საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ბერლინის ფონდის შეფასებით, ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში ფავორიტად აზერბაიჯანი იქცა. რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის ექსპერტის, ანდრეი მარჩუკოვის აზრით კი, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ქართველების მიერ იყო პროვოცირებული. “საკუთარი ტერიტორიული პრობლემების გამო პრეტენზიები სომხებმა არა სტალინს, არამედ, საქართველოს უნდა წაუყენონ,” - აცხადებს დოქტორი მარჩუკოვი. ყოველივე ამის ფონზე, საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ისრაელი აფხაზებთან დამეგობრებას იწყებს. “ქართულ სიტყვა” კავკასიის საკითხის ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
ბატონო მამუკა, ანდრეი მარჩუკოვის თქმით, “აზერბაიჯანი საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ ყარაბაღზე უარს ნებით აცხადებდა და ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქმეში ქართველი “მენშევიკები” ჩაერივნენ და პროცესი ჩაიშალა, ამან გრძელვადიან აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტამდე და თანამედროვე ომებამდე მიგვიყვანა. შესაბამისად, საუბარი არა საბჭოთა რუსეთის, არამედ, მენშევიკური საქართველოს წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს”. რის დამტკიცებას ცდილობს მარჩუკოვი?
- ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური არ ვარ. ჩვენ გვყავს ისტრიკოსები, 1918-21 წლების დოკუმნეტების მკვლევრები, თავის საქმეში “ასები” - ვახტანგ გურული და გურამ მურღულია. ამომწურავი პასუხის გაცემა მათ შეუძლიათ. ჩემი მხრდიდან კი, შემიძლია, გითხრათ: ჯერ ერთი, ეჭვი მეპარება, რომ ქართველი მენშევიკების ნათქვამით აზერბაიჯანელები რამეს შეცვლიდნენ. მეორეც, წაკითხული მაქვს ოფიციალური წერილი, რომელიც 1918 წლის მაისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩამოყალიბების დროს, აზერაბიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზეა გაგზავნილი. წერილში ნათქვამია, სომხებთან აზერბაიჯანის დაპირისპირების თემა მოგვარებულია, მათ ორი მაზრა დავუთმეთ. ერთია ირევანის მაზრაო. ამ წერილში არაა ლაპარაკი ყარაბაღზე და, საერთოდ, ყარაბაღზე კამათი გასაბჭოების შემდეგ წარმოიშვა. იმ დროისთვის ყარაბაღი აზარბაიჯანის შემადგენლობაში იყო, შემდეგ, თუ არ ვცდები, ერთი თვით გადავიდა სომხეთის შემადგენლობაში და მერე, უკან დაიბრუნეს აზერბაიჯანელებმა. ჩემი აზრით, ანდრეი მარჩუკოვის განცხადება რეალურ საფუძველსაა მოკლებული.
სომხეთის განათლების მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანული კაპიტალის დიდი ოდენობით შემოდინება საქართველოში გამოიწვევს ეთნიკურ დაპირისპირებას და აზერბაიჯანელები ეთნოკონფლიქტში ჩაგვითრევენ...
- აზერბაიჯანელები ეთნოკონფლიქტში არ ჩაგითრევენ. ისინი ცდილობენ, საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი შეისყიდონ და ამას წარმატებით ახორციელებენ, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ანუ ერთის მხრივ, ძალით არავინ არაფერს გართმევს - აზებაიჯანელბი ფულს დებენ პორტებში, ენერგომატარებლების გასაღების სივრცეში, სასტუმროებში... საქართველოს ეკონომიკაში ფული რომ იდება, კარგია, მაგრამ ცუდია, რომ თურქულ-აზერბაიჯანული კაპიტალი, იგივე თურქული კაპიტალი, საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს გააკონტროლებს. საქართველოს კაპიტალი რომ არ ჰქონდეს, მათხოვარი ქვეყანა რომ იყოს, მაშინ გამოუვალ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, სჯობია, ისევ მეზობელმა შეიძინოს, ან მოხდეს დივერსიფიკაცია, ანუ ისე დაალაგო ეკონომიკა, რომ სხვისი ინტერესები არ იყოს ჩართული. საქართველოში საკმაოდ ბევრი ქართველი ბიზნესმენია, რომელსაც ყველანაირად ავიწროებენ. ხელისუფლებისაგან ზეწოლის გამო, მათ აღარ უნდათ თავიანთი ფულის გამოჩენა. ვისაც ფული აქვს და ხელისუფლებასთან შეკრული არაა, საზღვარგარეთ მიდის და იქ აბანდებს ფულს. ვიცნობ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც უკრაინის ეკონომიკაში ჩადეს ფული, რადგან საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ არ უნდათ ყოფნა.
