ენერგოომბუდსმენი ,,თელასის', ,,ყაზტრანსგაზთბილისისა' და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' წინააღმდეგ?!

ენერგოომბუდსმენი ,,თელასის', ,,ყაზტრანსგაზთბილისისა' და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' წინააღმდეგ?!

აბონენტების რა კონკრეტულ საჩივრებს განიხილავს სალომე ვარდიაშვილი და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი უფლებები ილახება    

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 31 ივლისის სხდომაზე გადაწყდა და ს/ს ,,თელასის' განაცხადი ტარიფის კორექტირების შესახებ, წარმოებაში მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ,,ენერგოპრო ჯორჯიას' მსგავსად, ტარიფის გაზრდას ,,თელასიც' ითხოვს. კანონის თანახმად, სემეკს განაცხადის განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს, თუმცა 31 ივლისის სხდომაზე უკვე გაირკვა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება 2015 წლის 18 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი თბილისში. როგორ აფასებს ტარიფის გაძვირების პროცესს ენერგოომბუდსმენი? როგორ იცავს მომხმარებელთა ინტერესებს? ფიზიკური თუ იურიდიული პირების რა კონკრეტულ საჩივრებს განიხილავს სხვადასხვა ენერგოკომპანიების წინააღმდეგ? რას ნიშნავს ხანდაზმული დავალიანება და რატომ არ უნდა აღიაროთ ძველი ვალი? ,,ვერსიას' ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ესაუბრება.    

ქალბატონო სალომე, მართალია, დენის ტარიფი ობიექტური მიზეზების გამო გაძვირდა, მაგრამ როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი, როგორ აფასებთ ამ პროცესს? 
- ტარიფების თემას მხოლოდ ვიწრო მიმართულებით არ ვუყურებ და ორ ნაწილად გავყოფ: ეს არის სოციალური საკითხი და ინტერესები ენერგეტიკაში. როგორც მომხმარებელთა ინტერესების დამცველს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ტარიფები არ გაიზარდოს, რათა 1-თეთრიანი გაძვირებაც კი, მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას. თუმცა, როგორც ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ადამიანს, ის ობიექტური მიზეზებიც მესმის, რასაც მარეგულირებელი კომისია ასაბუთებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის სოციალურ ნაწილზე პასუხისმგებლობა მყისიერად აიღო, ვგულისხმობ სოციალურად დაუცველთა სუბსიდირებას, რაც ევროპული პრაქტიკაა და ამას დადებითად ვაფასებ. საბოლოო შეფასება ჯერ ადრეა, თუნდაც ,,ენერგო- პრო ჯორჯიას' ტარიფებსა და სამომავლო პროცესებთან მიმართებაში, რადგან ტარიფთან დაკავშირებით, ღია სამუშაო პროცესი დავიწყეთ. ენერგოომბუდსმენის აპარატის ინიციატივით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ეს საკითხი აინტერესებთ, თუნდაც პოლიტიკური მოტივაციით, მოვუწოდებთ, ჩაერთონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ ჯგუფში ეკონომისტები, ფინანსისტები და ენერგეტიკის ექსპერტები იმუშავებენ, რომლებიც ალტერნატიულ რჩევებსა და მოსაზრებებს მომაწვდიან, რაც შესაძლოა, მარეგულირებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტისგან განსხვავდებოდეს კიდეც. 

- ამ ჯგუფში მუშაობის სურვილი თუნდაც პოლიტიკურად მოტივირებულმა პერსონებმა გამოთქვეს უკვე? 
- ეს განცხადება 30 ივლისს გავაკეთე, როდესაც საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა გადავწყვიტეთ. იმავე დღეს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ფინანსისტები' გამოგვეხმაურნენ, ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა ჯგუფში მუშაობის სურვილი გამოთქვა, რასაც მივესალმები. იგივე განცხადება გავაკეთე 31 ივლისის სხდომაზე, სადაც ,,თელასის' მიმართ გაიხსნა ადმინისტრაციული წარმოება. როგორც მახსოვს, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ჯონდი ბაღათურია ესწრებოდა ამ სხდომას, მაგრამ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს. იმედია, გამოგვეხმაურებიან, რადგან ახლა აგვისტოა, დასვენებისა და შვებულების პერიოდი და შესაძლოა, ამ პროცესში ჩართვას ამიტომ ვერ ახერხებენ. 

