მას შემდეგ რაც საქართველო არცთუ კეთილად სახსენებელ რეადმისიის ხელშეკრულებას შეურთდა, უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი საკითხებია. საქართელოდან გადახვეწილი მოქალაქეები აბსოლუტურად არიან მოკლებულნი საკუთარი უფლებების დაცვას. ამიტომაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მათ ძალიან საინტერესო წინადადებას სთავაზობს.
საქართველოში სპეციალიზებული საადვოკატო ბიურო შეიქმნა, რომელიც მიგრანტთა უფლებებს დაიცავს. შპს “მიგრანტთა საადვოკატო ბიურო” თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი სამშობლოდან მოშორებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს. მისი საშუალებით როგორც საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს, ისე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კვალიფიცირებული იურიდიული მომსახურება მიიღონ.
თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით (სკაიპი, ფეისბუქი, ოდნოკლსანიკები და ა.შ.) შპს “მიგრანტთა საადვოკატო ბიურო” საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დისტანციური იურიდიული მომსახურება. ეს მათ საშუალებას მისცემს, აირიდონ ისეთი პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ადგისამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საკონსულოს არარსებობით, მისი სიშორით ან ბიუროკრატიით, აგრეთვე ამ პრობლემების გადაწყვეტისათვის სამშობლოში ჩამოსვლის აუცილებლობით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტიულების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველო რეადმისიის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას შეურთდა, რომელიც ახალი ტიპის მიგრაციულ სამართალწარმოების შემოღებას საჭიროებს. ადვოკატთა ასოციაციის წევრები მზად არიან მიგრანტთა უფლებების დაცვა საკუთარ თავზე იტვირთონ.
“ორი კვირის წინ ჩვენთან მოვიდა დანიის მიგრანტთა საბჭოს წევრი, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რედმისიის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დანია შეშფოთებული იყო იმით, არის თუ არა საქართველო მზად, რომ განახორციელოს იმ მოქალქეების დაცვა, რომლებიც ბანაკებში იცხოვრებენ ან კიდევ საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და საჭიროებენ კვალიფიციურ დახმარებას.
სწორედ ამის გამო შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც ძალიან ცნობილი იურისტი ზაალ სარაჯიშვილი ჩაუდგა სათავეში და, რომელსაც გარკვეული გამოცდილებაც აქვს ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ადვოკატთა კორპუსი გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოქალქეების გამოძევებით”, - აღნიშნა ხატიაშვილმა.
მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს დირექტორი ზაალ სარაჯიშვილი კი ამბობს, რომ ემიგრანტებს ქვეყანაში ჩამოუსვლელად მოუმზადებენ ისეთ დოკუმენტებს, რაც შესაბამის ქვეყნაში წარსადგენად დასჭირდებათ.
“მიგრანტთა საადვოკატო ბიურო აქცენტს ემიგრანტების მომსახურებაზე აკეთებს ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოდან მოშორებით იმყოფებიან. მაგალითად, როდესაც ადამიანი სხვა ქვეყნაში იმყოფება, მაგრამ საქართველოში აქვს ისეთი დოკუმენტაცია როგორიც არის ქორწინების მოწმობა და ქონების დეკლარაცია და მისი წარდგენა სჭირდება ამ თუ იმ ქვეყნაში, ჩვენ მათ ამ დოკუმენტებში მომზადებაში აუცილებლად დავეხმარებით.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ვიზების გაგრძელება, მათაც დავეხმარებით შესაბამისი საბუთების მომზადებაში, მაგრამ ადმინიტრაციულ წარმოებაში ვერ ჩავერევით”, - აღნიშნა სარაჯიშვილმა.
მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება, მისი საფასური 100 ლარიდან დაიწყება და ოდენობა საქმის სირთულეზე იქნება დამოკიდებული.