მამია სანადირაძე: ყველანაირად ვეცდები ქონების გაყიდვა გავაჩერო
“კავკასუს ონლაინის” ქონებას, შესაძლოა, ყადაღა დაედოს. კომპანიის დამფუძნებელი მამია სანადირაძე ამ თხოვნით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, “კავკასუსის” გასხვისებას არ დაუშვებს და კომპანიის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. `კომპანიასთან დაკავშირებით დღემდე სასამართლო დავა მიმდინარეობს, მათ შორის ლონდონშიც, რომელიც დროში იწელება. ამ დავის ფონზე კი ცდილობენ, რომ ქონება გაასხვისონ, მაგრამ ეს მათთვის მარტივი არ იქნება, - განუცხადა `რეზონანსს სანადირაძემ.
“კავკასუს ონლაინისა” და “სილქნეტის” შესაძლო შერწყმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ კი ამ საკითხზე ორიოდე დღის წინ იმსჯელა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს “კავკასუსისა” და “მაგთიკომის” შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებითაც. ორივე საკითხზე მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 3 თვეში გამოიტანს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დღეს “სილქნეტს” 232 542 აბონენტი ჰყავს, “კავკასუს ონლაინს”,- 156 458, “მაგთიკომს” კი 6 546 აბონენტი. სულ ქვეყანაში ინტერნეტის 480 634 აბონენტია რეგისტრირებული. `სილქნეტისა” და “კავკასუსის” გაერთიანების შემთხვევაში ერთი კომპანიის, ანუ უკვე “სილქნეტის” აბონენტთა რაოდენობა 389 000-მდე გაიზრდება, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით 81%-ს შეადგენს. “მაგთიკომისა” და “კავკასუს ონლაინის” გაერთიანების შემთხვევაში კი “მაგთიკომის” აბონენტთა რაოდენობა 163 004-მდე გაიზრდება და მთლიანი ბაზრის 34%-ს გაუტოლდება.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომპანიების მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილების მოგვიანებით მიიღებს. თუმცა როგორც “კავკასუსის” დამფუძნებელი მამია სანადირაძე აცხადებს, ეს ადვილი არ იქნება.
რეზონანსი: როგორც ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა დღეს “კავკასუს ონლაინმა” სხვა კომპანიებთან შერწყმა?
მამია სანადირაძე: დავიწყოთ იმით, რომ “კავკასუს ონლაინის”ძალადობრივად გამოძალვის თაობაზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დიდი იმედი გვქონდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და ჩვენ ჩვენს ქონებას დავიბრუნებდით. ასევე, მოხდებოდა ყველა იმ დანაშაულის გამოძიება, რომელიც სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩაიდინა, მაგრამ რეალურად არაფერი არ გაკეთებულა.
ის ხალხი კი, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საკუთარი ქონება დაებრუნებინათ და სამართლიანობა აღედგინათ, დახოცეს. მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც საკუთარი ქონების დაბრუნება სურდა, მოკლეს ბესო ხარძიანი, რომელმაც საკუთარ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში რაღაც წინსვლას მიაღწია. ჩათვალეს, რომ ამით ხალხს დააშინებდნენ და გააჩერებდნენ. დღესაც, როგორც ადრე, დაზარალებულებს დატაცებული ქონება კი არ დაუბრუნდათ, არამედ უნამუსო ჩინოვნიკებმა მძარცველებთან ერთად გაიყვეს. დღეს დაუსჯელობის სინდრომი არსებობს, მათ ჰგონიათ, რომ ნაძარცვი ქონება უკვე ბოლომდე დაისაკუთრეს და დაიწყეს ქონების გაყიდვა.
“კავკასუს ონლაინის” დღევანდელი მმართველები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დღეს მათ არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებათ და დაიწყეს ქონების გაყიდვაზე ზრუნვა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს სხვა კომპანიებთან შერწყმა.
რ: “კავკასუსის” ყიდვა სურს “მაგთიკომს” და “სილქნეტს”...
მ.ს: რაც შეეხება დასახელებულ კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს კარგად ვიცნობ. მე პატივს ვცემ “მაგთიკომს” და გია ჯოხთაბერიძეს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემთან კონსულტაციისა და კანონის ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით და მან მითხრა, რომ ის ჩემს ქონებას ბოროტად არ გამოიყენებს.
რაც შეეხება “სილქნეტს”, მაგ კომპანიაზე ვერაფერს ვიტყვი, მათი საქმიანობა მრავალჯერ იყო გამომზეურებული. მისი ხელმძღვანელი წინა მთავრობასთან, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. ეს ადამიანები, ვგულისხმობ “სილქნეტისა” და “კავკასუსის” ხელმძღვანელებს, შეეცდებიან ამ დიდი ქონებით ბაზრის მონოპოლიზაცია მოახდინონ.