- სემეკის 31 ივლისის სხდომაზე უნდა გარკვეულიყო, მიიღებდა თუ არა წარმოებაში ,,თელასის' განაცხადს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ ეს პროცესი დაიწყო. იმის გამო, რომ სემეკმა საბოლოო გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა მიიღოს, ძნელია საუბარი, გაძვირდება თუ არა დენი თბილისშიც, მაგრამ მაინც გკითხავთ... 
- შესაძლოა, 18 დეკემბრამდე ეკონომიკური ფონი შეიცვალოს. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის 5 წევრი იმ დროისთვის, ძნელია, ახლა გიპასუხოთ. როგორც მარეგულირებელ კომისიაში ვარაუდობენ, თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ტარიფი თბილისშიც შეიცვლება, მაგრამ ვერანაირ ციფრს ვერ დაგისახელებთ, რადგან ადმინისტრაციული წარმოების დაწყება იმას ნიშნავს, რომ ეს-ესაა, ტარიფის კორექტირებაზე მუშაობა დაიწყო. ტარიფზე მუშაობა ურთულესი პროცესია, ფაქტობრივად, ტომეულებია შესასწავლი, თანაც ეს ყველაფერი ძირითადად, ციფრები და ფორმულებია. 

- მით უმეტეს, აგვისტოდან დეკემბრამდე მონაკვეთში, ორი დიდი სეზონური ინფლაციის პერიოდი გვაქვს გასავლელი და არ ვიცით, რა რეალობის წინაშე დავდგებით 18 დეკემბერს. დავუშვათ, ტარიფი გაძვირდა, ეს გადაწყვეტილება ხომ ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევა, ანუ ზამთრის მძიმე პერიოდში. როგორ ფიქრობთ, თბილისელებს ეს ტვირთად არ დააწვება? 
- ვადასთან დაკავშირებით, განგიმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში, 18 დეკემბერი გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა. თუ სემეკი 18 დეკემბრამდე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს კანონის დარღვევა იქნება. მთავარია, სემეკმა ამ დღეს არ გადააცილოს, მაგრამ ვადებთან დაკავშირებით პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც ჩვენი მომხმარებლის მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომ ისევ სოციალურ საკითხამდე მივდივართ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დედაქალაქის მთავრობამ სუბსიდირებაზე უნდა იფიქროს, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა რეგიონის მოსახლეობასთან მიმართებაში. 

- ცალკეული ექსპერტები ამბობენ, რომ ,,თელასთან' მიმართებაში, სემეკს მეტი ყურადღება მართებს, ფინანსური დოკუმენტები კარგად უნდა შეისწავლოს, რადგან შესაძლოა, გარკვეული რეზერვი არსებობდეს, რათა ტარიფი არ გაიზარდოს. ასეთი რამ შესაძლებელია? 
- როგორ არა! ტარიფის კორექტირება ნიშნავს, რომ შესაძლოა, უცვლელი დარჩეს, გაიზარდოს ან შემცირდეს. ტარიფი ბევრი კომპონენტისგან შედგება, ყველა ის კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, ნაჩვენები იქნება ფინანსურ დოკუმენტებში, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებს მარეგულირებელი კომისია. 

- წინა წლების განმავლობაში, სემეკი ხელისუფლების სანოტარო ბიურო იყო, ხოლო ენერგოომბუდსმენი სემეკის გადაწყვეტილების ,,გამპრავებელი' და ეს მხოლოდ განვლილ 9 წელს არ ეხება, ასე იყო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც. 2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და სემეკის მკაცრი კრიტიკოსებიც კი იმედიანად განეწყნენ, რადგან სემეკის სხდომები გახსნეს და ექსპერტებიც მიიწვიეს. რამდენად მზად ხართ, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც დამოუკიდებელ სემეკს ან კომპანიებს შეედავოთ, თუ ისინი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ? 
- ძალიან კარგი კითხვაა, მარეგულირებელი კომისიის მთელი ხიბლიც ის არის, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურაა. როდესაც ,,ენერგო- პრო ჯორჯიას' ტარიფები დგინდებოდა, მთელი კომისიის წინაშე განვაცხადე, თუკი რომელიმე ექსპერტი ან დარგის სპეციალისტი იტყვის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია და ტარიფი სხვაგვარად უნდა დათვლილიყო, პირადად მე, როგორც მომხმარებელთა ინტერესების დამცველი, მზად ვარ, მოვამზადო სარჩელი და სასამართლოში ვიდავო. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ სარჩელი სასამართლოში შევიდეს, ანუ სარჩელი სარჩელისთვის მომზადდეს, ნამდვილად არ მინდა, რადგან ჩვენ, იურისტებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დაუსაბუთებელი სარჩელი. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მარტივად გვეტყვის უარს და ჩვენი პოპულიზმიც ამით დასრულდება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თავისუფლები ვართ და თუ არასწორ გადაწყვეტილებას დავინახავთ, მზად ვარ, სასამართლოში გავასაჩივრო! 

