“საბანკო სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა ზედამხედველობის სამსახურის დადებითად შეფასების საშუალებას”

“საბანკო სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა ზედამხედველობის სამსახურის დადებითად შეფასების საშუალებას”

თემურ ბასილია წლების განმავლობაში იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ეკონომიკურ რეფორმებს 90-იან წლებში. სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქმე შეუკერა. ამ უსაფუძვლო საქმის არგუმენტების გადახედვას კი არა და არ დაადგა საშველი. დღეს ბ-ნი თემურ ბასილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს პოლიტიკური დევნილის სტატუსით. იგი “ფეისბუქში” კვალიფიციურ და ღრმა ანალიზით გაჯერებულ პოსტებს ათავსებს. “ბ&ფ” მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 თქვენ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელეთ, საქართველოსკომერციული ბანკების დავალიანებების შესახებ. რა დავალიანებებზეა საუბარი და როგორ ფიქრობთ,რატომ შეიძლება გახდეს ეს, ერთი შეხედვით, ნორმალური ტენდენცია პრობლემური?

– ეს გახლავთ ქართული საბანკო სექტორის დავალიანება უცხოელი კრედიტორების მიმართ, მათ შორის, უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქართული ბანკებს დაუყოვნებლივ გადასახდელი ჰქონდათ 835 მილიონი დოლარი თავისი უცხოელი კრედიტორებისთვის. დაუყოვნებლივ გადასახდელი მოიცავს ვადაგადაცილებულ დავალიანებასა და ყველა ტიპის სადეპოზიტო ვალდებულებას არარეზიდენტების მიმართ, მიუხედავად დეპოზიტების ვადიანობისა. არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ვადაგადაცილებული დავალიანება. მხოლოდ ეს ფაქტი იყო საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლება დაინტერესებულიყო რა ხდება ქართულ საბანკო სექტორში, რატომ აქვთ ქართულ ბანკებს ვადაგადაცილებული დავალიანება თავიანთი უცხოელი კრედიტორების წინაშე და ხომ არ ემუქრება საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხე.

მთლიანად 2015 წლის განმავლობაში ქართულმა ბანკებმა თავიანთ უცხოელ კრედიტორებს უნდა გადაუხადონ დაახლოებით 1.4 მილიარდი ამერიკული დოლარი. მომდევნო, 2016 წლის განმავლობაში – 506.7 მილიონი, ხოლო 2017 წლისთვის გადასახდელი თანხა ოთხჯერ იზრდება და 2 მილიარდ დოლარს აღწევს. ჯამში ქართულ საბანკო სისტემას უახლოეს წლებში უცხოელი კრედიტორებისთვის გადასახდელი აქვს 4.4 მილიარდი აშშ დოლარი. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა და რაც ასევე საინტერესოა, ბანკების ვალი აღემატება საქართველოს სახელმწიფო ვალს, რაც 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ბანკთაშორისი კრედიტი, საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოური ბანკების მიერ საკრედიტო ხაზების გახსნა ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციებია, მაგრამ, ეროვნული ბანკის მონაცემების გაცნობის შემდეგ, კითხვები ჩნდება ქართული საბანკო სისტემის მიმართ. კერძოდ, რამდენია საბანკო სექტორის ვალი უცხოელი კრედიტორების მიმართ? – 2.7 მილიარდი დოლარი. ანუ, ქართულმა საბანკო სექტორმა უცხოეთიდან მოიზიდა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი და უკან დასაბრუნებელი აქვს 4.4 მილიარდი, რაც 1.4 მილიარდი აშშ დოლარით მეტია ძირითად თანხაზე. როგორც ვხედავთ, ამ ვალის მომსახურების ხარჯი 50%-ს აღემატება. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას – რა საპროცენტო განაკვეთით “სესხულობდა” ქართული საბანკო სექტორი ამ თანხებს უცხოელი კრედიტორებისგან? ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ასეთი “საპროცენტო განაკვეთები” არც უცხოურ ბანკებს აქვთ და მით უმეტეს, არა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. საიდან შეიძლება წარმოშობილიყო ასეთი კატასტროფიული სხვაობა?

ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ, ქართული საბანკო სექტორი ვერ ემსახურება ამ ვალებს შეთანხმებული გრაფიკით, ვერ იხდის დროულად გადასახდელ თანხას, რის გამოც მათ  უგროვდებათ ვადაგადაცილებული დავალიანებები, რაც მკვეთრად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და შესაბამისად, ვალის მომსახურების ხარჯს. თუ, ეს არის რეალური მიზეზი, ჩნდება კითხვა – რატომ ვერ იხდის ქართული საბანკო სექტორი დროულად ვალებს? რა პრობლემების წინაშე არიან ისინი? სწორედ ეს უნდა გაარკვიოს ხელისუფლებამ და ამიტომაც უნდა ჩაიხედოს საბანკო სექტორის საქმიაობაში უფრო ღრმად, რომ დროულად მიიღოს ზომები, რათა თავიდან აიცილოს სერიოზული პრობლემები.

რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას? თუ ქართული ბანკები ვერ შეძლებენ დროულად დაფარონ მათ მიერ უცხოეთიდან აღებული სესხები, ეს კრედიტორები მოთხოვენ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდეს ამ დავალიანებების დაფარვა. სწორედ ასე მოხდა სულ ცოტა ხნის ევროგაერთიანების რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ასევე ისლანდიაში. გარწმუნებთ, ზეწოლა იქნება საკმაოდ სერიოზული, რადგან ქართულ საბანკო სექტორს აქვს როგორც მსხვილი უცხოური ბანკების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების – ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვალები. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ეს პრობლემა კონტროლზე, მით უმეტეს, რომ ქართული საბანკო სექტორის ვალი უცხოელ კრედიტორებზე იზრდება.

კერძოდ, თუ 2012 წლის ივლისის მდგომარეობით ეს ვალი 2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, დღეის მდგომარეობით, როგორც უკვე აღვნიშნე, იგი 2.7 მილიარდს შეადგენა, ანუ გაზრდილია 700 მილიონი აშშ დოლარით.

ამ მოვლენამ ასევე, შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, საგარეო ვალის მომსახურების სახით (ძირითადი თანხა და პროცენტები) მიმდინარე წელს ქვეყანამ უნდა გადაიხადოს 3.8 მილიარდი აშშ დოლარი; მათ შორის, სამთავრობო სექტორმა უნდა გადაიხადოს 221 მილიონი, ეროვნულმა ბანკმა – 14.2 და საბანკო სექტორმა 1.4 მილიარდი აშშ დოლარი. და ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის რეზერვები 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. ანუ, ქვეყანამ უნდა გადაიხადოს 3.8 მილიარდი დოლარი, როდესაც ეროვნული ბანკის რეზერვები მხოლოდ 2.5 მილიარდს, ანუ 1.3 მილიარდი დოლარით ნაკლებს შეადგენს. არის თუ არა ეს საფრთხე მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის? რა თქმა უნდა, არის. როგორ აპირებს ეროვნული ბანკი ამ სხვაობის დაფარვას, რის ხარჯზე? საიდან გეგმავს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, რომ შესაძლებელი იყოს აღებული საგარეო ვალდებულებების შესრულება, ისე რომ მაკროეკონომიკიურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას? ეს ის კითხვებია, რომლებიც საქართველოს პარლამენტში უნდა დასმულიყო როდესაც ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განიხილავდნენ და ამ კითხვებზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას საჯაროდ უნდა გაეცა პასუხი.

– ქართულმა საბანკო სისტემამ მძიმე პერიოდი ერთხელ უკვე გადალახა, როდესაც 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ და პლიუს გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად ქართულ ბანკებს მნიშვნელოვანი საგარეო ფინანსური ვალდებულებები ქონდათ დაგროვილი, აღსანიშნავია, რომ ამპერიოდში მთლიანად ქართულმა საბანკო სისტემამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან1,105 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო. შეიძლება თუ არა, რომ უახლოესი რამოდენიმე წლისგანმავლობაში იგივე სცენარის განმეორებას ველოდოთ და რატომ, გაიმეორა თუ არა საბანკოსისტემამ შეცდომები?

– პირველ რიგში, ნამდვილად არ ვისურვებდი იგივე სცენარის გამეორებას, რადგან საქართველომ ეს დახმარება მიიღო, რათა შემსუბუქებულიყო რუსეთის აგრესიის შედეგები. რეალურად კი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასეთი მასშტაბური დახმარების კვლავ მიღების შესაძლებლობა არის ნაკლებად სავარაუდო. რაც შეეხება საბანკო სექტორისადმი დახმარებას, ეს იყო საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რათა თავიდან აცილებულიყო საბანკო სისტემის კოლაფსი, რასაც დაეთანხმა საერთაშორისო თანამეგობრობა. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მიმართ დახმარება არ ყოფილა საჩუქარი, გრანტი – ეს იყო შეღვათიანი პირობებით მიცემული სესხი.

