ერთადერთი იყო, რომელიც გაემიჯნა პოლიტიკურ განცხადებებს და არ ამბობდა, რომ გამოწვეული მსხვერპლი და მატერიალური ზარალი წინა ხელისუფლების ბრალი იყო. ახლაც, რას ფიქრობთ, მომხდარის დაბრალება შეიძლება მაგალითად, წინა ხელისუფლებისთვის?
– წინა ხელისუფლებისთვისაც, თუ გნებავთ. მე იმის თქმა შემიძლია, რომ მიზეზი გახდა ის, რაც ხდებოდა გასული საუკუნის დასაწყისიდან ახლანდელ სტიქიამდე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვისაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, არ გაითვალისწინეს ის, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ.
სანამ სვანიძის ქუჩამდე მოაღწევდა, მდინარის კალაპოტში ღვარცოფულმა მასამ ისე გამოიარა, არსად დატბორილა. წყლის ხარჯი გასული 100 წლის გათვალისწინებით, მაქსიმუმი იყო 240 მეტრ/კუბი წამში, 13 ივნისს კი 468 მეტრ/კუბი დაფიქსირდა ხეობაში. როგორც კი შემოვიდა იქ, სადაც ადამიანის ნამოქმედარი იყო, დაიწყო ჩახერგვები. ამიტომ, შეცდომა იყო კომუნისტების მიერ თამარაშვილზე გვირაბის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე ფართო გვირაბია. შეცდომა იყო შემდგომ უკვე 40-იან წლებში გვირაბის გაკეთება გმირთა მოედანთან და შეცდომა იყო ახალი გზის მშენებლობის პროცესში დანარჩენი გვირაბების გაკეთება, გასული საუკუნის წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გაუთვალისწინებლობა, შესაბამისი პროფილაქტიკური ზომების მიუღებლობა.
– ალბათ, შეცდომა იყო ხეობაში თვითნებურად ხალხის დასახლებაც.
– თვითნებურად დასახლებაც, აგრეთვე სამშენებლო ნებართვების გაცემა და კერძო საკუთრებაში ჭალის ტერიტორიის გადაცემა რა თქმა უნდა ასევე შეცდომაა.
– სხვათა შორის, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებშიც არის მანდ სამშენებლო ნებართვები გაცემული.
– ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა როდის არის გაცემული სამშენებლო ნებართვები. ფაქტი ერთია. მდინარემ გვაჩვენა თვითონ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილებები; მდინარის ჭალაში ასეთი რამე არ უნდა გააკეთო. თუ ყოველ შემთხვევაში, ვინმე გვირაბებს აკეთებდა, მდინარის ქალაქში შემოსვლამდე, უნდა გაეკეთებინა დამატებითი შემაკავებელი კონსტრუქციები მყარი ნატანისთვის. უამრავი ტექნოლოგია არსებობს, რომ წყალი გაატაროს, მყარი ნატანი გააჩეროს. შემდეგ ეს მყარი ნატანი დაგროვდება, ამოიღებ და გაასუფთავებ. ამის გარეშე მდინარეში მარტო წყალს რომ გაევლო, შეიძლება მცირე შეგუბება ან ზოგიერთ ადგილას მცირე რისკი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი ტიპის ტრაგედია არ მოხდებოდა.
– 3 ივნისს, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი როდესაც დაიტბორა, იყო თუ არა საკმარისი საფუძველი, რომ ხელისუფლებას თუნდაც წინამორბედების ან კომუნისტების შეცდომების გათვალისწინებით სხვა ზომები მიეღო: დაეწყო ხალხის გასახლებაზე ფიქრი, რაღაც გაეკეთებინა – ეს დატბორვა ხომ იყო მნიშვნელოვანი სიგნალი?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 100 წლიანი განმეორებითობის პრინციპით გათვლა იყო 240 მეტრ/კუბზე. იმ დღეს, უნივერსიტეტის ლაბორატორიამ (იგი 13 ივნისს სტიქიამ გაანადგურა), ლაბორატორიამ დათვალა არა 240, არამედ 156 მეტრ/კუბი. ანუ, ეს არ იყო საგანგაშო. მაშინდელი დატბორვა მდინარის გამო კი არ მოხდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სანიაღვრე არხების ჩაკეტვამაც გამოიწვია. იმას ვერ დაარქმევდი სტიქიას. ერთი რამის თქმა მინდა: არ მგონია სამი ივნისი იყო ის სიგნალი, რომლის შემდეგ მთავრობას და ხელისუფლებას უნდა მიეღო ხალხის იმ ადგილებიდან გასახლების გადაწყვეტილება.
– თუმცა, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგიერთი ექსპერტები ამბობდნენ, ისედაც აშკარა იყო, რომ ასეთი ტრაგედია შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ აშკარა იყო, 10 დღის წინანდელი წყალდიდობა რატომ არ გახდა მათთვის სიგნალი, რომ რამე გაეკეთებინათ დიდი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?
– საერთოდ, როცა ურემი გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება ხოლმე. გეუბნებით, თამარაშვილზე რომ არ იყოს ეს გვირაბი, ყველაზე განიერი გვირაბი სხვათა შორის, და იყოს მაგალითად, ფართობიჯებიანი ხიდი, ეს პრობლემა არ იქნებოდა. ქუჩა არ დაიტბორებოდა. ეს ხელოვნური ბარიერი რომ არ ყოფილიყო, ორთაჭალაჰესი გახსნიდა დამბებს და წყალი გაივლიდა. პრობლემა იყო მყარ ნატანში. თუ მყარი ნატანის შემაკავებლები გაქვს, პრობლემას ხსნი. რაც ხდება დატბორვის ზონებში ეს არის ადამიანური ზემოქმედების შედეგი, გინდა ნაციონალებს დააბრალე და გინდა კომუნისტებს – რა მნიშვნელობა აქვს.
– კოორდინაცია რამდენად გამართული და საკმარისი იყო ამ სტიქიის შემდეგ სახელმწიფო უწყებებში?
– მე ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებმა და ასევე საზოგადოებამ მოახერხა ეჩვენებინა ყველასათვის, რომ როდესაც ისინი ერთ საქმეს აკეთებენ, ამას აკეთებენ კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები იყო. ასეთი თეთრი ლაქები ყველგან და ყოველთვის არსებობს. სულ დატრენინგებული რომ გვყავდეს მთელი მოსახლეობა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასეთ დროს ხარვეზი და მოულოდნელობა ყოველთვის ახლავს ხოლმე. მაგრამ, მე ვფიქრობ რომ საზოგადოებამ, სახელმწიფო სტრუქტურებმა აჩვენეს კრიზისული სიტუაციებისთვის მზაობა.
ჟურნალი "ბიზნესი და მენეჯმენტი," ქვეყნდება შემოკლებით