- თქვენმა წინამორბედმა ნინო გულეიშვილმა, რომელიც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ინტერვიუში მითხრა, რომ 2013 წლის მანძილზე, დაახლოებით, 250 000 ლარის დავალიანება ჩამოაწერა ,,ყაზტრანსგაზთბილისსა' და ,,თელასს' მომხმარებლების სასარგებლოდ. ახლანდელი სტატისტიკა როგორია? 
- ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან დავინიშნე და 2013 წელი უკვე შეჯამებული დამხვდა. 2013 წლის მანძილზე, სულ 678 განცხადება იყო რეგისტრირებული და დიახ, 300 000 ლარამდე ჩამოწერეს, რაც ამ კომპანიებმა მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დაარიცხეს. ჩვენი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის - მომხმარებლების ინტერესების დაცვა მომსახურე კომპანიებთან, რომლებსაც სახელმწიფო მანქანებს ვუწოდებ. კომპანია, რომელიც ბაზარზე ერთადერთია, მონოპოლისტივით მოქმედებს, რადგან თუ თბილისელი ხართ, გაზი და დენი გჭირდებათ, ,,ყაზტრანსგაზთბილისსა' და ,,თელასს' გვერდს ვერ აუვლით, ფაქტია, ეს კომპანიები სახელმწიფო მანქანებია. შესაბამისად, მათთან მიმართებაში, ენერგოომბუდსმენის ჩართულობა აქტიური უნდა იყოს. ვფიქრობ, ჩვენ მთავარ ფუნქციას კარგად გავართვით თავი: 2014 წელს, მომხმარებელთა მომართვიანობა 3 000 განცხადებამდე გავზარდეთ, რაც 2013 წელთან შედარებით, ხუთჯერ მეტია. ბევრი ვიარეთ რეგიონებში, თბილისის ქუჩებში და ხალხს ვეუბნებოდით, რომ ვარსებობთ. აქციაც გავმართეთ, ,,გაიცანი ენერგოომბუდსმენი', შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ არსებობს პიროვნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებთან დავაში დაეხმარება. პირველი ამოცანა ესაა - ადამიანმა იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ. 2014 წელს ჩვენ მიერ ჩამოწერილი თანხების რაოდენობა 1 200 000 ლარი იყო. ტარიფები ყოველთვის მწვავე თემაა, რადგან პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი ხდება, მაგრამ ასეთ საქმეებს რომ ვაკეთებთ, რატომღაც ხალხი ვერ იგებს. დიდ მადლობას გიხდით, რომ ამ თემით დაინტერესდით, რადგან ამ სტატიას ჩვენი მომხმარებლები წაიკითხავენ და უფრო მეტი მოგვმართავს. 2015 წელს პირველი დეკადის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ უკვე 1 100 განცხადებაა რეგისტრირებული და ჯამში, 500 000 ლარამდე ჩამოვწერეთ. ეს ის თანხაა, რომელიც კომპანიამ სრულად უსაფუძვლოდ დაარიცხა აბონენტს. არადა, იცით, როგორი უწყინარი საკითხებია? მაგალითად, მრიცხველი გაგიფუჭდათ, მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი, გამოცვალა მრიცხველი, მაგრამ დაგაბრალათ, რომ თქვენ გააფუჭეთ, რის გამოც თანხას დაგარიცხავთ. სინამდვილეში, არაფერ შუაში ხართ, მრიცხველს არც კი გაკარებიხართ, უბრალოდ, სიძველისგან გაფუჭდა, მაგრამ რატომ იზარალოს კომპანიამ? ზოგი ადამიანი თანხის კი არა, საკუთარი ავტორიტეტისა და იმიჯის გამოც ჩივის - რატომ უნდა ერქვას ბუნებრივი აირის, ან ელექტროენერგიის დამტაცებლის სახელი და რატომ უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, როცა ასე არ არის. გარდა ამისა, ხანდაზმული დავალიანებების პრობლემაც გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაგროვდა და ახლა, 21-ე საუკუნეში, მემკვიდრეობით გადმოვიდა. ასეთი დავალიანებების მოთხოვნის უფლება კომპანიებს აღარ აქვთ და თუ მომხმარებელმა ეს არ იცის, ის კომპანიასთან მოლაპარაკებაზე მიდის, დებს ხელშეკრულებას, აღიარებს ამ ვალს, რომელსაც გაუნაწილებენ და მთელი ცხოვრების მანძილზე, ახდევინებენ. ერთ-ერთ სხდომაზე, 70 ასეთი განცხადება მქონდა წარდგენილი, რომლებიც ძველ ვალს ეხებოდა და ჯამში, 102 000 ლარი ჩამოვაწერეთ კომპანიებს. 