რაც შეეხება საბანკო სისტემის მიერ ადრე დაშვებულ შეცდომებს, სამწუხაროდ, ეს კვლავ მეორდება რადგან დღვანდელ მოგებაზე ორიენტირებული ქართული საბანკო სექტორი კვლავ გასცემს მაღალი რისკის სესხებს, რამაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ საბანკო სისტემის სტაბილურობას, არამედ, ქვეყანაში სტაბილურობას.  ნახეთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის ივნისის მდგომარებით შენამეურნეობებზე გაცემულია 14.7 მილიარდი ლარის სესხი, მაშინ როდესაც საბანკო სექტორში დეპოზიტები 13.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

 როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არსებულ საბანკო ზედამხედველობისდეპარტამენტის საქმიანობას, რომელიც არის პასუხისმგებელი ორგანო, საბანკო სფეროსგამართულად ფუნქციონირებისა და უკავშირებთ თუ არა ამ ორგანოს საქმიანობას იმ შესაძლოსაფრთხეს, რის წინაშეც შესაძლოა საბანკო სექტორი უახლოესი წლების განმავლობაში შეიძლებააღმოჩნდეს?

– რა თქმა უნდა, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში არსებული პრობლემების გამოსავლენად და მათ დასაძლევად. ამ სამსახურს შემუშავებული უნდა ჰქონდეს გარკვეული წესები და დაწესებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნორმატივები, რომელიც საბანკო სექტორმა უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, საბანკო სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დადებითად შეფასების საშუალებას.

საქართველოში ძალიან პოპულარულია მოსაზრება, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს სამეურნეო სუბიექტების საქმიანობაში. თუმცა, ხშირად ურევენ საქმიანობაში ჩარევასა და აუცილებელი რეგულაციების დაწესებას. ჩარევა არის, როდესაც სახელმწიფო ერევა კერძო ორგანიზაციების საქმიანობაში და კარნახობს მას რა აწარმოოს, რა ოდენობით, რა ფასი ან მომსახურების ტარიფი დააწესოს და ა.შ. რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკისთვის ეს მიუღებელია. ამავე დროს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფომ უნდა შექმნას თამაშის ერთიანი წესი ყველა სამეურნეო სუბიექტისთვის, დაიცვას კონკურენცია, უსაფრთხოება და ა.შ.

საბანკო სექტორთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულია რეგულაციის მკაფიო წესები ჰქონდეს, რომელთა შემუშავება, დაწესება და კონტროლი საბანკო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა. კომერციული ბანკების მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა მიიღოს მაქსიმალური მოგება და ამ მიზნით, შესაძლოა, ის წავიდეს გარკვეულ რისკებზე. სწორედ ამიტომ აწესებს სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციებს, რათა დაიცვას მეანებრეები, აქციონერები, ინვესტორები და ასევე, დაიცვას ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება. ბანკების გაკოტრება საკმაოდ მტკივნეული პროცესია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ათასობით მეანაბრეს, ასი ათასობით პირს, ვისაც ბანკებში აქვთ გახსნილი ანგარიშები, მათ შორის პენსიონერებს. ეს ასევე უკავშირდება, სხვადასხვა კომპანიებს შორის ანგარისწორებას. ამიტომ, ბანკის გაკოტრება გაცილებით მძიმე შედეგის მომტანია, ვიდრე რომელიმე სხვა კომპანიის გაკოტრება. ამიტომაც არის აუცილებელი საბანკო რეგულაციები, რასაც უნდა აწესებდეს და აკონტროლებდეს საბანკო ზედამხედველობის სამსახური.

ამერიკის შეერთებული შტატებში 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში საბანკო რეგულაციის ბევრი წესი და ნორმატივი გააუქმეს. შედეგად, საბანკო სესხები ხელმისაწვდომი გახდა ბევრი ისეთი ადამიანისთვის, ვისაც არ ჰქონდა მყარი ფინანსური გარანტია. სწორედ ის იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც რამდენიმე წლის წინ გამოიწვია აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული ფინანსური კრიზისი, როდესაც მთავრობა იძულებული გახდა ჩარეულიყო როგორც ბანკების, ისე, ზოგიერთი მსხვილი საწარმოს საქმიანობაში. აშშ-ს აქვს იმის რესურსი, რომ კრიზისულ პერიოდი იმოქმედოს და ჩაერიოს კიდეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი დაზარალდა – ათეულ ათასობით ადამიანმა დაკარგა თავისი ქონება, მათ შორის ბინა.

