ბათუმელები ბულვარის ჩეხვას აპროტესტებენ

ბათუმელები ბულვარის ჩეხვას აპროტესტებენ

ბათუმის ბულვარში ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. მას შემდეგ, რაც  ბათუმელებმა შეიტყვეს ბულვარის  განადგურების ამბავი, ხალხის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. ცენტრალურ შესასვლელის მარჯვენა მხარეს, სადაც ე.წ. ”ფანტანები იდგა”, ხეების მოჭრა და  სასტუმროს ასაშენებლად, ტერიტორიის გამზადება დაიწყეს. აქციების, ორგანიზატორები არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, არამედ საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.

ლეიბორისტული პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით რობაქიძის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების როლი აქციაზე, მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ფაქტობრივად, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ხელმძღვანელები იყვნენ მისული და ხალხი მათი ინიციატივით არ გამოსულა. ესენი იყვნენ რიგითი ბათუმელები, რომელთაც  პროტესტის გრძნობა გააჩნიათ.

კონკრეტულად რომელი პარტიები შეუერთდნენ აქციას?

- თითქმის ყველა მოქმედი პარტია იყო ბათუმში, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. რაც შეეხება ბურჯანაძის პარტიას, მინდა გითხრათ რომ მას ბათუმში პარტია ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სახალხო კრება თავისი წარმომადგენლებით იყო მოსული. იმ პირობებთან შედარებით, რაც ბათუმში იყო, ანუ თავსხმა წვიმა, შემიძლია გითხრათ, რომ აქციაზე საკმაო რაოდენობით მოვიდა ხალხი - 600-დან 800 კაცამდე.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ თავი დაენებონ ბათუმის ბულვარის მიზანმიმართული განადგურებას. სხვა არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო. ერთადერთს ვითხოვ, გაანებონ ”ბათუმის ფილტვებს” თავი და იმ ტერიტორიას, რომელიც მათი საკუთრება არ არის.  მინდა ერთი პატარა მაგალითი მოგიყვანოთ. თავის დროზე ბათუმის თვითმმართველობამ ეს ტერიტორია მეფის რუსეთის დროინდელი  გუბერნატორისაგან  იყიდა. აქ  იყო ქ.ბათუმის პირველი საკრებულო, რომელიც შემდეგ ოფიცრის სახლის სახელით იყო ცნობილი და ასლან აბაშიძის პერიოდში დაანგრიეს. ეს  მაშინდელი ბათუმლების ფულით ნაყიდი ტერიტორიაა და არა ეკონომიკის სამინისტროს გასასხვისებელი.

რა პასუხს გაძლევენ ხელისუფლების წარმომადგენლები?

- ახლახანს მოვისმინე რუსთავი2-ზე, კურიერში, ბათუმის მერიაში ვიღაც არქიტექტორი რომ ჰყავთ, იმის განცხადება. თურმე ეს  ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება ყოფილა და სახელმწიფო აშენებს რაღაცას. მე უბრალოდ გამკვირვებია ამ გაჭირვებულ და ღატაკ ქვეყანაში როდის მერე დაიწყო სახელმწიფომ ბიზნესი. რას ჰქვია სახელმწიფო აშენებს? აშენებს ინვესტორი თავისი ფულით, ხოლო სახელმწიფოში შედის თანხები, რომლითაც ივსება ბიუჯეტი. ის რასაც აკეთებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, დანაშაულია.

როგორ მიმდინარეობდა აქცია?

- აქცია ბათუმური წვიმის ფონზე მიმდინარეობდა. იქ რიგითი, ძირძველი ბათუმელები მონაწილეობდნენ და არა ბათუმში გუშინ ჩამოსახლებული ადამიანები. საუბარი იმ ბათუმელებზეა, რომელთაც ამ ქალაქზე გული შესტკივათ. მათი მოთხოვნა იყო, კიდევ ერთხელ დემონტაჟი იმ ღობისა, რომლის დანგრევაც ორჯერ მოვახდინეთ და წუხელ ღამე  ხელახლა ააგეს.

