ხურვალეთისა და წითელუბნის შემდეგ, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ახალი ბანერი უკვე სოფელ თამარაშენში დადგეს. შესაბამისად, 800 მეტრამდე ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორაზე მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გვიან ღამით დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფელ თამარაშენის მაცხოვრებელთა მიწები. ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ფართობებზე მიწის ნაკვეთებს ფლობენ, შიშობენ, რომ მომავალ წელს მიწის დამუშავების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.
ბანერთან ახლოს დილიდან ქართველი სამსართალდამცავები არიან მობილიზებული. თამარაშენში ბანერის გამოჩენის ფაქტს ადგილზე სწავლობს უსაფრთხოების სამსახური. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა, შესაბამის განმარტებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც უსაფრთხოების სამსახური შესაბამის მასალებს დადებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ 10 აგვისტროს შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა მიეწოდა. საპროტესტო ნოტა 6 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით მიეწოდა. აგრეთვე შვეიცარიას მიეწოდა ყოველთვიური, ივლისის თვის კრებსითი-საპროტესტო ნოტა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის დარღვევების თაობაზე.
კრემლი ყოველდღურად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ამის ნათელი მაგალითია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა. ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრონციპებთან ერთად, არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, უპირველესად კი, თავისუფალი გადაადგილების უფლებას.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს მანამ, სანამ ქართული საზოგადოება იქნება დემორალიზებული.
„რუსეთი ასეთი სახელმწიფოა, რამდენიც გაუვა, უფრო მეტს იზამს. ეს თეზისი გამყარებულია ფაქტებით. რუსეთი ტესტავს საქართველოს რეაქციას. თუ მოსახლეობის რეაქცია იქნება ნული და სამწუხაროდ, ძირითადად ვსაუბრობთ შიდა პოლიტიკაზე, ამით რუსეთი ერთ რამეს ასკვნის, რომ საქართველოს საზოგადოება არის აბსოლუტურად დემორალიზებული და მას შეუძლია, თბილისამდე მოვიდეს. ასეთი ფაქტები გახშირდება, რაც უფრო დემორალიზებული ვიქნებით და რაც უფრო შიდა პოლიტიკაზე გადავერთვებით, მით უფრო ღრმად შემოვა რუსეთი ტერიტორიულად“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიოგრი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს დაადასტუროს, რომ ამ რეგიონში წესების მკარნახებელია თვითონ, როგორც მუჩაიძე აცხადებს, ამის საშუალებას ჩვენ ვაძლევთ, როდესაც კონკრეტული დარღვევების გასაჯაროვება არ ხდება.
„როდესაც არ ხდება კონკრეტული დარღვევების გასაჯაროვება, მით უფრო მეტი საშუალება ეძლევა რუსეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი გავლენის მომხდენი სახელმწიფო გახდეს და ჩვენი პოლიტიკით ამის საშუალებას ვაძლევთ. სოფელ თამარაშენში ახალი ბანერის აღმართვა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა არანაიარად არ მუშაობს. გრძელდება მცოცავი ანექსია, ყოველდღიურად საზღვრის გადმოწევა და ტერიტორიების ხელყოფა“, - აცხადებს მუჩაიძე.
მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა.
„აქამდე უნდა გაგვეკეთებინა ძალიან მარტივი დასკვნა - ეს დარღვევები, აგრესია და ძალმომრეობა მაქსიმალურად უნდა განვასაჯაროოთ და გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე, რამდენადაც ამ ძალადობისაგან თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა არის საერთაშორისო ზეწოლა. თუ რუსეთის ძალმომრეობა არ გავიტანეთ ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე ვერ შემოვიკრებთ მხარდამჭერებს, ვერ მივიღებთ იმ თანადგომას, რომელიც აუცლებელია მსგავსი აგრესიის შესაჩერებლად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ე.წ. არგაღიზიანებს პოლიტკა არის მცდარი და წარუმატებელი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.