21 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებს საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში. მანამდე იგივე ნაბიჯი გადადგეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნების ბოიკოტის იდეას იზიარებენ, ხელისუფლებას შეახსენებენ შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარების თაობაზე. როგორ აღიქმება საარჩევნო ბოიკოტი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალით?
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარასკევს პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, გაახმაურა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის თავზე „სახეზეა ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კრიზისი“ და რომ, ამ ფონზე, ხელისუფლება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს:
„ორი არჩეული დეპუტატი ვერ შეცვლის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან... „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გაუმართლებლად მიაჩნია მონაწილეობა ამ არჩევნებში. ჩვენ ვუერთდებით პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს“.
არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტის იდეის მხარდაჭერა საზოგადოებას 19 აგვისტოს ამცნეს. განცხადებაში, რომელსაც 11 პარტია აწერს ხელს, ხელმომწერები ხელისუფლებას შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებსა და ძირეული საარჩევნო რეფორმების გატარების აუცილებლობას შეახსენებენ. ამ რეფორმების გარეშე კი, როგორც ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნებში მონაწილეობა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული:
„2012 წლის არჩევნებამდე მათი („ქართული ოცნების“) საპროგრამო თეზისი იყო, რომ გააუქმებდნენ მაჟორიტარულ სისტემას, პარიტეტის საფუძველზე ჩამოყალიბდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციები და სხვა უამრავი ღონისძიებაც გატარდებოდა. წლების წინ ისინი ამ მოთხოვნებით შიმშილობდნენ კიდეც, მაგრამ როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, როდესაც თავიანთი უპასუხისმგებლო მტაცებლური პოლიტიკით გააუარესეს მდგომარეობა, ცდილობენ შეინარჩუნონ დრაკონული საარჩევნო კანონი, რათა, არჩევნების გაყალბების გზით, შეინარჩუნონ ხელისუფლება“.
ლეიბორისტული პარტიის გარდა, ერთობლივ განცხადებას ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები“, ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“, „რეფორმატორები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ და „ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა“.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს "თავისუფალი დემოკრატები". ეს პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ გეგმავდა.
რაც შეეხება ვარაუდს, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი აღარ ეყოლება და მარტო დარჩება საარჩევნო მარათონში, ეს საფუძველსმოკლებულია, რადგანაც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია თვლის, რომ ბოიკოტი პოლიტიკური პარტიების კანონიერი უფლებაა და ის მიესალმება ყველანაირ ლეგიტიმურ სვლას, რომელიც პრობლემას საგანგებო ყურადღების ცენტრში მოაქცევს, რადგანაც სამართლიანი პოლიტიკური გარემო მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ინტერესებში არ შედის და ეს ქვეყნის სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა. დღევანდელი საარჩევნო სისტემა კი, ნინო ლომჯარიას თქმით, მხოლოდ მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს.
როგორ აღიქმება ბოიკოტი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალით? – ამ შეკითხვაზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ასე გვპასუხობს:
„საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო რეფორმა მეტწილად წარმოადგენს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილს და, აქედან გამომდინარე, თუკი თემა თვითონ შიგნით პარტიებისთვის არ იქნება აქტუალური, ის არ გახდება აქტუალური არც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ეს ბოიკოტი, ალბათ, იქნება მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იმისათვის, რომ საარჩევნო რეფორმის თემა არის, მართლაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანი“.
ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნათა კვალდაკვალ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო რეფორმების თაობაზესაკუთარი ინიციატივა საზოგადოებას ივნისში გააცნო. ითქვა, რომ ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავაც ამჟამად მოქმედი შერეული სისტემით აპირებს, თუმცა დაგეგმილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლქების მასშტაბებს შორის დისპროპორციის შემცირება და ასევე იგეგმება მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის 50 პროცენტამდე აწევა. „ქართული ოცნება“ თანახმაა მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას დაუჭიროს მხარი, მაგრამ მხოლოდ 2020 წლისათვის. ეს კი მიუღებელია როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.