მიუხედავად იმისა რომ სამჯერ აღემატებოდა პოლიცია იქ მყოფ ადამიანებს, მაინც იქნა პოლიციის კორდონი გარღვეული და რაღაც ნაწილი ღობისა დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღობეს დღესვე აღადგენენ,  მაგრამ ამას კიდევ ერთი დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა, - ასწლოვანი ცაცხვის ხეები, რომელიც 130 წლის წინ, ბულვარი შეიქმნისას, ადალფონსის მიერაა დარგული, განადგურებას ექვემდებარება.

რაც შეეხება ნაძვებს, უკვე მოჭრეს და მხოლოდ 7 თუ 8 ნაძვიღაა დარჩენილი. სწორედ ამიტომ, რამდენიმე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ხეებზე ავიდნენ და ასე იქნა დროებით შეჩერებული ასწლოვანი ცაცხვის ხეების მოჭრა.

როდის დაიწყო პოლიციამ ტერიტორიაზე მობილიზება?

- აქცია 13 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ პოლიცია 11 საათიდან იყო მობილიზებული. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ოთხი დღის განმავლობაში ყოველ დღე მიმდინარეობდა ამ ტერიტორიაზე პატარ-პატარა აქციები. როდესაც ღობე დავანგრიეთ, მათ აალაგეს და წაიღეს, მაგრამ ღამე ქურდებივით მივიდნენ და ხელახლა დაიწყეს კეთება. როცა ეს გაგვაგებინეს, ღამე გავედით   და ისევ მოვახდინეთ დემონტაჟი. ამის შემდეგ დააყენეს  დაცვის პოლიცია. დარწმუნებული ვარ, ახალი აქციის დროს, რომელიც დღეს არის დაგეგმილი, იდევ ერთხელ მოგვიწევს ამ ღობის დანგრევა.

სისტემატიურ აქციებს გეგმავთ?

- მძიმე მარხვის პერიოდში მაქსიმალურად შევეცადეთ  რადიკალურ ნაბიჯებზე არ გადავსულიყავით. უნდა განვაცხადო, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და თუ ეს უგუნური ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ხალხის სურვილს, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები იძულებულები ვიქნებით აჭარაში სრული მობილიზაცია გამოვაცხადოთ. თუ ლევან ვარშალომიძეს მაინცდამაინც უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს აჭარაში ფეხი არ ჩამოვადგმევინოთ, მაგასაც მიიღებს.

რას აპირებთ მაშინ, თუ აქციები შედეგებს არ გამოიღებს?

- სასამართლოზე მიმართვას და  პროცედურებს, დამერწმუნეთ, ამ ქვეყანაში აზრი არა აქვს, რადგან აქ მოსამართლეც მიშა სააკაშვილია, პროკურორიც და ე.წ. პრეზიდენტიც. ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილავ, ეს  არის სიფხიზლე და მიხეილ სააკაშვილის დევნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ  შევაძულოთ ბათუმში ჩამოსვლა.

ყველა რესტორანთან, ყველა კაფე-ბართან, სადაც სააკაშვილი დადის და ”სკდება”, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, 24 საათიანი მორიგეობა დაწესდება. როგორც კი აეროპორტში ჩამოფრინდება, არც ერთ დაწესებულებაში არ შევარგებთ დაჯდომას და ქეიფს. ადგეს და წავიდეს. ბოლოსდაბოლოს მიხვდება, რომ ბათუმი წინააღმდეგია იმ გარეწრობის, რასაც ესენი ბათუმში აკეთებენ ბულვარის განადგურებით.

ამ წუთებში შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოები შეჩერებულია. მოსახლეობა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, მობილიზებულია. როგორც კი სამუშაოებს დაიწყებენ, მაშინვე დაგვიკავშირდებიან. ჩვენ გარკვეულ ზომებს აუცილებლად მივიღებთ.