ფაქტი ის არის, რომ აღარ ერიდებიან რეალურ მეპატრონეებსა და დამფუძნებლებს. თანაც ჩათვალეს, რომ მეპატრონეები დაშინდნენ ამ მკვლელობების შემდგომ და ხმას აღარ ამოიღებენ. ამაში ძალიან ცდებიან და მთავრობაც ცდება, რომელმაც მეპატრონეები ფაქტობრივად, პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვა და მძარცველებს ნაძარცვი ქონება დაუსაკუთრა. ეს კი ანგარების გარეშე, რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა, რადგან საქართველოში მთავრობები რომ იცვლება, გაძარცვული ხალხის ქონებას ახალმოსული ჩინოვნიკები და გადიდკაცებული გუშინდელი მძარცველები ინაწილებენ.
რ: გამოითქვა ვარაუდი, რომ "კავკასუს ონლაინს" დიდი ვალი აქვს და სხვა კომპანიებთან შერწყმა ამიტომაც გადაწყვიტა...
მ.ს: დღეს ”კავკასუს ონლაინის” ვალი, ჩემი გათვლებით, დაახლოებით 100 მლნ დოლარზე მეტია, მაგრამ ვალების გამო ეს კომპანია არ იყიდება. ვალი ყველა მოქმედ კომპანიას აქვს და გასაკვირიც არაა, რომ “კავკასუსსაც” ჰქონდეს. აქ მთავარი ისაა, რომ სურთ მონოპოლიზაცია და ხალხის ღიად ძარცვა. ამ ნაბიჯით პრაქტიკულად, გადაწყვიტეს, რომ შეძლებენ მოსახლეობისგან მეტი ფულის ამოღებას. უბრალოდ, როდესაც კონკურენცია არ იქნება, მოსახლეობა იძულებული გახდება, რომ მომსახურება ამ მონოპოლისტისგან შეიძინოს. შემდეგ კი, როგორც ეს წყლისა და ელექტროენერგიის შემთხვევაშია, გაურიგდებიან მარეგულირებელს, მოუმატებენ ფასებს და ამოიღებენ ბევრ ფულს ხალხიდან.
საქართველო დღეს სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობს. ქვეყანაში არ არის სამართლიანობა, არ არსებობს პროკურატურა, რომელიც დანაშაულს გამოიძებს, ყველაფერი კრიმინალური გარჩევებით ხდება და ყალიბდება მაფიოზური ქვეყანა. არადა, კონკურენცია არის აუცილებელი, ამაზე დგას მთელი დასავლეთი. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში კანონის შესრულება არავის არ უნდა. ეს კი ქვეყნი გარედან უფრო კარგად ჩანს.
რ: თქვენ პროკურატურაში სარჩელი დიდი ხნის წინ შეიტანეთ, ახლა რა ეტაპზეა “კავკასუს ონლაინის” საქმის გამოძიება?
მ.ს: ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 3 წელია უმრავ ფაქტთან ერთად პროკურატურაშია, არავინ არ გამოიძია და არც არავინ აპირებს გამოძიებას. საქმე გაჩერებულია. ჩემი ადვოკატები მეუბნებიან,
რომ ჩვენს მოთხოვნებს არავინ ყურად არ იღებს, პრაქტიკულად, გაყიდულია ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქონების მძარცველებზე გადაფორმება მოხდა.
რ: რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ქონების დაყაღების თხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა. თქვენც ხომ არ აპირებთ ქონების დაყადაღების თხოვნით მიმართოთ სასამართლოს?
მ.ს: ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით დავა ლონდონის სასამართლოშიც მიმდინარეობს, რომელიც დროში იწელება. მაგრამ შევეცდები, რომ მოხდეს ქონების დაყადაღება. ჩვენ ერთხელ ვცადეთ ქონების დაყადაღება, მაგრამ ეს ვერ შევძელით. მოსამართლემ არ დააყადაღა ქონება, რადგან მაშინ გაყიდივის საშიშროება არ არსებობდა. ახლა კი, როდესაც საუბარია “კავკასუსის” სხვა კომპანიასთან შერწყმაზე, ვაპირებ, რომ სასამართლოში ქონების დაყადაღების თხოვნით მივმართო. და ამჯერად გამორიცხული არ არის, რომ ქონება დაყადაღდეს.
ზოგადად, ამ მთავრობამ ათიათასობით ადამიანი პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა. ასე ვარ მეც, ახლა ცდილობენ, რომ ჩემი ქონება დაისაკუთრონ, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები ქონების გაყიდვა გავაჩერო. მე ჩემი კომპანიისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ნუ ჰგონიათ, რომ გავჩერდები და ნუ ჰგონიათ, რომ ასეთი ქმედებებით, ხალხი მოატყუეს. მთავრობასაც ნუ ჰგონია, რომ ხალხი გაჩერდება და მოტყუვდება. არავინ არაა შეშინებული და ხალხი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, ეს იქნება არჩევნებზე თუ მანამდე.