ძალიან მალე მოსკოვში საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდება. მხარეები შეხევდრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართება, დაიგეგმა მას შემდეგ, რაც რუსეთი ქართული პროდუქციის მიმართ ემბარგოზე ალაპარაკდა და „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ალკოჰოლური სასმელების პარტია დაიწუნა.
ქართული კონიაკითა და ღვინით დატვირთული რამდენიმე მანქანა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა სამსახურმა გასულ კვირას ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. მიზეზად კი პროდუქციის ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა დაასახელა.
“როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ. მოგვიანებით, შეჩერებული მანქანები რუსეთის ტერიტორიაზე მაინც შევიდნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, რუსეთში მისი მრჩევლის ვიზიტი რუსეთის მხრიდან შესაძლო ემბარგოს საკითხს არ ეხება.
ოთარ დანელიას განმარტებით, ზურაბ ჩეკურაშვილის ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და ემბარგოზე საუბარი მრჩევლის უფლებამოსილებას სცდება.
„იყო ადრეც ეს შეხვედრები, პირველი არ გახლავთ და კიდევ იქნება მომავალში, რათა ზუსტად გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნომრები და პრინციპები. მხოლოდ ამას ემსახურება, სხვას, რა თქმა უნდა, არაფერს. ჩემს მრჩეველს არ აქვს უფლებამოსილება ამაზე ისაუბროს. იგი გაამახვილებს ყურადღებას მხოლოდ იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სავაჭრო ურთიერთობებს და აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს ეხება. ეს უკვე პოლიტიკური ჭრილია“, - განმარტა ოთარ დანელიამ.
ამასობაში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მთავრობას საკუთარი წინადადებები გადაუგზავნა, შვიდი ქვეყნისთვის აკრძალული პროდუქტების სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.
„სამინისტრომ მხოლოდ პროდუქტების სიასთან დაკავშირებით იმუშავა. ქვეყნების შესახებ მუშაობა კი მთავრობის აპარატის გადასაწყვეტი საკითხია“, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში. ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის შეტანაც რუსეთში იკრძალება.
წინა კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გაფართოვდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც რუსეთის ემბარგო შეეხება. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შვიდმა ქვეყანამ - ჩერნოგირიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა, უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება დაუდასტურეს.