“ეს ანომალიაა და საქმე კარგად არ მიდის!”

“ეს ანომალიაა და საქმე კარგად არ მიდის!”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებდა მის თანამდევ კანონპროექტებს ვეტო დაადო: “გადავწყვიტე ამ კანონპროექტს დავადო ვეტო. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში, ჩვენ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენი ვერსიის შედეგად, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მექანიზმიც”. პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ვეტო პოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ინსტიტუტი არაა, მაგრამ მის ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგენი მაშინვე გამოუჩნდნენ. ასე მაგალითად, პრემიერმა განაცხადა, ამ ვეტოსაც, სხვა ვეტოების მსგავსად, უპრობლემოდ დავძლევთო. მანანა კობახიძის თქმით კი, პრეზიდენტისა და ,,ნაცმოძრაობისპოზიციები საეჭვოდ დაემთხვა. პრეზიდენტის ვეტოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაურიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისგან ვეტოს დადების სასარგებლოდ ერთი მყარი არგუმენტიც ვერ მოისმინა. მეჭიაურიც, კობახიძის მსგავსად, მარგველაშვილსნაცმოძრაობისდაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განცხადებით, სექტემბერში, საქართველოში სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა, რომელსაც მთავრობა კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს, თუ რა ცვლილებები შევა მოქმედ კანონში. პარლამენტი კი, ვეტოს დაძლევის საკითხს სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს... ,,ქართული სიტყვაეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:

- საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში არადამაჯერებელი იყო - ვეტოს გამართლების მიზნით, არაერთი უაზრო, უკბილო და თემიდან აცილებული არგუმენტი მოიტანა... სამწუხაროა, არ ეყო სოლიდურობა და მოვლენებში წვდომის უნარი და ასე არადამაჯერებლად, ყალბად და ხელოვნურადაც ამიტომ გამოიყურებოდა და საქართველოს პრეზიდენტს კი არა, დროში აცდენილი ერთი პოლიტიკური ძალის ერთ საშუალო პროპაგანდისტს ჰგავდა!..

- ბატონო დემურ, კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლებამ საბანკო სექტორში განხეთქილებას მიაღწია, ანუ ,,საბანკო ასოციაციაგადაიბირა და ბანკებს დაუპირისპირა.

- არ ვიცი, რა გადაბირებაზეა ლაპარაკი...

- იმასაც ამბობენ, რომ ,,თი ბი სი ბანკიდა ,,საქართველოს ბანკისაბანკო ასოციაციის დატოვებას აპირებენ.

- ბანკი კერძო სუბიექტია, ,,საბანკო ასოციაცია” ბანკების ნებაყოფლობითი, თავისუფალი გაერთიანებაა და ბანკების ინტერესებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იცავს, მაგრამ თუ ზემოხსენებული ბანკები ასოციაციის რიგებს დატოვებენ, ცუდად მოიქცევიან და მათი საქციელი არასწორი იქნება.

- ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურების გზას ადგას. ეროვნული ბანკი და მთავრობა კი, ერთმანეთზე გადაბრალების პოლიტიკით არიან დაკავებულნი...

- ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბანკების და მთავრობის სუსტი პოლიტიკის შედეგია, რასაც ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორებიც დაერთო და  მძიმე შედეგიც მოჰყვა. ლარის კურსის დაცემა იმის გამო გაღრმავდა, რომ თავის დროზე მოვლენას სათანადო შეფასება არ მიეცა და სირთულეების დასაძლევად არც რამე გაკეთებულა. ქვეყანა მუდმივად იმპორტზეა ჩამოკიდებული, ფული არ მოძრაობს, ამას ემატება ბანკების მხრიდან გარკვეული სპეკულაციური მოქმედებები. ამაში გასაოცარი არაფერია. სამთავრობო და სახელისუფლო ინსტიტუტები სპეკულანტებს კი არ უნდა ებრძოდნენ, არამედ, ვალუტის მეტნაკლებ სტაბილურობას უნდა მიაღწიონ.

- რა გზით?

- შიდა წარმოების ზრდითა და დასაქმებით, რაც მაღალ ეკონომიურ მაჩვენებელს მოგვცემს. რაც შეეხება კერძო სუბიექტებს, ისინი ყოველთვის ბანკისა და მთავრობის სისუსტეზე ითამაშებენ, რაც ამ ორი წლის განმავლობაში ხდება კიდეც.

ლარი თითქმის 35% გაუფასურდა და ფაქტორი, რაც დაასტაბილურებს, ჯერ არ ჩანს. ამისთვის მაღალი ეკონომიკური ზრდა და სავალუტო შემოდინებებია საჭირო, რომლის მთავარი წყაროც ექსპორტია. საქართველოში ექსპორტის მოცულობა კი, ძალიან სუსტია. ჩვენ სხვა წყაროებზე ვართ დამოკიდებულნი – ტურისტებსა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე, რაც საკმაოდ არასტაბილური მდგენელია. რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში და, საერთოდ, ევროპაში ცუდმა ეკონომიკურმა სიტუაციამ კერძოდ, გართულებულმა ეკონომიურმა სიტუაციამ ჩვენს მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ცხადია, გადმორიცხვებმა მოიკლო და ფულის ნაკლებობამ საქართველოში  სავალუტო კრიზისი გამოიწვია.