სამწუხაროდ,  საქართველოს ამის რესურსი არ გააჩნია და არც ვინმეს აქვს იმის ვალდებულება, რომ დაგვეხმაროს. ყველამ ვნახეთ, რა რთული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდა საბერძნეთს, რომ მოეპოვებინა საერთაშორისო დახმარება. არ დაგვავიწყდეს, საბერძნეთი ევროკავშირის და ევროზონის წევრია და მის მიმართ ამ გაერთიანებებს აქვთ ვალდებულებები. საქართველოს მიმართ ასეთი ვალდებულება არავის აქვს. ერთადერთი,  ვინც ასეთ სიტუაციაში შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, ეს გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამიტომაც, ეს რეალობა უნდა გაითვალისწონოს ხელისუფლებამ და ზედამხედველობის წესები და ნორმატივები ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა დაადგინოს.

რაც შეეხება თავად საბანკო ზედამხედველობის სამსახურს, როგორც უკვე აღვნიშნე, საბანკო სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა ამ სამსახურის დადებითად შეფასების საშუალებას. იგი ჩამოყალიბდა ჩაკეტილ სისტემად და საზოგადოებას არა აქვს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია თუ, რა ხდება საბანკო სისტემაში.

 საბანკო ზედმახედველობის ეროვნული ბანკისგან დისტანცირების საკითხს საკმაოდ ბევრიოპონენტი ყავს, თქვენ როგორ აფასებთ აღნიშნულ რეფორმას და რა კონკრეტული მიზეზები არსებობსიმისა, რომ ამ ორგანომ დამოუკიდებლად უნდა იფუნქციონიროს?

– არსებობს ორივე მოდელი, როდესაც საბანკო ზედამხედველობა არის ცენტრალური ბანკის შემადგენლობაში და როდესაც ის არის ცენტრალური ბანკის გარეთ. ორივე ვარიანტი შესაძლებელია, ოღონდ დაცული უნდა იყოს როგორც ცენტრალური ბანკის, ასევე საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებლობა და რომ ისინი არ იყვნენ ჩარეულნი პოლიტიკურ პროცესებში.

 თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც მთავრობას ურჩიეთ, რომ დროულადჩაიხედოს საბანკო სექტორის საქმიანობაში, მსგავს ხედვას საზოგადოების გარკვეულ წრეებშისაკმაოდ ნეგატიური შეფასებები მოყვება ხოლმე, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომსაბანკო სექტორის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი უნდა იყოს. თქვენი აზრით რა კუთხით უნდაჩაერიოს მთავრობა საბანკო სფეროს საქმიანობაში და რატომ თვლით, რომ ამის საჭიროებაარსებობს?

– არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ხელშეუხებელი სექტორი – ყველა თანასწორია კანონის წინაშე. სახელმწიფო აწესებს თამაშის წესებს, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, მათ შორის საბანკო სექტორმაც.  მაგალითად, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ხელისუფლებამ  სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო ბრალი წაუყენა ხუთი უდიდესი ბანკის – Citigroup, JPMorgan Chase, Barclays და Royal Bank of Scotland, Menejments და 5.6 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა ეს ბანკები ვალუტის გაცვლითი კურსის მანიპულაციის გამო. საქართველოში კი, სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა ლარის დევალვაცია და არავის შეუსწავლია ამის რეალური მიზეზები.

ხაზს ვუსვამ, მთავრობა არ უნდა ჩაერიოს საბანკო სექტორის საქმიანობაში, ეს არ არის მთავრობის საქმე – მთავრობამ უნდა ჩაიხედოს საბანკო სექტორში. ეს სხვადასხვა ცნებებია.

ამ პროცესში  მთავრობამ უკეთ უნდა გამოიყენოს საბანკო ზედამხედველობის სამსახური და შედეგიანი გახადოს მისი საქმიანობა. ფაქტია, რომ ქართულ საბანკო სექტორში პრობლემებია, რომელთა დროული შესწავლა და შესაბამისი ზომების მიღება სახელმწიფოს ვალდებულებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სერიოზული კატაკლიზმები.