რთველის ნორმალურად ჩატარებას წელს მხოლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობა თუ უშველის. შარშანდელი წარმატებული სეზონის შემდეგ, იყო საუბარი, რომ წელს რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნებოდა, მაგრამ ბოლო თვეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ მთავრობას სხვა გზა აღარ დარჩა - ბიუჯეტიდან თანხა წელსაც გამოიყოფა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, მთავრობამ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის დავალებით მიიღო. „ჩვენთვის რთველი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. გვინდა, რომ ყველას ესმოდეს თუ როგორი მიდგომაა, რას გავაკეთებთ. ერთი, რაც შემიძლია უკვე ვთქვა, არის ის, რომ სუბსიდირება გადაწყდა. პრემიერის დავალებით წელსაც გამოიყოფა თანხა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სუბსიდირების შარშანდელ პრაქტიკას გაიმეორებენ, თუმცა არის გარკვეული ცვლილებებიც. შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრი ყურძნის სუბსიდირებაზე 35 თეთრი, ხოლო წითელ ყურძენზე - 15 თეთრით გამოიყო. სუბსიდირებით იმ კომპანიებმა ისარგებლეს, რომლებმაც ყურძენი არანაკლებ 1 ლარად შეიძინეს.
რაც შეეხება ყურძნის მოსავალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, წლევანდელი მოსავალი არის ძალიან კარგი და მინიმუმ 30%-ით მეტი, ვიდრე იყო შარშან. გასულ წელს საქართველოში სულ 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და საერთო ჯამში, მევენახეებმა 170 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
„წლევანდელი გაზრდილი მოსავალი გამოიწვია ძალიან ბევრმა სხვადასხვა ღონისძიებამ. კერძოდ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელმაც მინიმუმ 32 პრევენცია გააკეთა მიმდინარე წელს. ეს გახლავთ შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა და ბევრი სხვა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფომ გაატარა“, - განაცხადა დანელიამ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა. მეღვინეებთან გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი. სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნვენ, რომ შესაძლო ემბარგოსთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ და ამ ეტაპზე რუსეთში ღვინის ექსპორტს პრობლემები არ აქვს.
„პირველ რიგში, ხაზი გავუსვათ იმას, რომ რამე გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ოფიციალურად ინფორმაცია არ გვაქვს. რა შეფერხებებიც იყო ტვირთთან მიმართებაში, მოხსნილია და ჩვენი ინფორმაციით, ტვირთი ჩვეულებრივად შევიდა და განბაჟდა. ასევე მიმდინარეობს ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში, არაფერი განსაკუთრებული პრინციპში არ მომხდარა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უფრო ინტენსიური იყოს თანამშრომლობა და არანაირ პრობლემას ამ ეტაპზე არ ველოდებით“, - განაცხადა დანელიამ.
ჯერჯერობით რუსეთის მიმართულებით წლის დასაწყისიდან 18 მლნ ბოთლის ღვინოა გადაზიდული.