ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები გაჩნდა?!

ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის ნიშნები გაჩნდა?!

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაახლოებით ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა და მისი პრევენცია იყო აუცილებელი.

„არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება, შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს“, - აცხადებდა დანელია, თუმცა  მეპურეები ამტკიცებენ, რომ ხარჯს ვეღარ უმკლავდებიან და პურის გაძვირება გარდაუვალია.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასის ზრდის სიმპტომები უკვე შეინიშნება და საცხობების ნაწილმა სარეალიზაციოდ გატანილი პროდუქტის ღირებულება გაზარდა. დოლიძე ამ ყველაფერს ლარის კურსის დევალვაციას უკავშირებს, რომელიც აგვისტოში მოულოდნელად, ისევ გრძელდება.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს რამდენით ან როდიდან გაიზრდება პურზე ფასი მასობრივად, თუმცა ამბობს, რომ პროცესი ბაზარზე დაწყებულია - მაგალითად, თელავსა და ქუთაისში უკვე შეინიშნება გაძვირება.

„პატარა საცხობებში ცოტა-ცოტა მოუმატეს. ზოგმა წონის კორექტირება მოახდინა, ნაწილმა – ფასის. მაგალითად, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თონეში წონაში აკლებენ და თონის პური 300 გრამი გახადეს, თემქაზე თონეში 5 თეთრით მოუმატეს პურს.  ასეთი წვრილ-წვრილი შემთხვევები არის. ჩვენ ვიყავით სამინისტროში, ეს ამბავი მოვახსენეთ და ვთხოვეთ რაღაც რეზერვის გამოყოფა. ველოდებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,- აცხადებს დოლიძე.

სექტემბრიდან პურზე ფასის 10 თეთრამდე გაზრდას ვარაუდობს კომპანია „იფქლის“ გენერალური დირექტორი შაქრო ბაკურაძე.

„სამწუხაროდ, პურის ფასს ვერ შევინარჩუნებთ. სექტემბრამდე თუ მოვახერხებთ დიდი საქმე იქნება. თუკი ფქვილის ფასი არ დარეგულირდა და დარჩება ის, რაც არის დღეს, პურს აუცილებლად ფასი მოემატება“.

ბაკურაძის განმარტებით ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რის გამოც პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდება. რაც შეეხება მიზეზებს, როგორ ბაკურაძე აცხადებს, ეს არის ფქვილის ფასის ზრდა; გავლენას იქონიებს დენის ტერიფის მატებაც; ამას ემატება ლარის გაუფასურებაც.

დოლიძეს კი იმედი აქვს, რომ ეკონომიკური გუნდი რამეს მოიმოქმედებს - ჯერჯერობით ამ პროცესებში სახელმწიფო არ არის ჩართული და ყველაფერს ბაზარი თავად არეგულირებს.

სკანდალური განცხადება გააკეთა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას „იფქლის“ ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ - ის ფქვილის ბაზრის მონოპოლიზაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ  თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი აუცილებლად გაიზრდება.

როგორც შაქრო ბაკურაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.

მისი თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.

„იფქლის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.

„პირდაპირ არავინ გვეუბნება არ შემოიტანოთო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოში ხორბლის ფასი არარეალურად გაიზარდა, გადავწყვიტე, ალტერნატიული გზებით ფქვილი თავად შემომეტანა. 14 ივლისს ფქვილით დატვირთული ერთი მანქანა განვაბაჟე, მაგრამ რამდენიმე წუთში მითხრეს, ტვირთი „გააწითლა“ და ტერმინალზე უნდა შეიყვანოთო. სხვადასხვა გაუგებარი პროცედურის გავლის შემდეგ მანქანის ტერმინალიდან გამოყვანის უფლება მხოლოდ 31 ივლისს მომცეს, ანუ თუ ალტერნატიული გზით ფქვილი 39 ლარად უნდა შემომეტანა, ტერმინალზე ტვირთის ხელოვნურად გაჩერების შემდეგ 48 ლარი დამიჯდა“, - განაცხადა ბაკურაძემ.

ბაკურაძე ვარაუდობს, რომ კოკი ოსიპოვი საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია და ალბათ, ალტერნატიული გზებით ქვეყანაში ფქვილის შემოტანა და კონკურენტების გაჩენა მის ინტერესებში არ შედიოდა.

„იფქლის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილი 44 ლარი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ყველა გარემოების გათვალისწინებით, მისი ფასი 40 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

„ზედმეტი ოთხი ლარი ვის ჯიბეში ილექება, ვერ გეტყვით, ამაზე კომპეტენტურმა უწყებებმა იფიქრონ“, - აღნიშნა ბაკურაძემ.

 „აგროკომის“ ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი კი აცხადებს, რომ 30 ივნისს, მას შემდეგ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ფოთის პორტში 25 გემი შემოვიდა. შემოსული ტვირთი კი, დაახლოებით, 8-10 კომპანიისაა და ანტიმონოპოლიური სამსახური არ დაუშვებს, რომ ის ფქვილის ერთადერთი შემომტანი იყოს.

როგორც ჩანს, ფქვილის ბაზარზე დიდი გაუგებრობაა, სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებდა, რომ სამინისტროში რეგულარულად მიმდინარეობდა პურის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრები და პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ პრობლემა მხოლოდ მწვავდება, გადაჭრის გზები კი არ ჩანს.