- სემეკის 6 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგს რომ გადავხედე, უამრავი განცხადება უნდა განიხილოთ ,,ყაზტრანსგაზთბილისის', ,,თელასისა' და ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' წინააღმდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაზე დაობენ ფიზიკური და იურიდიული პირები? 
- ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერით' დავიწყებ, რადგან ეს საკმაოდ მწვავე საკითხია. ბოლო პერიოდში, ბევრი შეტყობინება მივიღეთ, რომ თბილისის მასშტაბით, ეს კომპანია მოქალაქეებს ცუდ და არასათანადო მომსახურებას უწევს. 2014 წლის ჩემს ანგარიშში, უდიდესი ნაწილი სწორედ შარშან ზაფხულს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' მუშაობას ეთმობა. წელს ამდენი გეგმური სამუშაო არ ჩაუტარებიათ და ზაფხულში, კონკრეტული სამუშაოები არ დაუგეგმავთ, მაგრამ სამწუხაროდ, მომსახურების შეწყვეტის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. არადა, კომპანიამ ეს სამუშაოები ისე უნდა ჩაატაროს, განსაკუთრებით ზაფხულში, რომ მომხმარებელმა ვერ იგრძნოს. დროის იმ მონაკვეთში უნდა შესრულდეს და იმ პერიოდულობის დაცვით, რომ მომხმარებელზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ბოლო შემთხვევა მახსენდება ვაზისუბანში, სადაც ოთხ მიკრორაიონს, სამი დღის მანძილზე შეუწყდა სასმელი წყალი. ჩვენი თვალით ვნახეთ, რა დღეში იყო მოსახლეობა, როდესაც კომპანიამ მხოლოდ ერთი ცისტერნა წყალი შეიტანა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. რასაკვირველია, ეს ფაქტი უკვალოდ არ ჩაივლის, ამ ყველაფერს ავსახავთ და კომპანიას შესაბამის რეკომენდაციასაც მივცემთ. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების სიმრავლით, წყალმომარაგება მეორე ადგილზეა, ელექტროენერგია ყოველთვის ლიდერობს, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ მეორე ადგილზე ბუნებრივი აირი უნდა იყოს, არადა, აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგებაა. ვითარების გამოსასწორებლად, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მარეგულირებელ კომისიაში სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელშიც ჩვენც ჩავერთეთ, რათა წყალმომარაგების საკითხებში კონკრეტული ცვლილებები მომზადდეს. ამ ცვლილებებით, კომპანიისთვის ზუსტი მითითებები მომზადდება, როგორ მოიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაჯარიმდეს კიდეც. ვფიქრობ, მკაცრი ხელი აუცილებელია, რათა ამ მიმართულებით, მომსახურება და მენეჯმენტი გამოსწორდეს. რაც შეეხება სემეკის 6 აგვისტოს სხდომას, ჩემი საკითხები გადის ს/ს ,,თელასის' წინააღმდეგ. შარშან მაისში, ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით - შესაძლოა, თბილისის შემოგარენის სოფლებში მაცხოვრებელი ყველა ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო. ვგულისხმობ კოჯრის, კიკეთის, წავკისის, ოქროყანისა და შინდისის მაცხოვრებლებს, რომლებიც მოგვიანებით შემოუერთდნენ თბილისს და ,,თელასის' არეალში მოხვდნენ. გაირკვა, რომ ყველა ოჯახს, მნიშვნელობა არ აქვს, სოციალურად დაუცველი იყო, ძალიან შეძლებული, თუ მოაგარაკე, ელექტროენერგიის საკმაოდ დიდი დავალიანება ჰქონდა. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში, მომხმარებლები ვალს იგროვებდნენ, რადგან გადახდას არავინ სთხოვდა და ერთ დღეს, ,,თელასმა' გადაწყვიტა, ამ დავალიანების გამო, ყველა ოჯახისთვის დენი შეეწყვიტა. იმდენი ვიმუშავეთ, ამ სოფლებს დღემდე ვუნარჩუნებთ ელექტროენერგიას. მეტიც, ზამთარში არც ერთი მოსახლე არ დაგვრჩენია დენის გარეშე. დაახლოებით, 1 500 განცხადება მაქვს ამ სოფლებიდან და თითოეულ მათგანზე, საქმის ცალკე წარმოება დავიწყეთ. ,,თელასს' შესაბამისი მოთხოვნით მივმართე, რომ გვაცადოს და დავის დასრულებამდე, ამ ხალხს დენი არ შეუწყვიტოს. ახლა იმას ვცდილობ, რომ ამ ხანდაზმული დავალიანებების თემაც საბოლოოდ მოვაგვარო და ეს თანხა ჩამოვწერო. იმედი მაქვს, სემეკის 6 აგვისტოს სხდომაზე, რამდენი ათეული ათასი ლარის დავალიანებას ჩამოვწერ, რომლის მოთხოვნის უფლება ,,თელასს' არ აქვს! ზოგადად, ძნელი გადასატანი იქნებოდა, ამდენი სოფელი დენის გარეშე დარჩენილიყო, იცით, ეს რამხელა უკმაყოფილებას წარმოშობდა? ,,თელასი' კერძო კომპანიაა და ყველანაირად ცდილობს, ნებისმიერი თეთრიც კი ამოიღოს, მაგრამ ჩვენ ვადასტურებთ და შესაბამისი კანონმდებლობით ვამტკიცებთ, რომ ძველი დავალიანების გადახდა არ შეიძლება. მინდა, კარგად გაიგოს მომხმარებელმა, რას ნიშნავს ძველი ვალი, რადგან ზოგს ჰგონია, რომ შარშანდელი ვალიც ძველია. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულია დავალიანება, რომელიც წარმოშობილია სამი და უფრო მეტი წლის წინ. ახლა ხომ 2015 წლის აგვისტოა, მაგალითად, 2012 წლის აგვისტომდე დაგროვილი ყველა დავალიანება ხანდაზმულია, ხოლო 2012 წლის აგვისტოს შემდეგ, 2015 წლის აგვისტომდე დაგროვილი დავალიანება მიმდინარეა, რომელიც მომხმარებელს ან თავის დროზე უნდა გადაეხადა, ან მისი გადახდა ახლა მოუწევს. 

