საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ვარაუდით, ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მძევალია და, შესაბამისად, მოქმედებს არა ქვეყნის, არამედ პარტიის ინტერესების შესაბამისად.დეპუტატის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებდა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ყველა საშუალებას იყენებდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ლარის კურსის გასამყარებლად, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ თავის დროზე იმპიჩმენტი არ გამოუცხადეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. საკითხავია, რას ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებები და არსებობდა თუ არა რეალურად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი.
გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ეროვნული ბანკი უმოქმედო იყო მთელი გასული წლის განმავლობაში, როცა ლარი უფასურდებოდა, ბანკის პრეზიდენტმა პირველი ნაბიჯები გადადგა მხოლოდ მაშინ, როცა ვარდნამ 10 %-ს გადააჭარბა:
„ქადაგიძემ არსებული რეზერვი კრიზისის დაწყებიდან მხოლოდ ათი თვის თავზე გამოიყენა, თუმცა ისიც წყალს გაატანა: ოთხ დღეში 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მალევე უკან 140 მილიონი ლარი შეაბრუნა. ქადაგიძის გასული კვირის განცხადებების გაანალიზებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა, ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია“.
თამაზ მეჭიაურის ვარაუდით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადეკვატური მოქმედების შესაძლებლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არ აძლევენ. შესაბამისად, დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამდაუშვა შეცდომა, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დაიწყო, თუმცა, როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რთულია როგორც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ასევე დასრულება.
„კონსტიტუცია განსაზღვრავს ორ საფუძველს, რა შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი იმპიჩმენტის პროცედურისა. ეს გახლავთ სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და, მეორე, კონსტიტუციის დარღვევა! თუკი ამის საფუძველი არის, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია დაიწყოს პროცედურა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დასასრული. ამის შემდეგ მეორე კონსტიტუციური მექანიზმი ერთვება: საკითხი გადადის პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ამ საკითხზე“, უთხრა ლევან ალაფიშვილმა რადიო თავისუფლებას.
შესაბამისად, იმპიჩმენის პროცესის დასასრულებლად საქართველოს პარლამენტს დასჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, იმპიჩმენტის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზნების მიღწევა, რადგანაც, მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან. ამიტომაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბანკის გახლეჩა:
„მონეტარული პოლიტიკა დაუტოვონ ეროვნულ ბანკს, ხოლო მთავრობამ გააკონტროლოს საბანკო ზედამხედველობა, ანუ რეპრესიული ინსტიტუტი, რომლითაც შეიძლება ბანკები გააკონტროლოს, გააკოტროს, დააჯარიმოს, ლიცენზია ჩამოართვას, წილების ყიდვა-გაყიდვის ნებართვა მისცეს, გადარიცხვები აკონტროლოს და ა.შ., რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალიან ეფექტიანად, თუ კეთილი საქმე გინდა, და ძალიან ბოროტად, თუ პოლიტიკური მიზანი იქნება ჩადებული. ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც უნდა კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა, უჩნდება ცდუნება ხელში აიღოს ასეთი მაკონტროლებელი და რეპრესიული ფუნქციები“.
რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ეროვნულ ბანკზე კონტროლის დაწესებისათვის ბრძოლა შენიღბოს ეროვნულ ვალუტაზე ზრუნვით, რაც ფორმალურად წარმოადგენს დავის მიზეზს მმართველ პარტიასა და ეროვნულ ბანკს შორის. გასულ კვირაში ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის შემცირების მიზნით, რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა 6 პროცენტამდე, მთავრობას კი ურჩია ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
„მთავრობამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ საჯაროდ და ღიად უნდა დააფიქსიროს მზაობა იმის შესახებ, რომ თუკი შემოდგომაზე იქნება დამატებითი ზეწოლა ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით, იგი მზად არის კიდევ უფრო შეამციროს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯი. ასევე უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა, გაწერილი თარიღებით იმ დამატებითი შემოსავლების შესახებ, რომელსაც მთავრობა ელოდება საპრივატიზაციო შემოსავლებისა და ასევე სხვა ინვესტიციებისა თუ შემოდინებების სახით“.
გიორგი ქადაგიძის ამ რჩევების პასუხად, ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა თავად გიორგი ქადაგიძეა.