სამხრეთ კავკაშიაში ევროკავშირის ფავორიტად აზერბაიჯანი იქცა, ამის მიზეზი გაზი და ნავთობიაო, - ამბობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი დაკნინდება?
- აზერბაიჯანი ფავორიტად იმიტომ მიაჩნიათ, რომ განვითარებადი ქვეყანაა. აზერბაიჯანს აქვს ძალიან კარგი სასტარტო მდგომარეობა და უზარმაზარი პოტენციალი. აზერბაიჯანის სარეზერვო ფონდი 25 მლიარდ დოლარს შეადგენს და, აქედან გამომდინარე, ის უფრო საინტერესო და მომხიბლავია დასავლეთისათვის. ეკონომიკის პოტნციალის განვითარების თვალსაზრისით, აზერბაიჯანი საინტერესოა, თუმცა დემოკრატიისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის მომხიბლავი დარჩება დასავლეთისთვის, თუნდაც თავისი ადგილმდებარეობისა და ისტორიული ტრადიციების გამო, ანუ საქართველო ნაკლებად საინტერესო არაა დასავლეთისათვის, განსაკუთრებით კი - აშშ-ისთვის.
ებრაული კომპანია Global Security, საქართველოს გვერდის ავლით, აფხაზეთთან იწყებს პარტნიორობას. გამოდის, ჩვენ ერთ-ერთ ძლიერ და კეთილმოსურნე პარტნიორს ვკარგავთ, არა?
- ისრაელის ხელისუფლება არათუ ტექნოლოგიების, არამედ, ერთი ავტომატის მიმცემიც არაა აფხაზებისათვის. რატომ უნდა მისცეს ისრაელმა აფხაზებს სამხედრო ტექნოლოგიები? იმიტომ, რომ მეორე წუთში რუსებმა წაიღონ?! ებრაელები აფხაზებს არანაირ ტექნოლოგიებს არ მისცემენ, მაგრამ შესაძლოა, დემონსტრირება მოახდინოს, რომ თითქოს აფხაზეთთან მჭდიდრო კონტაქტი აქვთ, შესაძლოა, სამხედრო ინსტრუქტორები ჩამოიყვანონ, რომლებიც აფხაზურ “სპეცნაზს” გაწვრთნიან. რაც შეეხება ურთიერთობის ფორმას, დიდ წილად, რა თქმა უნდა, ეს დემარშია. საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებული ებრაელები, საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე, აფაზებთან კონტაქტს ამყარებენ! ებრაელების მხრიდან ასეთი აქტიურობა აფხაზეთის მიმართულებით, ვფიქრობ, არაკორექტულია. არაა გამორიცხული, რომ მათი ეს ნაბიჯი დასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილიც იყოს. საერთოდ, ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთი ცდილობს, მაქსიმალურად აქტიური იყოს ოთხი არაღიარებული რესპუბლიკების - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის მისამართით. დასავლეთს უნდა, ამ ოთხი არაღიარებული რესპუბლიკის ინტეგრაცია მოახდინოს დასავლეთის მიმართულებით და რუსეთის გავლენის სფეროდან გამოიყვანოს. ეს ამბავი დღეს და გუშინ დაწყებული არაა, ეს დაიწყო 2008 წელს, აგვისტოს ომამდე. სხვათა შორის, 2008 წლის ომის ერთ-ერთი შემდგენელი მიზეზი ის იყო, რომ დასავლეთის აქტიურობა არ დაეშვათ აფხაზეთში. არაა გამორიცხული, რომ ისრაელი დასავლეთის პოზიციას იყენებს - ერთის მხრივ, ისრაელი ასრულებს დასავლეთის დაკვეთას, ახორციელებს მის ინიციატივას, მეორეს მხრივ კი, დასავლეთის დაკვეთას უსადაგებს თავის ინტერესებს. სხვათა შორის, ზუსტად ასე იქცევა თურქეთიც. თურქეთი დასავლეთის ინტერესების ავანგარდშია და ყველაფერი გააკეთა, რომ ბაღაფში ჩაეყვანა თურქეთში. ერთი სიტყვით, თურქეთმა ძალიან გაშალა ფრთები და აქტიურად მუშაობს აფხაზეთის მიმართულებით. აგრეთვე, ძალიან გააქტიურდა სხვადასხვა რანგის დიპლომატებისა და ბიზნემენების ვიზიტები აფხაზეთში - გერმნელების, ჩინელების, არგენტინელების... ისინი დასავლური პოლიტიკის ინტერესებს ატარებენ და ნიადაგს ამზადებენ რუსეთის გავლენის სფეროდან აფხაზეთის გამოსაყვანად. ამავე დროს, დასავლეთის ინიციატივებს ამოფარებულები საკუთარ ინტერესების განხორციელებას ცდილობენ.