მარტის თვეში ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ რუსეთსა და მის პრეზიდენტს, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ემხრობა.თუმცა 24 % მომხრე, მსოფლიოს მასშტაბით, მაინც არ არის მცირე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხების ფონზე. ყველაფერი ხომ შედარებითია!..
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „პიუ რესერჩ ცენტრმა“ (Pew Research Center), რომელმაც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის სანდოობის თაობაზე 39 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა, 5 აგვისტოს ახალი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 25-27 მარტს სულ, დაახლოებით, 46 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. მათგან საშუალოდ 30 პროცენტს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და გამოკითხულთაგან მხოლოდ 24 % მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, საერთაშორისო საკითხების გადაჭრაში სწორად მოქმედებს.
როგორც გაირკვა, რუსეთსა და მის პრეზიდენტს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიეტნამში - 75 %, შემდეგ, 56 %-ით, მოდის განა, მესამე ადგილზე კი, 51 %-ით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა.
ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის დროს არსებულ დონემდე დავიდა.
მეზობელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების პასუხად, აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტისა და სავაჭრო-საფინანსო სექტორის მიმართ. ამ სადამსჯელო ზომებმა განარისხა რუსეთი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და იქით ადანაშაულებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს ყოფილი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის - წინააღმდეგ გადატრიალების დაფინანსებაში.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა აისახა ზემოხსენებული „პიუ რესირჩ ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე.
გამოკითხულ რუს მოქალაქეთა მხოლოდ 11 პროცენტი ამბობს, რომ ენდობა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, რაც, ვაშინგტონის მიერ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გამოცხადების შემდეგ, 2011 წლის ანალოგიურ გამოკითხვასთან შედარებით, 30 %-ით ნაკლებია.
შედარებისათვის: აშშ-ის მოქალაქეთა 75 პროცენტი აცხადებს, რომ არ ენდობა რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკას, მაშინ როცა პუტინის მიმართ ნდობა გამოკითხულთა მხოლოდ 21 %-ს აქვს.