- ქალბატონო სალომე, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მომხმარებლები, რათა მათი საჩივრები განიხილოთ? 
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, უნდა დაწერონ განცხადება, რასაც უშუალო მომართვიანობას ვუწოდებთ. თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ ან რომლებიც მუდმივად სამსახურში იმყოფებიან და ჩვენთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ამისთვის Fაცებოოკ- გვერდი გვაქვს და შეუძლიათ, იქ მოგვმართონ. გარდა ამისა, შეუძლიათ დაგვირეკონ და თუ ჩემი თანაშემწეები მიხვდებიან, რომ მათი პრობლემა ჩვენს კომპენტენციაში შემოდის, სატელეფონო ზარით მიღებულ შეტყობინებას ოქმის სახით გააფორმებენ და საკანცელარიო წარმოებაში, ჩვეულებრივ განცხადებად დაარეგისტრირებენ. როგორც ხედავთ, ჩვენთან მომართვა ძნელი არ არის. რაც მთავარია, გვაქვს ვებგვერდი - ,,მიმართე ომბუდსმენს', სადაც სპეციალურ გრაფას თუ შეავსებთ, ესეც საკანცელარიო ბაზაში, ჩვეულებრივ განცხადებად დარეგისტრირდება. მეტი კომფორტისთვის, ენერგოომბუდსმენის რეგიონული წარმომადგენლობებიც დავამატეთ ქუთაისსა და ბათუმში. წლის ბოლომდე, კახეთშიც გვეყოლება წარმომადგენელი, მაგრამ ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რომელ ქალაქში. რაც შეეხება სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში დავას, ჩვენი ყველა მომსახურება უფასოა, რაც ენერგოომბუდსმენის აპარატის მნიშვნელოვანი მესიჯია!