განუკითხაობა საქართველოს გზებზე – მოსახლეობა ხელისუფლებისგან უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს

განუკითხაობა საქართველოს გზებზე – მოსახლეობა ხელისუფლებისგან უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას მოითხოვს

გზების მშენებლობის პროცესში და მათი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ უსაფრთხოების სტანდარტების შესრულების მიმართ სერიოზული ეჭვები ჩნდება.

„კომერსანტმა“ ამ თემაზე რამდენიმე პუბლიკაცია უკვე გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურად ვაშუქებდით ქუთაისის შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის პრობლემას. კერძოდ, ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ გზაზე არაა განათება და საგზაო მონიშვნები არასათანადოდაა გაკეთებული.

სტატიების გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვა, ეს თემა გაგვეგრძელებინა, რათა გზების დეპარტამენტისთვის ხმა მიეწვდინათ თხოვნით, ყურადღება დაუთმოს ამ პრობლემას. მძღოლები ამბობენ, რომ ამ გზაზე გადაადგილება სარისკოა და საავარიო სიტუაციები იქმნება. ისინი შიშობდნენ, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა მძიმე შედეგებს მოიტანდა.

მკითხველები ასევე აპროტესტებენ ამ გზისთვის „ჩქაროსნულის“ სტატუსის მინიჭებას და ამბობენ, რომ ესაა არა მაგისტრალი, არამედ რიგითი, „ორზოლიანი გზა“ და მასზე სიჩქარე უნდა შეიზღუდოს. 

ამ თემაზე ბოლო სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია ავარიის მიზეზები. თუმცა შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მიზეზების შესახებ გამოძიების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. 

შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია. იყო თუ არა ავარიის გამომწვევი ერთერთი მიზეზი გზაზე უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობა. თუმცა ეს შემთხვევა კიდევ ერთი მიზეზია, რომ გზების დეპარტამენტმა მეტი ყურადღება დაუთმოს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს. 

უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ჟინვალის გზაზეც მოხდა, სადაც კლდიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა 10 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, შესაბამის უწყებებს დროულად რომ გაეწმინდათ ეს მონაკვეთი, ან თავად კლდე ყოფილიყო აღჭურვილი დამცავი ბადეებით. მათი თქმით,  კლდის ხელოვნური ჩამოშლის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. 

ადგილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. იქ მყოფი სპეციალისტები ამბობენ, რომ კლდის ფერდები გასასუფთავებელია, რადგან ქვები დაძრულია და მსგავსი შემთხვევა მომავალშიც შეიძლება მოხდეს.

ადგილობრივი მოსახლეობა კი წუხს, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც ფიქსირდებოდა, თუმცა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევა იყო.

მეტიც – მათი თქმით, სამუშაოების ჩატარების პერიოდში საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა არ ითვალისწინებდა და არაა შესაძლებელი სრულყოფილად იქნას გამოვლენილი სად რა დაზიანებებია ამ კლდეებზე.

როგორც უწყების განცხადებიდან ირკვევა, კანონი მათ საგზაო სამუშაოების არეალში საშიში ზომების გამოვლენასა და შესაბამისი ზომების მიღებას არ ავალდებულებს. 

პასუხისმგებლობას იცილებს ადგილობრივი ხელისუფლება – მათი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა გზების დეპარტამენტს აკისრია.

ცალკე თემაა მძღოლების მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, რაც საპატრულო პოლიციის მხრიდან უყურადღებოდ რჩება.

„კომერსანტმა“ ამ თემასაც არაერთი სტატია მიუძღვნა, რომლითაც ჩვენ ვეცადეთ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის ყურადღების მიპყრობა იმ განუკითხაობისადმი, რომელიც თბილისის და მთელი ქვეყნის გზებზე ხდება. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევები თვალშისაცემადაა გახშირებული, თუმცა შსს–ში ამ მხრივ ვითარების გაუარესებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირებენ.

ამის მიუხედავად ფაქტია, და ამას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ხედავს – რომ ავტომობილებისა თუ მოტოციკლების გადაჭარბებული სიჩქარითა და ხმაურით გადაადგილება (მათ შორის ღამის საათებში) თბილისისთვის ჩვეული მოვლენა გახდა, და ამ ვითარების დასრულებას ბოლო არ უჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირად მძიმე ავარიების მხოლოდ დამფიქსირებლის როლში გამოდის და პრობლემის კომპლექსურად მიდგომა არ ჩანს. 

სპეციალისტები ხელისუფლებას ორივე მიმართულებით შესაბამისი ზომების გატარებას ურჩევენ – საპატრულო პოლიციას მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებენ, გზების დეპარტამენტს კი უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ. 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე  ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ კლდეების ბადეებით უზრუნველყოფა ძვირი სიამოვნებაა. თუმცა,  პრევენციისთვის  არსებობს სხვა, უფრო იაფიანი გზებიც. ესენია: ჯებირები და ტერასირება,  რომლებიც აჩერებენ და ანელებენ ქვაცვენას. 

ჩხობაძე აცხადებს, რომ დღეს ამ პრობლემას ქვეყანაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. მუნიციპალური სამსახურები  გარემოს დაცვის სააგენტოდან  იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად არის მეწყერსაშიში ზონები. შედეგად, პრევენციულ ღონისძიებებზე  ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული უნდა  იყოს  შესაბამისი სახსრები.

მისივე ინფორმაციით,  როგორც წესი, რეაგირება მხოლოდ   შემთხვევის დადგომის შემდეგ ხდება ხოლმე, რაც ძალიან ცუდია.  ჩხობაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამა. 

ჩხობაძის თქმით, საქართველო მთიანი ქვეყანაა და ბევრი ასეთი საშიში ზონაა. მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სვანეთში, რაჭაში და ასე შემდეგ. ამ კუთხით პრობლემურია  თბილისი-წალკის ახალი გზაც.