- ქვეყანა ამ თემებზე რამდენ ხანს შეიძლება იყოს ჩამოკიდებული?

- ჩვენი ქვეყანა ამ თემებზე ოცდახუთი წელია, ჩამოკიდებულია და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ამდენი წელი ტურისტებსა და ემიგრანტებზე ვიქნებით დამოკიდებულნი, თუმცა მიმაჩნია, რომ მთლად უიმედო მდგომარეობა არაა.

- რა რეზერვი გვაქვს?

- თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის განვითარების საქმეში საბანკო სექტორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. ბანკები მოსახლეობის დანაზოგის აკუმულაციას და ეკონომიკაში ტრანსფორმირებას ახდენენ - ასეთია  ტრადიციული საბანკო საქმიანობა, რომელსაც კანონმდებლობა არეგულირებს, ანუ ანხორციელებს საბანკო ზედამხედველობას და, კონკურენტუნარიანობის პირობებში, თამაშის წესებს ადგენს. საქართველოში კი, სწორედ ამ ტრადიციული საბანკო საქმიანობის პრობლემაა. 90-იან წლებში, როცა საბანკო სექტორის ფორმირება დაიწყო, აქცენტები უნივერსალურ საბანკო სისტემაზე გაკეთდა, რაც არასწორი იყო.

- რა მივიღეთ?

- ხელისუფლების ხელშეწყობით, მახინჯი კანონმდებლობა იქნა მიღებული და მივიღეთ მონსტრი წამონაქმნები, რომლებიც კლასიკური საბანკო საქმიანობის გარდა, ყველაფერს აკეთებენ: დღეს ბანკები სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები არიან - სადაზღვევო კომპანიები, საავადმყოფოები, რესტორნები, სამშენებლო ბიზნესი, სასწავლებლები, ანუ ბანკი, პრაქტიკულად, ტრანსფორმატორის ფუნქციას არ ასრულებს და მოსახლეობასა და კერძო სექტორიდან ფულს ეკონომიკაში “ქაჩავს”.

- ანუ, ბანკი მწარმოებელიც გამოდის?

- დიახ და ამით კონკურენტიან გარემოს არღვევს - თავისი ფირმებისთვის სხვა განაკვეთი აქვს. მოკლედ, ყველაფერმა ამან ფულის ნაკლებობა გააჩინა, თან ბოლო ათი წელია, ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების პოლიტიკა იქითაა მიმართული, რომ ფული მიმოქცევიდან ხელოვნურად იქნას ამოღებული. საკმარისი, გნებავთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული მსოფლიოს ერთ ქვეყანაშიც არაა, მათ შორის, არც - კონკურენციის საფუძველზე. საქართველოში ფული გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - მისი უბადრუკი და სუსტი ეკონომიკა საჭიროებს. ის, რაც საბანკო სექტორში ხდება, ბანკების კი არა, ხელისუფლების ბრალია, რომელიც წლების განმავლობაში არასწორ პოლიტიკას ატარებს.

არ მგონია, რომ ეს მდგომარეობა ხელისუფლებას აწყობდეს, მაგრამ ,,წყობა-არწყობაზე” კი არა, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ხელისუფლებას რა მიზანი აქვს. თუ მისი მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმებაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაშინ რეგულაციის საუკეთესო საშუალებებს მოძებნიდა და კომერციული ბანკების კერძო ინიციატივებსაც განავითარებდა. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს, პრობლემები ექმნება ახალ ბიზნესსაც. ამის გამო სამუშაო ადგილები არ იქმნება. საერთოდ, მსოფლიო სტატისტიკით, ყოველი ათი სამუშაო ადგილიდან რვა მცირე და საშუალო ბიზნესში ფიქსირდება. ის, რაც საქართველოში ხდება, ასეთი ფაქტების მიმართ უყურადღებობამ გამოიწვია. ამასთან, საბანკო ბიზნესი ხელისუფლებასთან ასოცირდება და საბაზრო ეკონომიკაზე საუბარიც ხელოვნურია.

- რას აკეთებს ამ დროს საბანკო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც, წესით, საბანკო საქმიანობას უნდა არეგულირებდეს?

- ეს სამსახური ეროვნულ ბანკში არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, თავის ფუნქციას სათანადოდ არ ასრულებს რეგულირებას ისე ვერ ახდენს, როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშია. ამიტომაცაა ატეხილი ეს ,,იწილო-ბიწილო” ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის თაობაზე. დავა უსაგნოა. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, საბანკო ზედამხედველობა შესანიშნავად მუშაობს, როგორც ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ისე მის გარეთაც, მაგრამ ახლა ,,ნაცმოძრაობის” მომხრეები გიორგი ქადაგიძეს იცავენ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრება, თუნდაც საბანკო ზედამხედველობის გარეთ გამოტანითო. ახლანდელი ხელისუფლების მომხრეებს კი, რაკი ქადაგიძეს ვერ ვნებენ, ზედამხედველობის გარეთ გამოტანა უნდათ. არადა, ის განუკითხაობა, რაც კერძო საბანკო სექტორში ხდება, ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

- განუკითხაობას რას ეძახით?

- განუკითხაობაში იმას ვგულისხმობ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2-3%-ით, კომერციული ბანკების მოგება კი, ერთი წლის განმავლობაში, 150%-ით იზრდება. მიმაჩნია, რომ ეს ანომალიაა და საქმე კარგად არ მიდის.

- ქადაგიძის პერსონის ეროვნული ბანკიდან გამოსვლით, სტრუქტურის დეპოლიტიზირება მოხდება?

- ეს მაშინ მოხდება, როცა ამის პოლიტიკური ნება იარსებებს.

- საბანკო თემა ხელისუფლების წინააღმდეგ საკმაოდ მძლავრი იარაღია, არა, ბატონო დემურ?

- მოდით, ასე ნუ ვიტყვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე გარკვეული პოლიტიზირებულ ჯგუფის წარმომადგენელია და იმას აკეთებს, რასაც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები დაავალებენ. ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სუბიექტია, ასეთი ტიპის მმართველს არ აწუხებს.

- ესეც ანომალიაა?

- თავისთავად ანომალიაა, სხვა შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ხელისუფლება ვერ ალაგებს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს და ამით ხაზს თავის სისუსტეს უსვამს.

- ანომალიური, როგორც თქვენ უწოდებთ, საბანკო სისტემა შესაძლოა, სოციალური აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი გახდეს? - მაღალი საბანკო საპროცენტო განაკვეთები მოსახლეობის სამართლიან პროტესტს იწვევს.

- არასწორი რეგულაცია, ბანკების არასწორი განვითარება, ბანკების მიმართ ხელისუფლების ინტერესი და მფარველობა იმ სიმახინჯეს ქმნის, რაც საქართველოში მივიღეთ. საპროცენტო განაკვეთები, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ცხადია, უსაშველოდ მაღალია, ამის ახსნა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კლასიკური მექანიზმებითა და მოსაზრებებით შეუძლებელია. საპროცენტო განაკვეთების სიდიდეს სწორედ მახინჯი სისტემა განსაზღვრავს და არა - საბაზრო მექანიზმი.

- ბანკები ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხს შეღავათებს ჰპირდებოდნენ...

- კერძო სექტორს შეღავათებს ვერავინ მოსთხოვს.

- 2015 წელი ფასების ზრდის წლად დასახელდა.

- არ მგონია, ამ მხრივ წელს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. საქართველოში ფასები ყოველთვის მაღალი იყო... საერთოდ, მსგავს არასტაბილურ სიტუაციაში ფასები მაღალია.

- ქართულ საბანკო სისტემას 90-იან წლებში დაბრუნება ხომ არ ემუქრება?

- არა, მაგრამ თუ ბანკებს კონკურენტული გარემო ექნებათ და მათზე წესიერი, ანუ ისეთი ზედამხედველობა განხორციელდება, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, მაშინ პრივილეგირებულ ბანკებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. მთავრობა წელს ეკონომიკის ზრდის ხუთ პროცენტს გვპირდებოდა, მაგრამ ეს ციფრი ორს ვერ ასცდება, რაც საქართველოსნაირი ეკონომიკისთვის ძალიან ცოტაა. ოცდახუთი წელია, ასე ვცხოვრობთ და სწორედ ამან განაპირობა უდიდესი სიღარიბე და დაუსაქმებლობა...

- რა ამის პასუხია, ბატონო დემურ და, ჩვენი მდგომარეობა რაღაცნაირად საბერძნეთისას ხომ არ ჰგავს?

- საბერძნეთში 30 წლის განმავლობაში ჩაკეტილი პოლიტიკური სისტემის ლპობა მიმდინარეობდა, რეფორმები გვერდზე იქნა გადადებული, რეალური ეკონომიკური პროცესები დამახინჯდა, პოლიტიკოსების მიერ ევროკავშირიდან აღებულმა სესხებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. დემოკრატიული ქვეყნებისთვის პოლიტიკური კონკურენცია მნიშვნელოვანია, ამიტომ არ შეიძლება ,,შუა გაკრეფა” და წინ ორი ხელოვნური პოლიტიკური ჯგუფის წამოწევა, რომელთაგან ხელისუფლებაში ხან ერთი მოვა, ხან - მეორე, სხვებისთვის კი, სისტემა ჩაკეტილი იქნება. ის, რაც საბერძნეთში მოხდა, პოლიტიკოსების დამსახურებაა.

- ეს საფრთხე ჩვენც ხომ არ გვემუქრება?

- თუ ხელისუფლებაში, მონაცვლეობით, ორი პოლიტიკური ძალა იქნება, ჩვენც საბერძნეთის გზით წავალთ.